დღეს სამხედრო მედიცინის დღეა. პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტმა საველე სწავლება „სამედიცინო მხარდაჭერა“ გამართა. სამედიცინო სწავლება დაბა კრწანისის ტერიტორიაზე, არაშენდას დასახლებაში გაიმართა.
საველე სწავლების მთავარი მიზანი, საგანგებო სიტუაციებში სამედიცინო პერსონალის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კოორდინაციაა. სწავლების სცენარი სამედიცინო უზრუნველყოფის ოპერაციების გამოცდილებას ემყარება.
სწავლებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.
სცენარის მიხედვით, სოფელ „არაშენდა“-ში აღმოაჩინეს მოწინააღმდეგის იარაღის სამალავები. შეიარაღებისა და ტყვია-წამლის ამოღების მიზნით, სპეციალური ოპერაციების ძალებს აღნიშნულ სოფელში დაევალათ პატრულირებისა და ჩხრეკის ოპერაციის ჩატარება. ოპერაციის მიმდინარეობისას დაშავებული სამხედროებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, სწავლებაში ჩაერთო საველე ქირურგიული და სამედიცინო საევაკუაციო ჯგუფები. ადგილზე აღმოჩენილი პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, საჰაერო-სამედიცინო ევაკუაციის ჯგუფის მიერ მოხდა მძიმედ დაშავებული სამხედროების ევაკუაცია გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
საველე სწავლებაში მოზიდული იყო ცალკეული სამედიცინო ბატალიონის ქირურგიული და საევაკუაციო ჯგუფები, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი და I საარტილერიო ბრიგადების სამხედრო ექიმები. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები.
სამხედრო ექიმები პროფესიულ დღესასწაულს 1992 წლიდან, 22-დ აღნიშნავენ.