საქართველოს პრეზიდენტმა, პროკურატურის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტებს გრიფი „საიდუმლო“ 8 აგვისტოს მოხსნა, თუმცა ამის მიუხედავად, პრეზიდენტის ადმისტრაცია და მთავარი პროკურატურა ერთმანეთს საქმეს საჯაროდ, განცხადებებით ურჩევენ. გიორგი მარგველაშვილმა საგამოძიებო უწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავარი პროკურატურას შორის საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროებაში დაადანაშაულა.
პრეზიდენტის განცხადებით, რომელიც ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის.
პრეზიდენტის ბრალდებას, განცხდებით გამოეხმა გიორგი ბადაშვილის უწყება. საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი, თითქოსდა პროკურატურამ მოახდინა საიდუმლო მიმოწერის ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროება, რაც აშკარად არ შეესაბამება სინამდვილეს.
„პრესაში და მასობრივი ინფორმაციების სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურეობას ახორციელებს შს სამინისტრო. შესაბამისად, მივმართავთ შსს-ს უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ამავე კანონის მიხედვით, თანამდებობის პირსა და საჯარო მოხელეს, რომელიც დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას, დაეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
პრეზიდენტს განცხდებით უპასუხეს შსს-ში. ალექსადრე ჭიკაიძის უწყებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე მთავარი პროკურატურის მხრიდან გამჟღავნებული ინფორმაცია საიდუმლოების შემცველი არ არის, რის გამოც საკითხში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
„საქართველოს პრეზიდენტის განცხადების ანალიზიდან გამომდინარე ცალსახაა, მითითება იმაზე, რომ პროკურატურის მხრიდან მოხდა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება, არ შეესაბამება სინამდვილეს და არის უსაფუძვლო“, - აცხადებენ შსს-ში.
მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ წერილი პროკურატურის მიერ გაიგზავნა ორჯერ 12 ივლისს და 6 აგვისტოს, თუმცა იმის მიუხედავად, რომ გამოძიებით დადასტურებულია, რომ გრიფი მინიჭებულია არასწორად, ხსენებულ დოკუმენტებს გრიფი არ მოხსნია“, - აცხადებენ გიორგი ბადაშვილის უწყებაში.
ბადაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ ამ განცხადებას, ისევ განცხადებით გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ზედმიწევნით იცავენ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებსაც მოუწოდებენ კანონის შესრულებისკენ.
„როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა უკვე მოახსენა საზოგადოებას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილები პროკურატურის მიერ გაიგზავნა 2-ჯერ. ყველა წერილს პროკურატურის მხრიდან დაედო გრიფი „საიდუმლო“. ე.ი. კანონმდებლობის მიხედვით, საქმე გვაქვს საიდუმლო წარმოებასთან. 8 აგვისტოს განცხადებაში საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ გრიფდადებული წერილების უკანონო განსაჯაროებაზე მიუთითებდა.
უდავოა, რომ მოხდა მათი გაგზავნის ფაქტისა და შინაარსის ნაწილობრივი განსაჯაროება მაშინ, როცა მათ გრიფი მინიჭებული ჰქონდა თავად პროკურატურის მხრიდან. შესაბამისად, გაუგებარია, რას ეფუძნება შს სამინისტრო, როცა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულ წერილებს მინიჭებული ჰქონდა გრიფი და მათი გაგზავნა მოხდა საიდუმლო წარმოების ფორმატით. თუ გრიფის მინიჭება არ უნდა მომხდარიყო, მაშინ რატომ მიანიჭა ის თავად პროკურატურამ?“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის ავტორი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი არ საუბრობს გრიფით „საიდუმლოს“ მოხნაზე, რომლითაც დაინტერესებულია საგამოძიებო უწყება, არამედ საუბრობს მის ადმინისტრაციასა და პროკურატურას შორის მიმოწერაზე, რომელიც გახდა საჯარო. ალაფიშვილის განცხადებით, პროკურატურასა და პრეზიდენტს შორის მიმოწერის გასაჯაროვებაა ძალიან სერიოზული პრობლემაა.
მისივე თქმით, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის თანახმად, პროკურატურა არ არის უფლებამოსილი ორგანო, მიმართოს პრეზიდენტს და მოითხოვოს საქმეზე გრიფით „საიდუმლოს“ მოხსნა.
