„დასავლეთში ბევრი თვლის, რომ სააკაშვილის მმართველობის წლებს შესაფასებლად ისტორიული სივრცე სჭირდება“

„დასავლეთში ბევრი თვლის, რომ სააკაშვილის მმართველობის წლებს შესაფასებლად ისტორიული სივრცე სჭირდება“

„აშშ, ახლა, სააკაშვილს საქართველოს არ გადასცემს, რადგან შესაძლოა, ამერიკის პოლიტიკისთვის უამრავი არასასურველი ინფორმაცია გაჟღერდეს სასამართლო პროცესზე“, - მიიჩნევს კავკასიის მცოდნეთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტი ალექსანდრე კრილოვი.

თუ რატომ არ არსებობს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემის წინაპირობა, ამის შესახებ კრილოვს თავისებური მოსაზრება აქვს: სააკაშვილი ციხეში არ აღმოჩნდება, რადგან ის საქართველოში არ ჩავა, ის აშშ-შია. რასაკვირველია, საბოლოოდ სააკაშვილი წარსდგება სასამართლოს წინაშე, მასთან უამრავი პრეტენზია და ბრალდება არსებობს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჟამინდელ ვითარებაში ეს არ მოხდება, რადგან კრილოვის აზრით, სააკაშვილი აშშ-ის მიერ იყო დასმული.

რა არის ამერიკის პოლიტიკისთვის არასასურველი ინფორმაცია და რატომ არ უნდა აწყობდეს დასავლეთს არათუ სააკაშვილის, არამედ შედარებით უფრო დაბალი რანგის მოხელეების -კეზერაშვილისა და დათა ახალაიას ექსტრადირება საქართველოში?! რატომ მიიჩნევს ზოგიერთი უცხოელი, რომ სარკოზის საქმის ძიება ნორმალური პროცესია, ხოლო სააკაშვილის გასამართლება - მიუტევებელი დანაშაული?! რატომ კეთდება ამერიკულ წრეებში განცხადებები, რომ ჯონ მაკკეინი და სააკაშვილის ძველი მეგობრები საქართველოს ხელისუფლების დაშინებას ცდილობენ?!

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში გამორიცხავს, რომ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ისეთ სკანდალურ რამეს იტყვის, რომ, ლამის, ამერიკის პრეზიდენტს იმპიჩმენტს მოუწყობენ. თუ ასეა, სააკაშვილის დაჭერა არ აწყობს არც კარლ ბილდტს, არც სენატორებს, არც „სახალხო პარტიას“, არც უნგრეთის, პოლონეთის პრემიერებს, არც უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას. შესაბამისად, გამოდის, რომ სააკაშვილი ისეთი ვინმე ყოფილა, მთელი მსოფლიოს დემოკრატიულად არჩეულ ლიდერებზე, უკლებლივ ყველა ადამიანზე, რაღაც მაკომპრომეტირებელი მასალები ჰქონია?!

ცალკეულ წრეებში ხშირად ამბობენ, რომ თავის დროზე ამერიკამ შემოგვთავაზა სააკაშვილი, როგორც დემოკრატიულობის საწინდარი. ამდენად, დღეს ამერიკისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება, რომ სააკაშვილი გადმოსცენ საქართველოს. თუკი მისი ბრალეულობა გამოიკვეთება, მსოფლიო აზრი როგორ ჩამოყალიბდება? მას მაინც დაინდობენ?

- რასაკვირველია, ეს არის შემაფერხებელი ბერკეტი, რადგან მთელი ცხრა წელიწადი სააკაშვილი დასავლეთისთვის იყო წარმატებული რეფორმატორი. იცით, პოსტსაბჭოური სივრცის მთავარი პრობლემა რა არის? - რეფორმების დეფიციტი. დასავლეთს ათეული მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული თუგინდ ბელორუსიაში, უკრიანაში, შუა აზიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში. ყველგან, ამერიკის შეერთებული შტატები თუ დასავლეთ ევროპის ფონდები თანხებს გასცემდნენ. რამდენი ფონდია, მათი ჩამოთვლაც კი რთულია. მათგან ათეულობით მილიონი დოლარი მოდიოდა, ეს ათეულები გროვდებოდა და ასეულობით მილიონში გადადიოდა რეფორმების მოლოდინში. პრაქტიკულად, მთელი ეს ფული ყველგან ქვიშაში წავიდა და ერთადერთი, სადაც მართლაც რეფორმების სახე მიიღო, საქართველო იყო. რის ფასად, ეს სხვა საკითხია და ეს დასავლეთს ნაკლებად აინტერესებს.

