ნაციონალებისგან გარიყულ თორდიას მფარველი „ოცნებიდან“ მოევლინა

ნაციონალებისგან გარიყულ თორდიას მფარველი „ოცნებიდან“ მოევლინა

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ნაციონალებისგან გარიყული ლაშა თორდია და მისი უწყება თუ 29 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე დაინდო და დროებითი საპარლამენტო კომისიის 210 გვერდიანი დასკვნა შესასწავლად მთავარ პროკურატურას არ გადაუგზავნა, ამჟამად, ფრაქცია იმ დადგენილების მეოთხე მუხლს არღვევს, რომელიც თავად მოამზადა და დასამტკიცებლად სესიაზე გაიტანა.

კერძოდ, საუბარია პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ხუთპუნქტიან დადგენილებაზე, რომელიც კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადდა. ერთი მხრივ, დადგენილებაში 2013 წელს, აუდიტის სამსახურის მიერ გაწული საქმიანობა „არადამაკმაყოფილებლად“ შეფასდა, მეორე მხრივ კი, რეაგირებისთვისთვის მეოთხე მუხლში რეკომენდაცია ჩაიწერა, რომ დოკუმენტი პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულიყო და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს აუდიტის სამსახურში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ღონისძიებები გაეტარებინა.

დავით ონოფრიშვილის კომიტეტი თუ როგორ ასრულებს ზემოთ აღნიშნულ რეკომენდაციას, ამის თქმა რთულია, მაგრამ იმის თქმა დაბეჯითებით შეიძლება, რომ დადგენილება ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნებულა. არადა, 29 ივლისს, კომისიის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური და ფრაქციის თავმჯომარე გია ვოლსკი იმაზე აპელირებდნენ, რომ მას შემდეგ, რაც დადგენილება ვებ-გვერდზე აიტვირთებოდა, მისი შესწავლა სამართალდამცავ უწყებებს შეეძლოთ.

29 ივლისს დღის პირველ ნახევარში, თამაზ მეჭიაური მედიის წარმოამდგენლებს გვარწმუნებდა, რომ დროებითი კომისიის დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნებოდა, მოგვიანებით კი დღის მეორე ნახევარში უმრავლესობამ პოზიცია შეცვალა და კომისიის დასკვნა სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაგზავნის ნაცვლად, ცნობად მიიღო.

მმართველმა გუნდმა რამდენიმე საათში თუ რატომ შეიცვალა პოზიცია, ამის შესახებ ინფორმაციას თავად მეჭიაურიც არ ფლობდა, მაგრამ მას მიაჩნდა, რომ დასკვნა პროკურატურას უნდა შეესწავლა.

„რატომ შეიცვალა პოზიცია, ვერ გეტყვით. კომისიის ფუნქცია იყო მასალები დეპუტატებამდე მოეტანა, ხოლო დასკვნას გადაუგზავნიან თუ არა პროკურატურას, ეს პარლამენტის პრეროგატივაა. ეს იქნება საჯარო ინფორმაცია, რომლითაც სარგებლობა სამართალდამცავებსაც შეუძლიათ“, - აცხადებდა მეჭიაური, რომლის მსგავსად, გია ვოლსკი იმაზე აკეთებდა აქცენტს, რომ პარლამენტი „სადამსჯელო“ ორგანო არ არის და დასკვნას სურვილისამებრ, სამართალდამცავი ორგანო შეისწავლიდა.

ვოლსკი განმარტავდა, რომ აუდიტის სამსახურის საქმიანობა არადამაკმაყოფილად შეფასდა და მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ვებ-გვერდზე დაიდებოდა, პროკურატურა ვალდებული იყო, რეაგირება მოეხდინა პარლამენტის შეფასებაზე.

