„აგვისტოს ომის გამოძიება ჯერ კიდევ პროცესშია, არ დასრულებულა. მე ინფორმაცია მაქვს ქალბატონი წულუკიანისგან, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება, გამოძიებულ იქნას ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, ასე რომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ შედეგებს. არსებობს პირდაპირ მოთხოვნა ჰააგიდან, რომ ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან იქნას ომი გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ჰააგა გამოიძიებს ამ ომის ყველა დეტალს და ყველა ნიუანსს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება უნდა დაჩქარდეს, რადგან შემდგომ გამოძიება ჰააგის პროკურორს არ მოუწიოს. მინისტრის თქმით, ასეთი საფრთხე არსებობს.
„ქვეყნის პრობლემები ქვეყნის შიგნით უნდა გვარდებოდეს. არავინ არ ისურვებდა 2008 წლის აგვისტოს საქმე ჰააგის პროკურორმა გამოიძიოს. ეს საფრთხე რეალურია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულდებულებები ქვეყნის შიგნით შევასრულოთ, რომ შემდეგ ქვეყნის გარეთ არ მოგვთხოვოს ამაზე ვინმემ პასუხი“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე აცხადებს, საქართველოს აქვს ვალდებულება, გამოიკვლიოს რა მოხდა 2008 წელს.
„თუ იყო დანაშაული ადამიანების, კაცობრიობის წინაშე, ეს არის სხვადასხვა კვალიფიკაციები, რომელიც ომის დროს ეძლევა დანაშაულებებს. ამისთვის გვაქვს გარკვეული პერიოდი მოცემული, თუკი ჩვენ ამ ვალდებულებებს ვერ შევასრულებთ, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ ამ ვალდებულებების შესრულება იკისროს რომელიმე სხვა მხარემ. ამ შემთხვევაში ჰააგის სასამართლომ“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ამ განცხადებებმა საზოგადოებასა და ოპოზიციაში ათასგვარი ინტერპრეტაცია გამოიწვია, ოპოზიციამ სასწრაფოდ დაჩაგრულის პოზა მიიღო და აცხადებს, რომ გამოძიება საქართველოს დააზარალებს. უფრო მეტი დამაჯერბლობისთვის ოპოზიციის განცხადებებს მათი უცხოელი მეგობრებიც უერთდებიან და ამ რეკომენდაციის შესრულებაში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების შურისძიებას ხედავენ წინა ხელისუფლების მიმართ.
როგორც ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მინდია უგრეხელიძე განმარტავს, ჰააგის სასამართლოს წესდების პრეამბულაში წერია, რომ ამ სასამართლოს მიზანი გახლავთ, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, რომლებიც მსოფლიო საზოგადოების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევენ, არ დარჩეს დაუსჯელი.
„იმისთვის შეიქმნა ჰააგის სასამართლო, როგორც მუდმივმოქმედი ორგანო, რომ იმ შემთხვევებში, თუ ეროვნული მართლმსაჯულება ვერ, ან არ გამოიძიებს ასეთ საქმეს, მაშინ თვითონ გააკეთებს იმას, რაც არ, ან ვერ გაკეთა ეროვნულმა მართლმსაჯულებამ“.
მინდია უგრეხელიძის განმარტებით, თავის დროზე არსებობდა ნიუნბერგის ტრიბუნალი, შემდეგ შეიქმნა ტოკიოს, იუგოსლავიის ტრიბუნალები და ა.შ. შემდეგ - ჰიბრიდული სასამართლო. ბოლოს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უკეთესი იქნებოდა, შექმნილიყო ერთი მუდმივმოქმედი სასამართლო, რომელიც მსგავს საქმეებს აიღებდა საკუთარ თავზე იმ შემთხვევისთვის, თუკი ეროვნული მართლმსაჯულება არ აღმოჩნდებოდა თავის სიმაღლეზე.
„ძალიან მარტივია, თუკი, არ, ან ვერ განსაჯა საქართველომ გარკვეულ ვადებში, რომელიც არის დადგენილი, ასეთ შემთხვევაში, ჩაერევა ჰააგის სასამართლო და გააკეთებს იმას, რაც არ, ან ვერ გააკეთა ქართულმა სასამართლომ“, - აცხადებს მინდია უგრეხელიძე.
ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი განმარტავს, რომ საუბარია მონიტორული სამართლის ნორმების დარღვევაზე, რომელზეც იყო შენიშვნა ტალიავინის დასკვნაში, რომ შესაძლოა, იყო გამოყენებული მასობრივი განადგურების იარაღი მოსახლეობის წინააღმდეგ.
