ექსპრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის მასალებს პირადად ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებდა. ოთარ კახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით იმგვარ ბრალდებას უყენებენ, რომელსაც უყენებდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას. მისივე თქმით, სააკაშვილისთვის წარდგენილი ახალი ბრალი, მითი იმის შესახებ, რომ ელიტური კორუფციის მეშვეობით მიმდინარეობდა ხარჯების აკუმულირება, გაქრა.
„ყველას გვახსოვს გამსახურდიას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება პალტოების შესახებ და იმასთან დაკავშირებით, რომ იგი „მერსედესით“ მოძრაობდა. მენტალურად იგივე ხალხი უყენებს ბრალს ახლა სააკაშვილს. 19 მილიონი რომ გაიტაცა სააკაშვილმა, ესეც გამოუძიებელია. სამაგიეროდ, ორწლიანი მუშაობის შედეგად აღმოაჩინეს, რომ 8 მილიონი ლარი დაიხარჯა ოფიციალურად პრეზიდენტის დაცვის სამსახურის სპეციალური სახსრებიდან.
გაფლანგვაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა შეფასდეს, რაში დაიხარჯა თანხები და მეორე მხრივ, რა შედეგი იქნა მიღწეული. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა. შეგვიძლია ვთქვათ ასევე, რომ მილიონობით ტურისტი სტუმრობს საქართველოს და იზრდება მათი რაოდენობა. თავიდან აშენდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ინფრასტრუქტურა და ქალაქებიც კი“, - აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, როდესაც ვსაუბრობთ გაფლანგვაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რა შედეგი მოუტანა ქვეყანას საერთაშორისო აქტივობებმა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. კახიძის განცხადებით, 138 მილიონი აქვს ივანიშვილის მთავრობას პრემიების სახით გახარჯული და რა შედეგი მიიღო ამით საქართველოს მოსახლეობამ, ესეც გასათვალისწინებელია.
„ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევადაროთ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში გაწეული ხარჯები და მიღწეული შედეგები და ასევე დღევანდელი მთავრობის მიერ გაწეული ხარჯები. როდესაც ხადურის მთავრობა საუბრობს სააკაშვილის კვების მომსახურებაზე, ცინიკურია. სწორედ ასეთია მისი დაცვის ქვეშ მყოფი მიხეილ სააკაშვილის პოზიცია“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ექსპრეზიდენტის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის ბრალის დამძიმების ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის განცხადებით, სირცხვილია, თუკი დადგინდება, რომ სახელმწიფოს სახსრები, ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული პირადი ინტერესებისთვის და მეგობრებისთვის იფლანგებოდა.
„ზოგადად, წარმომადგენლობითი ხარჯი ის ხარჯია, რომელსაც თანამდებობის პირი სახელმწიფოს ინტერესებისთვის სწევს. ალბათ, წარმომადგენლობით ხარჯად ვერ ჩაითვლება სახელმწიფოს თანხების მოხმარება, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი მიზნებისათვის. აქედან გამომდინარე, არ მიკვირს, რომ პროკურატურას აქვს ლეგიტიმური კითხვები და ეს კითხვები ბრალის წაყენებაში გამოხატა.
მეუხერხულება კიდეც დავწვრილმანდე და ხაზი გავუსვა იმ ხარჯებს და ხარჯების მიზნებს, რაც გაწეულია ყოფილი პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების მიერ, ფარული გრიფის ქვეშ. ვიტყოდი, რომ არის სირცხვილი, თუკი დადგინდა, რომ ეს ასეა. პროკურატურამ ჩათვალა, რომ ბრალის წაყენებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, გრიფი მოხსნილია კანონით დადგენილი წესით და ახლა უკვე ყველამ სასამართლოს წინაშე უნდა იმართლოს თავი და ხალხს აუხსნან, რატომ გასწიეს საკუთარი ინტერესებისა და მეგობრებისთვის ხალხის ჯიბიდან ამოღებული თანხები“, - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ კი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნებისმიერ პრეზიდენტს აქვს ხარჯები, იქნება ეს მასაჟისტი, ორთოპედი, სტომატოლოგი, ჩაცმა, ბანკეტი თუ სუფრა.
გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ პროკურატურა და მთავრობა თავს სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ.
„სასაცილოა ის, რომ მთავრობა, რომელმაც დაახლოებით ერთი მილიარდით გაარღვია ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი, რომელმაც მილიარდ ოთხასი მილიონი ახალი ვალი აიღო და 138 მილიონზე მეტი გადახარჯა პრემიებსა და ხელფასებზე, ყოფილ პრეზიდენტს ბოლო წლების დაჯამებულ წარმომადგენლობით ხარჯებს ედავება. ეს არის არასერიოზული და სულელური ბრალდება, რადგან ნებისმიერ პრეზიდენტს და სახელმწიფო მეთაურს აქვს ხარჯი.
