თვითკმაყოფილებით დამტკბარები

თვითკმაყოფილებით დამტკბარები

წინასაარჩევნო პროცესი ფინიშს უახლოვდება. მომავალ კვირაში თბილისს და კიდევ 11 ქალაქს - ახალი მერი, რაიონებს - ახალი მმართველები ეყოლება. მართალია წინასაარჩევნო პროცესის მიწურულს სიტუაცია დაიძაბა, ზოგიერთმა ოპოზიურმა პარტიამ კონფლიქტური სიტუაციის შექმნაც შეძლო, იყო ქვების და კვერცხების სროლაც, მაგრამ მთლიანობაში სპეციალისტები წინასაარჩევნო პროცესის თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე აკეთებენ აქცენტს.

ჰქონდათ თუ არა პოლიტიკურ სუბიეტებსა და კანდიდატებს საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობები, ამ თემაზე ექსპერტი არჩილ გამზარდია გვესაუბრება.

არჩილ გამზარდია: მიუხედავად მითქმა მოთქმისა და წინასაარჩევნო პერიოდში ფრაგმენტულად გამოხატული ცალკეული დესტრუქციებისა, საკმაოდ თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, რომ პროცესები უფრო ხისტად შეაფასონ. მათ აქვს მედიააქტივობის, გარე რეკლამის ეფექტურად გამოყენების საშუალება. შესაძლოა, მონიტორინგის ჯგუფებმა შემდეგ მცირე დარღვევები დააფიქსირონ, მაგრამ მთლიანობაში არ მგონია თვალშისაცემი არასასურველი მომენტები იყოს დაჭერილი.

რაც შეეხება გარე რეკლამას, ის ათვისებული აქვს მხოლოდ ორ-სამ პარტიას. ოპოზიციური პარტიები ამას იმით ხსნიან, რომ მათთვის ადგილი აღარ დარჩა და წინასწარ შეისყიდეს ხელისუფლებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ... ამ შემთხვევაში რამდენად შეიძლება ვისაუბროთ თანაბარი პირობებზე?

- როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდიოდა, პარტიებს შეეძლოთ საორგანიზაციო სამუშაოები ბევრად ადრე ჩაეტარებინათ. როგორც წესი, როცა არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, პარტიები მაშინ იწყებენ მობილიზებას. ბუნებრივია, ვინც უფრო ადრე გაიაზრა, მან მოასწრო - ვისაც უფრო მეტი ფინანსური რესურსი და მობილიზების უნარი აქვს, უპირატესობითაც ის სარგებლობს - „ქართულ ოცნებას“, ნაციონალებს და ბურჯანაძის პარტიას დაფინანსების მეტი წყაროები გააჩნიათ.

მახსოვს, წლების წინ კონსტანტინე გამსახურდია რომ ჩამოვიდა საქართველოში, ხან ქრონომეტრაჟის ხან სხვა მიზეზით საერთოდ არ მისცეს ეთერით სარგებლობის უფლება - შემდგომში ეს შეფასდა, როგორც მიზანმიმართული ზეწოლა - მსგავსი რამ ახლა ნამდვილად არ მომხდარა, როდესაც ამა თუ იმ პარტიას ან კანდიდატს შეგნებულად ხელს უშლის მმართველი პარტია.

ისეთ პარტიებს, რომლებიც კვალიფიციურ სუბიექტებად არ ითვლებიან და არც დიდი ფინანსური რესურსები გააჩნიათ, სჭირდებათ გარემოება, როდესაც თავს დაჩაგრულის პოზიციაში წარმოადგენენ, იმისათვის, რომ რაღაც ზეგავლენა იქონიონ მოსახლეობის მიდგომებზე. მოსახლეობა როგორც წესი, გაჭირვებულის გვერდით უფრო დგება. ეს პროპაგანდაში არსებული ტექნიკაა, ბუმერანგის ეფექტი ჰქვია და როგორც წესი, აქცენტი კეთდება იმაზე, ვინც უფრო ჩაგრულად წარმოაჩენს თავს, სოლიდარობას ის მეტად მიიღებს. მთლიანობაში ვერ ვხედავ, რომ გააზრებული ხელშეშლის პროცესი მიმდინარეობდეს სახელმწიფო სექტორის ან მმართველი პარტიის მხრიდან.

რამდენად ჰქონდათ საკუთარი თავის წარმოჩენის შანსი - რამდენად სწორი მიმართულებები აირჩიეს, სწორი აქცენტები დასვეს ამ არჩევნებისთვის კონკურენტმა პარტიებმა, მათმა კანდიდატებმა?