რეფორმების შესახებ თავის დროზე მეც მქონია ამერიკელებთან, ევროპელებთან დისკუსია და მათ ჰქონდათ ერთი ასეთი რკინა-ბეტონის არგუმენტი, რომ რეფორმები არსად არ გატარებულა უმტკივნეულოდ, ბიბლიური ჭეშმარიტებით და ბიბლიური სამართლიანობით. მახსოვს, ამერიკის ერთ-ერთი ელჩი, გეტყვით კიდეც, იალოვიჩი, როდესაც ჩვენთან, დიპლომატიურ აკადემიაში იყო მოსული და სტუდენტებს ლექციები წაუკითხა, ერთმა სტუდენტმა პირდაპირ უთხრა, რომ სააკაშვილის პერიოდში რაღაც გადახვევებია დემოკრატიის გზაზე. იალოვიჩმა კი უპასუხა, ეს არასასურველია, სჯობს, გადახვევები არ იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ძველის ნგრევა და ახლის მშენებლობა თეთრი ხელთათმანებით არ კეთდება. მან გაიხსენა პეტრე დიდი და თქვა, მაშინ შევისწავლოთ, რა საშინელებების ხარჯზე ააშენა პეტრემ, თუ გნებავთ, პეტროგრადი.

პეტერბურგი ასეულობით ათასი რუსი მუშის ძვლებზე აშენდა.

- ძველებზე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თვითონ პეტრეს როგორი კანონები ჰქონდა? წესიერება, დემოკრატია იყო ის? ამიტომ, წარმატებული რეფორმები სადაც კი გატარებულა, თანაც, ასეთ მოკლე დროში, ყველგან პრობლემები იყო. ერთადერთი, შემთხვევა, სადაც ქვეყანა ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიაზე უმტკივნეულოდ გადავიდა, ეს იყო ესპანეთი. მაგრამ, რატომ იყო ესპანეთი? არსებობს ბრწყინვალე წიგნი, სახელწოდებით - „ხელმწიფე“. ეს ესპანეთის მეფის, ხუან კარლოსის შესახებ დაწერილი წიგნია, კითხვა-პასუხზე აგებული. ცნობილი ჟურნალისტი ეკითხება ხუან კარლოსს, კი მაგრამ, თქვენ როგორ მოახერხეთ ორ წელიწადში ფრანკოს ტოტალიტარული, დიქტატორული რეჟიმიდან დემოკრატიის შექმნა? ხუან-კარლოსი პასუხობს: ეს თვითონ ფრანკოს დამსახურება იყო, ვინაიდან მან მე დამახვედრა ძალზე ძლიერი საშუალო ფენა. არ ვიცი, შეგნებულად ხდება თუ შეუგნებლად, მაგრამ საქართველოში ყველა ცდილობს, არ გააძლიეროს საშუალო ფენა. ამას ცდილობდა შევარდნაძე, სააკაშვილი და ამას ცდილობენ დღესაც. ყოველ შემთხვევაში, არავინ ხელს არ უწყობს საშუალო ფენის გაძლიერებას, რადგან საშუალო ფენა ეს არის დემოკრატიის მთავარი მზიდი კონსტრუქცია.

თვით დიდი საფრანგეთის რევოლუციაც ვინ მოახდინა?! რობესპიერები და სხვები ვინ მოიყვანა? ახალგაზრდა ბურჟუაზიამ, საშუალო ფენამ, ე.წ. მეოთხე წოდებამ, როგორც მაშინ უწოდებდნენ.

თქვენ ახსენეთ კენეტ იალოვიჩის მაგალითი, მაგრამ .. რეფორმები შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი ფაქტორი ამერიკისთვის? ჩვენ ვიცით პრეცედენტები - კადაფის შემთხვევა, მუბარაქის შემთხვევა, რომლებიც ტირანებად მიიჩნია დასავლეთმა, თუმცა ისინი თავიანთი ქვეყანაზე ზრუნავდნენ. როგორც ჩანს, როცა საჭიროა, დასავლეთი ძალიან კარგად იგებს სხვა ქვეყნის სინამდვილეს. სააკაშვილის შემთხვევაში, რატომ გაჭირდა რეალობის აღქმა და ორმაგი სტანდარტი რატომაა განუყოფელი ცნება დასავლეთისთვის?

