საქართველო განვითარების გზაზე შემდგარი ქვეყანაა. ეს დაბალ პოლიტიკურ კულტურასთან ერთად დაბალგანვითარებულ სამოქალაქო სექტორსაც გულისხმობს. სწორედ სამოქალაქო სექტორში გარღვევას გვპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი, როდესაც პოლიტიკიდან წასვლისას გვემშვიდობებოდა. მართალია, „მოქალაქე“ დააფუძნა, მაგრამ ჯერჯერობით ტენდენცია არ შეცვლილა, ახალი, სამოქალაქო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობას სიტუაცია არ დაუბალანსებია.
არასამთავრობო სექტორი ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საქართველოში კი შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლიც ეკისრება. ასე იყო შევარდნაძის პრეზიდენტობის დროიდან მოყოლებული, სწორედ არასამთავრობო სექტორი ქმნიდა საზოგადოებრივ აზრს.
ნებისმიერ ხელისუფლებას აწყობს არასამთავრობო სექტორთან მეგობრობა, უფრო კი მასზე გავლენის მოპოვება. შევარდნაძის ხელისუფლება ამ ტენდენციას ნაკლებ ყურადღებას უთმობდა და არასამთავრობო სექტორს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. გარდა ამისა, არასამთავრობო სექტორს აქტიურად უჭერდა მხარს შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლების ერთი ნაწილი, რომელიც პოლიტიკაში ჟვანია-სააკაშვილის ფრთად მოიხსენიებოდა, შემდეგ პოლიოტიკოსთა ამ ნაწილმა ოპოზიციაში გადაინაცვლა და მაშინდელ არასამთავრობო სექტორთან ერთად ვარდების რევოლუციისთვის საფუძველი მოამზადა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმატებული სახეები უხვად გვხვდებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობებზე (გიგა ბოკერია, კახა ლომაია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გოკა გაბაშვილი, დიმიტრი შაშკინი და ა.შ.) ამ მხრივ განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა „თავისუფლების ინსტიტუტი“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კადრების სამჭედლოდაც კი აღიქმებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არასამთავრობო სექტორს აქტივობა არ შეუმცირებია. იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ვერ დავაბრალებთ, რომ მაშინდელი ხელისუფლების გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, იყო კატეგორია საკმაოდ ცნობილი და წარმატებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც ნაწილობრივ ექცეოდნენ ხელისუფლების გავლენის ქვეშ და მისი კრიტიკისას რაღაც ბალანსს იცავდნენ. თუმცა არასამთავრობოთა უმეტესობა ვერ ბედავდა ყოფილი ხელისუფლების კრიტიკას და სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათი ძირითადი საქმიანობა ხელისუფლების სასარგებლო საზოგადოებრივ განწყობებზე მუშაობა გახლდათ.
კიდევ ერთი დავალება, რაც არასამთავრობო სექტორს უნდა შეესრულებინა, ეს იყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის ხელისუფლების წარმატებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშების წარდგენა.
არასამთავრობო სექტორზე გავლენის მოპოვება საკმაოდ მარტივი სქემით წყდებოდა, ვინაიდან ქვეყანაში შემომავალი გრანტებს ნაციონალური ხელისუფლება სრულად აკონტროლებდა.
გავლენა მედიაზე
გრანტების წყალობით წინა ხელისუფლებამ მედიის გარკვეული ნაწილიც მოაქცია საკუთარი გავლენის ქვეშ და ამგვარი მედიისა და არასამთავრობოთა ალიანსით საზოგადოებრივი აზრის კონტროლისა და მასზე გავლენის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი მოიპოვა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს აწყობილი მექანიზმი კვლავ ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ დარჩა და
როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ აწყობილ მექანიზმში დისონანსის შეტანას გეგმავდა, როდესაც სამოქალაქო სექტორში ახალი ტალღის გაჩენას გვპირდებოდა. თუმცა, ჯერჯერობით, ახალი, გავლენიანი არასამთავრობო სექტორი არსად ჩანს, სამაგიეროდ, ძველი ახალი შემართებით უტევს ხელისუფლებას. ამის მაგალითად გამოდგება მათი აქტივობების შედარება ძველი და ახალი ხელისუფლების დროს.
