ვერავინ იფიქრებდა, რომ რომის იმპერატორ ვესპასიანეს და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს დავით დარჩიაშვილს საერთო აღმოაჩნდებოდათ. თუმცა, ამ ორ პიროვნებას მართლაც ჰქონიათ ერთი აზრი და ეს ფულს ეხება. ორივე მათგანს მიაჩნია, რომ ფულს სუნი არ ასდის.
მართალია, ვესპასიანე ამას რომში არსებული საზოგადეობრივი ტუალეტებიდან აკრეფილი გადასახადების შესახებ ამბობდა, ხოლო დარჩიაშვილი მაგისტარალური გაზსადენის პრივატიზების შესახებ, მაგრამ საერთო აქაც უნდა გამოიძებნოს. ეს კი იოლი არ არის. გამოდის, რომ დარჩიაშვილს თავი იმპერატორი ჰგონია, ან საქართველოს ძველ რომს ადარებს, ანდაც გაზსადენი საზოგადოებრივი ტუალეტის მასშტაბისა და რანგის ობიექტად მიაჩნია.
“ფულს სუნი არ ასდის და თუნდაც ეს რუსული ფული იყოს, შეიძლება იგი გამოყენებული იქნას ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ”, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციის საპასუხოდ გააკეთა.
უმცირესობის წევრები მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზებას აპროსტესტებენ და აცხადებენ, რომ გაზსადენის ნებისმიერი ფორმით პრივატიზება კაპიტულაციაა. ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის მტკიცებით, თუ მილსადენის თუნდაც ნაწილი პრივატიზებაზე გამოვა, იქ ინვესტირება მხოლოდ რუსული ფულით განხორციელდება.
ამის შედეგად კი, ბევრი საერთაშორისო პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
“ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს რას აკეთებს ან აღიაროს, რომ რუსეთს კაპიტულაციას უცხადებს”, - აცხადებს ვეფხვაძე.
უმრავლესობის წევრის ლაშა თორდიას განმარტებით, გაზსადენი არასაპრივატიზაციო ნუსხიდან ამოვარდება და სახელმწიფოს საშუალება ექნება ობიექტის აქციების ნაწილი ლონდონის ბირჟაზე განათავსოს. “გაზსადენის გასხვისებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. მისი პრივატიზება შესაძლებელია, თუმცა საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს”, - აცხადებს თორდია.
საპარლამენტო უმცირესობას კი აინტერესებს, ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას კონსულტაცია მის მთავარ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების საკითხთან დაკავშირებით.
“ჩვენ კარგად გვახსოვს, თუნდაც ორი წლის წინ, რუსეთთან ენგუჰესთან დაკავშირებით გაფორმებული გაუგებარი მემორანდუმი. გილაურს სიტყვებზე ვერ ვენდობით და მოვითხოვთ, ჩადეთ კანონში, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მაგისტრალური გაზსადენის გასხვისება არ მოხდება”, - განაცხადა უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ და დასძინა, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს კომერციული ინტერესი მაგისტრალური გაზსადენის ხელში ჩაგდებისა, რუსეთია.
“ამ გზით რუსეთი აიხდენს ოცნებას და ირანსაც გაზის ტრანსპორტირების ერთიან ინფრასტრუქტურაში მოაქცევს”, - დასძინა თარგამაძემ.
აშშ-ს პოზიციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას პასუხი არ აქვს და როგორც დეპუტატმა ლაშა თორდიამ განაცხადა, გაუგებარია, ასეთი კონსულტაცია რატომ უნდა შემდგარიყო.
მიუხედავად ასეთი განცხადებებისა, საპარლამენტო უმრავლესობას მაგისტრალური გაზსადენის საკონტროლო პაკეტის სახელმწიფო მფლობელობაში დარჩენის საკითხის საკანონმდებლო დონეზე გარანტირება, ზედმეტ რეგულაციად მიაჩნია.
დეპუტატი პავლე კუბლაშვილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას ბოლომდე იტვირთებს და არ არის საჭირო, კანონში რეგულაციები ჩაწეროს. საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის მოუწოდებს მთავრობის პოზიციას ენდონ.
ასეა თუ ისე, პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით 88 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო. მეორე მოსმენამდე კი კანონმდებლები მთავრობის დასკვნას დაელოდებიან.
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა დეპუტატებს სთხოვა, კანონპროექტი მეორე მოსმენით არ მიიღონ მანამ, სანამ მთავრობა დასკვნას არ წარმოადგენს, რადგან ის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს ეხება და მთავრობაში ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.