- საერთოდ, სანამ არსებობს კაცობრიობა, იარსებებს ორმაგი სტანდარტი. ორმაგი სტანდარტი არ არის, როდესაც ჩვენი კულტურის ახალი მინისტრი - მიხეილ გიორგაძე მაინცდამაინც პრინციპული არ აღმოჩნდა და არ გადადგა?! თორემ, თავიდან მოხსნა გივი ბერიკაშვილის შვილი და მეორე დღეს ისევ აღადგინა. განა თვითონ აღადგინა მანანა ბერიკაშვილი? რა, სიზმარში ნახა? სიზმარში მოევლინა მაცხოვარი და უთხრა, ეს რა ჰქენი, მინისტრის ასეთი მოადგილე საერთოდ, კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილაო?! უბრალოდ, დაავალეს, მანანა ბერიკაშვილი აღადგინეო და მანაც აღადგინა. კიდევ კარგი, ასე მოიქცა, თორემ მინისტრი რომ პრინციპული ყოფილიყო და ეთქვა, მე გადავდგებიო (წესით, როგორც უნდა მოქცეულიყო) კიდევ ერთი პოლიტიკური სკანდალი მოხდებოდა. მაგრამ არა, მეორე დღეს იგი უმტკივნეულოდ გამოვიდა, სახეზე არც კი გაწითლებულა, ერთი ნერვიც არ შეტოკებია და ბერიკაშვილი დააბრუნა.

სააკაშვილს რომ დავუბრუნდეთ, როგორც ჩანს, არ გაქვთ მოლოდინი, რომ სააკაშვილს ქართულ მხარეს გადმოსცემენ?

- არ მაქვს ასეთი მოლოდინი. დასავლეთის პოზიცია როგორია, იცით? ისინი გვეუბნებიან, სააკაშვილის ქმედებაში თქვენ მარტო ცუდს ხედავთ, მაგრამ სააკაშვილმა კარგი რომ გააკეთა, ამ კარგს ვინ აწონის? კარგს და ცუდს რომელი პინა გადაწონის? სანამ სააკაშვილის დევნა დაიწყებოდა, ალასანიამ ამერიკაში განაცხადა - წინა ხელისუფლებამ ბევრი კარგი რამ დაგვიტოვაო. როგორც ჩანს, მაშინ ალასანიას ამერიკელებმა ურჩიეს, მარტო ცუდზე ნუ ლაპარაკობთ, კარგიც გაიხსენეთ, რაც სააკაშვილმა გააკეთაო. ამერიკელებისა და ევროპელების პოზიცია ასეთია, რასაკვირველია, სააკაშვილის დროს იყო გადაცდომები, იყო დანაშაულიც, მაგრამ ძალიან ბევრი კარგიც გაკეთდა.

ამერიკაში რომ მომხდარიყო 7 ნოემბერი, 26 მაისი, ახალგაზრდების ჩახოცვა და მთელი ბატალიები, რაც სააკაშვილის ცხრაწლიან მმართველობას ახლდა, მოითმენდნენ? იქ ხომ პატარა გადაცდომაზეც კი თავიანთ პრეზიდენტებს იმპიჩმენტს უწყობენ?!

- კენტის უნივერსიტეტში დახვრიტეს ორი სტუდენტი, ვითომ იარაღი გაუვარდათ გვარდიელებს; გაიხსენეთ, „შავ ავაზებს“ რა მოუწყეს ახალ ორლეანში, ლამის თვითმფრინავით დაბომბეს ისინი, მაგრამ ვინმე გადადგა? არაფერი არ მომხდარა. მე არ გეუბნებით ლინკოლნამდე, არამედ 60-იან-70-იან წლებში, რაც ამერიკაში ხდებოდა სეგრეგაციასთან დაკავშირებით, ვინმე გადადგა? ერთი შტატის გუბერნატორიც არ გადამდგარა არსად, არათუ პრეზიდენტი. რაც შეეხება კადაფს, მას სხვა ცოდვები ჰქონდა. კადაფი ღია დიქტატორი იყო.