უკვე იკვეთება ტენდენცია, რომ დღევანდელი საზოგადოებრივი აზრის შემქმნელების ერთი ნაწილისთვის მთავარი მიზანი დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაციაა და ამას ზოგი ფარულად გამოხატავს, ზოგიც ღიად. საერთოდაც, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ობიექტურობის განმსაზღვრელი ამოსავალი წერტილი ხდება ის, თუ ვინ რა დოზით აკრიტიკებს „ნაციონალურ მოძრაობას“, ასეთ შემთხვევაში ობიექტურობაზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია.
მედიით მანიპულირება
საზოგადოების ყურადღებას ამჯერად ერთ კონკრეტულ მაგალითზე შევაჩერებთ - 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ (CDI) განაახლა მედიამონიტორინგი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის“ ფარგლებში. მონიტორინგი მოიცავს საინფორმაციო პორტალის ტიპის 12 ყველაზე რეიტინგულ ქართულ ვებგვერდს (მოცემული ანგარიში მოიცავს მედიამონიტორინგის შედეგებს 3 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით).
CDI -ის შეფასებით, ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები: 2012 და 2013 წლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებთან შედარებით ონლაინ მედიაში შეიმჩნევა მკვეთრი გაუმჯობესება როგორც ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვის, ასევე სუბიექტთა ობიექტური გაშუქების კუთხით.
CDI აღნიშნავს, რომ მონიტორინგის, 2013 წლის მონიტორინგის შედეგებთან შედარებით, პოზიტიური ცვლილებები შეიმჩნევა ვებგვერდებზე presa.ge, droni.ge, tabula.ge განსაკუთრებით აღსანიშნავია presa.ge, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მუშაობის სტილი. მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მთავრობისა და პრემიერმინისტრის საქმიანობა გაშუქდა.
როგორც ჩანს, ლოგიკა იმაშია, რომ აღნიშნული გამოცემა „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობას ჯეროვნად აშუქებს.
დაახლოებით მსგავსი ტენდენციაა pirveliradio.ge -ს მიმართაც
„მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად მთავრობის (32%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (25%), კოალიცია „ქართული ოცნებისა“ (16%) და პრემიერმინისტრის (16%) საქმიანობა გაშუქდა. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლები არც ერთი სუბიექტის მიმართ არ დაფიქსირებულა. მერობის კანდიდატების გაშუქებისას დადებითი ტონის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა ნიკა მელიას (52%) გაშუქებისას, ხოლო უარყოფითი ტონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დავით ნარმანიას (21%) ერგო.
როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ, CDI ასკვნის, რომ pirveliradio.ge საკმაოდ ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.
რატომღაც CDI-ს ყურადღება ვერ დაიმსახურა pirveliradio.ge-ზე გამოქვეყნებულმა ისეთმა სტატიებმა, როგორიცაა, მაგალითად, „პედარასტული მთავრობა მოელაპარაკა მამათმავლებს, წელს არაფერი არ ქნათ და მომავალ წელს გააკეთეთ...“ „პავლე კუბლაშვილი - ეს არის კვერცხების მთავრობა“, „ჰაკიმ ფაშა ჩოკუტაევ-ღარიბაშვილის მთავრობა ერთ დიდ უნიათო რეჟისორთა ჯგუფად გარდაიქმნა“ და ა.შ.
სამაგიეროდ CDI -ს კრიტიკის ობიექტი არის for.ge, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით, „მონიტორინგის პირველ პერიოდთან შედარებით for.ge-ზე საგრძნობლად მოიმატა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკამ“... for.ge საკმაოდ ხშირად აქვეყნებდა ინტერვიუებს ისეთ რესპონდენტებთან, რომლებიც უკიდურესად კრიტიკულად იყვნენ განწყობილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. როგორც ჩანს, CDI-ს ყური მოჭრა for.ge-ზე გამოქვეყნებულმა სტატიების სათაურებმა: „მანანა კობახიძეს „რუსთავი 2“-ზე და ნაციონალებზე ეცინება: „ბინძური ხალხია“, (12.05.2014); „დემოკრატიის შუქურის“ სპორტული ბრწყინვალება - რა მოხდა 13 მაისს, ანუ როგორ ჩაფლავდა ოპერაცია „სანამ პრეზიდენტს ეძინა“ (13.05.2014)“.
