აშშ-ის სენატორებმა ჯონ მაკკეინმა, ჯეიმს რიშმა, ჯინ შაჰინმა და მარკო რუბიომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ წერილით მიმართეს. წერილში სენატორები წინა ხელისუფლების წარმომადგენლების გასამართლებასთან დაკავშირებულ საფრთხეზე საუბრობენ და კანონის უზენაესობის დაცვის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი, ამერიკელ სენატორებს საპასუხო წერილი გაუგზავნა და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დევნის პროცესის შესახებ უკეთ ინფორმირების მიზნით, მათ საქართველოში ჩამოსვლას სთხოვა. პრემიერის განცხადებით, იგი იზიარებს უცხოელი პარტნიორების მღელვარებას, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებულმა სამართლებრივმა დევნამ საქართველოს შიდა პოლიტიკურ სტაბილურობასა და საგარეო ურთიერთობებზე შესაძლოა, გავლენა იქონიოს.
ამერიკელი სენატორებისადმი საპასუხო წერილში ღარიბაშვილი წერს: „გეთანხმებით, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ წაყენებული ბრალდებების პროცესი უნდა წარიმართოს ყოველგვარი ხარვეზის გარეშე და ყველა საქმე უნდა იქნეს გამოძიებული სამართლიანად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებელად. მესმის და ვიზიარებ იმ მღელვარებას, რომ ეს ბრალდებები შეიძლება აღქმული იყოს, როგორც პოლიტიკური დევნა და ამან შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ სტაბილურობასა და საგარეო ურთიერთობებზე“, - წერს ღარიბაშვილი სენატორებს.
პრემიერი მიმართავს სენატორებს, რომ თვალყური მიადევნონ სასამართლო პროცესებს და ჩამობრძანდნენ საქართველოში, რათა უშუალოდ დაესწროთ საქმის მსვლელობას.
„მოგიწოდებთ, შეისწავლოთ მიმდინარე სასამართლო პროცესები, რომლებმაც აქამდე საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან მაღალი შეფასება მიიღეს, რათა თავად დარწმუნდეთ, რომ ბრალდებულთა სასამართლომ კანონის დაცვით ჩაიარა. პროკურორმა უნდა მოახერხოს საქმის სამართლიანად წარმოება და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენა. და, თუ ის ამას ვერ შესძლებს, ბრალდებული გამართლდება“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
როგორც პრემიერი წერს, თუ თანამდებობაზე ყოფნისას ოდესმე დაარღვევს კანონს, მზად არის, წავიდეს ციხეში. ამერიკელი სენატორებისადმი გაგზავნილ საპასუხო წერილში ღარიბაშვილი კანონის უზენაესობის აღსადგენად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, დავით კირვალიძისა და შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის მაგალითები მოჰყავს.
„ჩვენი მთავრობა ამის გამო აირჩიეს და, ჩვენი ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მთავრობისგან დამოუკიდებელ პროკურატურას მიენიჭა უფლება გამოიძიოს წინა და ახლანდელი სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი მძიმე კანონდარღვევები. ეს არ არის ცალმხრივი - ჩვენი მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრი გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიესაჯა ერთწლიანი პირობითი სასჯელი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის გამო. რამდენიმე დაბალი რანგის მოხელე და ოფიციალური პირი ასევე მიეცა პასუხისგებაში. მეც საჯაროდ განვაცხადე, რომ თუ თანამდებობაზე ყოფნისას ოდესმე დავარღვევ კანონს, მზად ვარ წავიდე ციხეში. დღეს მოსამართლეები არიან დამოუკიდებელი, პროკურატურა კი აღარ არის დამოკიდებული მთავრობაზე“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზალკანიანი თვლის, რომ პრემიერმა სენატორებს ამომწურავი პასუხი გასცა. ზალკანიანი ამბობს, რომ საპასუხო წერილში ზუსტი აქცენტებია გაკეთებული. მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოხატული მზაობა აშშ-სთან თანამშრომლობაზე ამერიკელი სენატორების მიერ ზუსტად და კარგად იქნება გაგებული.
„აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, ის კითხვები, რომლებიც იყო დასმული სენატორების წერილში, სავსებით ლოგიკურია. გამომდინარე იქიდან, რომ მათ აინტერესებთ თუ როგორ მიდის საქართველოში დემოკრატიული პროცესები და ძალიან კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და პრემიერმა ამ კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის საპასუხო წერილში ზუსტი აქცენტებია გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ღია და გამჭვირვალე ყველა იმ პროცესებში, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს,
კერძოდ, მართლმსაჯულების კუთხით. საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. უკვე მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი. ვახორციელებთ ეკონომიკურ რეფორმებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან გამოხატული მზაობა აშშ-თან თანამშრომლობაზე იქნება ზუსტად და კარგად გაგებული ამერიკელი სენატორების მიერ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი სახის კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე კი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას და იმ ეჭვების გაქარვებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით აქვს.