როდესაც მარგარეტ ტეტჩერმა გაფიცული მაღაროელების წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა, მაშინ ყოფილმა პრემიერმა მაკმილანმა პირდაპირ თქვა, მე დიდ პატივს ვცემ ქალბატონ ტეტჩერს, მაგრამ ჯარს ვერ გავგზავნიდი მათი შვილების წინააღმდეგ, ვისაც მე ომში ვგზავნიდი და ვინც ომში გმირულად იბრძოდაო. ეს არ იყო ორმაგი სტანდარტი? ასე რომ, სანამ კაციობრიობა იარსებებს, ორმაგი სტანდარტიც იქნება, ვინაიდან ამ ორმაგი სტანდარტის ავტორები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. პირადი ანტიპათიები არსებობს. როგორც სიგნალიზაციას აქვს „სვოი-ჩუჟოი“, ისე მოქმედებენ ადამიანებიც. ერთს ეპატიება რაღაც, მეორეს ჯარიმით უშვებენ სასამართლოდან, მესამეს კი ციხეში უშვებენ. ეს ყველგან იყო და იქნება, მთავარია, ობიექტურად გამოიკვლიონ სააკაშვილის რეჟიმის დროს მომხდარი კარგიც და ცუდიც.

დასავლეთისთვის მთავარია რეფორმები. ჩვენ არ გვინდა გავიგოთ, რომ დასავლეთი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, „დაციკლულია“ რეფორმებზე, რომ რაც შეიძლება, მალე ჩაბარდეს ისტორიას კომუნისტური ეპოქა, ამ რეფორმებმა კომუნისტური ეპოქა ჭაობიდან ამოათრიოს და დემოკრატიის გზაზე დააყენოს. უკვე 25 წელზე მეტია, ჩვენ რეფორმებსა და გარდამავალ პერიოდში ვცხოვრობთ. დასავლეთში ბევრი ასე თვლის, რომ სააკაშვილის მმართველობის წლები არ შეიძლება შეფასდეს თანამედროვეთა მიერ, მას ისტორიული სივრცე სჭირდება, როგორც პეტრე პირველი დარჩა უდიდეს რეფორმატორად. ისინი ამბობენ, გავა 50-100 წელი და შეიძლება სააკაშვილი ისტორიაში შევიდეს დიდ რეფორმატორად. რატომ არ სჯერა დასავლეთს ობიექტური გამოძიების? ეს სხვა საკითხია. მანამდე ჩვენ ვიძახოთ, ძმაკაცების კლუბის წევრია კარლ ბილდტი და სააკაშვილის დანაშაულის ამიტომაც არ სჯერაო. მაშინ შენ გაიხადე ძმაკაცად ბილდტი.

მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომსამეგობრომართლაც მუშაობს. შევარდნაძის დროს ჩვენ გვახსოვს, რაც არ უნდა ეთქვა ქართულ საზოგადოებას შევარდნაძის წინააღმდეგ, ზვიად გამსახურდიას მომხრეებს - დახვრეტილი მიტინგების, მათი თანამებრძოლების დევნისა და დაღუპვის გამო, დასავლეთისთვის შევარდნაძე მაინც ბეიკერის მეგობრად რჩებოდა, მას ჰყავდა ძლიერი მხარდამჭერები. ამ შემთხვევაშიც, ალბათ, მუშაობს მეგობრობის ფაქტორი.