„ჩვენს მიმართ ერთადერთი ეპიზოდი იყო ასეთი, ჰუმანური სამართლის შესაძლო დარღვევისა - ცხინვალის მიმართულებით გრადის დანადგარების გამოყენება. რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საუბარია ადამიანების ძარცვა-მკვლელობასა და ეთნიკურ წმენდაზე, თუმცა რუსეთმა თვითონ უნდა გამოიძიოს ეს შემთხვევები. ჩვენც უნდა გამოვიძიოთ, იყო თუ არა გამოყენებული გრადი მოსახლეობის წინააღმდეგ“,- აცხადებს გოგოლაშვილი.
მისივე განმარტებით, გამოძიების შედეგები თუ არ დააკმაყოფილებს ჰააგის სასამართლოს, მაშინ ისინი გამოიძიებენ დამატებით. გოგოლაშვილი თვლის, რომ რაკი ტალიავინის დასკვნაში იყო ეს შენიშვნა, ხოლო შემდეგ გაეროს ანგარიშში და გამოძიება დაევალა ქვეყნებს, ახლა ავტომატურად ხდება ამისი შეხსენება.
„სხვა ქვეყნების მაგალითებზე რომ ვიმსჯელოთ, ისრაელის მიმართაც არის უამრვი ასეთი ტიპის დავალება, მაგრამ იქ არაფრის გამოძიება არ ხდება. ჩვენ რაც შეგვეხება, ომის დროს ან მოხდა ასეთი რამ, ან - არა; ან მოხდება მისი დამტკიცება, ან - არა, მაგრამ გაერო მოითხოვს, რომ ჩვენ ამოვწუროთ ამ მხრივ ჩვენი შესაძლებლობები. ჩენ პატარა, სუსტი ქვეყანა ვართ, ისრაელის დონის რესურსი არ გვაქვს და არც ისეთი მხარდაჭერა, როგორიც მას აქვს აშშ-ს მხრიდან. ამ შემთხვევაში ჩვენ რაღაცნაირად უნდა ვგრძნობდეთ თავს ვალდებულად, რომ გამოვიძიოთ და დავეთანხმოთ გაეროს“,- აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
მინდია უგრეხელიძის განმარტებით, საქართველომ უნდა გააკეთოს ის, რაც შედის ყოველი დამოუკიდებელი ქვეყნის კომპეტენციასა და მოვალეობაში - თუკი სერიოზული ქმედებები არის ჩადენილი და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვიღაცამ ქართველ პოლიტიკურ ლიდერთა შორის გააკეთა ეს, უნდა აღიძრას საქმე, გამოიძიოს, გაასამართლოს და მიუსაჯოს რაც მისაჯელია.
„თუ ამას ის (საქართველო) ვერ ახერხებს, უნდა მოიქცეს ისე, როგორც მოიქცა, მაგალითად, ბოსნია, კამბოჯა - მოიწვიოს უცხოელი სპეციალისტები, მოსამართლეები და შექმნას ჰიბრიდული სასამართლო, რომელიც დაგვეხმარება. თუ ამასაც ვერ ახერხებ, მაშინ არსებობს ჰააგის სასამართლო და ის მიხედავს იმას, რასაც შენ ვერ აკეთებ. იქ მოქმედებს ე.წ. სუბსიდიურობის, შევსებითობის პრინციპი, რომ ის, რაც ვერ ან არ ქნა ვიღაცამ, ეს ხარვეზი უნდა ამოავსოს ჰააგამ“, - აცხადებს უგრეხელიძე.
ამ თემამ საზოგადოებაში სხვადასხვა კითხვა გააჩინა, მაგალითად, მოხდება თუ არა საქართველოს დადანაშაულება ომის დაწყებაში, თუმცა მინდია უგრეხელიძე თვლის, რომ საკითხის ასე დასმა არასწორია.
„არავითარ კავშირში არ არის ქვეყნის დადანაშაულება. ამ სასამართლოს ამოცანა არ არის ქვეყნების განსჯა. ეს სასამართლო მოქმედებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპით. ის ფიზიკური პირების, ქვეყნის მესვეურების თუ მაღალი თანამდებობის პირების საქმეებს განიხილავს. თუ სასამართლომ, დავუშვათ, განიხილა ეს საკითხი, ის საქართველოს მთლიანობაში არც შეეხება და ვერც შეეხება, რადგან ეს არ განეკუთვნება მისი კომპეტენციის სფეროს“,- აცხადებს მინდია უგრეხელიძე.