„დამსჯელი ფუნქცია პარლამენტს არ აქვს. ვინც ვალდებულია დასკვნას გაეცნოს, სრულიად საკმარისია, მან დადგენილებაში ჩაიხედოს. აუდიტის სამსახურში მძიმე დარღვევები დაფიქსირდა. ეს უწყება ხალხს უნდა ემსახუროს და არა რაღაც პოლიტიკურ ნიშნებს, რომლის ნიშანიც არსებობს“, - აღნიშნავდა ვოლსკი, რომელმაც დადგენილების პროექტი რიგგარეშე სხდომაზე წარადგინა და რამდენიმე წუთი იმაზე ბჭობდა, დოკუმენტი რეაგირებისთვის რომელ საერთაშორისო ორგანიზაციას უნდა გადაგზავნოდა.

აღსანიშნავია, რომ 29 ივლისს, ვოლსკის გამოსვლას და დადგენილების წარდგენის პროცესს არ დაესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომელთა გუნდის წევრიც იყო წინა მოწვევის პარლამენტში ლაშა თორდია.

2012 წელს, ნაციონალებმა თორდია აუდიტის სამსახურში მიავლინეს და მის ნაცვლად საარჩევნო სიაში ლევან ბეჟაშვილი ჩასვეს, მაგრამ როგორც უმცირესობის კულუარებში for.ge-ს განუცხადეს, ოპოზიციონერები თორდიაზე განაწყენებულები არიან.

წყაროს ცნობით, თორდია ყოფილ თანაგუნდელებს არ ეკონტაქტება, მაგრამ სამაგიეროდ, მას ურთიერთობა „დალაგებული“ აქვს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

როგორც ჩვენთან საუბარში უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, თორდია ძმებ ჩხენკელებთან მეგობრობს, რომლებიც თავის მხრივ, ღარიბაშვილთან დაახლოებული პირები არიან.

ამას გარდა, წყარო იმასაც გვიყვება, რომ სწორედ თორდიას მიერ იქნა ორგანიზებული პავლე კუბლაშვილისა და მაშინდელი შს მინისტრ ღარიბაშვილის შეხვედრა, სადაც საუბარი დედაქალქის მერიის თანამშრომლების დაკავების ფაქტს შეეხო.

რეალურად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ლაშა თორდია და მისი უწყება დაინდო თუ არა ღარიბაშვილის ფაქტორის გამო, ამის თქმა რთულია, მაგრამ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა კომისიის შენიშვნები არ გაიზიარა. უფრო მეტიც, მან ეჭვი იმ პირების კვალიფიკაციის მიმართ გამოთქვა, რომლებიც კომისიის მუშაობაში იყვნენ ჩართულნი.

თორდიამ განაცხადა, რომ დროებითი საპარლამენტო კომისიის შენიშვნებს არ ეთანხმება და საშემოდგომო სესიაზე ანგარიშის წარდგენისას იმ შენიშვნებს უპასუხებს, რაც მისი მიმართ გამოითქვა.

„შენიშვნებს არ ვეთანხმები, რადგან არ ვიცით, ამ კომისიის წარმომადგენლები რა კვალიფიკაციის პირები არიან. აუდიტის სამსახურს შვედი და გერმანელი სპეციალისტები ეხმარებიან, რომელთაც მრავაწლინი გამოცდილება აქვთ“, - დასძინა თორდიამ.

რაც შეეხება კომისიის 210 გვერდიან დასკვნას, მასში მრავალ შენიშვნასთან ერთად გამოთქმულია შეფასებები აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდის გაუმართაობაზე, არასრულყოფილ ინფორმაციებზე, კანონის ნორმებთან მიმართებაში ნორმატიული აქტების შეუსაბამობაზე, საკადრო პოლიტიკის ხარვეზებზე და ა.შ. რეკომენდაციების ნაწილში კი გამოსაყოფია ის, რომ აუდიტის სამსახურს დაევალა საკადრო პოლიტიკაში გამოვლენილი ნაკლოვანობების მოგვარება და უწყების ეფექტური მართვისთვის რეფორმების გატარება.