- ცხადია, ამიტომაც არსებობს საელჩოები, ამიტომ ვინახავთ ჩვენს მუქთახორა დიპლომატებს. იმავე შვედეთში, სადაც კარლ ბილდტია, ჩვენმა ელჩმა საზოგადოებრივი აზრი უნდა შექმნას, ასევე - პოლონეთში, უკრაინაში. ელემენტარულ მაგალითს გეტყვით, სააკაშვილი მივიდა ლვოვის უნივერსიტეტში, აუდიტორიაში დაახლოებით 150 სტუდენტი დახვდა, თუ მეტი არა, და მათ ორი საათი ელაპარაკა. დღეს ან ხვალ, წესით, იმავე უნივერსიტეტში უნდა მივიდეს ჩვენი ელჩი და იმ სტუდენტებს აუხსნას თავისი ხედვა. მაგრამ, წინასწარ გეტყვით, ჩვენი ელჩი იქ არ მივა. გავა 10-20 წელი, იმ სტუდენტებიდან ზოგი შეიძლება, მინისტრი გახდეს, ზოგი-რადას წევრი, ზოგი-პრემიერი და მათ უკვე თავში ჩაუჯდათ ის, რაზეც სააკაშვილი ელაპარაკა. ასე ხდებიან მეგობრები. თორემ, აბა, ვეცადოთ და გავიხადოთ კარლ ბილდტი მეგობრად. გავუშვათ ჩვენი პარლამენტის უმრავლესობის რომელიმე წევრი კონკრეტული დავალებით შვედეთში, კარლ ბილდტი დაიძმაკაცე და შექმენი ჩვენი მეგობრების კლუბი. გააკეთებს ამას? ვერ გააკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელში ადმინისტრაციული რესურსია.

ბოლო პერიოდში სააკაშვილის სატელევიზიო გამოსვლებს თუ დავაკვირდებით, აშკარაა, რომ ექსპრეზიდენტი თითქოს ნატრობს, რუსეთმა რამე თქვას მის საწინააღმდეგოდ, რათა პუტინის ფრაზას ჩაებღაუჭოს და ამით დაუმტკიცოს დასავლეთს, რომ მას კვლავაც პუტინი დევნის. მაგრამ, მისდა გასაოცრად, არც მედვედევი და არც პუტინი მის შესაძლო დაკავებაზე არაფერს ამბობენ. სააკაშვილის ფორმულა კი კვლავაც მუშაობს -პუტინი მებრძვის ოლიგარქ ივანიშვილის ხელით. რატომ აქვთ რუს ხელისუფალთ თავშეკავებული პოზიცია და რატომ არაფერს ამბობენ სააკაშვილის შესახებ, განსხვავებით რუსი ექსპერტებისგან?

- რუსეთმა უკვე იმდენი ილაპარაკა სააკაშვილზე, რომ მათთვის ყველაზე მომგებიანი პოზიციაა, მშვიდად უყურონ მოვლენათა განვითარებას და ქართული მხარის მიერ აღებულ სტარტს. ევროპაში სააკაშვილმა მიაღწია იმას, რომ უკრაინის ფონზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, სააკაშვილი რჩება რუსეთის წინააღმდეგ პოსტსაბჭოური სივრცის ერთადერთ უნიკალურ ლიდერად. აბა, ვინ იბრძვის? სომხეთის პრეზიდენტი, ბელორუსიის პრეზიდენტი, იანუკოვიჩი თუ შუა აზიის რომელიმე რეპუბლიკის 40-წლიანი პრეზიდენტი, რომელსაც სიკვდილამდე პრეზიდენტობა გარანტირებული აქვს?

ისე, ამბობენ, რომ შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენო და სააკაშვილი ბოლომდე შეუცვლელი აღმოჩნდა?

- სანამ პუტინი არსებობს, სააკაშვილი რჩება შეუცვლელ პოსტსაბჭოურ ლიდერად. სააკაშვილი, ასე თუ ისე, ამტკიცებს, რომ სერიოზული პოლიტიკოსია, თავისი უარყოფითი თვისებებით, შეტევით, ქარიზმით, ის არ ავიწყებს თავს ევროპას, სულ ყურადღების ცენტრშია, ძალიან აქტიურია. ხომ ხედავთ, ყველგან არის, ერთ დღეს უნგრეთის პრემიერს ხვდება, მეორე დღეს - პოლონეთის პრემიერს. ჩვენ ვუყურებთ, ჯერ დაღუპულთა პატივსაცემად გვირგვინი მიაქვს პოლონეთში და ამავე დროს, რვა საათის შემდეგ უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოდის. როგორი ოვაციებით შეხვდნენ, ახლა იქ ხომ ძალად მიყვანილი ხალხი არ იყო? ეს უბრალოდ არ ხდება, ამას ანალიზი სჭირდება და ჩვენმა ხელისუფლებამ ამას უნდა დაუპირისპიროს ამავე სტილის უფრო ძლიერი ქმედება, უფრო დამაჯერებელი რამ, თუ ასეთი რამ გააჩნია, მაგრამ ჯერჯერობით, სააკაშვილის საერთაშორისო პიარი ძლიერია. ვაღიაროთ, სააკაშვილმა მოუგო ამ ხელისუფლებას.

