მთავრობა წვრილფეხა ვაჭარს დაემგავსა

მთავრობა წვრილფეხა ვაჭარს დაემგავსა

[ეკა ბაქრაძე]
ხელისუფლება გზას, ხეს, ქვას, საძოვარს და საერთოდ ყველაფერს ყიდის. სხვა არაფერი დარჩენია, რადგან მსხვილი პრივატიზება ამ ქვეყანაში უკვე აღარ ამართლებს, ახლა საბიუჯეტო ქვევრში ფული წვრილ-წვრილად უნდა ჩაიყაროს.

“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების თანახმად, შიდა მოხმარების გზები, შესაძლოა, კერძო მფლობელობაში გადავიდეს. საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ერთი პირი ხდება რამდენიმე მიწის ნაკვეთის მფლობელი და ამ ნაკვეთებს შორის გადის შიდა გზა. შესაბამისად, ეს შიდა გზა ხდება მის გარშემო მყოფი მიწის ნაკვეთების მფლობელის საკუთრება.

არსებული კანონით, საუბარია მხოლოდ იმ შიდა გზაზე, რომლითაც სხვა მიწის ნაკვეთის მფლობელი არ სარგებლობს. ანუ ეს გზა მხოლოდ მის გარშემო მყოფი მიწის ნაკვეთის მფლობელის განკარგულებაშია და მის გამოყენებით სხვა მიწის ნაკვეთის მფლობელი დანტერესებული არ არის.

გზის შემდეგ ე.წ. საკოლმეურნეო ტყე პრივატიზების ჯერიც დადგება და ისიც გაყიდვას დაექვემდებარება. როგორც აგრარული კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის ინიციატორმა ლაშა თორდიამ განაცხადა, დღემდე საკოლმეურნეო ტყეების გასხვისება არ ხდებოდა, რადგან ამას კანონი არ ითვალისწინებდა.

”არ მინდა ისე გაიგოთ, რომ საუბარია ტყის მასივის გასხვისებაზე. საკოლმეურნეო ტყე ყველასათვის კარგადაა ცნობილი რომ არის ისეთი ტიპის ტყე, რომელიც ხელოვნურადაა გაშენებული იმისათვის, რათა მოსახლეობამ მოიხმაროს სხვადასხვა მიზნით.

ამიტომ დღის წესრიგში დადგა, რომ ასეთი საკოლმეურნეო ტყეები გაგვესხვისებინა და შეძენის შემთხვევაში მსურველს შესაძლებლობა ჰქონოდა საკუთარი ნების მიხედვით განეკარგა ეს ტყე, თუმცა იმ პირობით რომ სისტემატურად განაახლებდა მას და ახალ ხეებს დარგავდა“, - განაცხადა თორდიამ.

მისივე განმარტებით, ასეთ პრივატიზებულ ტყეში არ შეიზღუდება ადამიანების გადაადგილება და ნებისმიერ მსურველს პტივატიზებულ საკოლმეურნეო ტყეში კენკრის ან სოკოს დაკრეფის საშუალება თავისუფლად მიეცემა.

ამ მთავროის ხელში ესეც დიდი შეღავათია, რადგან წინა შემთხვევაში როგორც ვიცით ტყეებში სოკოს საკრეფად შესული ადამიანებისათვის სოლიდური ჯარიმა იყო დაწესებული. მართალია, შემდეგ ეს ჯარიმა გაუქმდა, თუმცა მანამდე არაერთი უბრალო ადამიანს მოუწია “ბიუჯეტის შევსება”.

გზისა და ტყის პრივატიზება არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მთავრობა საძოვრებს უპირებს. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრები ადგილობრივი თვითმმართველობის ნაცვლად, ცენტრალური მთავრობის ბალანსზე უნდა გადავიდეს. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ სახელმწიფო ერთიან სტრატეგიას ამუშავებს.

თოდრიას თქმით, ცენტრალური ხელისუფლება საძოვრებს უკეთ მართავს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის განმარტებით კი, ხშირად იყო გაუგებრობები, როდესაც ერთი ადგილობრივი თვითმმართველობა მეორის მცხოვრებს საძოვრის მოხმარების საშუალებას არ აძლევდა, რაც ბევრ გაუგებრობას და პრობლემას ქმნიდა. სწორედ ამიტომ გადაწყდა, ეს საძოვრები ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაში გადავიდეს.

ექსპერტები ასეთი ცხელ-ცხელი სიახლიათ გაოცებულნი არიან. დავით ნარმანიას განცხადებით, ყველა ქვეყანაში მიწებისა და საძოვრებს ადგილობრივი თვითმმართველობები განკარგავს და ამ ფუნქციის ცენტრისთვის გადაცემა გაუგებარია.

„საინტერესოა, ამ ინიციატივის ავტორებს როგორ წარმოუდგენიათ, რომ რომელიღაც სოფლის საძოვარი ეკონომიკის სამინისტრომ მართოს. ჯერ ერთი, რომ ეს ინიციატივა თვითმმართველობების ცენტრზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო ზრდის, გარდა ამისა, როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ მართვა წარმოუდგენელია“, - ამბობს ნარმანია.

სხვათა შორის, გამორიცხული არ არის, რომ საძოვრების ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადასვლით მთავრობა მისი მომავალი „პრივატიზებისთვის“ იურიდიულ საფუძველს ამზადებდეს.