„ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ აგრარული სექტორი დანგრეულიყო“

„ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ აგრარული სექტორი დანგრეულიყო“

[ლელა ჩქარეული]

პრეზიდენტ სააკაშვილის აზრით, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე საქართველოს პასუხი აგრარული სექტორის გაძლიერება და განვითარება უნდა იყოს, რის კონტექსტშიც ქვეყნის პირველა პირმა მთავრობას „აგრარულ მთავრობად“ გადაქცევის დავალება მისცა.

დამოუკიდებელი ექსპერტები კი სოფლის მეურნეობის პრიორიტეტად დასახელებას დაგვიანებულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ გასული შვიდი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ეს სფერო დანგრეულიყო.

სააკაშვილი ქვეყნის აგრარული სექტორის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით „სპეციალურ შტაბს“ ქმნის. როგორც მან სოფლის მეურნეობის სამინისტროში სტუმრობისას განაცხადა, „სამინისტრო „საომარ მდგომარეობაზე“ გადადის და ამასთან, შუასაკუნეების სისტემიდან 21-ე საუკუნის სამინისტროდ გარდასაქმნელად ე.წ. სამხედრო შტაბი შეიქმნება“.

„ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა ჩვენ შევქმნით შტაბს, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა და აქვე განმარტა, რომ შტაბმა 12-18 თვეში აგრარულ სექტორში სიტუაციის გაუმჯობესება და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება უნდა უზრუნველყოს.

სააკაშვილის აზრით, ამ პერიოდში ქვეყანაში აგრარული პროდუქციის ნამატის 5-6-ჯერ გაზრაა შესაძლებელი. ასევე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ დამატებით 69 მლნ ლარს კიდევ 150 მლნ დაემატება.

თავის მხრივ პრემიერ-მინისტრის აპარატთან  აგრარული პოლიტიკის კომისია იქმნება. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ნიკა გილაურმა განაცხადა, კომისიის მუშაობაში ექსპერტები, გუბერნატორები, პარლამენტის წევრები და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ჩაერთვებიან.

ამასთან, გილაურმა კვეზერელს იმ ექსპერტთა სიის წარდგენა სთხოვა, რომელთა ჩართვა კომისიის მუშაობაში აუცილებლად მიიჩნევა.

„უახლოეს დღეებში კომისიის პირველი შეკრება გაიმართება. დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში კომისია ინტენსიურად იმუშავებს და საზოგადოებას აგრარული სფეროს განვითარების კონკრეტულ გეგმას წარუდგენს“, - განაცხადა გილაურმა და აქვე დასძინა, რომ პრემიერის აპარატთან ტრანსპორტის, ენერგეტიკის და წყლის მსგავსი კომისიები უკვე არსებობს.

ეკონომიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი სოფლის მეურნეობის პრიორიტეტად დასახელებას დაგვიანებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ გასული შვიდი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ეს სფერო დანგრეულიყო.

„ეს პრიორიტეტები ადრე უნდა ყოფილიყო გამოკვეთილი და შვიდი წლის მმართველობის შემდეგ არ უნდა აღმოგვეჩინა, რომ სოფლის მეურნეობა უმთვარსესი ყოფილა.

ამ შვიდი წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ქართული სოფლის მეურნეობა დანგრეულიყო - მოინგრა ეკონომიკური საზღვარი, როგორც ადმინისტრაციული, ისე საკანონმდებლო მიმართულებით (გაუქმდა სურსათის უსაფრთხოების სამსახურები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის საზღვარს გენმოდიფიცირებული და უხარისხო პროდუქციის შემოსვლისგან იცავდნენ, რითაც აბსოლუტურ არაკონკურენტულ გარემოში მოაქციეს ადგილობრივი წარმოება და არ მისცეს მას განვითარების საშუალება).

გარდა ამისა, ბაზრის დაცვის მექანიზმი გახდა საბაჟო გადასახადი, რომელსაც გარდამავალ ეტაპზე ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობა უნდა უზრუნველყო, თუმცა ამ კუთხითაც ხელისუფლებამ საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა. ერთი სიტყვით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ეკონომიკა დასუსტებულიყო“, - განუცხადა ხუხაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს“ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საქართველოს მთავრობისთვის "აგრარულ მთავრობად" გადაქცევის შესახებ საგანგებო დავალების მიცემის საკითხზე კომენტირებისას.

ამასთან, ექსპერტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად დაგვიანებით, მაგრამ მაინც გამოცხადდა, ის აგრარული სექტორის განვითარების კონკრეტულ გეგმას ვერ ხედავს:

„მე ვერ ვხედავ რეალურ ქმედებებს, ვხედავ მარტო განცხადებებს. რეალური ქმედები უნდა იყოს შემდეგი: მკაცრად მოხდეს ეკონომიკური საზღვრის დაცვა, რომ ქართველ გლეხს მიეცეს საშუალება აღიდგინოს თავისი კონკურენტუნარიანობა და უნდა აღდგეს ის ინსტრუმენტები, რომლებიც ჩვენს ბაზარს უხარისხო პროდუქტებისგან დაიცავენ“.

გარდა ამისა, გია ხუხაშვილი ხელისუფლებას იმის გამოც აკრიტიკებს, რომ პრიორიტეტებს „ყოველთვიურად ცვლის“:

„ხელისუფლება სტრატეგიას ცვლის თვეში ერთხელ. ცოტა ხნის წინ მთავარ პრიორიტეტად ტურიზმი გამოვაცხადეთ, თუმცა, ეგვიპტის მოვლენებმა აჩვენება, რომ ტურიზმზე აწყობილი ქვეყანა საკმაოდ სენსიტიურია სხვადასხვა პოლიტიკურ რისკებთან მიმართებაში. ამის შემდეგ გლობალური სასურსათო კრიზისის გათვალისწინებით კიდევ ახალი პრიორიტეტები დავასახელეთ. ხვალ რომ სხვა რისკები გაჩნდეს, დარწმუნებული ვარ, კიდევ ახალ სტრატეგიას გამოვაცხადებთ. ეს რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია“.