ჰააგის სასამართლოს მიერ, აგვისტოს ომის გამოძიების დეტალებს ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობაც“, მისი ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ცდილობს ყოფილ ქართველ მაღალჩინოსნებს დაუმძიმოს ბრალი, რითიც საბოლოოდ რუსეთი ისარგებლებს. ბარამიძის აზრს იზიარებენ საპარლამენტო უმცირსობის სხვა წევრებიც, რომლებიც მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ.
„არ მესმის რა საფრთხეზეა საუბარი, ჰააგის სასამართლო არ იხილავს ქვეყნის პასუხისმგებლობის საკითხს. რა თქმა უნდა, სინანულით აღნიშნავს, რომ იმპოტენტი ერი ყოფილა, რაკი მართლმსაჯულებას ვერ ახორციელებს, მაგრამ ამისთვის კი არ დასჯის, არამედ ეტყვის, მე გავაკეთებ იმას, რაც შენ ვერ მოახერხეო. ეს რას ჰგავს დაახლოებით იცით? - კაცი რომ გარდაიცვლება, ოჯახმა ხომ უნდა დაასაფლავოს, ეს ხომ მისთვის სავალდებულო პროცედურაა, მაგრამ თუ არ დაასაფლავებს, მაშინ მეზობელი მიხედავს“,- განმარტავს მინდია უგრეხელიძე.
საზოგადოებში გაჩენილ კითხვებს ბევრმა თავადვე გასცა პასუხი და უკვე ძნელია გაარკვიო, რეალურად რაზეა საუბარი. ბევრის აზრით, ამით ხელისუფლება ცდილობს შეასრულოს დაკვეთა მოსკოვიდან, იწვევს პროკურორებს, რომლებიც მაღალჩინოსნების დაჭერაში და ჰააგის სასამართლოზე გადაცემაში არიან გამოცდილები და ა.შ.
მინდია უგრეხელიძის შეფასებით, ეს ხმაური გამოიწვია იმან, რომ საქართველოში სამართლებრივი კულტურა არ არის მაღალ დონეზე, რადგან არ ხდება მისი პროპაგანდა.
„მარტო სტუდენტებთან მუშაობა არ არის საკმარისი. ქართველი ერი ჩამოყალიბდა, როგორც ზერელე, ზედაპირული ერი. იმპრესიონიზმი მხატვრობაში კარგია, მაგრამ აზროვნებაში არ ვარგა, თან ყველაფერს იწუნებენ „მუსტაფას ვირივით“, ყველაფერზე ეჭვს გამოთქვამენ, სხედან სამზარეულოში, ეწევიან სიგარეტს და ვიღაც მოცლილი ქალები ახდენენ ამ სოციალური ქსელის შევსებას. იმას, რაც აქ ხდება, ვერ ნახავთ ვერც ერთ ცივილიზებულ საზოგადოებაში. გაცნობიერებულობის ხარისხია ძალიან დაბალი - ეს ხალხის ბრალი არ არის - ხალხი უნდა გაანათლო, უნდა ელაპარაკო. იაფფასიანი შოუები კი არ უნდა აჩვენო ტელევიზიით, საინტერესო, შემეცნებითი გადაცმები უნდა გააკეთო. თვითონ რომ ირქმევს ექსპერტს, ის კი არ უნდა გამოიყვანო, როდესაც საქმე იურიდიულ საკითხებს ეხება, რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვის განათლებით არაიურისტი?! ერთადერთი, ზურაბ ჟვანია მახსოვს არაიურისტი, რომელსაც შეცდომა არ დაუშვია იურიდიულ საკითხებზე საუბრის დროს, იმიტომ, რომ წიგნთან იყო ნამუშევარი. ასე კორიდორში გამორბენით არ შეიძლება ასეთ თემებზე საუბარი - ეს სერიოზული დარგია“,- აცხადებს მინდია უგრეხელიძე.
კახა გოგოლაშვილის შეფასებით, აურზაური იმან გამოიწვია, რომ ზედაპირული კომენტარები გაკეთდა - კომენტარები უნდა იყოს ძალიან ზუსტი, რომ ათასგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლეოდეს.
