ბაროზო: „ასოცირების ხელშეკრულება ეს არის ინვესტირება მომავალში“

ბაროზო: „ასოცირების ხელშეკრულება ეს არის ინვესტირება მომავალში“

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე, დაახლოებით, ორი კვირით ადრე, საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო სტუმრობს. ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ბაროზო უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს როგორც პირადად, ისე გაფართოებულ შემადგენლობასთან ერთად. მოგვიანებით კი საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართა. მარგველაშვილმა და ბაროზომ ქართველი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

მანამდე კი სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა ბაროზოსთან გამართული შეხვედრა შეაჯამა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ისაუბრა.

„საქართველო 27 ივნისს ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით და ამ მომენტიდან იწყება უმნიშვნელოვანესი, ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლისთვისაც გაერთიანებული არის არა მხოლოდ სახელისუფლებო გუნდი, არამედ მთელი ქართველი საზოგადოება. ეს არის გადაწყვეტილება, რომლის ერთგულიც ვართ არა მარტო დღევანდელი ქართველები, არამედ, რომლის ერთგულიც იყვნენ ჩვენი წინაპრებიც, როდესაც ევროპულ არჩევანს ახორციელებდნენ“, -განაცხადა პრეზიდენტმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა კი საკუთარ გამოსვლაში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დემოკრატიის კუთხით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია.

„ჩვენ განვიხილავთ თქვენს ქვეყანას როგორც ევროპულ სახელმწიფოს. ევროპული ოჯახის წევრია თქვენი სახელმწიფო და, სწორედ, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო და დავადასტურო ეს დღეს, აქ, ქალაქ თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო გზა, რომ აყვავდეს თქვენი ქვეყანა, ეს არის უპირველეს ყოვლისა რეფორმების გაგრძელება და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერება რამდენიმე დღეში ბრიუსელში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელშეკრულება დიდ მხარდაჭერას ჰპოვებს ქართველ საზოგადოებაში“, - განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზომ.

ევროკომიისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან საქართველოს დასაახლოებლად მუშაობა ქვეყნის წინა ხელისუფლებამ დაიწყო და ამ პროცესს მოქმედი ხელისუფლება დაასრულებს. ბაროზოს განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულება წარმატებული იმ შემთხვევაში იქნება, თუ ეს ეროვნული იდეაა და მას მხარს ყველა პოლიტიკური ძალა და მთლიანად საზოგადოება უჭერს.

„ევროკომისია თავს არაფერს ახვევს საქართველოს. საქართველომ თვითონ გააკეთა ეს არჩევანი და ჩვენ ვართ აქ, რომ დაგეხმაროთ. იმ შემთხვევაშიც, საქართველო რომ არ აპირებდეს ხელის მოწერას ასოცირების ხელშეკრულებაზე, კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის თქვენი არჩევანი, სწორედ, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“,- აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, ევროპა საქართველოში დემოკრატიის ექსპორტს ვერ მოახდენს, დემოკრატია ადგილზე უნდა აყვავდეს და დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ისეთ საკითხებს როგორებიცაა პოლიტიკური პლურალიზმი, მედიის დამოუკიდებლობა და თავისუფალი სასამართლო. ეკონომიკური განვითარების კუთხით კი საქართველო ევროკავშირისგან კონკრეტულ დახმარებებს ამ ეტაპზეც მიიღებს.

„რეფორმების განხორციელება ქვეყანას საშუალებას მისცემს, მოხდეს საზოგადოებისა და ეკონომიკის ტრანსფორმირება. ჩვენ ამას ვახორციელებთ არა მხოლოდ გრანტების არამედ სხვადასხვა სესხების საშუალებით. ევროპის ბანკის წარმომადგენლებთან მქონდა საუბარი, მათ შეიმუშავეს ფინანსური დახმარების ძალზედ მნიშვნელოვანი პროგრამა - მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. თქვენ მიიღებთ ყველა ამ სარგებელს და, რა თქმა უნდა, თქვენ შეაღწევთ მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე - 500 მილიონზე მეტი მომხმარებელია ევროკავშირში. ძალზე დიდი შესაძლებლობაა ეს თქვენი კომპანიებისთვის“, - განაცხადა ჟოზე მაუელ ბაროზომ.

ევროკომისიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროპულ ბაზარზე გასვლის შანსი უნდა გამოიყენოს. ამ მიზნით კი ღვინო და სხვა პროდუქტები სტანდარტების შესაბამისად უნდა აწარმოოს და, სწორედ, ამ შემთხვევაში მიიღებს საქართველო ეკონომიკურ სარგებელს, რაც ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე აისახება.

 „ასოცირების ხელშეკრულება არ არის მხოლოდ დიპლომატიური ხელშეკრულება, ეს არის ადამიანებისთვის. ეს კეთდება მეტი შესაძლებლობებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ჩვენი ამოცანაა, სტაბილური, აყვავებული საქართველო... ეს ხელშეკრულება არის ინვესტირება მომავალში. თვის ბოლოს ბრიუსელში ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ჩვენ მხოლოდ დღევანდელ დღეზე არ ვფიქრობთ, ვფიქრობთ მომავალ თაობაზე, ახალ თაობაზე, ადამიანებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ დაბადებულან და რომელბიც იცხოვრებენ გაერთიანებულ, დემოკრატიულ, აყვავებულ საქართველოში, რომელიც იქნება ევროპული ოჯახის მნიშვნელოვანი ნაწილი“, - განაცხადა ბაროზომ და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ექსკლუზივი არ არის და საქართველოს შეუძლია, მსგავსი ფორმატით ურთიერთობები სხვა ქვეყნებთანაც ჰქონდეს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვის პასუხად რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მიერ ბრიუსელში დადებული პირობა კიდევ ერთხელ გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ პუტინი პირობას შეასრულებს და საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების საპასუხოდ ნეგატიურ ნაბიჯებს არ გადადგამს.

ევროკომისიისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოში 15 ივნისს გასამართ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ქვეყნის ევროპასთან დაახლოების კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

ბაროზოს პრესკონფერენციაზე პასუხის გაცემა ფეხბურთის თემაზე დასმულ კითხვაზეც მოუხდა. მისი განმარტებით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში ფავორიტები გერმანიის, ესპანეთის, ბრაზილიისა და არგენტინის გუნდები არიან. მართალია, თავად საკუთარი ქვეყნის, პორტუგალიის გუნდს გულშემატკივრობს, მაგრამ მიაჩნია, რომ პორტუგალიის ნაკრები დასახელებულ ოთხ გუნდს კონკურენციას იმ შემთხვევაში გაუწევს, თუ ჩემპიონატის პირველ ეტაპს წარმატებით გაივლის.

„მე ვარ ევროპელი და ამასთანავე, ვარ პორტუგალიელი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ პორტუგალია იქნება ფავორიტი მსოფლიო ჩემპიონატზე. ნაკრების მწვრთნელმა და წამყვანმა ფეხბურთელმა კრიშტიანუმ თქვეს, რომ მათი მთავარი ამოცანაა, პირველი ფაზის გადალახვა... ჩვენ ამას ვუწოდებთ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდგომას, ეს არის ევროპული მიდგომა. იმედი მაქვს, პორტუგალიის ნაკრები პირველ ეტაპს გადალახავს და შემდეგ გამარჯვებაც იქნება“, - აღნიშნა ჟოზე მანუელ ბაროზომ.

გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტი ერთობლივ პრესკონფერენციაზე „ოქროს საწმისის“ ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, საქართველო რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს 27 ივნისს აწერს, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი, სწორედ, ბაროზოს მიუძღვის.

ჟოზე მანუელ ბაროზო 13 ივნისს შეხვედრებს ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს. მანამდე კი ევროკომისიის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი სასტუმრო „რედისონში“ საქართველო–ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციას ესწრებიან.