„ჩვენ თუ არ აგვირჩევენ, ამით ხალხი წააგებს. თუ გაგვიყალბა ივანიშვილმა არჩევნები, აი, მაშინ ნახავთ თქვენ, როგორ უცბად იშოვა ის 7 მილიარდი, ასევე უცბად დავაკარგინებ ამ 7 მილიარდს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი. მშრომელთა ლიდერი გამარჯვებაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ ამომრჩევლის 30 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს.
For.ge შალვა ნათელაშვილს ესაუბრა.
ყველა თქვენს გამოსვლაში აცხადებთ, რომ პირველივე ტურში მოიგებთ თვითმმართველობის არჩევნებს. რატომ ხართ დარწმუნებული ამგვარ წარამატებაში?
- 15 ივნისი გახდება პირველი ტური ხელისუფლების შეცვლის გზაზე, რათა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები გამოვიწვიოთ. თუ წააგო „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები, რა თქმა უნდა, იქუხებს ახალი საპარალამენტო არჩევნები და შესაბამისად, გვეყოლება ახალი მთავრობა. ნავარომ მოწონების რეიტინგში კი დაგვიწერა 44 პროცენტი, არ ვიცი ამდენი ამომრჩეველი გვყავს თუ არა, მაგრამ 30 პროცენტზე მეტი ამომრჩეველი გვყავს, ეს არის ცხადზე ცხადი.
რა კვლევებზე დაყრდნობით ამბობთ, რომ 30 პროცენტზე მეტი გიჭერთ მხარს?
- ყველანაირი შიდა პარტიული კვლევებით, მოსახლეობასთან შეხვედრებით. მთელი საქართველო მოვიარე, ყველა შუკაზე, ყველა ბირჟაზე, ყველგან გავჩერდი, პოლიტიკოსები ვფლობთ ამ ხელოვნებას, მათ თვალებში ვკითხულობთ რამდენია მხარდამჭერი, რამდენი ნეიტრალური.
თქვენი მერობის კანდიდატების შანსები რამდენად მაღალია?
- არა მარტო თბილის მერის პოსტზე აქვს გამარჯვების შანსი ჩვენს კანდიდატს, არამედ ყველგან. უნიკალური კადრები გვაყავს. ალბათ ნახეთ მერობის კანდიდატების დებატები, მითხარით რომელიმე ასმათზე მეტი ფესვიანი იყო?
რატომ გგონიათ, რომ თბილისის მოსახლეობა თქვენს კანდიდატზე გააკეთებს არჩევანს და არა სახელისუფლებო კანდიდატზე?
- მე შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ გაბედავს არჩევნების გაყალბებას, რადგანაც ის მკაცრად არის გაფრთხილებული დასავლეთის მხრიდან. ნახეთ ალბათ ამერიკის ელჩის განცხადებაც. ამ ბატონმა უნდა იცოდეს, რომ არჩევნების გაყალბებას მოჰყვება მისი ანგარიშების გაყინვა აშშ-ი და ევროპაში. სხვათა შორის, ეს საკითხი მე უკვე დავაყენე ევროპარლამენტისა და ამერიკის კონგრესის წინაშე, რომ თუ დაიწყო არჩევნების გაყალბება, დაიწყეთ მისი ანგარიშების გაყინვის პროცედურები-თქო.
პრეტენზია გაქვთ, რომ გახდეთ საკრებულოს პირველი პირი. თუმცა ამბობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობიდან გამომდინარე მიიღეთ. მოდით მითხარით, ვინ გთხოვათ?
- შემჭამეს, რომ სააკაშვილს დაუთმო საკრებულოს თავმჯდომარეობაო. მითხარით, როგორ დაგითმობთ თქვენ ოქროს ათკილოიან ზოდს, როცა არ მაქვს. არასოდეს თბილისის საკრებულოში უმრავლესობა არ მყოლია. ამას ადასტურებს არჩევნების შედეგები და სტატისტიკა. მაგრამ, სააკაშვილის პროპაგანდამ გაუშვა ეს „სივა“, რომ დაუთმო თანამდებობაო. არავისთვის არაფერი არა დამითმია, მაგრამ ამის არავის არ სჯერა. ამიტომ, რომ არ იფიქროს ხალხმა, ოდესმე რაიმე პასუხისმგებლობას თავი ავარიდე, ვაცხადებ, რომ მზად ვარ დავიკავო თბილისის საკარებულოს თავმჯდომარის პოსტი და მართლაც, თბილისიდან დაიწყება საქართველოს გადარჩენა, ოღონდ უნდა მყავდეს 26 დეპუტატი, ჩემი უმრავლესობა. ნაცების და „ოცნების“ უმრავლესობის იმედზე რომ ვიყო, ეს ნიშნავს, იდგე ქვიშაზე. ნებისმიერ დროს ისინი გამოგეცლებიან და ყველა პროგრამას ჩაგიგდებენ.
ყველა არჩევნებში მონაწილეობთ და ამტკიცებთ, რომ თქვენი პარატია მოიგებს, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ ლახავთ ბარიერს. რატომ ფიქრობთ დღეს, რომ ბარიერის პრობლემა არ გექნებათ. ხელისუფლებამ რა ჩაიდინა ისეთი, რომლის გამო შეიძლება მას მოსახლეობამ ხმა არ მისცეს?
- ხელისუფლებამ შეცვალა აღმაშენებლის განჩინება რუის-ურბნისში და სოდომ-გომორი დააკანონა. შალვა ნათელაშვილიც რომ არ არსებობდეს ამ ქვეყანაზე, ამას ამომრჩეველი და ქართველი ხალხი არ აპატიებდა. არაფერს არ ვამბობ იმაზე, რომ არც ერთი დაპირება არ შეასრულა. რაც მთავარია, სააკაშვილი თავისი პარტიით და რეჟიმით გადაარჩინა. ეს სამი რაღაცა არის უპატიებელი ცოდვა.
რაც შეეხება თქვენს შენიშვნას, რომ ბარიერს ვერ ვლახავდით, 1998 წელს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ავიღეთ 20 პროცენტი, ამის მერე გადავლახეთ შვიდ პროცენტიანი ბარიერი და პარლამენტში არ შეგვიშვეს, 2002 წელს ადგილობრივ არჩევნებში 25 პროცენტი ავიღეთ, 2003 წელს საპარლამენტო არჩევნებში 12 ნახევარი პროცენტი დაგვიწერეს, 2004 წელს დაგვიწერს 6,99 პროცენტი, რომ ბარიერი არ გადაგველახა, ამაზე ევროპის სასამართლომ მსვერპლად გვცნო. 2008 წელს 7 პროცენტზე მეტი ავიღეთ. ასე რომ, ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვექნება.
იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა, რომ თქვენმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა მხარდაჭერა, ალბათ, გექნებათ შემდეგი გეგმაც...
- ვიბრძოლებთ ბოლომდე, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, სააკაშვილი, ივანიშვილი თუ მათი მსგავსი გამყალბებელი კორუმპირებული, საკუთარ კლანზე უსაზღვროდ შეყვარებული მატყუარა და გადამგდებების ჯგუფი, ეს არის უფლის მიერ დაკისრებული მისია, რომ ასეთებს ვებრძოლო. ამით ვარ ბედნიერი, რომ სიმართლეს ვლაპარაკობ. დანარჩენი, ჩვენ თუ არ აგვირჩევენ, ამით ხალხი წააგებს. თუ გაგვიყალბა ივანიშვილმა არჩევნები, აი, მაშინ ნახავთ თქვენ, როგორ უცბად იშოვა 7 მილიარდი, ასევე უცბად დავაკარგინებ ამ 7 მილიარდს.
ერთი პერიოდი თქვენი ფავორიტი იყო ივანიშვილი, მას პრემიერობაც კი შესთავაზეთ...
- სააკაშვილს აფინანსებდა და მინდოდა გამომეგლიჯა ქვეყნის საკეთილდღეოდ, შევთავაზე პრემიერ-მინისტრობა, მაგრამ ჩემი პრეზიდენტობის ქვეშ და არა მესიობა და ლიდერობა, რაზეც აკურთხეს მერე ამ გამყიდველმა პოლიტიკოსებმა ფულის სანაცვლოდ.
თქვენს მთავარ კონკურენტად პოლიტიკური პარტიებიდან ვის განიხილავთ?
- ჩემი კონკურენტია ივანიშვილი და მისი რეჟიმი, სხვა არავინ არაა. დავით ნარმანია როგორ შეიძლება კონკურენტად აღვიქვა, დებატებზე იდგა კამოდი... მაგ ბიჭს შეურაცხოფა მიაყენეს... ჩემი კონკურენტია ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მილიარდიანი რეჟიმი, რომელიც ყველაფერს იკადრებს. ნარმანია კი არა მიცვალებული ელპიტე გაიყვანოს მერად, თუ არ ექნება დასჯის შიში.
ივანიშვილის მილიონებზე როდესაც საუბრობთ, მოდით თქვენს ქონებებზეც ვისაუბროთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ ვენაში იყიდეთ საცხოვრებელი სახლი, რომელიც თქვენს დაზე გააფორმეთ. რას იტყვით ამაზე?
- ეს არის ძალიან დიდი სისულელე. საერთოდ, პოლიტიკოსების მიმართ ჭორები თანმდევი პროცესია. ამასწინათ ერთ-ერთი მუშა ჩემს კორპუსთან, ჩემი მძღოლის და ბიჭების თანდასწრებით ამბობდა, რომ ნათელაშვილს იპოდრომზეც აქვს სახლი, ლიფტში გაიჭედა და მე გამოვიყვანეო. ასეთი ხმები ვრცელდება. მაქვს სამოთახიანი ბინა თბილისში, ჩემი საძინებელი არის უფანჯრო, რადგან კორპუსი ამიშენეს 60 სანტიმეტრში და მაქვს მამა-პაპური სახლი ბაზალეთში. სხვა არაფერი არ გამაჩნია დედამიწის ზურგზე. ერთი ჯიხურიც არ მაქვს, რომ მოვკვდე შვილებს უწყვეტი შემოსავალი ჰქონდეთ. ჭკუამოკლეები ავრცელებენ ამ ინფორმაციებს.