„იმდენი კომენტარი გაკეთდა, ამას მიება კიდევ ათასი რაღაც. ზოგმა თქვა, რომ შეცდომა იყო ომის დაწყება, ზოგმა თქვა, რომ დანაშაულები ჩაიდინა წინა რეჟიმმა, ამას კიდევ სხვა რაღაც მოჰყვა და ახლა კაციშვილმა აღარ იცის, რეალურად რაზეა ლაპარაკი. არადა ძალზე კონკრეტულ რამეზეა საუბარი - დაირღვა თუ არა ჰუმანური სამართალი და რა მუხლები დაირღვა“, - აცხადებს გოგოლაშვილი.
ამ თემასთან დაკავშირებით არა მხოლოდ პოლიტიკოსთა, არამედ ექსპერტთა აზრიც იყოფა -ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ამ ყველაფერმა შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას.
„იშვიათად მაგონდება შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ასე გამწარებული ცდილობს, საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულოს ომის დაწყებაში. საუბარი იმაზე არ არის, რომ სააკაშვილის ან რომელიმე სხვა ხელისუფლებას დასდონ ბრალი. განა ახსოვს ვინმეს, ვინ იყო მაშინ ამერიკის პრეზიდენტი, როდესაც აშშ ვიეტნამში შევიდა? ან როდესაც ავღანეთში შეიჭრა რუსეთი, ვინ ხელმძღვანელობდა მაშინ საბჭოთა კავშირს? სამაგიეროდ ახსოვთ, რომ ამერიკა შევიდა ვიეტნამში, ხოლო რუსეთი - ავღანეთში. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი მანიპულაციები, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ბრალის დასადგენად კეთდება, არის მხოლოდ მანიპულაციები და მეტი არაფერი. საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება გინდოდეს ომის გაჩაღებაში, რამდენად არის საღ აზრთან კავშირში, ძნელად წარმომიდგენია“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
მისივე შეფასებით, საკითხავია ეს ვის ინტერესებს ემსახურება.
„საქართველოს ინტერესებს რომ არა, ეს ნამდვილად ვიცი. მგონია, რომ ეს ყველაფერი ცარიელ ჭიქაში ქარიშხალია და ჰააგას ტყუილად იყენებენ საბაბად, თავისი ყოვლადაუხსნელი ქმედების გასამართლებლად. რეალურად, რუსეთმა დაიპყრო საქართველო და არა პირიქით და ნებისმიერი სხვა მანიპულაცია ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ინტერესს არ ემსახურება, ვის ინტერესებს ემსახურება, განსაჯოს მკითხველმა“, - აცხადებს ლაგაზიძე.
ლაგაზიძე ფიქრობს, რომ თუკი მოხდება სააკაშვილის დადანაშაულება, ავტომატურად ჩაითვლება, რომ საქართველომ დაიწყო ომი.
ხათუნა ლაგაზიძე: „ისტორია განსჯის ქვეყანას, რომელიც ასეთ ხელისუფლებას შობს და ქვეყანას აღარ ექნება აღარანაირი პერსპექტივა. იმ ხელისუფლებას თავისი განაჩენი ქართველმა ხალხმა უკვე გამოუტანა. სამაგიეროდ, ეს ქვეყნის განაჩენი იქნება. თუკი ცდილობ, დაამტკიცო, რომ შენი ქვეყანა არის აგრესორი, ათასობით ადამიანის დამბომბველი, ამ ქვეყნის სართაშორისო პერსპექტივა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და არა სააკაშვილის“.
როგორც კახა გოგოლაშვილი თვლის, სააკაშვილი რომ ჰააგის ტრიბუნალს გადასცენ, მილოშევიჩისნაირი ფიგურა უნდა იყოს, ანუ ეთნიკური წმენდა უნდა ჰქონდეს ჩატარებული და მასობრივი დახვრეტები უნდა განხორციელებულიყო მისი დავალებით სამხრთ ოსეთში.