„ძალიან კარგად ვიცი რა წერია ამ კანონში. საიდუმლოების შესახებ კანონი 333-3 მუხლი, რომელიც შსს-მ მარჯვედ მოიშვერია, მანამდე 96-ე მუხლებში არის აღნიშნული როგორ შეიძლება მოეხსნას „საიდუმლოების“ გრიფი ინფორმაციას. იქ პირდაპირ წერია, რომ შსს არის უფლებამოსილი, რომ მიმართოს იმ თანამდებობის პირს, ვინც დაადო გრიფი. რაში სჭირდება გრიფის მოხსნა გამოძიებას? ვიცით საქმეები, რომელსაც გრიფი ადევს და მიმდინარეობს ძიება.
გამოძიებას აქვს წვდომა საიდუმლო საქმეზე, შეუძლია აწარმოოს გამოძიება და ბრალი წაუყენოს კონკრეტულ პირს. პროკურატურას არანირი უფლება არ ჰქონდა, რომ მიემართა პრეზიდენტისთვის გრიფით „საიდუმლოს“ მოხსნის შესახებ. გრიფი რატომ უნდა მოეხსნათ ამ ინფორმაციაზე. მათ გამოძიებას ხელს უშლის გრიფის მოხნა-არმოხსნა? პროკურატურამ სახიფათო პრეცედენტი შექმნა. ამ განცხადებიდან ჩანს, რომ სახელმწიფოს მეთაური არის დაუცველი, როგორც თანამდებობაზე ყოფნისას, ასევე წასვლის შემდგომ“, - აცხადებს ალაფიშვილი.
რაც შეეხება შსს-ს განცხადებას, რომ ინფორმაცია შინაარსობრივად ისედაც არ არის საიდუმლო, ალაფიშვილი ამბობს, რომ შსს-მ ამ განცხადებით შეითავსა სასამართლოს და პროკურატურის როლი.
„შს სამინისტრომ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი გვავალდებულებს, საჯაროდ უთხრა სახელმწიფოს მეთაურს - არაფერსაც არ გამოვიძიებთო. ეს საკმაოდ სახიფათო განცხადებაა. იმის ნაცვლად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეესრულებინა კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება და დაეწყო გამოძიება 320-ე მუხლით, გააკეთა პოლიტიკურად შეფერილი განცხადება. კარგი იქნება თუ შსს გულდასმით წაიკითხვას პრეზიდენტის განცხადებას. სახიფათოა ეს ყველაფერი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტსა და საგამოძიებო უწყებებს შორის ღია დაპირისპირების მიზეზი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის არამიზნობირვი ხარჯები გახდა. საქმე, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ წინა ხელისუფლების დროს დაედო, გამოძიებას აწარმოებს მთავარი პროკურატაურა. გამოძების ინფორმაციით, სდსს-ის ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივად ხარჯვა ხდებოდა, რა საქმეზეც გამოძიება მიმდინარეობს.
ექსპერტი კახი კახიშვილი აცხადებს, რომ ვინაიდან საქმე საგამოძიებო უწყებების მხირდანაა ინიცირებული, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემას გეგმავენ.
„არც-ერთი ფურცელი არ მაქვს ნანახი, მაგრამ ლოგიკურად, როდესაც საგამოძიებო სტრუქტურების მხრიდან განსაჯაროვების ინიცირება ხდება, როგორც ჩანს, პროკურატურა კიდევ ბრალის წარსადგენად ემზადება და ამ კუთხით აინტერესებს, ერთი მხრივ, წმინდა პიარის თვალსაზრისით - თვითონ მასალების განსაჯაროვების საკითხი და მეორე მხრივ, ალბათ, თავადაც დანაშაულის ნიშნები შენიშნა.
მნიშვნელოვანი უნდა იყოს ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალების გამხელა, ვინაიდან ეს არ იყო პრეზიდენტის ჯიბის ფული, ეს არ იყო პრეზიდენტის დანაზოგი. ეს იყო სახელწიფო საბიუჯეტო თანხები. გადამხდელების თანხები და გადამხდელებს სრული უფლება აქვთ, იცოდნენ რაში ხარჯავდა პრეზიდენტი თანხას, რომელიც დღეს გვესაუბრება მორალზე და იმაზე, რომ არანაირ ელიტარულ კორუფციას ადგილი არ ჰქონია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილი.