„ეს პროცესი მალე დასრულდება, რასაც ყველა შემთხვევაში პუტინის დასუსტება მოჰყვება“

„ეს პროცესი მალე დასრულდება, რასაც ყველა შემთხვევაში პუტინის დასუსტება მოჰყვება“

დასავლეთის მხრიდან გამკაცრებული სანქციების შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, კიევში, მაიდანზე ე.წ. მაიდნის თავდაცვის წევრებსა და სპეცდანიშნულების ბატალიონის მებრძოლებს შორის შეტაკებებია. შეტაკებები გრძელდება დონეცკის ოლქშიც, როგორც ჩანს, რუსეთი უკან დახევას არ აპირებს.

ევროპული სანქციების სანაცვლოდ რუსეთში დასავლეთის ქვეყნების პროდუქტების შეტანა აიკრძალა, გარდა ამისა, რუსეთი საკუთარი საჰაერო სივრცის გავლით საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში უკრაინული ავიაკომპანიების ტრანზიტულ რეისებსაც კრძალავს. რუსეთი ევროპული ავიაკომპანიებისთვის რუსეთის თავზე ტრანზიტული ფრენების აკრძალვასაც აპირებდა, თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა.

ევროპამ კი საპასუხო განცხადება უკვე გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი მზად არის, რუსული ავიაკომპანიების კუთვნილ თვითმფრინავებს ევროპის თავზე ფრენა აუკრძალოს, თუ რუსეთი ევროპულ ავიაკომპანიებს ციმბირის თავზე ფრენების საშუალებას აღარ მისცემს.

როგორც ჩანს, დასავლთი აღარ აპირებს, რუსეთის ქმედებებზე თვალის დახუჭვას - ამერიკული სარაკეტო კრეისერი „ველა გალფი“ შავ ზღვაში შევიდა. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, ამერიკული კრეისერი შავ ზღვაში რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით შევიდა.

„ველა გალფი“ აღჭურვილია Tomahawk-ის სისტემის რაკეტებით, ნავსაწინააღმდეგო რაკეტებით, ასევე მართვადი რაკეტების სიტემითა და რადიოლოკაციური სისტემით „იჯისი“, რომელსაც ერთდროულად 300-მდე საჰაერო ობიექტის აღმოჩენა, დევნა და განადგურება შეუძლია. ამასთან, უცნობია რამდენ ხანს გაჩერდება ამერიკული კრეისერი შავ ზღვაში.

მოვლენათა როგორი განვითარებაა მოსალოდნელი, ამ თემაზე ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება.

ბატონო თორნიკე, როგორც ჩანს, რუსეთი ჩიხში ექცევა, როგორ ფიქრობთ, დასავლეთის ასეთი აქტიურობის ფონზე რა გზა აქვს მას დარჩენილი?

- რუსეთს არჩევანის გაკეთება მოუწევს, თუ შეავიწროვეს უკრაინის ჯარებმა სეპარატისტები, პუტინი იძულებული იქნება, გაიყვანოს ჯარი, რასაც მისი მოსახლეობა არ აპატიებს. მეორე გზაა, სრულმასშტაბიანი ომი უკრაინასთან და არც ეს არ არის გამორიცხული.

რას ნიშნავს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოწოდება ნატოსადმი, რომ გაძლიერდეს საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის თავდაცვისუნარიანობა? დასავლეთი მოელის მსგავს ნაბიჯებს რუსეთისგან?

- როგორც ჩანს, დასავლეთი თვლის, რომ აგონიაში ჩავარდნილი რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის, ჩვენი მიმართულებითაც. თუმცა რაც ახლა ჩვენ გადაგვარჩენს, არა განცხადებები, არამედ ნატოს წევრი სახელმწიფოების ყოფნაა რეგიონში,- იგივე ამერიკული ხომალდების შემოსლა შავ ზღვაში. თუ ამ მიმართულებით წავა ყველაფერი, კარგი იქნება, ერთადერთი, ეს გადაგვარჩენს.

შავ ზღვაში უკვე გამოჩნდა პირველი ამერიკული ხომალდი, ეს რას ნიშნავს?

- როდესაც ამერიკული ხომალდია შავ ზღვაში, რუსეთს ასე ვერ ექნება ხელ-ფეხი გახსნილი, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში. რაც უფრო ხშირად გაიმართება ერთობლივი წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე, რაც უფრო ხშირად შემოვა ამერიკული ხომალდები, უფრო შეუშლის რუსეთს ხელს აგრესიული პოლიტიკის გატარებაში.

თქვენ აღნიშნეთ, რომ პუტინს აქვს დარჩენილი ორი გზა - გამოვიდეს უკრაინიდან, ან ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყოს. მოგეხსენებათ, რუსეთის აგრესიული ქმედება რა შედეგის მომტანიც აღმოჩნდა რუსული ეკონომიკისთვის და პერსპექტივა კიდევ უარესია. როგორ ფიქრობთ, რას არიდებს პუტინი თავს, როდესაც არ იღებს გადაწყვეტილებას?

- რუსეთი ცდილობს, როგორმე ეს პროცესი გაწელოს. ორივე არჩევანი ცუდია, უკრაინაში ომიც და უკრაინიდან გამოსვლაც. სწორედ ამიტომ, ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე სიტუაცია გაიწელოს მაქსიმალურად და არჩევანის გაკეთება არ მოუხდეს.

