„მთავარსარდალმა რეზერვი გამოიყენა, როგორც პიარკამპანია“

„მთავარსარდალმა რეზერვი გამოიყენა, როგორც პიარკამპანია“

2008 წელის აგვისტოს ომიდან 8 წლის შემდეგ, ხუთდღიანი ომის შედეგები ქართველ ხალხს მძიმე ჭრილობად დღესაც ატყვია. დღესაც გაუგებარია - რისთვის დაიღვარა სისხლი, რატომ შეგვემატა დაკარგული ტერიტორიები და რამდენიმე ათეული ათასი დევნილი. ოფიციალური მონაცემებით დაღუპულია 413 მოაქალაქე, 166 სამხედრო, 16 პოლიციელი, 220 სამოქალაქო პირი, 2 234 დაჭრილი და 26 000 დევნილი - ასეთია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შედეგები.

2008 წლის აგვისტოს დასაწყისში ვითარება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ისე დაიძაბა, რომ ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტს მსოფლიო ლიდრები კატეგორიულად სთხოვნენ, ვითარება საომარ მოქმედებაში არ გადაეზარდა. საგანგებოდ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო კონფლიქტის თავიდან აცილება.

6 აგვისტროს სეპარატისტებმა ქართულ სოფლების ერედვი, ფრისი, ავნევი, დვანი და ნულის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. 7 აგვისტოს 23:30 საათზე ქართულმა მხარემ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი, სამშვიდობო ჯარების სარდალ ყურაშვილის განცხადებით, რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის“ დამყარება იყო. For.ge-სთან საუბრისას მამუკა ყურაშვილი ამბობს, რომ მან როგორც სამშვიდობო ძალების სარდალმა მიზანი კონსტიტუციური წყობილების აღდგენაში დაინახა.

„ცხინვალი თუნდაც ლოიალური ყოფილიყო თბილისთან მიმართებაში, რუსეთის ჯარი რომ გამოჩნდა, უკვე შეიძლებოდა ამ განცახდების გაკეთება. ისე რომ, ჩემი განაცხადება „დანა-ჩანგლით“ გამოსვლას სჯობდა. ეს განცხადება გავაკეთე ჩემით. დანარჩენს ყველაფერს პროკურატურა გასცემს პასუხს. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მომხდარიყო, რათა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში მინიმალური ყოფილიყო.

კონფლიქტის ზონა დაყოფილი იყო პასუხისმგებლობის ზონებად. იმ პასუხისმგებლობის ზონაში, სადაც ჩემი პასუხისმგებლობა ვრცელდებოდა, მაქსიმალურად გავაკეთე რაც შევძელი, დანარჩენი, უკვე, რაც ადმინისტრაციული საზღვრის აქეთ იყო, ეს უფრო ადგილობრივი ხელისუფლების საქმე იყო. გუბერნატორს უნდა ჰქონოდა შეთანხმებული გეგმა, რასაც უნდა მოჰყოლოდა მოქმედება. ეს მიბმული უნდა ყოფილიყო ძირითად გეგმასთან. ქვეყანაში უნდა გამოცხადებულიყო საგანგებო მდგომარეობა, მოწვეული უნდა ყოფილიყო პარლამენტის საგანგებო სხდომა და ამის შემდეგ ეტაპობრივად აეწყობოდა ყველაფერი, მაგრამ როცა დაგეგმვაში ჩავარდნა არის და, ალბათ, ეს არის შეცდომა, ამ შეცდომასაც გამოავლენს პროკურატურა. პროკურატურა დღეს მოწოდების დონეზეა“, - ამბობს ყურაშვილი.

ყურაშვილი ამბობს, რომ თუ ძიება მოწოდების დონეზე იქნება, გავა მაღალი თანამდებობის პირებზე. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ყოფილი სარდალი არ აკონკრეტებს ერეოდნენ თუ არა სამოქალაქო პირები სამხედრო ოპერაციის დაგეგმვაში, თუმცა, განმარტავს, რომ ამ ომის შემდეგ ბევრი გმირი იშვა.

„გამართლება არ აქვს იმ ფაქტს, როცა სამოქალაქო პირები ერევიან სამხედრო ოპერაციის დაგეგმვაში. როცა ასეთი კონფლიქტი ხდება ყველა ადეკვატურ ადამიანს თავის თავთან რაღაცა კრიტიკა უნდა ჰქონდეს. თუ ადამიანს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს, ის არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას. გამოძიებას დაველოდოთ და ყველაფერი გამოიკვეთება. სანამ გამოძიება მიდის არაფერზე არ შემიძლია პასუხის გაცემა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა ყურაშვილმა.