კახა გოგოლაშვილი: „ასეთი საუბრები ნიშნავს იმას, რომ საქართველომ სამხრეთ ოსეთში ასეთი რამ ჩაიდინა. ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები, პოლიტიკურად მოტივირებული და ჭკუათმყოფელი ადამიანები საკუთარი ქვეყნის წინაარმდეგ ასეთ რამეს არ ილაპარაკებენ. ასეთი რიტორიკა აბსოლუტური შეცდომაა. აქ საუბარია ინციდენტზე, რომელიც შესაძლოა მომხდარიყო, რადგან ოსები გვაბრალებენ, გრადი გამოიყენეს ცხინვალის მიმართულებითო. ქართველები ამას უარყოფენ, მაგრამ რაკი ასეთი ბრალდება არსებობს, გაერომ მოითხოვა ამისი გამოძიება. შემდეგ ეს გადავიდა სხვადასხვა ორგანიზაციებში და მათ შორის, ევროპის საბჭოსაც ჰქონდა, რომ ეს უნდა გამოიძიონ მხარეებმა. ასე მიღო საერთაშორისო რეზონანსი ამ თემამ, რომელიც ასე ადვილად არ ამოვარდება საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებიდან. მექანიზმი კი ასთია - თუ არ იძიებს ქვეყანა, ასეთ საკითხებს ჰააგის სასამართლო იძიებს, რომ დაადგინოს, დარღვეულია თუ არა საერთაშორისო სამართალი“.
პრინციპში, საინტერესოა, თუ ჰააგის სასამართლო დაადასტურებს რომელიმე მაღალჩინოსნის დანაშაულს, საქართველო, როგორც ქვეყანა რა დოზით დაზარალდება? ამაზე კი მინდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ მას, როგორც კონკრეტულ პიროვნებას, ძალიან ეწყინება მისი ქვეყნის პრეზიდენტი, ან სხვა მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნონ.
მინდია უგრეხელიძე: „მე არ მინდა ვიყო იმ ქვეყნის შვილი, რომლის პრეზიდნტი დამნაშავედ არის ცნობილი - ეს ელემენტარულია, მაგრამ ის, რომ რაიმე სანქციები დააკისრონ საქართველოს, ან მსგავსი რამ მოხდეს, ეს არ შეიძლება, რადგან აქ არის მეორე საკითხი - უნდა მოხდეს განწმენდა, თუ არ მოხდა დანაშაულთან ბრძოლა, დანაშაულის შეფასება მორალურად, პოლიტიკურად და იურიდიულად, ის ისევ განმეორდება. ამიტომ, ჰააგის სასამართლოს ამოცანა არის, ებრძოლოს დაუსჯელობას. საქართველოს რაც შეეხება, ეს თან წაადგება, თან - არა. წაადგება იმ მხრივ, რომ სხვა აღარ ჩაიდენს მსგავს რამეს, არ წაადგება იმით, რომ რად მინდა იმ ქვეყნის შვილობა, რომლის პრეზიდენტის საკითხსაც საერთაშორისო სასამართლო იხილავს“.
როდესაც ნაციონალები და მისი მეგობრები შურისძიებაზე საუბრობენ, საინტერესოა, ხელისუფლების ქმედებებში იკითხება თუ არა, რომ მიზანმიმართულად ცდილობს, წინა ხელისუფლების დადანაშაულებას, რაზეც კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ოფიციალური პირების განცხადებებში არ იკითხება, რომ პირდაპირ სააკაშვილის დადნაშაულება მოხდეს, მაგრამ ის, რომ ამასთან დაკავშირებით არ კეთდება მკაფიო განცხადებები, რომელიც მონიშნავს საზღვრებს ამ ქმედებისა და ლიმიტებს, რაში მდგომარეობს, რას არ ცდება და რას მოიცავს ეს თემა, ეს იძლევა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას.
„როგორც ვხვდები, მმართველ ძალასაც აწყობს, რომ ასეთი ინტერპრეტაციები ტრიალებდეს ჰარში, თორემ ამას მკაფიოდ მოკვეთავდა. ოპოზიციასაც, როგორც ჩანს, აწყობს ილაპარაკოს, რომ ხომ ხედავთ, რას გვაბრალებენ, რას გვიკეთებენ. ორივე მხარეს აწყობს ეს ამორფული განწყობა საზოგადოებაში. არავისგან არ არის სწორი კომუნიკაცია და კარგი იქნებოდა, ვიდრე გამოძიებას ჩაატარებენ, სწორად გაშუქდეს ეს პროცესი, არ იყოს პოლიტიკური კომპონენტი. საერთოდ, საქართველოში ყველაფერზე ცდილობენ, პოლიტიკური ქულების დაწერას ან პოლიტიკურად გამოყენებას ყველაფრისას, რაც კი ხდება მსოფლიოში და ეს ვფიქრობ, არ არის სწორი. კიდევ ვიმეორებ, ეს არის საკმაოდ ჩვეულებრივი პროცედურა, რომელსაც ათასგვარი სპეკულაცია მოება“, - აცხადებს გოგოლაშვილი.