გამოდის, რომ შეფასების კრიტერიუმი არის მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, რაც თავისთავად უკვე სხვა კითხვებს აჩენს თავად მონიტორინგის ავტორთა მიმართ.
„მოიმატა ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევებმაც. მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად მთავრობის (38%), კოალიცია „ქართული ოცნებისა“ (29%) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (21%) საქმიანობა გაშუქდა. უარყოფითი ტონის საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (51%) გაშუქებისას“,- ნათქვამია დასკვნაში.
რაც შეეხება გაშუქების ინტენსიურობას, როგორც ჩანს, მონიტორინგის ავტორებს ავიწყდებათ, რომ ქვეყანის ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის, შესაბამისად, ქვეყნის მართვის ძირითადი ტვირთი მოდის დღევანდელ მთავრობაზე, რაც მისი საქმიანობის შედარებით ინტენსიურ გაშუქებას განაპირობებს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ უარყოფით ტონს, ამას განსაზღვრავს არა მედიასაშუალების, არამედ საზოგადოებისა და რეპონდენტთა განწყობა.
CDI -ს დასკვნის მიხედვით, „მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო საქმიანობა ვებგვერდს აქტიურად არ გაუშუქებია.
For-ge-მ მერობის თითქმის ყველა კანდიდატთან გამოაქვეყნა ინტერვიუ, ჟურნალისტთა ორკვირიანი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატთან ინტერვიუს ჩაწერა.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ უკიდურესად კრიტიკულად განწყობილ მანანა კობახიძეს - ის საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერია. ამასთან, მანანა კობახიძის ინტერვიუ ეხებოდა „რუსთავი-2“-ის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას ბრალდებას ხელისუფლებისადმი, რომელიც აცხადებდა, რომ მას და მის მოადგილე ნინო შუბლაძეს სამუშაო კაბინეტებში თითქოსდა ამ ხელისუფლებამ სათვალთვალო კამერები დაუმონტაჟა. სხვათა შორის, CDI -ს კრიტიკის ობიექტი არ გამხდარა „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის მუქარა, რომელიც ხელისუფლებას „ჯოჯოხეთის მოწყობას“ პირდებოდა ჯერ კიდევ ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებამდე.
რაც შეეხება სტატიას, „დემოკრატიის შუქურის“ სპორტული ბრწყინვალება - რა მოხდა 13 მაისს, ანუ როგორ ჩაფლავდა ოპერაცია „სანამ პრეზიდენტს ეძინა“, მასში გამოხატული ყველა პოზიცია ფაქტებით დადასტურებული და არგუმენტირებულია.
„for.ge-ს სტატიებში არაერთხელ შეგვხვდა ჟურნალისტთა მხრიდან დაუსაბუთებელი მსჯელობისა და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები; მაგალითად: „ავადსახსენებელმა კოაბიტაციამ „ქართულ ოცნებასა“ და მრავალ სისტემურ დანაშაულში მხილებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის პოლიტიკური ქორწინების სახე მიიღო“ („ინგა გრიგოლია ამხელს!“, 16.05.2014). 14 მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მონიტორინგის წინა პერიოდთან შედარებით for.ge-ზე იმატა ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევებმა. ვებგვერდზე ცხადად შეიმჩნევა საკმაოდ კრიტიკული განწყობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ“, - წერს CDI, თუმცა „მედია ანალიტიკოსი“, როგორც ჩანს მწყრალადაა ჟურნალისტიკის სფეროსთან, ვინაიდან ეს უკანასკნელი არის ბლოგი, სადაც ავტორს სრული უფლება აქვს, საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს ამა თუ იმ ფაქტის მიმართ. გარდა ამისა, სისტემური დანაშაულის არსებობა ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილმა აღიარა თავისი პრეზიდენტობის დროს, სწორედ მაშინ, როდესაც ციხის კადრები გამოქვეყნდა.
