არჩევნების შემდეგ ახალ მუნიციპალიტეტებში სამუშაო პროცესი არ შეფერხდება

არჩევნების შემდეგ ახალ მუნიციპალიტეტებში სამუშაო პროცესი არ შეფერხდება

შვიდ ახლადშექმნილ მუნიციპალიტეტს არჩევნების შემდეგ პრობლემები არცერთი დღით არ შეექმნება. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა განმარტა, საქმე ეხება მცხეთის, გორის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ამბროლაურის, ახალციხის და თელავის მუნიციპალიტეტებს, რომელთათვისაც შესაბამისი წესი საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 30 მაისს დაამტკიცა.

საუბარია ახლადშექმნილ მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესზე, ამ მუნიციპალიტეტებისათვის ბიუჯეტების შექმნის წესის პროექტსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

აღნიშნული წესის შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების საკრებულოებს მეთოდურ დახმარებას უწევს მათი უფლებამონაცვლე მუნიციპალიტეტებისთვის აუცილებელი ნორმატიული ბაზის მომზადებასა და თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ქონების გამიჯვნაში.

კერძოდ, ამ მიზნით გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებში განხორციელდა ქონების ინვენტარიზაცია და საკრებულოების დროებითმა სამუშაო ჯგუფებმა ქონების გამიჯვნის განკარგულებათა პროექტების მოსამზადებლად შესაბამისი სამუშაოები ჩაატარეს.

აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიული პრინციპით თანაბრად გაიყო მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ინვენტარი და სხვა მოძრავი ქონება, რაც განხორციელდა კოდექსით დადგენილი მოხელეთა ზღვრული საშტატო რიცხოვნების შესაბამისი პროპორციით.

ასევე, მომავალ თვითმმართველ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებს შორის გადანაწილდა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, სადაც მუნიციპალიტეტები 100%-იან წილებს ფლობენ.

ქონების დაყოფაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ამჟამად არსებული მუნიციპალიტეტების საკრებულოები იღებენ, სამინისტრო მათ მეთოდურ დახმარებებს უწევს ტრენინგებისა და კონსულტაციების სახით.

გარდა ამისა, თენგიზ შერგელაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივ ღონისძიებაზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხადურის უწყებასთან ერთად შეიმუშავა „ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შედგენის, საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების 2014 წლის ბოლომდე პერიოდისთვის გადანაწილების დროებითი წესი“.

აღნიშნული წესის საფუძველზე, ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების პროექტების მომზადებაში სამინისტრო მუნიციპალიტეტებს კონსულტაციურ დახმარებას უწევს. ამავე წესის შესაბამისად, სამინისტრო მეთოდურ დახმარებას უწევს გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებს მათი ლიკვიდაციის პროცესში არსებული დოკუმენტაციის დაარქივებისა და იმ მოქმედი დოკუმენტაციის დაყოფაში. ამ სახის დახმარება ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტების სამსახურების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი იქნება, რათა არ მოხდეს სამუშაო პროცესის შეფერხება ადგილობრივ თვითმმართველობებში და მოსახლეობა მათ მიერ გაწეული მომსახურების გარეშე არ აღმოჩნდეს, თუნდაც ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახლადშექმნილ მუნიციპალიტეტებს დახმარებას გაუწევს საკრებულოსა და გამგეობის დებულებების, აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხების პროექტების მომზადებაში, რომელთა თაობაზე მსჯელობაც ახლადარჩეული საკრებულოების პირველივე სხდომებზე იქნება საჭირო“, - აცხადებს თენგიზ შერგელაშვილი, რომლის თქმითაც, აუცილებელია არჩევნების შემდგომ ახალმა საკრებულოებმა დაიწყონ მუშაობა ყველა იმ საფუძვლით, რაც წინამორბედებმა უნდა დაუტოვონ და არ უნდა მოხდეს არანაირი წყვეტა და ჩავარდნა მუნიციპალიტეტების მხრიდან რომელიმე მომსახურების განხორციელებაში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ „ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა უწყვეტი სწავლების კონცეფციის 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმაზეც“ გაამახვილა ყურადღება, რომელშიც მოცემულია ადგილობრივი თვითმმართველობის ადამიანური რესურსების განვითარების ეფექტური და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების ხედვა. ეს სისტემა დაფინანსდება დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული სახსრებითა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან, რომლის 1%-ის გაღებას საკუთარ მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე მათ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი ავალდებულებს.