ირაკლი შიხიაშვილი: „არც ჰოს ვამბობ, არც - არას“

ირაკლი შიხიაშვილი: „არც ჰოს ვამბობ, არც - არას“

ყოფილი მინისტრების და მათი მოადგილეების ნაწილის სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ, აქტუალური თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის დასაქმების საკითხი გახდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი შიხიაშვილს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორის ვაკანტური პოსტი უკვე შესთავაზა. მედიასაშუალებების ნაწილი გუბერნატორის სავარაუდო მოადგილის შესახებაც წერს. კულუარულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ შიხიაშვილის გუბერნატორობის შემთხვევაში მისი მოადგილე საკრებულოს სარევიზიო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მიხეილ ქავთარაძე გახდება.

for.ge ირაკლი შიხიაშვილს დაუკავშირდა. ჩვენს კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას ქვემო ქართლის გუბენატორის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, მან ასე უპასუხა:

„ასეთი საუბარი მე არ მიყვარს, არასდროს ვაკეთებ წინასწარ განცხადებას. თუ ასე მოხდება და დამნიშნავენ, ხომ გაიგებთ. წინასწარ ამაზე საუბარი სასაცილოა. მე არ ვიცი, არ ვადასტურებ. არც ჰოს ვამბობ, არც - არას. წინასწარ არ გავაკეთებ კომენტარს, როცა გაირკვევა სიტუაცია, გაიგებს ყველა“.

ირაკლი შიხიაშვილი ჩვენთან საუბარში ცალკეული მედიასაშუალებებითა და „ფეისბუქით“ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება, რომლის თანახმადაც, იგი მომავალი გუბერნატორის სტატუსით ქვემო ქართლში შეხვედრებს უკვე მართავს.

„ფეისბუქზე წავიკითხე, თითქოს, კულუარულ შეხვედრებს ვაწარმოებ რუსთავში. არ არის ეს ინფორმაცია მართალი. მინდა იცოდეთ თქვენც და საზოგადოებამაც, ამჟამად ვარ სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდში. და, ბუნებრივია, ფიზიკურად ვერ ვიქნები ორ ადგილას ერთდროულად“,- აცხადებს შიხიაშვილი.

კონკრეტულად, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნის შეთავაზებას არა, მაგრამ ახალი სამსახურის მოლოდინს ირიბად ადასტურებს თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მიხეილ ქავთარაძე.

„თუ ვინმეს დავჭირდები, არ ვიტყვი უარს შემოთავაზებაზე, არ დავჭირდები და სახლში ვიქნები. ქვემო ქართლში დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია ტყუილია. არ ვიცი, სად ვინიშნები, თორემ, გეტყოდით. ვნახოთ, გადაწყვეტენ მალე. არ დავიკარგები“, - განუცხადა for.ge-ს მიხეილ ქავთარაძემ.

ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უწყების ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა მინისტრთა კაბინეტში - სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობით გადაინაცვლა.

ვაკანტური ადგილის შიხიაშვილით შევსების შესახებ ინფორმაცია გაზეთმა „ქრონიკა+“-მა და „კომერსანტმა“ გაავრცელეს. მედიასაშუალებების ცნობით, ირაკლი შიხიაშვილის გუბერნატორად დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

„შიხიაშვილის კანდიდატურა მთავრობას პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესთავაზა. თუმცა, კანდიდატურას კახი კალაძის სახით მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების ახალ მთავრობაში დანიშვნის წინააღმდეგია“, - წერს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით „კომერსანტი“. 

 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გამარჯვებამ პოლიტიკურ ძალთა ბალანსი თბილისის საკრებულოშიც შეცვალა. სწორედ, იმ პერიოდში დატოვა ირაკლი შიხიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. მოგვიანებით კი მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის სტატუსით, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანლის თანამდებობა ჩააბარეს.