თუ ჩვენი პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე იტყვის, კარლ ბილდტი ვინ არის, ეს ტინგიცა, ცირკის მასხარა, თოჯინა, - მისი შეშფოთება-აღშფოთება არაფერს ნიშნავს... მათი გუშინდელი მეგობარი, პრემიერის მეგობარი, გია ხუხაშვილი ისე ლაპარაკობდა, თვალები რომ დამეხუჭა, მეგონებოდა, გოკა გაბაშვილს ვუსმენდი. გია ხუხაშვილმა თქვა, ქილიკით ლაპარაკი არ შეიძლება, ჩვენ ევროპაზე ვართ დამოკიდებულნი და ევროპელი ლიდერების გამასხარავება არ შეიძლებაო. ზუსტად ამავეს ამბობს უმცირესობა. ამიტომ, ესეც ხელოვნებაა, შენი მტრის მეგობრები შენს მეგობრებად აქციო. ამისთვის არსებობს დიპლომატია, ამისთვის ვინახავთ საგარეო საქმეთა მინისტრს, თავისი შტატით და ამისთვის ვურიგებთ, თუმცა ჩვენ არც ვურიგებთ, თვითონ ირიგებენ ამხელა პრემიებსა და ხელფასებს.

ამერიკის მოქალაქე, მარკ მალენი, რომელიც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს გამგეობის თავმჯდომარეა, საკუთარ ბლოგში, სახელწოდებით - „მიშას საქმე-ჭეშმარიტება თუ შურისძიება?“ - სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრებაზე საუბრობს. მას ახსენდება სარკოზის მაგალითი და მიიჩნევს, რომ საქმის აღძვრა სავსებით ნორმალურია სარკოზის შემთხვევაში, რადგან იქ მიმდინარეობს სამხილების უტყუარი შეგროვება, ამას წინ უძღვის პროკურორების მუშაობა, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც პროკურორები არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის დროს სამხილების შეგროვებით თავს არ იწუხებდნენ. მარკ მალენი მიიჩნევს, რომ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ბევრს სჯერა, რომ მთავარი მოტივი სააკაშვილის საქმეში შურისძიებაა და საქართველოში ეს ბევრს უხარია კიდეც.

- არასამთავრობოების შესახებ არაერთხელ გამომითქვამს ჩემი აზრი. მე არ მომწონს, რომ მეცნიერული კვლევა, აკადემიური, საუნივერსიტეტო კვლევები ჩანაცვლდა არასამთავრობოების განცხადებებით. თანაც, რომ ვუყურებ ამ ქალბატონებს, ვხედავ, რომ ეს ქალბატონები საპარიკმახეროებში გაცილებით მეტ დროს ატარებენ, ვიდრე წიგნთან და ბიბლიოთეკაში. რაც შეეხება ჩვენი პროკურორების კვალიფიკაციას, სამწუხაროდ, ეს ფაქტია, სხვანაირად არც შეიძლება იყოს. გავიხსენოთ, ეს თაობა როდის ჩამოყალიბდა იურისტად? 90-იან წლებში, როცა დღეში ათი კერძო უნივერსიტეტი იხსნებოდა. მე ამ სფეროში ვიყავი და ამიტომაც ვიცი, წელიწადში საქართველო უშვებდა 10-დან 13 ათასამდე იურისტს. სამ წელიწადში 40-60 ათასი იურისტი გროვდებოდა, რა დონე იყო მაშინ? - არაფერი!

მახსენდება დუშეთიდან დამირეკეს, დიპლომატიური აკადემია გვინდა გავხსნათ და მოდით, ლექცია წაიკითხეთო. მერე სიღნაღში გადაწყვიტეს, გაეხსნათ საერთაშიროსო სამართლის აკადემია. ასეთი საშინელი პერიოდი იყო. ერთ-ერთმა გორელმა აგრონომმა დიპლომატიური სასწავლებლები გახსნა. ცხადია, იქ პროფესიონალები არ იზრდებოდნენ.