ყველას კარგად გვახსოვს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ძალიან აქტიური საერთაშორისო ასპარეზზე, ის პირადად ჩადიოდა არაერთ ქვეყანაში და არაერთი დელეგაცია დაჰყავდა თან. ამ ტიპის ბრალდებებზე ერთგვარი პასუხი უკვე გასცა ბატონმა იუშჩენკომ, როცა ერთი ქილა თაფლი და აბანოს ჩუსტები გამოუგზავნა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას“, - აცხადებს გაბაშვილი.
დეპუტატი ამბობს, რომ ანალოგიური ხარჯები საქართველოს მოქმედ მთავრობასაც აქვს.
გაბაშვილი ითხოვს გამოქვეყნდეს ინფორმაცია, რა დაჯდა ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ბრიუსელში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი.
„გარწმუნებთ, რომ მთავრობის წევრები არ წასულან იქ ველოსიპედით, ისინი გაფრინდნენ თვითმფრინავით, ისინი ჩავიდნენ სასტუმროებში და ის არ იყო ერთვარსკვლავიანი და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მათ მოემსახურათ ლიმუზინები და ავტობუსებით არ მისულან ევროსაბჭოს ოფისში ხელმოსაწერად, მათ ხელმოწერის შემდეგ ჰქონდათ ბანკეტიც და მიღებაც და კარგია, რომ ეს ჰქონდათ. ასე რომ, ეს არის ბუნებრივი ხარჯები, ყველა მომდევნო მთავრობა თუკი დააჯამებს წინა მთავრობის წარმომადგენლობით ხარჯებს, გარწმუნებთ, გამოადნობს 8 მილიონზე ბევრად მეტს“, - აცხადებს გოკა გაბაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი პროკურატურას მოუწოდებს, ის ხარჯებიც ამოიღოს, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო და როცა მისი დაცვის სამსახურს ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი ხელმძღვანელობდა. როგორც ირმა ნადირაშვილი ამბობს, იმ პერიოდშიც წარმომადგენლობითი ხარჯები იქნა გაწეული.
„ჩათვალა პრეზიდენტმა, რომ დაედო გრიფი „საიდუმლო“, 2 წელი არის რაც არიან ამ მთავრობაში, ეს შეეძლოთ რომ მოეხსნათ და გააკეთეს კიდეც. შეეძლოთ, რომ ასე ქვეყნის სასაცილოდ არ ექციათ და არ გამოეტანათ პრეზიდენტისა და პროკურატურის მიმოწერა და მთელი მსოფლიო არ ყოფილიყო ამ საკითხის განხილვით დაკავებული. უფრო მეტსაც გეტყვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როდესაც პრეზიდენტი ისევ იყო სააკაშვილი, მისი დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი და ამოიღონ ის ხარჯებიც. ზუსტად ასევეა წარმომადგენლობითი ხარჯები გაწეული“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ თუ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, გამოიკვეთება, რომ ხელისუფლება საკუთარი ხუშტურების და ფსიქოლოგიური განწყობის მიხედვით მოქმედებდა.
„დიდი რაოდენობით ხარჯებია გაწეული იმისთვის, რომ პირადი მისწრაფებები თუ განწყობები დაეკმაყოფილებინათ. მინდა ყურადღება ასევე იმ ასპექტზეც გავამახვილო, რომელსაც ვერც ერთ სისხლის სამართლის კოდექსში ვერ ამოვიკითხავთ. საუბარი მაქვს ამ დანაშაულის იმ განსაკუთრებით შემაშფოთებელ ასპექტზე, რომელიც უმაღლესი მმართველის ფსიქოლოგიურ განწყობას უკავშირდება.
ე.ი. რა ფსიქოლოგიური, რა შინაგანი განწყობის ადამიანებთან გვქონდა საქმე, როგორ მართავდა ეს ადამიანი ქვეყანას და რამდენად შეიძლება იყოს სანდო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, იქნება ეს კონფლიქტები, საგარეო ურთიერთობები თუ შიდა პოლიტიკური თემები, ეს ძალიან დამაფიქრებელია“, - აცხადებს გია ვოლსკი.
მისი თქმით, ადამიანი, რომელსაც თავისი ხუშტურების დასაკმაყოფილებლად მასაჟისტისთვის ამხელა თანხის გადახდა შეუძლია, ის ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. ის საფრთხის შემცველი იყო ჩვენთვის გუშინ, დღეს კი ის საფრთხის შემცველია ნებისმიერი იმ ქვეყნისთვის, სადაც იგი იმყოფება და ფიქრობს, რომ რაღაც პოზიტივის მოტანა შეუძლია.
„შერჩევით სამართალს რაც შეეხება, შერჩევითია სამართალი, როდესაც რამდენიმე კილო ჯართის მოპარვისთვის ადამიანი რამდენიმე წელს იხდის, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაზე კი ყოფილ პრეზიდენტს პასუხი არ მოეთხოვოს“, - აცხადებს გია ვოლსკი.