ამდენად, ძალზე საინტერესო ტენდენცია იკითხება „სამოქალაქო ინსტიტუტის განვითარების“ დასკვნებში, თუკი საზოგადოებაში არსებობს დიდი დოზით უარყოფითი განწყობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, მედიასაშუალება ვალდებულია ეს დამოკიდებულება დაფაროს და ნეიტრალური ან დადებითი განწყობა დააფიქსიროს? - რაშია ლოგიკა? ვის ვემსახურებით, საზოგადოებას თუ „ნაციონალურ მოძრაობას“?
საკმაოდ საშიში ტენდენციაა, როდესაც მსგავსი მეთოდებით ვიღაც მედიის მართვას ცდილობს, როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული მიზნები და გეგმები. ერთი შეხედვით რაც იკითხება, ეს დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაცია და „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციაა. შეუძლებელია, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორს ასეთი დაკვეთა ჰქონდეს მიღებული იმ საზოგადოებისგან, რომელმაც ყოფილი ხელისუფლება 2012 წლის არჩევნებზე უარით გაისტუმრა.
For.ge-ს მთავარი რედაქტორი, გიორგი იაკობაშვილი თვლის, რომ ჩვენ და ეს ადამიანები აბსოლუტურად სხვადასხვა კრიტერიუმებით ვაზროვნებთ, განსხვავებული შეხედულებები გვაქვს მოქალაქეობაზე, კანონზე, პატიოსნებაზე, მოქალაქეობრივ, ასევე პროფესიულ მოვალეობებზე. „აბსოლუტურად არ ვეთანხმები. მათ მხოლოდ მათნაირები ეთანხმებიან და საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში ასეთი საკმაოდ ცოტაა. ეს არის წმინდა პოლიტიკური დაკვეთა და მსგავსი ქმედებები გაგრძელდება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე მართლაც სამოქალაქო საზოგადოება არ მისცემს ადეკვატურ შეფასებას იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ სამოქალაქო საზოგადოებას. გრანტებზე დახარბებულ ადამიანებს სამოქალაქო საზოგადოებას ვერ ვუწოდებ.
ჩემი შემფასებელი ჩემი მკითხველი და ჩემი ქვეყანაა, ვიღაც უვიცების, უსაქმურების, გაუზრდელების, წუწკების და ხარბების შეფასებას, რა თქმა უნდა, ვერ მივიღებ. სწორედ ასეთებად მიმაჩნია ის ადამიანები რომლებმაც ეს მედიამონიტორინგი ჩაატარეს. არა მხოლოდ ეს მედიამონიტორინგი, არამედ არჩევნების, ამის თუ იმის მინიტორინგი. გამოდიან და ამუნათებენ საზოგადოებას თვითონ უცოდინრები და გვასწავლიან რას უნდა ვცეთ პატივი და რას არა, ვინ უნდა გვიყვარდეს და ვინ არა, ვინ არის ჩვენი მეგობარი და ვინ - მტერი“.
რაც შეეხება ტელეგადაცემების მონიტორინგს, ყველა ტელევიზიის ყველა პოლიტიკური თოქშოუ აკმაყოფილებს ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს, თუმცა CDI -ს კრიტიკის ქარცეცხლი მაინც დაატყდა ტელეკომპანია „კავკასიას“, განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა გადაცემა „სპექტრი“
„სტუდია სპექტრში“ განხილული თემები მრავალფეროვანი იყო, თუმცა, ზოგჯერ ნაკლებად აქტუალური. წამყვანი ძირითადად არ ასახელებდა გადაცემის თემას. იყო შემთხვევები, როდესაც ერთი გადაცემის ან ბლოკის ფარგლებში საუბარი ეხებოდა სხვადასხვა საკითხს. შესაბამისად, რესპონდენტებიც და წამყვანიც ხშირად ცდებოდნენ სასაუბრო თემას...
