ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის განვითარებაში ბიზნესის როლზე და ბიზნესის თავისუფლების თემაზე ისაუბრა.
მისი თქმით, პოლიტიკა ბიზნესი განუყოფელია, პოლიტიკური გადაწყვეტილება ზემოქმედებას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ბიზნესია პასუხისმგებელი.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდა იგი ბიზნესგარემოს, ჭყონიამ განაცხადა:
„უკვე 30 წელიწადია, ვსაუბრობთ ამ თემაზე, რომ ბიზნესი დღეს არის თავისუფალი და ეს გვიხარია ჩვენ, ხომ? როდის უნდა იყოს ეს ნორმალური მდგომარეობა, რომ ამ თემაზე არ ვილაპარაკოთ. მე მინდა, რომ ამ თემაზე არასდროს ილაპარაკოს ადამიანმა, რომ ბიზნესი დღეს არის თავისუფალი, მანამდე იყო ცუდი, მომავალში [იქნება] კარგი.
რა არის ბიზნესი? ცოტა რომ გავთავისუფლდეთ კომუნისტური მენტალიტეტისგან - ბიზნესი არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ქმნის სახელმწიფოს. მარტივ მაგალითს გეტყვით - ჩემს მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა 2026 წელს, წლის ბოლოს 255 მილიონი უნდა შევიტანოთ ბიუჯეტში. და ჩვენ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, „დღეს ბიზნესი თავისუფალია“? [ბიზნესები] ქმნიან დოვლათს, ამ დოვლათით ცხოვრობს მთელი საქართველო“.
პარალელის გავლებისას, რომ რიგი ბიზნესმენების განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ისინი ჩაგრულები იყვნენ და საკუთარი ბიზნესის წარმოების საშუალება არ ეძლეოდათ, ჭყონიამ კითხვითვე უპასუხა:
„ჭყონიამ როგორ შეძლო ასე მოსვლა? არ არის საიდუმლო. კანონი, რაც არ უნდა მკაცრი იყოს, უნდა შეასრულო იმიტომ, რომ იმ ქვეყანაში ცხოვრობ, არ უნდა დაარღვიო. ჩვენ ვიზრდებით ამ უბედურებაში - „წინა ხელისუფლება...“ არ მაინტერესებს. მთვარეზე თესავენ კარტოფილს უკვე, რაღა დროს წინა ხელისუფლებაა“.
კითხვაზე, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ისევ ცდილობენ ხელისუფლების დაბრუნებას, ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ „ეს ჩვეულებრივი მომენტია“ და პარალელს ფეხბურთის სამყაროსთან ავლებს:
„[ხვიჩა] კვარაცხელია რომ გადაიყვანეს, ვის წაართვა ადგილი? - ბარკოლას. რა ქნას ახლა ბარკოლამ, გაუტეხოს თავი?“