„ყველაზე ტვინგაყინულებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სისტემა და არაფერი აქვს მას საერთო ანტისარაკეტო სისტემასთან“, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ოპონენტების ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის მინისტრი მსგავს განცხადებას არ უნდა აკეთებდეს. როგორც ცნობილია, ირაკლი ალასანიამ ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთმა ნატო-ს საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განთავსება უნდა შესთავაზოს.
ირაკლი ალასანიას ამ განცხადებას პოლიტიკოსებში ინტერპრეტაცია მოჰყვა, რომ თავდაცვის მინისტრი საქართველოში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებაზე საუბრობდა. რაც შეეხება იმას, თუ ვისთან აწარმოებს ქართული მხარე თავდაცვითი სისტემების შესახებ მოლაპარაკებებს, ირაკლი ალასანიამ არ დააკონკრეტა, ხოლო ვადების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ეს მოლაპარაკებები დასრულდეს, თავდაცვის მინისტრმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ რაციონალურ ვადებზეა საუბარი.
საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განთავსების მნიშვნელობასთან დაკავშირებით for.ge. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელს, დავით სიხარულიძეს ესაუბრა.
ირაკლი ალასანიას განცხადებას საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განთავსებასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსებში ინტერპრეტაცია მოჰყვა. მინისტრის ეს განცხადება დღემდე კრიტიკის საფუძველია პოლიტიკურ ოპონენტების მხრიდან. როგორ ფიქრობთ, მინისტრის ეს განცხადება, იყო თუ არა დრული და აუცილებელი?
- მინისტრის განცხადება შეეხებოდა თავდაცვითი სისტემების განლაგებას, რაც აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია საქართველოს ტერიტორიული და ზოგადად, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის. ვფიქრობ, რომ ამ თემაზე დებატი საერთოდ არასერიოზული იქნება. საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს და ტერიტორიული თავდაცვით სისტემებს აუცილებლად სჭირდება განვითარება. შესაბამისად, საჰაერო თავდაცვა, ისევე როგორც სხვა შესაძლებლობები, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიულ თავდაცვას, ამისი აუცილებელი კომპონენტებია. ამიტომ, ბუნებრივია საქართველოს მცდელობები უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ თავდაცვითი შესაძლებლობები განვითარდეს და გაძლიერდეს.
მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორტიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ქვეყანას მუდმივი საფრთხე ემუქრება რუსეთიდან, რამდენად მნიშვნელოვანია თავდაცვითი სისტემის განთავსება საქართველოში?
- უსაფრთხოების კუთხით საქართველოს გამოწვევები არის ძალიან სერიოზული, განსაკუთრებით ამ უსაფრთხოების სისტემაში. გარდა ამისა, საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ბუნებრივია, ქვეყანა ისწრაფვის თავისი თავდაცვითი პოტენციალის, ტერიტორიული თავდაცვის განსამტკიცებლად. ზოგადად, სისტემები და მათ შორის საჰარეო თავდაცვა არის ამის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ეს არის სწორი მიმართულებით გადაგმული ნაბიჯები და სწორი მიმართულებით განვითარებადი დინამიკა. ეს დინამიკა ისეთია, რომ შეიძლება რაღაცა ზედმეტად ნათქვამმა სიტყვამ ხელი შეუშალოს. ეს არის სწორი გზა იმისათვის, რომ საქართველოს თავდაცვისუნარაიანაობა ამაღლდეს და უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს ტერიტორიული დაცვა.
რაც შეეხება ვადებს, მინისტრი ამბობს, რომ საუბარია რაციონალურ ვადებზე. ეს გრძელვადიანი პროექტია და როგორ ფიქრობთ, რამდენად რთულად გადასაწყვეტი საკითხია?
- ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება თავდაცვის კუთხით, რათა საქართველომ უზრუნველყოს თავისი ტერიტორიული თავდაცვა, არის აბსოლუტურად სწორი გზა. ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს აქვს დასავლელ პარტნიორებთან, რათა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველყოფა შევძლოთ.
რაც შეეხება ვადებს, რთულია წინასწარ ამაზე საუბარი, ბევრი კომპონენტია, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება. ზოგადად, თანამედროვე თავდაცვითი სისტემებით ქვეყნის უზრუნველყოფა გარეკვეულ დროს საჭიროებს, გარდა იმისა, რომ საჭიროებს რესურს.
არის ისეთი თემები, როგორიც არის შეიარაღების ათვისება, მომზადება, სწავლა-განათლება, ამიტომ ვადებზე საუბრისგან მე თავს შევიკავედი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის სწორი გზა, რათა მაქსიმალურად გავამყაროთ ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები ნატოს ქვეყნებთან, ჩვენს მოკავშირეებთან იმისათვის, რომ გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები.