პრემიერ-მინისტრმა მინისტრობის კანდიდატები წარადგინა. განახლებულ მინისტრთა კაბინეტს პრეზიდენტი დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. მთავრობის ახალი შემადგენლობის ნაწილს დეპუტატები არ იცნობენ, თუმცა ამის მიუხედავად, მხარს დაუჭერენ.
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრად საგზაო დეპარტამენტის უფროსი დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კი უკვე ყოფილი მინისტრის მოადგილე გელა დუმბაძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილია წარდგენილი. რაც შეეხება კულტურის მინისტრს, მისი კანდიდატურა ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის და მას პრემიერი უახლოეს ხანებში წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები 21 ივლისს განხორციელდა. პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ვანო მაჭავარიანი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ღარიბაშვილი მთავრობას კიდევ ერთხელ შემოდგომისთვის გადაახალისებს.
For.ge ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საკადრო ცვლილება მთავრობის მუშაობის ეფექტურობის გაზრდით ახსნა, მაგრამ ეფექტური მუშაობის აუცილებლობისთვის ამ პროფილის მინისტრების შეცვლა რამდენად არის შედეგზე ორიენტირებული?
- პრემიერ-მინისტრს უნდა ჩამოაყალიბოს თავისი გუნდი იმ სტილზე რომელიც მას მიაჩნია, რომ მოერგება და უკეთეს შედეგს დადებს. ცხადია, რომ არჩევანი არაა პოლიტიკოსებს შორის, ახალი მინისტრები უფრო მენეჯერები არიან, რომლებიც უშუალოდ დაექვემდებარებიან პრემიერს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ნდობა და ერთგულება, რომელსაც როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებით ანიჭებს ყურადღებას. როგორც ჩანს, პრემიერს მიაჩნია, რომ არაპოლიტიკოსები, რომელსაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ექნებათ პოლიტიკური გუნდის მიმართ, ამ ეტაპზე არაა საჭირო.
როგორც ჩანს, ამ ეტაპზე საჭიროა ისეთი ადამიანები, რომლებიც ბიუროკრატიულად მიუდგებიან ამ თემას და თავის სფეროებზე იქნებიან პასუხისმგებელნი. როგორც ჩანს, ეს არის ის, რაც ღარიბაშვილს დიდი ხანია უნდა და ძალიან კარგი მომენტი იპოვა ამისთვის.
თქვენ თვლით, რომ პრემიერს მასზე დამოკიდებული მინისტრები სჭირდება და არა ივანიშვილის გუნდი?
- ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო უფრო მენეჯერული ტიპის მინისტრების მიმართულებით. ეს ადამიანები არ არიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ წრეებში ცნობილი სახეები. როგორც ჩანს, ამ გეგმას ღარიბაშვილი დიდი ხანია ამუშავებს. როგორც ჩანს, ეს ვარიანტი მისაღები იქნება პარლამენტისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს არის სიგნალი დანარჩენი მინისტრებისთვის, რომ მას სჭირდება შედეგი, რადგანაც მისთვის მნიშვნელოვანია მისი პოლიტიკური მომავალი, როგორც ლიდერის, რომელიც ცდილობს დამკვიდრდეს ქართულ რეალობაში. ის კონკრეტული ნდობა, რომელიც მიანიჭეს ამ ადამიანებს მათ სფეროებში, ეს უფრო ბიზნეს მიდგომაა, ვიდრე პოლიტიკური. ამიტომ, ვნახოთ, თუ გაამართლებს ამას დრო აჩვენებს.
თქვენ ამბობთ, რომ ღარიბაშვილი მთავრობას კიდევ ერთხელ შემოდგომისთვის გადაახალისებს, როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში ცვლილება საგარეო მიმართულებას შეეხება?
- ჩვენ გვესმის, რომ ყველაფერი იდეალურად არ არის საგარეო მიმართულებით. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი თემა არის სამუშაო პროცესში, ბევრი თემა უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს და უფრო კომპეტენტურობას. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის პრეზიდენტის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ ასპექტში ჩართულობა საერთაშორისო არენაზე.
არ მგონია, რომ ეს ცვლილებები იყოს სრულყოფილი, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ეს არის მაქსიმუმი, რასაც ღარიბაშვილი აკეთებს. არ გამოვრიცხავ, რომ შემოდგომისთვის შედეგებისდა მიხედვით მოხდეს შემდგომი გადახედვა იმისა, თუ რა პროფილის მინისტრები შეიძლება კიდევ შეიცვალოს. იყო მოლოდინი, რომ ამ მინისტრების გარდა ასევე ცვლილებები შეეხებოდა იმ სფეროებსაც, რომლის მიმართ საზოგადოებას ჰქონდა მეტი მოლოდინი. ეს არ მოხდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ცვლილება იქნება წლის ბოლოსკენ.
ვარაუდების გაკეთება არ მინდა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის პირველი ნაწილი იმ ცვლილებებისა, რომელსაც გაგრძელება ექნება შემოდგომისთვის. ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს ყოფილი პრემიერის მიერ შერჩეული მინისტრები, რომელთაც თავისი ურთიერთობა აქვთ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან უფრო მეტად, ვიდრე ახალ პრემიერ-მინისტრთან, შესაბამისად, ეს არის განმსაზღვრელი ფაქტორი მათი დარჩენის თვალსაზრისით. თუმცა, როგორც გითხარით, ღარიბაშვილი მთავრობის გადახალისებას შემოდგომისკენ მიუბრუნდება.