გამჭირვალე შენობის სევდიანი ისტორია, ანუ გზაში გამოკიდებული პარლამენტი

გამჭირვალე შენობის სევდიანი ისტორია, ანუ გზაში გამოკიდებული პარლამენტი

პარლამენტის აპარატი თბილისში გადასვლისთვის ემზადება. ქუთაისში მდებარე გამჭირვალე შენობიდან ინვენტარის გატანა უკვე დაწყებულია. დღეს დილით, შენობიდან გორგოლაჭიანი სკამები გაიტანეს, დერეფნებში კი, ამ დრომდე რჩება ყუთებში ჩალაგებული აპარატურა და დოკუმენტები.

თუ რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს ქუთაისსა და თბილისში ორი შენობის შენახვა? - ამის გარკვევის მიზნით, for.ge პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელს, ზურაბ მარაქველიძეს ესაუბრა:

თბილისში მდებარე პარლამენტის ისტორიული შენობისთვის ავეჯს ქუთაისიდან წაიღებთ?

- 1-ელი სექტემბრიდან პარლამენტი ორ შენობაში იფუნქციონირებს და ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ორივე შენობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი როგორც ავეჯით, ასევე ტექნიკური ინვენტარით. თუ დღეს, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დაახლოებით ათასი ადამიანი მოძრაობს, სექტემბრიდან ეს რაოდენობა დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდება. შესაბამისად, ათასი კაცისთვის განკუთვნილი ინვენტერი სამასს ადამიანს არ დასჭირდება. საკანონმდებლო ორგანოს კუთვნილი ინვენტარი ორ შენობაზე ისე გადანაწილდება, რომ ორივე შენობა იფუნქციონირებს.

თუმცა, ითქვა, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის რემონტი და ავეჯის შეძენა 23 მლნ ლარი დაჯდა...

- შენობის რემონტი ორი წლის მანძილზე მიმდინარეობდა და ავეჯიც სრულად იქნა შეძენილი, რისთვისაც საერთო ჯამში, 23 მლნ ლარი დაიხარჯა.

თვის განმავლობაში, ქუთაისში მდებარე გამჭირვალე შენობის შენახვა, რა ჯდება?

- თვეში მარტო კომუნალური გადასახადები 80 ათასი ლარი ჯდება.

ქუთაისსა და თბილისში ორი შენობის შენახვა, ხარჯებს არ გაზრდის?

- შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ქუთაისში მდებარე შენობის ხარჯებს ორი წელია, რაც ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული მომსახურების სააგენტოს იხდის.

მაინტერესებს, ორი შენობის არსებობით გაორმაგდება თუ არა ხარჯები?

- ხარჯები ვერანაირად ვერ გაიზრდება. ეს ხარჯები სახელმწიფოს მიერ იფარება. ამ ხარჯებს მარტო პარლამენტი გადაიხდის, თუ ეკონომიკის სამინისტრო, ჯამში, ხარჯი არ იცვლება. ზიარ ჭურჭლის პრინციპი არსებობს. თუ აქ მაგალითად, 700 ადამიანია და ამ დროს თბილისში არავინ არის, თბილისში ხარჯები მინიმალურია, აქ კი მაქსიმალური. თუ 700 ადამიანი თბილისში იქნება, ქუთაისში ხარჯი მინიმალური იქნება. ანუ, ხარჯები ვერანაიარდ ვერ გაორმაგდება.

ბატონო ზურაბ, უმრავლესობის ლიდერები იმაზე აპელირებენ, რომ თბილისში პარლამენტის დაბრუნებით, ხარჯები შემცირდება. შეგიძლიათ გვითხრათ, რა მცირდება?

- ელემენტარულად, საწვავის და ავტოპარკის ხარჯები შემცირდება. აქეთ-იქეთ სიარულმა ავტოპარკი გაცვითა.