მაგრამ ამერიკის მოქალაქის განცხადებებს, ალბათ, მსოფლიო აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. მალენი ამბობს, რომნაციონალებიუარს აცხადებენ, აღიარონ მრავალი ცუდი საქციელი, რომელიც ჩაიდინეს, მაგრამ, ერთი მხრივ, ძნელია აღიარო, როდესაც იცი, რომ მეორე მხარე უმნიშვნელო საბაბის გაჩენისთანავე მზად არის, შენც ციხეში მიგაბრძანოს“. როგორ ფიქრობთ, რამდენად ზუსტად ასახავენ საქართველოში მცხოვრები ამერიკელები იმ განწყობას, რაც საქართველოში სუფევს?

- ზოგადად, არ მომწონს როცა უცხოელები ჩვენს საქმეში ზედმეტად ერევიან. თავმოყვარე სახელმწიფოსთვის ეს მიუღებელი უნდა იყოს. მეორე მხრივ, როცა წინასაარჩევნო კამპანიაში ალასანიას გვერდით ზუგდიდში იდგა ამერიკის ელჩი, ეს მოსაწონი იყო? მერე კი იძახეს, ელჩი სულ სხვა საკითხზე იყო ჩასულიო. როცა სამართლიანად თუ უსამართლოდ, ზუგდიდში ახალაიამ გაიმარჯვა, ივანიშვილმა წარბშეჭმუხვნით განაცხადა, მე ველოდები ალასანიასგან მოხსენებით ბარათს, თუ რატომ წააგო არჩევნებიო, მაგრამ დღემდე „იწერება“ ეს მოხსენებითი ბარათი. თავიდანვე მიჩვეულნი ვიყავით, ესაა ჩვენი ისტორიული უბედურება, რომ ხან სპარსეთის შაჰი იყო ჩვენი მამა-მარჩენალი, ხან ოსმალეთის სულთანი, მერე რუსეთის იმპერატორი და ქართველი თავადები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რუსეთის იმპერატრიცა ვის მოუნათლავდა შვილს. ალექსანდრე ჭავჭავაძე რომ მონათლა ეკატერინე მეორემ, მამამისი-გარსევან ჭავჭავაძე სიხარულით სავსე იყო. გუშინდელი დღე გავიხსენოთ, გრაჩოვი აქ რომ ჩამოვიდა, მონათლეს. ამიტომ ნუ გვიკვირს, ამერიკის მოქალაქის აზრი რომ მნიშვნელობას იძენს. როდესაც ჩვენ თვითონ უნიათობას ვავლენთ და ვერც ის მოვახერხეთ, ვერც შევარდნაძემ, ვერც სააკაშვილმა, ვერც ამ მთავრობამ, რომ 3 მილიონი ადამიანი მაინც გამოვკვებოთ, აღარ არის საუბარი, რომ ყველას ჰქონდეს ევროპაში დასვენებისა და კომფორტულად ცხოვრების საშუალება.

ქვეყანაში, სადაც წელიწადში 3-4 მოსავლის აღება შეიძლება, თუ ჭკუით მოვიქცევით, ქვეყანაში, სადაც სოფლის მეურნეობას შეუძლია გამოკვებოს ხალხი, ასეთი სიღატაკეა. ლამაზი თვალებისთვის ფულს არავინ იხდის, ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს და იმის „პახმელიაზეც“ გამოვდივართ. ჩვენ ყოველთვის შედეგს ვეძებთ და არა მიზეზებს. ჯერ ერთი, მცნება - „სტრატეგიული მოკავშირე“ არასწორია. საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე სტრატეგიული მოკავშირე, ამ სიტყვის მეცნიერული გაგებით, არ ჰყოლია და არც დღეს ჰყავს. სტრატეგიული მოკავშირე არის ის, ვინც გასაჭირში შენს გვერდით იდგება და შენი გულისთვის იომებს და არა ის, ვინც რამეს იტყვის გაეროს არაფრისმაქნისი ტრიბუნიდან, რომელმაც უქნარობით უკვე ერთა ლიგასა და ყველაფერს გადაუჯოკრა. ხომ ხედავთ, დღეს თავდაცვითი იარაღიც აღარ უნდათ მიჰყიდონ უკრაინელებს ევროპელებმა. ამიტომ, ეს ყველაფერი შედეგია და, სამწუხაროდ, ჩვენ როგორც ციყვი ბორბალში, ვტრიალებთ ჩვენი მთელი ისტორიის მანძილზე.