პრემიერ-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ აგრესიულად განწყობილ მოსახლეობას ემოციების შეკავებას სთხოვს და პირობას აძლევს, რომ უსამართლობა, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაბუდებული ქვეყანაში, გამოძიებილი იქნება. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პასუხს კანონის შესაბამისად აგებენ და ყველა დამნაშავე სამაგალითოდ დაისჯება. პრემიერი საკუთარი პოლიტიკური ძალის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
თუმცა, საპირისპიროს აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომლის განცხადებით, ისევე როგორც თბილისში, ასევე ბევრ რაიონში იქნება მეორე ტური, ხოლო ძალიან ბევრ რაიონში „ნაციონალური მოძრაობა“ პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
For.ge გიორგი ვაშაძეს ესაუბრა.
პრემიერი იძულებული გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი მოსახლეობისთვის მიემართა, რომ ემოციები შეიკავონ. რატომ გესხმიან თავს მოქალაქეები?
- პრემიერის მხრიდან ეს არის თამაში. ის თვითონ ავალებს კონკრეტულ პირებს, რომ შესაბამისი აგრესიული ქმედებები იყოს ორგანიზებული. ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან. ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის, რომ მათ სხვა გზა არ დარჩენიათ. წელიწადი და რვა თვე გავიდა რაც ხელისუფლებაში არიან, არასად არაფერი არაა გაკეთებული. არც ის საწარმოები არსად ჩანს, რომელსაც ასე ხმამაღლა გვეუნბენიან, რომ გახსენს. შესაბამისად, უნდათ, რომ ემოციური ფონი შექმნან არჩევნებზე და ამ ემოციური ფონით როგორმე მიაღწიონ წარმატებას, რასაც მიჩვეულები არიან.
ცოტა სასაცილოც არის ასეთი განცხადება ღარიბაშვილის მხრიდან, რომელიც თვითონ გასცემს მსგავს დავალებებს და რომელშიც საარჩვენო შტაბის წევრები იღებენ მონაწილეობას. უბრალოდ, ერთი რამ მინდა ვთქვა - დაპირისპირება ანგრევს ქვეყანას. არაა ნორმალური, როდესაც ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს დაპირისპირების ფონის შექმნას. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ძალადობაზე ამყარებს თავის ქმედებებს, განწირულია.
ადამიანები რომელებიც გამოხატავენ აგრესიას, ღიად აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირდება ძალადობასთან, მკვლელობასთან და მათ არ აქვთ უფლება, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ეს განწყობა არის მოსახლეობაში და თქვენ თვლით, რომ უსამართლო ბრალდებაა?
- იმ ზეპირ ბრალდებებს და მესიჯებს, რომელიც აქვს ხელისუფლებას ამ არჩევნებში, იმეორებენ მათი შტაბის წევრები და მაქსიმალაურად ცდილობენ შექმნან ემოციური ფონი. ყველა ის ადამიანი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს რაიმე სახით შეხებაში იყო დანაშაულთან, თუნდაც ძალადობრივ დანაშაულთან, ახლა ლამაზად გადაბარგებულები არიან „ქართულ ოცნებაში“ და მათთან ერთად აკეთებენ ზუსტად იგივეს.
დააკონკრეტეთ, ვის გულისხმობთ?
- ბათუმის მერობის კანდიდატი იყო ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომლის მიმართაც მსგავსი პრეტენზიები არსებობდა აჭარაში. არაერთი ასეთი ფაქტია... იგივე - კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები, რომელსაც ახლა დაარქვეს სუს-ის თანამშრომლები... დიახ, ახლა იბრძვიან „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ერთი რამ, რომ ძალადობაზე დაფუძნებული ხელისუფლება, ვერც ერთ შემთხვევაში დიდხანს ვერ გასტანს.
თქვენ ამტკიცებთ, რომ ამ დაპირისპირებებში მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, საინტერესოა რატომ უნდა აწყობდეს ხელისუფლებას დაპირისპირება, როცა იგი საკუთარი კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია?
- იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი ამ ხელისუფლებას არ აქვს, გარდა ადგილზე დაპირისპირების მოწყობისა - მათ არ აქვთ სალაპარაკო. გადით მოსახლეობასთან და დაელაპარაკეთ. კითხვას რომ ვსმათ რა გაკეთდა წელიწადი და რვა თვის მანძილზე, ამაზე პასუხი არაა - არაფერი არ გაკეთებულა. პირიქით, ძალიან ბევრი რამ უკან წავიდა. ბიუჯეტი გაირღვა, პენსია არც ერთი თეთრით არ გაზრდილა, ნაცვლად იმისა, რომ პენსია 220 ლარი ყოფილიყო. გვახსოვს სხვა დაპირებები ხელიუფლების მხრიდან - არავის თვალით არ უნახავს ეს 100 საწარმო.
მარტო ვებ-გვერდზეა მითითებული გახსნილი საწარმოები და რეალურად არსად არ არის. უწერიათ, რომ სამი საწარმო გახსნილია ქუთაისში, იგივე წყალტუბოზე მიწერილია 4 თუ 5 საწარმო. ძალიან საინტერესო კვლევა აქვს ჩატარებული სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფს, ცალსახად ჩანს, რომ არავინ არ იცის ამ საწარმოს შესახებ ადგილობრივ დონეზე. რუკაზე შეიძლება სურათები ბევრმა დახატოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ნამდვილად არ აისახება რეალობაზე.