საწვავის ხარჯი როგორ შემცირდება? - ორი წლის მანძილზე, დეპუტატები ქუთაისში პლენარული კვირის ორშაბათს ჩამოდიოდნენ და უკან პარასკევს ბრუნდებოდნენ. ასე მოხდება მომავალშიც. კანონმდებლები სასესიო კვირის ოთხშაბათს ქუთაისს ეწვევიან და უკან პარასკევს დაბრუნდებიან. ანუ, ისევ ორი გზა ექნებათ გასავლელი...

- იქნებ, თქვენ არ დაკვირვებიხართ. ხშირად, კომიტეტის თავმჯდომარეები არასასესიო კვირასაც ჩამოდიოდნენ.

მსგავსი პრეცედენტი სულ რამდენიმე მახსოვს. ორი წლის მანძილზე, არასასესიო კვირას სულ რამდენჯერმე ჩატარდა კომიტეტების სხდომები...

- ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები ხშირად ქუთაისში იმართებოდა. რაც შეეხება ხარჯების შემცირებას, იქედან გამომდინარე, რომ შენობას ფანჯრებიც არ აქვს, აქ კომუნალური გადასახადები უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე თბილისში. დეპუტატებს წასვლა-წამოსვლა ორ კვირაში ერთხელ მოუწევთ და ალბათ, საწვავის ხარჯიც უფრო შემცირდება.

საპარლამენტო უმცირესობა დანამატის ბედით ინტერესდება. მიხეილ მაჭავარიანმა for.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ აპარატის თანამშრომლებსა და დეპუტატებს ქუთაისში ბინებით უზრუნველყოფისთვის დანამატი გამოეყოფათ, რაც წლის განმავლობაში დაახლოებით 4,5 მლნ ლარია. რას აპირებთ, დანამატს აუქმებთ?

- ეს საკითხი დამუშავების პროცესშია და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თავის დროზე, როდესაც ითქვა, რომ პარლამენტი ქუთაისში გადმოდიოდა, აპარატის თანამშრომლები გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ ქუთაისში ყოფნისთვის არც ხელფასი გაეზრდებოდათ და არც დანამატს მიიღებდნენ. პირველ რიგში, ამ ადამიანებისთვის რაც გავაკეთეთ, ბინის ქირა გამოვყავით. რაც შეეხება იმას ახალ რეჟიმში თუ რა იქნება, საკითხი მისახედია და ამაზე ვიმსჯელებთ.

ქუთაისში დეპუტატებს ქირით ბინები ისევ შეუნარჩუნდებათ?

- ესეც დამუშავების პროცესშია. დეპუტატებიც ადამიანები არიან და საცხოვრებელი ადგილი მათაც სჭირდებათ.

340 მლნ ლარიან გამჭირვალე შენობას, რას უპირებთ?

- სანამ კონსტიტუციაში იქნება ის ჩანაწერი, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისია, მანამდე საკანონმდებლო ორგანო აქ იფუნქციონიერებს. თუ კონსტიტუციაში ცვლილება შევა, გადაწყვეტილება იქნება მიღებული ეს შენობა თუ რა დანიშნულებისამებრ იქნეს გამოყენებული. თუ პარლამენტი თბილისში სრულად გადავა, ეს შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავა, რომელიც თავად გადაწყვეტს, თუ რა დანიშნულებით გამოიყენოს შენობა.

და ბოლოს... ქუთაისში მდებარე შენობაში ზაფხულობით ძალიან ცხელა, ზამთარში ძალიან ცივა. გიორგი თევდორაძეს განმარტებით, ეს გამოწვეულია იმით, რომ შესაბამის ტექნიკურ საშუალებებს დატვირთვით არ ამუშავებთ და ფულს ზოგავთ. მართალია?

- კორექტულობა მინდა დავიცვა და რბილად გავცე პასუხი, რომ ეს განცხადება ძალიან შორსაა სიმართლისგან. ვინც ამას აცხადებს, შესანიშვანად იცის, რომ დიდ სიცრუეს ამბობს. რის ეკონომიაზე შეიძლება იყოს საუბარი, მაშინ, როცა კონდიცირების სისტემა დამონტაჟებული არ არის?!