როგორც წესი, დავით აქუბარდია გადაცემის პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული. წამყვანს გადაცემა არააკადემიური სტილით მიჰყავდა: ძირითადად თავის მოსაზრებებს აფიქსირებდა და სტუმრებთან ერთად საკმაოდ „შინაურულ“ გარემოში მსჯელობდა განსახილველ საკითხებზე... ცალკე აღნიშვნის ღირსია დავით აქუბარდიას დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ - „ბიძინა ივანიშვილი არი რევოლუციონერი, მართლა გეუბნები, გიგანტური, აი, ეპოქამ მოიტანა რა“ (5 მაისი).
რაც შეეხება წამყვანის დამოკიდებულებას სტუმრებთან, უმეტესად ლოიალურად იყო განწყობილი და ხშირ შემთხვევაში დადებითად ახასიათებდა სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს: „კაი, ძამიკო, კაი“, „რა კარგი ხართ...“; „დიდი პატივისცემით და დიდი სითბოთი ვართ ერთმანეთთან...“ ; „აუ, რა სწორი ხარ?!“ თუმცა, რესპონდენტები ყოველთვის თანაბარ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ... რამდენჯერმე გამოიყენა სიძულვილის ენა მიხეილ სააკაშვილის მისამართით „მიშა იყო ტარტაროზი“; „მიშა რომ მოვიდა ეს ოჯახქორი“. იგი ასევე იყენებს სიტყვა „ნაცისტს“ ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით და ა.შ.“,- ნათქვამია CDI-ს დასკვნაში.
როგორც ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, მას არ აინტერესებს ამ მონიტორინგის შედეგები,
„არ მაინტერესებს,არ წამიკითხავს და არც ვაპირებ წაკითხვას“,- აცხადებს ჯანგირაშვილი.
როგორც ჩანს, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ გადაწყვიტა დავით აქუბარდიას გადაცემის წაყვანა „ასწავლოს“ და რაღაც სტანდარტებსა და ნორმებს მოარგოს. ისე, ცნობისთვის, უცხოეთში ყველა გამოცემას თავისი შიდა კოდექსი გააჩნია და თუ არ სურთ, რაიმე მედიაგაერთიანებას შეუერთდნენ, ეს მხოლოდ მათი პრობლემაა.
როგოეც ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე განმარტავს, ეს არის თვითრეგულაცია და არ გაჩენილა კეთილი ნებით, ამას მოვლენათა გარკვეულმა ერთობლიობამ შეუწყო ხელი. მედიაში გამოქვეყნებულ ცრუ ბრალდებაზე ან არასწორ ინფორმაციაზე, საკმაოდ დიდი ოდენობით საჩივრები გროვდებოდა და გამოცემებს პროცესის წაგების შემთხვევაში უზარმაზარმაზარი თანხების გადახდა უწევდათ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს შემოეღოთ თვითრეგულაციები, რათა საქმე სასამართლომდე არ მისულიყო - ეს არის თავდაცვის ერთგვარი მექანიზმი. ეთიკის კოდექსთან მიერთება სასარგებლოა ორგანიზაციებისათვის, რადგან სასამართლო დავის შემთხვევაში მას არ მოუწვს მარტო ბრძოლა.
„ჩვენთან ეს ყველაფერი დარეგულირებული არ არის და ურჩევნიათ, მუშტი-კრივს მიმართონ, ვიდრე სასამართლოს, ან სულაც ხელი ჩაიქნიონ. მთელი ეს ლაპარაკი ეთიკის კოდექსზე საფუძველს მოკლებულია და ის დატვირთვა ვერ ექნება საქართველოში, რაც უცხოეთში, რადგან პირობებია სხვანაირი.
