იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის, იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები სჭარბობენ, ნაციონალური მოძრაობა მის კულტს მაინც არ ეშვება. მაგალითად, გარდაბნისა და მარნეულის რაიონებში ილხამ ალიევისა და მიხეილ სააკაშვილის ის ფოტოებია გამოკრული, რომელზეც ისინი ერთმანეთს ხელს ართმევენ... არადა, ფრიდომ ჰაუსის 2012 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კვლავაც აკრიტიკებდნენ აშკარა ძალისხმევის გამო იზოლაციაში მოექცია პოტენციური ოპოზიციონერები...
სამაგიეროდ, იგივე ფრიდომ ჰაუსის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2013 წელს ევრაზიაში საქართველო მცირედი შემთხვევებიდან ნათელი წერტილი იყო. მისი რეიტინგი გაუმჯობესდა ღია და ნაკლებად პოლარიზებული საარჩევნო კამპანიის წყალობით, ასევე თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ხარჯზე. ფრიდომ ჰაუსის ყოველწლიური ანგარიშის ავტორები წერენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს შეშფოთება ყოფილი ოფიციალური პირების შერჩევითი სამართლებრივი დევნის შესახებ, ძირითადად, არსებული მდგომარეობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ნიშნებს ავლენს.
რეალობას თუ შევხედავთ, ფაქტია, რომ საქართველოში დღეს როგორც არასდროს, ისეთი თანაბარი პირობებია წინასაარჩევნო კომპანიის წარმოებისთვის. აღარავინ საუბრობს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე და პრემიერის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ღია პროვოკაციაზე მიდიან.
მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ გიორგი ბარამიძემ და თენგიზ გუნავამ პირდაპირ ეთერში მუშტი-კრივი გამართეს, ხოლო გიგი უგულავა მარნეულის საოლქო კომისიაში შეიჭრა და ოფიციალური ოქმი დახია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უცხოელი დამკვირვებლები თუ ფრიდომ ჰაუსის წარმომადგენლები არ მალავენ, რომ მოქმედი ხელისუფლება დემოკრატიის პრინციპების მაქსიმალურად დაცვას ფიქრობს, რასაც ზოგიერთი პარტია ბოროტად იყენებს.
სხვათა შორის, ამაზე აპელირებს ამომრჩეველიც და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. საერთაშორისო ორგანიზეციები არ მალავენ, რომ ქუჩაში დაწყებული სამართლიანობის აღდგენა შემაშფოთებელია, მაგრამ იმ რეალობის შემდეგ, რაც საქართველოში გასული ცხრა წლის განმავლობაში არსებობდა, ხვდებიან, რომ გაბრაზებული ხალხის გულისწყრომა არც თუ უსაფუძვლოა. პარალელურად, საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლასა და პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადებას თავს არიდებს. ამერიკისა თუ ევროპის ქვეყნებში, არაერთი პრეზიდენტი დაუბარებიათ დაკითხვაზე და თავი არ აურიდებიათ იმ ქვეყნის ლიდერებს, რომელთაც დემოკრატიაზე აქვთ პრეტენზია. თავად სააკაშვილი კი პროკურატურას საკუთარ პირობებს უყენებს და აღნიშნული განცხადებებიც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გასაკვირია.
მოქმედი ხელისუფლება კი ოპოზიციას სალაპარაკოს არ უტოვებს და მაქსიმალურად ცდილობს დემოკრატიის ფარგლებს არ გასცდეს. ალბათ ამის ბრალიც არის ის დამოკიდებულება ყოფილი ხელისუფლების ლიდერთა მიმართ, რომელიც ამომრჩეველს ასე არ მოსწონს. ის, რომ წინა ხელისუფლება არჩევნრბის წინ პროვოკაციას არ ერიდება, ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მათ არმატების შანსი არ აქვთ და რამდენიმე პროცენტის მომატებას სორედ ისეთი ქმედებებით ცდილობენ, რომლებიც ბათუმში, მარნეულსა და გარდაბანში ვიხილეთ.
არჩევნების შემდეგ როგორც ფრიდომ ჰაუსის, ისე სხვა ორგანიზაციების დასკვნები დაიდება და დღევანდელი რეალობისა და ხელისუფლების კურსის გათვალისწინებით, თითქმის გამორიცხულია, დასკვნები უარყოფითი იყოს.