გია ფერაძის ბავშვობის მეგობარს თამაზ ანდღულაძეს გარდაეცვალა ბაბუა. ანდღულაძეების ოჯახი ცნობილი იყო ქალაქში და თამაზის ბაბუის დასაფლავების დღეს მთელმა თბილისმა მოიყარა თავი.
ეზოში დადგა პანაშვიდზე მისული ხალხის რიგი. ანდღულაძეების კარის მეზობლად ცხოვრობდა პლასტიკური ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში, თავად არაჩვეულებრივი იუმორით დაჯილდოებული ადამიანი, ქირურგი, ვახტანგ ხურციძე, რომელსაც მთელი ქალაქი სიყვარულით „წოპეს“ ეძახის და ბევრი ცხვირი აქვს გაკრეჭილ-გალამაზებული, არა მარტო თბილისელებისთვის.
იმ დღეს, რასაკვირველია, „წოპეც“ პანაშვიდზე იდგა ჭირისუფლის გვერდით. თამაზის მეგობრები ეზოს გარეთ, ქუჩაში იყვნენ. ამ დროს მათ სიახლოვეს გაჩერდა „ვოლგა“, ერევნის ნომრებით და მანქანიდან სამი გრძელცხვირა, შავტუხა სომეხი ქალი გადმოვიდა.
ბედი არ გინდა? მათდა საუბედუროდ, პირველი, ვინც მათ შემოხვდა, გია ფერაძე იყო. ქალებმა ბოდიშის მოხდით ჰკითხეს, სად შეიძლება პროფესორი ვახტანგ ხურციძე ვნახოთო.
გია არ დაიბნა და სერიოზული გამომეტყველებით მიუთითა პანაშვიდის რიგზე, აი, ამ რიგს ხომ ხედავთ, ეს ყველა მისი პაციენტიაო და გაუშვა ეს გრძელცხვირა ქალბატონები პანაშვიდის რიგში ჩასადგომად.
ადვილი წარმოსადგენია, ალბათ, იქ რაც მოხდებოდა. გია რასაკვირველია, იქაურობას გაეცალა და შორიდან ადევნებდა თვალს სიტუაციას.