- საკმაოდ ცოცხალი პროცესია წინასაარჩევნო კამპანიაში და საამისო წინაპირობებიც არსებობდა - გამოკვეთილი ლიდერი როგორც ადრე იყო, ახლა არ არის. გასაგებია, რომ ცალკეული პარტიული სუბიექტები, განსაკუთრებით სახელისუფლებო კანდიდატი, ცდილობს, შქმნას თავისი უალტერნატივობის და ასე ვთქვათ, წინასწარგამარჯვებულის ეფექტი, მაგრამ როდესაც წინასაარჩევნო პროცესი დაიწყო, თითქმის თანაბარი სტარტი იყო მერობის კანდიდატებისათვის. თითოეულ საარჩევნო სუბიექტს აქვს დიდი შანსი, რომ როგორც მერობის შემთხვევაში, ისე ცალკეულ უბნებზე მიიღონ სასურველი მხარდაჭერა ადგილებზე ამომრჩევლისაგან. ეს მათ აძლევს საშუალებას, საკმაოდ ცოცხალი წინასაარჩევნო პროცესი ჰქონდეთ.

დასაწყისში საკმაოდ მონოტონურად და ამორფულად დაიწყო საარჩევნო კამპანია. ბოლო დროს უფრო გამოკვეთილი სახე მიიღო, შესაძლოა, კონკურენციის გამო - ცდილობენ უფრო დახვეწონ შეტყობინებები.

მაგალითად, სახელისუფლებო კანდიდატი ცდილობს მეტად აჩვენოს საკუთარი საჭიროება და რაღაცნაირად, საზოგადოებრივი დიალოგის რეჟიმში გადავიდა. ნაციონალების კანდიდატი აჩვენებს, რომ მას მთელი პროცესი დაგეგმილი აქვს და მერობა იმისთვის სჭირდება, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს. სხვა კანდიდატებიც ცდილობენ, აჩვენონ საკუთარი მიზნები - ზოგიერთი გულწრფელობაზე, სარწმუნოებაზე ან სხვა ფასეულობაზე აკეთებს აქცენტს, ზოგი - პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე, რომ ვიღაცასთან ალიანსში არ არიან, რათა საზოგადოებრივი წყრომის საფუძველი არ არსებობდეს. არის საინტერესო მომენტები, ვერ ვიტყვით, რომ ძალიან უხარისხოდ და ამორფულად მიმდინარეობს პროცესი.

საქმე ის არის, რომ ეს ყველაფერი მედიაში მაინც და მაინც კარგად ვერ აისახება, რადგან საკმაოდ ფართო საარჩევნო სპექტრი გვაქვს, თუმცა მთლიანობაში თითოეული ეძებს თავის სათქმელს, ბევრად უფრო დაიხვეწა ბოლო პერიოდში თითქმის ყველა პარტიის გამოხატულება, ვიდრე თუნდაც ერთი თვის წინ.

მომწონს ისიც, რომ ყვირილისა და ხმამაღალი ტექსტების ნაცვლად მაინც გარკვეულ შეთავაზებებზეა ეს პროცესი აგებული - სად არის წრფელობის სივრცე, სად - რეალური, საქმიანი სიტყვა ეს სხვა თემაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებასთან გამოხატულ მესიჯებზე.

წინასწარ იკვეთება თუ არა რამდენიმე ისეთი კანდიდატი, რომელთა შორისაც გაიმართება თბილისის მერობისთვის ძირითადი ბრძოლა? - საარჩევნო სიაში ბევრმა, საზოგადოებისთვის არაცნობილმა სახემაც მოიყარა თავი...

- ყველა ხედავს რამდენიმე ძირითად კანდიდატს. ამ თემაზე საუბრისას, პირველ რიგში, უნდა გავავლოთ ერთი სასაზღვრო ზოლი - საარჩევნო პროცესს აქვს თავისი მიზნები. გასაგებია, რომ პრინციპული მიზანი არის არჩევნებში გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ამის გარდა, ეს არის მედიააქტივობა, საზოგადოებასთან შეხვედრები, საზოგადოების მოტივირება კანდიდატებთან შეხვედრისა და ა.შ. ეს არის სივრცე, რომელშიც თითოეულ პარტიას, კანდიდატს, პოლიტიკურ სუბიექტს, აქვს შანსი, საკუთარი თავი წინ წასწიოს პოლიტიკურ ბაზარზე. შესაძლოა, ამ არჩევნებში გამარჯვებაზე კი არა, სამომავლო აქტივობების დაგეგმვისთვის ზრუნავენ.

არსებობენ კანდიდატები, რომლებიც არც ერთით სარგებლობენ არც მეორით, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობით თავიანთ ანგარიშს მაინც ხედავენ - 90-იანი წლებიდან მოყოლებული, არიან კანდიდატები, რომლებიც ყველა არჩევნებში მონაწილეობენ, მაგრამ ამას მათთვის ოდნავი წარმატება არ მოუტანია. არიან ისეთებიც, რომლებმაც პარადოქსულად, კურიოიზულად, საკუთარი თავი, მეტ-ნაკლებად ცნობილი გახადეს საზოგადოებაში, თუმცა ამით რას მოიგებენ, ეს სხვა თემაა.

მერობის ყველა საკმაოდ ზოგადი სლოგანებით გამოირჩევა - დროა მოვაწესრიგოთ, ავამუშავოთ და .. - თქვენი შეფასებით თუ იკითხება რას გვთავაზობენ, რატომ უნდა ავირჩიოთ?

