საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის 80 ფაქტი გამოიკვლია მთავარმა პროკურატურამ. პროკურატურის ინფორმაციით, 80 შემთხვევიდან 76 შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებმა გამოკითხვისას არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნის შესახებ. ამავე დასკვნით, კანდიდატურის მოხსნის მიზეზად სხვადასხვა პირადი, ოჯახური მდგომარეობა, ასაკი და გადატვირთულობა დაასახელეს.
„მათ შორის, პროკურატურამ გამოიკვლია უწყებათშორის საბჭოს სხდომაზე გაჟღერებული საკითხი შალვა გოლოშვილის მიმართ ზეწოლის შემთხვევის ფაქტზე, რომლის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თამაზ მაყაშვილმა განუცხადა. გამოკითხვისას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე ფორმით ზეწოლის ფაქტი უარყო როგორც შალვა გოლოშვილმა, ისე თამაზ მაყაშვილმა, რომლის გამოკითხვასაც ესწრებოდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი. თამაზ მაყაშვილმა ასევე განმარტა, რომ ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელთან მხოლოდ ვარაუდი გამოთქვა“, - აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, 4 შემთხვევაში გამოძიება დაიწყო 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება მუქარისშემცველი ზარების ავტორების და იმ პირთა ვინაობის დასადგენად, რომლებიც შესაძლოა, ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, გააგრძელოს მუშაობა იმის გამოსარკვევად, ჰქონდა თუ არა ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წინასწარ დაგეგმილ სცენარს კანდიდატების დაყენების, ხოლო შემდეგ ვითომ ზეწოლის მოტივით მოხნის შესახებ. როგორც წულუკიანმა განაცხადა, ამ მიმართულებით პროკურატურის მიერ ფაქტების გადამოწმების პროცესში გამოიკვეთა შემაშფოთებელი ფაქტები.
„მივესალმები მთავარი პროკურატურის მიერ ჟურნალისტ მერაბ როდონაიას წინააღმდეგ წინასაარჩევნო კამპანიისას ზუგდიდში განხორციელებული უკანონო ქმედების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. ამ ფაქტის შესახებ უწყებათაშორის კომისიას ინფორმაცია მოაწოდა საია-მ და მოვუწოდებ საია-ს და ჟურნალისტ როდონაიას, რომ როდონაიამ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა მოხდეს დამნაშავე პირთა იდენტიფიკაცია და დასჯა. ჟურნალისტი როდონაია უკვე მეორედ არ გამოცხადდა ზუგდიდის პოლიციაში გამოკითხვის მიზნით“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე საქმეზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გმობს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ განხორციელებულ აგრესიას საარჩევნო ადმინისტრაციაზე, როგორც ეს მოხდა მარნეულში, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა მთავრობის პრიორიტეტია.
„ვგმობ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, მთელი საარჩევნო კამპანიისას, გამოყენებულ მიუღებელ მეთოდს პოლიტიკური ბრძოლისა - მოქალაქეებისა და პოლიტიკური აქტივისტების დაყოფას ეთნიკური ნიშნით და ყოფითი კონფლიქტების წარმოჩენას ეთნიკურ-პოლიტიკური ნიშნით, როგორც ეს მოხდა გარდაბანში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ უზრუნველყონ შიდაპარტიული დისციპლინა და მკაცრად გააკონტროლონ თავიანთი კანდიდატების, აქტივისტებისა და შტაბების წევრების ქცევა. არც ერთი პარტიის არც ერთ კანდიდატს, აქტივისტს, არ აპატიებს ჩვენი ქვეყანა უპასუხისმგებლო ქცევას, ხოლო მათი მხრიდან კანონდარღვევები იქნება მკაცრად სანქცირებული“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
თეაწულუკიანს დღესვე უპასუხეს „ნაციონალურ მოძრაობაში“. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადება ნათელს ხდის, რომ იგი ოლიგარქის ხელში უბრალო იარაღია. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არ ენდობა მოქალაქეთა ნებას, ეშინია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თავისუფალ გარემოში ღია კონკურენციის და ცდილობს მის არათანაბარ პირობებში ჩაყენებას.
„ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავრობა და პასუხისმგებლობას გაქცეული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ხარჯავენ მთელ კაპიტალს არა საკუთარი დაპირებების შესრულებაზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაზე. პოლიტიკური კონკურენციის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის ნაცვლად უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მთავარ მიზნად დემოკრატიიული წეს-წყობილების მიზანმიმართული რღვევის გამართლება იქცა.
მინისტრის განცხადება, რომ კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნა არა ზეწოლით, არამედ შეთქმულებითაა განპირობებული, სრულიად იმეორებს პრემიერ ღარიბაშვილის არაადეკვატურ, ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერისთვის ჩვეულ რიტორიკას. მინისტრმა წულუკიანმა არა თუ ვერ შეძლო წინასაარჩევნო ძალადობის აღკვეთა, არამედ წინა მთავრობის პერიოდზე დაუსაბუთებელი საუბრით თვითონ იქცა ძალადობისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების წამქეზებლად“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე ამბობს, რომ დარწმუნებული იყო, ბევრი შემთხვევა გათამაშებული იყო „ნაციოანლური მოძრაობის“ მიერ.
„ვისაუბრეთ, თუ რა პრობლემებია და სად არის საჭირო ცენტრალური შტაბის ჩარევა. ყველამ უნდა იბრძოლოს წესიერი ფორმით. დარწმუნებული ვიყავი რომ ბევრი შემთხვევა გათამაშებული იყო, თუმცა ოთხი ფაქტი დადასტურდა, 76 შემთხვევაში კი ვიცი, რასაც ჰქონდა ადგილი. წინასასარჩევნოდ კარგად ვიცი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რას აკეთებდნენ წლების განმავლობაში და რას გააკეთებენ დღესაც“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.