„ჩვენ მადლიერნი ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება მათ რაღაცეები ვერ იგრძნონ, რაღაცეებს ვერ ხედავდნენ, იმიტომ, რომ ადგილზე არ არიან, ისინი ხომ საქართველოს თანამოქალეები არ არიან. აბა ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს, რამდენი ადამიანია გამწარებული, ქონებაწართმეული, გაუპატიურებული, რომელი ერთი დავასახელო. მათ აინტერესებთ და პასუხები უნდათ კითხვებზე.
რაც მთავარია, აღარ უნდა დაუდგეს არავის იმისი გაფიქრების საშუალებაც კი, რომ რაკი ხელისუფლებაშია, ყველაფრის უფლება აქვს. ეს იოლი პროცესი არ არის. მაგრამ, დაიდო ეუთო-ს მისიის შეფასება, ჰამერბერგის დასკვნა და ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიაზე კითხვები უკვე აღარ არის. ახლა სააკაშვილის საკითხი ამოტივტივდა. ყველაფერი უნდა გაირკვეს, თუმცა პროცესი სამართლებრივად რაც შეიძლება სწორად უნდა წარიმართოს“, - ამბობს ვიქტორ დოლიძე.
„ნაციონალური მოძრაობაში“ თვლიან, რომ ღარიბაშვილის ამერიკელი სენატორებისადმი გაგზავნილი წერილი არის დემაგოგია და მთლიანად ტყუილზეა აგებული. ყოფილ მართველ გუნდს სამარცხვინოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის დასამტკიცებლად, პრემიერს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის დაკავების ფაქტი მოჰყავს.
„დემაგოგიაა საუბარი იმაზე, რომ პროცესი გამჭირვალე იქნება და ჩამოდით. ჟურნალისტების სასამართლო დარბაზში შეშვება, სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის მთავარი არ არის. ის, რომ პროკურორი იუსტიციის მინისტრს ფორმალურად, კანონის დონეზე აღარ ემორჩილება, ეს არ არის მთავარი, რაც მშვენივრად ესმით გამოცდილ, ევროპელ პოლიტიკოსებს.
ეს არის დემაგოგია საბჭოურ სტილში. ამბობენ, რომ ძალიან კარგი კონსტიტუცია ჰქონდა სტალინს. მე ის არ მომწონს, რადგან მრავალპარტიულობა აკრძალული იყო, მაგრამ ადამიანის უფლებებზე ბევრი კარგი რამ ეწერა და მერე რა... ვინ „ჭამს“ ამას?! შექმნილია აბსოლუტურად კლანური სისტემა თამაზაშვილი-ღარიბაშვილი- ივანიშვილის მმართველობის სისტემა და რა ლამაზ სიტყვებს იტყვის, ამას მნიშვნელობა არა აქვს“, - ამბობს დავით დარჩიაშვილი.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე დარწმუნებული არ არის, რომ ამერიკელი სენატორები მართლაც არიან შეწუხებულები იმით, რასაც აცხადებენ. მისი თქმით, პრემიერის წერილიც სწორედ ამას გულისხმობს, რომ თუ მართლა აწუხებთ ეს თემა, ჩამობრძანდნენ და ადევნონ თვალყური.
„ანალოგიური წინადადება თითქმის იდენტურ ადამიანებს, თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილმაც შესთავაზა, თუ გნებავთ ჩამოდით, ან თქვენი ნდობით აღჭურვილი პირები მოავლინეთ და ჩაერთეთ გამოძიების პროცესშიო. მაშინ იმ ინიციატივაზე სერიოზული პასუხი ვერ მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ და სავარაუდოდ, არც ამას მოჰყვება. ეს უპასუხობა ნიშნავს, რომ მათ ჭეშმარიტება არ აინტერესებთ, მათ მხოლოდ პრეტენზიის წარმოდგენის ინტერესი აქვთ.
პოლიტიკოსი რაღაცას რომ აცხადებს, მას ყოველთვის ჭეშმარიტება აინტერესებს? ჩვენი პოლიტიკური პარტიები რა განცხადებებსაც აკეთებენ, იმათ უკან ჭეშმარიტების ინტერესია? იქაც გარკვეული პოლიტიკური ინტერესებია. უამრავი ისეთი მოტივი შეიძლება იყოს მათი განცხადებების წყარო, რაც პოლიტიკოსებისთვის ჩვეულია. მათთვის ტიპიურია, როცა ერთ მოვლენაზე აკეთებენ განცხადებას და ამ დროს, მათი სამიზნე, რეალურად, სულ სხვაა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.