- სლოგანებში გამოხატული შეტყობინებები, სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ამორფული და არაფრისმომცემია და არ მგონია ეს სლოგანები რომელიმე მათგანს ეფექტურად ეხმარებოდეს საარჩევნო პროცესში, რადგან ცალსახად უხარისხოა თითოეული კანდიდატისა და სუბიექტისათვის.

რამდენიმე ძირითადი ტენდენციაა - ერთი, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატებს ახასიათებს - ერთი მხრივ, ვერ ბედავენ თვითკმაყოფილების მაქსიმუმის გამოხატვას და ფსევდოკრიტიკულობით გამოხატულ თვითკმაყოფილებაში არის-ხოლმე განზავებული. ასეთი იყო „ნაციონალურ მოძრაობის“, ასეა ამჟამად „ქართული ოცნების“ შემთხვევაში. „ერთად ვიზრუნოთ თბილისზე“ - იგივეა დაახლოებით, რაც „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ - როდესაც აღიარებ, რომ უნივერსალური არ ხარ, მაგრამ ამავე დროს თვითკრიტიკულობის ნასახი არ გაგაჩნია. ან ისეთი ფსევდოდამოკიდებულება, რომელიც გამოხატავდა, რომ აი, ჩვენ ვიცით, რომ ბევრია გასაკეთებელი და კმაყოფილები არ ვართ, თუმცა გულწრფელობა მხოლოდ კმაყოფილების განცდაშია გადაყვანილი.

მეორე კატეგორია ეს არის, როდესაც ირჩევს კონკრეტულ მეტოქეს და მის წინააღმდეგ გამოხატულ შეტყობინებებს ირჩევს.

მესამე კატეგორია - ხედავენ, რომ გარდამავალი პერიოდი საქართველოში უკვე ათწლეულებია არ იცვლება დადებითისკენ და ცდილობენ, საკუთარი თავი ცვლილებების განმხორციელებლად წარადგინონ. როგორც წესი, ასეთი კატეგორიები გვაქვს, პრაქტიკულად, არაფრისმომცემი შინაარსის მატარებელი, რადგან ჩვენთან საზოგადოებრივი პროცესები კუს ნაბიჯებით ვითარდება.

ოპოზიციური პარტიები აქცენტს აკეთებენ მეორე ტურზე, შეიმჩნევა წინაპირობა?

- განსაზღვრული კვლევის გარეშე რომ ვთქვა, მეორე ტური აუცილებლად იქნება, ასე არ არის. მაგრამ ტენდენციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რამდენადაც ფავორიტი არ გვყავს ან ფავორიტი არის შედარებითი საზომით - ანუ ნარმანიას, როგორც სახელისუფლებო კანდიდატს, შეიძლება, ჰქონდეს სხვებზე მეტი რეიტინგი, მაგრამ ეს საკმარისი არ იყოს იმისთვის, რომ პირველივე ტურში აუცილებლად გაიმარჯვოს.

ყველა პირობა მიანიშნებს, რომ მეორე ტური აუცილებლად უნდა გაიმართოს. თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებზეც ყველა ელოდებოდა მეორე ტურს, მაგრამ მოხდა ისე, რომ გაიმარჯვა სახელისუფლებო კანდიდატმა. შესაძლოა, ამჯერადაც მსგავსი რამ მოხდეს.

ზოგადად, მეორე ტური საკმაოდ დადებითი მომენტია. მართალია, მიუთითებს სახელისუფლებო რეიტინგის შემცირებაზე, მაგრამ უალტერნატივობისა და უაზრო თვითკმაყოფილების მომენტიდან გამოსავალია. იმ ვითარებაში, რაც გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მომენტი იქნება, რადგან პოლიტიკური სუბიექტები მშვიდად და დაცულად ვერ იგრძნობენ თავს და უფრო მეტად მოიწადინებენ საზოგადოების გულის მოგებას.

ყოველი არჩევნების წინ ისმის სახელისუფლებო რესურსის გამოყენების ბრალდება. ახლა თუ შეინიშნება მსგავსი რამ?

- ნებისმიერი აქტი, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატს შეიძლება ახლდეს ან ხელისუფლებამ შეიძლება გამოხატოს სხვა სივრცეში, შეიძლება, აღქმული იყოს სახელისუფლებო რესურსად - ეს პოსტკომუნისტური ქვეყნების სენია. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება საზოგადოებაში პარტიად აღიქმება. ხელისუფლებაც ნებისმიერი აქტივობის დროს ცდილობს, პარტიული ქულები მიიღოს საზოგადოებისაგან, მაშინ, როდესაც, ის, რასაც მთავრობა ახორციელებს, უბრალოდ, მისი მოვალეობაა. ეს კი სიგნალია ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ სახელმწიფო რესურსები საარჩევნოდ გამოიყენება.

სამწუხაროდ, ჩვენ არ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს საშუალება, რაიმე სათავისოდ გამოიყენოს და ამით არ ისარგებლოს. არ მაქვს ილუზია, რომ ასეთი ხელისუფლებები გვყავს, გვყავდა ან უახლოეს პერიოდში გვეყოლება.