დღეს ყველამ იცის, რომ ტერმინი: “ყვითელი პრესა“ გულისხმობს უპრინციპო, ზნეობრივ საფუძველს მოკლებულ ჟურნალ-გაზეთებს. თუმცა, ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის, საიდან მოდის ეს ტერმინი.
1895 წელს ამერიკელმა მხატვარმა რიჩარდ უოტკოლტმა ნიუ-იორკის გაზეთის “უორლდის“ ფურცლებზე სურათების სერია გამოაქვეყნა საოხუნჯო ტექსტების დართვით. სურათებზე ყვითელპერანგა ბიჭუნა იყო დახატული, რომელიც მკითხველს თითოეულ სურათზე დართული ტექსტის შინაარსს მოუთხრობდა. უოტკოლტის ამ წამოწყებამ მდარეხარისხოვანი სენსაციების მოყვარული მკითხველების მოწონება დაიმსახურა.
მალე მეორე გაზეთმა “ნიუ-იორკ ჟურნალმაც” გასართობი წარწერებით მსგავსი სურათები გამოაქვეყნა. ამ გაზეთებს შორის დავა ატყდა, თუ ვის ეკუთვნოდა პირველობა “ყვითელი ბიჭუნას“ გამოქვეყნებაში. ამ დავას 1896 წელს სტატიით ჟურნალ “ნიუ-იორკ პრესის“ რედაქტორი ერვინ უორდმენი გამოეხმაურა, რომელმაც მოცილე გაზეთებს “ყვითელი პრესა“ უწოდა.