ამერიკაში ერთ-ერთ პატარა ორგანიზაციაში ვიყავი, რომელიც პერიოდულად აქვეყნებდა მედიამონიტორინგს - ვინ რა შეცდომა დაუშვა, ამ თვალსაზრისით. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი წუხდა, რომ მხოლოდ გამოქვეყნება შეეძლო ამ ინფორმაციის და მის შრომას სხვა არანაირი გასავალი არ ჰქონდა - რა თქმა უნდა, ის ამისთვის გრანტებს იღებდა, ტყუილად არ შრომობდა, მაგრამ ასეთი მოღვაწეობა მხოლოდ ერთი ორგანიზაციის შიგნით შეიძლება იყოს ეფექტური. ის რომ რაღაც გაერთიანების წევრი ყოფილიყო სწორედ ამ სტანდარტების გათვალისწინებით, ვიღაცეები მიემატებოდნენ ამ მედიაგაერთიანებას, ვიღაცეები გამოაკლდებოდნენ“.
ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი რადიო „მაესტროს“ მაგალითზე იმ არაპროფესიონალიზმზე საუბრობს, რაც მონიტორინგის ავტორებმა გამოავლინეს შეფასების გაკეთებისას.
„განსაკუთრებული ყურადღებით წავიკითხე განსაკუთრებით ის ნაწილი, რაც რადიო მაესტროს ეხებოდა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი ან სხვა რადიოს უსმენდნენ, ან არ იციან ელემენტარული რამ, რაც რადიო მაესტროს ყველა მსმენელმა იცის - 3 და 9-საათიანი ეთერის პერიოდში რადიოში გადის ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო პროგრამა. შესაბამისად, განხილულია ამ მედიამონიტორინგში ის, რაც რეალურად არის ტელემაესტროს პროდუქცია და არა რადიო მაესტროსი, პლუს, საუბარია იქ სინქრონზე მუსიკაზე და ა.შ.
ბევრნაირი კვლევა წამიკითხავს, მაგრამ ასეთი არაპროფესიონალური დიდი ხანია, თვალშიც კი არ მომხვედრია. ადამიანები წერენ იმას, რასაც ან არ უსმენენ, ან უსმენენ და ჰგონიათ, რომ რაღაც სხვა ხდება, ან უბრალოდ არ იციან იმ რადიოს სპეციფიკა. როდესაც საუბარია იმაზე, რომ საინფორმაციო გამოშვება არის სუბიექტური და არ არის ცენზი და ეთიკა დაცული, ისიც კი არ იციან, რომ რადიო მაესტროში გადის საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაცია - რადიო მაესტრო თვითონ არ ქმნის არაფერს, გარდა ერთი თოქ-შოუსი, რომლის ავტორიც მე გახლავათ და ამ თოქ-შოუზე საერთოდ არაფერი არ წერია ამ მედიაკვლევაში.
თუ ეს წინასაარჩევნო მონიტორინგია, მერობის 8 კანდიდატი მაინც მყავდა სტუმრად და ამაზე საერთოდ არაფერია ნათქვამი. ძალიან უცნაური შედეგია, გაკვირვებულიც არ ვარ, ვარ შეშფოთებული, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები იტყოდნენ და აღშფოთებული, როგორც საქართველოში გამოხატავენ ემოციას“, - აცხადებს თამარ ჩიქოვანი.
ჩიქოვანი თვლის, რომ მთლიანობაში ძალიან ზერელედ გაკეთებული დასკვნაა და წინასწარ აკვიატებული აზრებია ჩაწერილი, რადგან ძირითადად, თითო ფრაზაა მოტანილი საიდანღაც და ამაზეა აგებული მთელი დასკვნა.