ქართული მხარის მიერ საბრძოლო მოქდებებების დაწყებამდე რუსეთის 58-ე არმია როკის გვირაბით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოვიდა. 7 აგავისტოს ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტებს შორის. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო. რუსეთის რეგულარულ არმიას ქართველები სამი დღე ებრძოდნენ, 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაში და დასავლეთ საქართველო დაიკავეს. ხუთდღიანი ბრძოლების შემდეგ, ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან.

საქართველომ ომი წააგო.

წაგებული ომი, დაკარგული ტერიტორიები და გარდაცვლილი მოქალაქეები, ხელისუფლებამ ქვეყნის წარმატებად შეაფასა, წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადა და რუსთაველის გამზირიდან საქართველოს მოქალაქეებს ამცნეს, რომ საქართველომ მსოფლიოს აჩვენა, რომ რუსეთი აგრესორია. 5 დღიანმა ომმა აჩვენა შეიარაღებული ძალების და რეზერვის არაორგანიზებულობა.

რეზერვისტები ყვითელი ავტობუსებით გორის მიმართულებით წაიყვანეს, ბოლო გაჩერება შიდა ქართლის გუბერნია იყო. ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილი რეზერვისტები ქალაქის ცენტრში იყვნენ მოფენილები. რეზერვისტების არასწორად მობილიზებამ, მათ არასწორმა მართვამ და განთავსებამ ცეცხლსაშიშ ზონებში, საკმაოდ სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნა, როგორც ჯარების მართვას, ასევე, საფრთხის ქვეშ ჩააყენა რეზერვისტები და მათი მმართველი რგოლი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა იმ მომენტისათვის რეზერვი გამოიყენა, არა როგორც სამხედრო გაძლიერების კომპონენტი, არამედ როგორც პიარკამპანია.

„ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ყოფილ პრეზიდენტს. მიუხედავად იმისა, რომ რეზერვი ჩავარდა, ამას მაინც არ გადაუწყვეტია ომის ბედი, ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი. ომის დროს ხელისუფლებამ ყველა მიმართულებით დაუშვა ძალიან ბევრი უხეში შეცდომა და სწორედ ამ ერთობლიობამ გამოიწვია კატასტროფული მარცხი. სწორედ ამიტომ, პირველი არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა გამოხატულიყო პოლიტიკური ფორმით“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.

სამხედრო ექსპერგი გიორგი თავდგირიძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაკარგა სიტუაცია, შესაბამისად უმართავი აღმოჩნდა თავდაცვითი სისტემა.

„სისტემები არ იყო დახვეწილი, რამაც გამოიწვია ჩამოშლა. თავისთავად შეიარაღებული ძალები მოუმზადებული იყო ამ კონფლიქტის დროს, მართვის ვერტიკალი უუნარო აღმოჩნდა და არ იყო სიტუაციის ადეკვატური. არ არსებობდა მართვა. რეზერვი მიიყვანეს გარკვეულ გეოგრაფიულ პუნქტებამდე, მაგრამ ამის მერე მათი გამოყენება არ მოხდა“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

„კვირის პალიტრის“ სამხედო მიმომხილველი, ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ დაშვებული იყო პოლიტიკური შეცდომები, გაერთიანებული შტაბის, სახმელეთო ძალების შტაბისა და ბრიგადების დონეზე, რის გამოც მივიღეთ ასეთი შედეგი.

„რეალური საბრძოლო მოქმედებები დღენახევარი მიმდინარეობდა, იქ ნამდვილად ვერ გამოჩნდებოდა, როგორ იყო მომზადებული რეზერვი. სიმართლე, რომ ვთქვათ, ვერც რეგულარული შეიარაღებული ძალების ნამდვილი სახე ვერ გამოჩნდა, რადგან დრო არ იყო ამისთვის საკმარისი.

რაც შეეხება რეზერვის იქ ჩაყვანას, იმ დონის მომზადებული რეზერვი რაც მაშინ გვყავდა, მათი საბრძოლო მოქედებაში მონაწილეობა არანაირად არ იქნებოდა გამართლებული, რადგან ამისთვის საჭიროა დრო და სხვანაირი მომზადების პროცესის ჩატარება. უფრო ხანგრძლივი რომ ყოფილიყო ეს საბრძოლო მოქმედება, მაშინ რეზერვისტებს შეეძლოთ ჩაეტარებინათ აბსოლუტურად სხვა ამოცანა, ეს იქნებოდა მეორადი საბრძოლო ამოცანა, ანუ სტრატეგიული ობიექტების დაცვა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.