ის, რომ რუსეთს ეკონომიკურად გაუჭირდება, ამისათვის მოსახლეობა შემზადებულია. რუსული პროპაგანდის წყალობით მოქალაქეებს ჩააგონეს, რომ ისინი ეომებიან ფაშისტებს და ნაცისტებს, ამიტომაც ღირს, მოიკლონ ყველაფერი, რომ ამ ომში როგორმე გაიმარჯვონ.

როგორც ჩანს ამის იმედით არიან, რომ პროპაგანდის წყალობით გაუძლებენ იმ ეკონომიკურ დარტყმას, რომელიც სანქციებმა მიაყენა რუსეთს.

ალბათ, შეუძლებელია, პროცესის უსასრულოდ გაწელვა, იმ მოცემულობით რაც დღეს გვაქვს, შესაძლებელია თუ არა პროგნოზირება, რა არჩევანს გააკეთებს რუსეთი - ომი თუ უკანდახევა?

- ეს თვითონ რუსეთმაც არ იცის, ალბათ, ჯერ. უფრო მოსალოდნელია ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია, ვიდრე უკანდახევა. ომი თუ არა, კონფრონტაცია ნამდვილად მოსალოდნელია.

თუ გავითვალისწინებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულ სიტუაციას, რამდენად არის მოსალოდნელი, რუსეთის აგრესია საქართველოსაც შეხოს? რამდენად რეალურია სცენარი, რომ რუსეთი საქართველოს ტერტიტორიას სომხეთამდე გასავლელ გზად გამოიყენებს?

- თავისუფლად შეიძლება ეს მოხდეს, გამორიცხულია, რომ რამენაირად წინააღმდეგობა გავუწიოთ, ამისათვის არანაირად მზად არ ვართ, არც სამხედრო მომზადების კუთხით. მაგრამ იმედია, საქმე აქამდე არ მივა.

ვფიქრობ, აზერბაიჯანი აცნობიერებს, რომ თუ კონფლიქტი გაღვივდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ეს დასრულდება საბოლოოდ იმით, რომ რუსეთი უბრალოდ, საქართველოზე გაივლის და ეს აზერბაიჯანს არანაირად არ აწყობს. თუნდაც ამიტომ და კიდევ სხვა უამრავი მიზეზი აქვს აზერბაიჯანს, არ განაახლებს ომს სომხეთთან.

შეიძლება რუსული კვალი იკითხებოდეს ამ პროვიკაციაში?

- არ მგონია, რადგან რუსეთი მთლიანად გადართულია უკრაინაზე. სიტუაციის გამოყენება კი შეუძლია რუსეთს, მაგრამ ესეც საკმაოდ ძვირი დაუჯდება და ამიტომ არ აწყობს. ულევი რესურსები არავის აქვს, მათ შორის, არც რუსეთს.

სანქციების გარდა კიდევ რა ბერკეტების ამოქმედება შეიძლია დასავლეთს, რომ რუსეთი აიძულოს, რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს?

- თუნდაც შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების შემოყვანა და ნატოს წევრი ქვეყნების ყოფნა კავკასიის რეგიონში.

როდესაც უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ დასავლეთის მხრიდან წინააღმდეგობის შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთს მესამე მსოფლიო ომი წამოეწყო. დღეს, როდესაც სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, რამდენად რეალურად შეიძლება განიხილებოდეს ეს საფრთხე?

- მესამე მსოფლიო ომი დასრულდება ორ დღეში, რუსეთის დამარცხებით, ეს რუსებმა ყველაზე უკეთ იციან და ამიტომ საქმე აქამდე არასოდეს მივა. დასავლეთის ფრონტზე არის ევროპა, ამერიკა და ნატოს შიარაღებული ძალები, აღმოსავლეთის ფრონტზეც ამერიკა და იაპონია არიან ერთად. ჩინეთი ამ ომში რუსეთს არ დაეხმარება, რადგან ეს არაფერში არ სჭირდება. ჩინეთს ყველანაირად აწყობს ნეიტრალიტეტი, თუ რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთს დახოცავენ.

აქამდე საქმე არ მივა, რადგან თვითმკვლელობა არავის არ აწყობს, მათ შორის არც რუსეთის ელიტას, რომელსაც ძალიან კარგი ცხოვრება აქვს.

თუ რუსეთი მიიღებს უკანდახევის გადაწყვეტილებას თუნდაც იმ სანქციებისა და ზეწოლის გამო, რასაც შეუძლია რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა გამოიწვიოს, რა მოხდება შემდეგ? რა ცვლილებებია მოსალოდნელი რუსეთში, რამდენად შესაძლებელია, დემოკრატიულ პროცესებს ჩაეყაროს საფუძველი?

- სწორედ ამიტომ, არ სურს პუტინს ეს არჩევანი გააკეთოს და ამიტომაც წელავს დროს - მას შემდეგ, რაც უკრაინაში ეს ავანტურა წამოიწყო, უკანდასახევი გზა არ აქვს. ყველა შემთხვევაში, პუტინს ძალზე სერიოზული პრობლემები ელის. ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული მისი შემდგომი ნაბიჯები, თუნდაც, იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსული ელიტა.

ვფიქრობ, ეს პროცესი მალე დასრულდება, რასაც ყველა შემთხვევაში პუტინის დასუსტება მოჰყვება. რასაც ან რუსეთის დაშლა, ან რეფორმები და ტრანსფორმაცია მოჰყვება.