„მედიამონიტორინგის კეთება ძალიან რთული საქმეა და როგორც ვიცი, ამაში საერთაშორისო ორგანიზაციები ძალიან დიდ ფულს იხდიან. უბრალოდ, არაკვალიფიციურად არის ეს გაკეთებული. ლაპარაკი რომ იყოს არა მხოლოდ ეთიკაზე, არამედ ქართული მედიის მრავალფეროვნებაზეც - ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა. კი, ეთიკურიც უნდა იყოს, მაგრამ ყველა თუ ერთნაირად წერს, მაშინ რა აზრი აქვს მრავალფეროვნებას? დღეს სწორედ მრავალფეროვნებითაა ქართული მედია საინტერესო. გულდასაწყვეტია, რომ ამდენი ფული იხარჯება, არ ვიცით, რაში. მედიამონიტორინგის შედეგი რომ იდება, ამით მე მოტივაცია უნდა გამიჩნდეს, რომ უკეთესად ვიმუშავო, მაგრამ როდესაც ვკითხულობ იმას, რაც წერია, მეცინება და ვთვლი, რომ მე ძლიან კარგად ვმუშაობ, რადგაინ ის, რაც იქ წერია, არის აბსოლუტური სისულელე“,- მიიჩნევს თამარ ჩიქოვანი.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია თვლის, რომ უცნაურია, როდესაც ამოსავალ წერტილად მიჩნეულია „ნაციონალური მოძრაობის“ გაშუქება - თუკი მოტივირებულია იმით, რომ ძირითად ოპონენტად მას თვლის, მაშინ უნდა იყოს განმარტება, რატომ არის შერჩეული, რადგან ხელისუფლებას ჰყავს არაერთი ოპონენტი.
„მე უფრო მგონია ობიექტურობისთვის ჯობდა, დაეთვალათ, სხვა პარტიები და ლიდერები რამდენად იყო გაშუქებული და რამდენად უნივერსალური იყო მედიის მუშაობა კანდიდატურებთან თუ სხვადასხვა პარტიებთან. რატომღაც ზედმეტად მომხვდა თვალში, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ათვლის სათავე და წერტილი ობიექტურობისა“,- აცხადებს გამზარდია.
მისივე განმარტებით, მედიასაშუალებები, რომლებიც ზოგადად მაინც და მაინც ობიექტურ მედიასაშუალებებად არ ითვლებიან, წარმოდგენილნი არიან საოცარი ქება-დიდების კონტექსტში. სასიხარულოა, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ერთმა, კონკრეტულმა ადამიანმა გამოთქვა საკუთარი შთაბეჭდილება მედიასაშუალებებთან დაკავშირებით.
გამზარდიას აზრით, კარგი იქნებოდა, კონკრეტულად დაედოთ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევის ფაქტები და როდესაც წერია, რომ დარღვევები გაიზარდა, უნდა ჩანდეს დინამიკაც, რამდენი იყო კვლევის წინა პერიოდში და რამდენია ახლა. გარდა ამისა, როდესაც ნათქვამია, რომ ჟურნალისტური ეთიკა დაირღვა, უნდა იყოს მითითებული, რომელი მუხლები და რომელი პუნქტები, ეს შედარებინათ და ა.შ.
„არ ჩანს რომელი კრიტერიუმებით არის შეფასებული კრიტიკა, რატომ არის პოზიტიურად შეფასებული, თუკი ხელისუფალია გაკრიტიკებული მედიასაშუალების მხრიდან და რატომ არის ნეგატიურად შეფასებული „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა“,- აცხადებს გამზარდია.
რას შეიძლება ემსახურებოდეს ასეთი ტენდენცია, ცალსახაა, გამზარდია თვლის, რომ როდესაც მოტივირებულობა იკვეთება, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, რა არის მიზანი ასეთი შეფასებების.
„მედიასაშუალებების იმიჯზე მუშაობა პროფესიულ გარემოში, სარეკლამო დამკვეთებთან თუ მომხმარებელთან ანუ მკითხველთან მიმართებაში? თუ ეს ამ კუთხითაა გათვლილი, სავარაუდოდ, უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი შეფასებების მიზანი შეიძლება იყოს ზემოქმედება, როგორც სარეკლამო შემოსავლებზე, ასევე მათ რეიტინგზეც“, - მიიჩნევს გამზარდია.
გამზარდიასთვის, როგორც ანალიტიკოსისთვბის, უფრო მეტად დამაჯერებელი იქნებოდა, თუ ეს მონიტორინგი ნაწყენი მკითხველის შეფასებას არ ემსგავსებოდა და გაცილებით ღრმა და დასაბუთებული იქნებოდა.
„პირადად მე, რომ ვიყო სარეკლამო დამკვეთი, თუნდაც მკითხველი, ასეთ შეფასებებს არ გავითვალისწინებდი“,- აცხადებს გამზარდია.