ეს არის რეალური სიტუაცია და სხვა რა დარჩენია ხელისუფლებას გარდა იმისა, რომ შექმნას დაძაბულობის ფონი და საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალური აქტივიზაცია მოახდინოს.
იგივე გააკეთეს 2012 წელს, როცა არჩევნების წინა ღამეს ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა დააბარლეს „ნაციონალურ მოძრაობას“. ამან შექმნა საკმაოდ ნეგატიური ფონი საქართველოს მასშტაბით და მაშინ, ამით წარმატება მიიღეს.
და თქვენ ფიქრობთ, რომ მხოლოდ ამ საქმემ განაპირობა ხელისუფლების გამარჯვება?
- ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ეს იყო. ავიღოთ ბედუკაძის საქმე, ბედუკაძის თანამონაწილეები დაკავებული იქნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ისინი გმირებად გახადა და გაუშვა ციხიდან. მე ვამბობ, რომ შევეჯიბროთ ერთმანეთს საქმის კეთებაში და არა დაპირისპირებაში. თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკა სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ერთ რაიონში ერთი პოლიტიკური ძალა მოიგებს, მეორე რაიონში სხვა პოლიტიკური ძალა.
თქვენ ამბობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ადამიანებთან სალაპარაკო არ აქვთ და ამიტომ ქმნიან დაძაბულობას, მაგრამ, თქვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაქვთ ხალხთან სალაპარაკო?
- რა თქმა უნდა, გვაქვს სალაპარაკო, იქედან გამომდინარე, რაც გაკეთდა. წლიდან-წლამდე საქართველო წინ მიდიოდა, ბოლო ორი წელიწადია, როდესაც საქართველოში არაფერი წინ არ იძვრის, დაწყებული პროექტებიც კი გაჩერებულია. შეუცდომელი არავინაა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს როგორც დამარცხების, ასევე გამარჯვების და საქმის კეთების გამოცდილება. რაც არის დღემდე გაკეთებული, გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. იცით რა დაამატა ამას ხელისუფლებამ? - დაამატა სატელეფონო მოსმენების გაორმაგებული აპარატურა, დაამატა ზეწოლები და თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტებზე. მაგრამ, საქმე რა დაამატა, რომელმაც რამენაირად შეუმსუბუქა გაჭირვებულ ადამიანს ცხოვრება?
შეგიძლიათ შემახსენოთ პოლიტიკური თავდასხმა, რომელიც ხელისუფლების შეკვეთით განხორციელდა?
- ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმე, დეპუტატი ნუგზარ წიკლაური... ეს საქმეები იმიტომ არაა გახსნილი, რომ ალბათ, მათი დავალებით არის განხორციელებული, აბა რა გამოძიება უნდა ამდენი ხანი ამ საქმეს?!
როდესაც შეკვეთილ პოლიტიკურ თავდასხმებზე საუბრობთ, უნდა შეგახსენოთ მხოლოდ ბოლო ორი საქმე, პაატა ქარდავას და დავით ცინდელიანის გაუგონარი სისატიკით ჩადენილი მკველობა, რომელშიც ბრალდებულია კუდ-ის მაღალჩინოსანი რომან შამათავა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გმირს უწოდებს. ამ სისასტიკეზე „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს კომენტარი?
- ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ვინც დანაშაული ჩაიდინა, ის ციხეში უნდა იჯდეს და არა თავზე გადაუსვას ხელისუფლებამ ხელი, როგორც კი მის მხარეს გადავა. ეს არის განსხვავება ჩვენს მოთხოვნასა და მათ მიერ გაკეთებულ საქმეებს შორის.
რაც შეეხება ზეწოლის შემთხვევებს, მარნეულში თქვენი კანდიდატი ამტკიცებს, რომ მასზე ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა საპირისპიროს აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“. აქედან გამოდინარე, ექსპერტები ეჭვობენ, რომ მიზანმიმართულად ძაბავთ ვითარებას...
- მიზანმართულად ვძაბავთ და მიზანმიმართულად მოვახსნევინეთ ჩვენს კანდიდატს კანდიდატურა? ეს ხომ აბსურდია. ხელისუფლება, ღარიბაშვილის უშუალო დავალებით მაქსიმალურად ცდილობს, რომ იქ, სადაც იციან, რომ აგებენ არჩევნებს, ყველა მეთოდით მოახდინონ მათი ოპონენტების ნეიტრალიზება. ღარიბაშვილის მესიჯის გამეორება არის თანამონაწილეობა იმ დანაშაულისა, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“.
ბათუმის შემთხვევაშიც თვლით, რომ ხელისუფლებამ უბიძგა გიორგი ბარამიძეს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხოფა მიეყენებინა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც გააპროტესტეს „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა? თქვენი კოლეგის დამოკიდებულება მოგეწონათ?
- მე მომეწონა თუ არ მომეწონა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ხელისუფლება ცდილობს, რომ მიაგზავნოს ე.წ. პოლიტპატიმრები ჩვენს შეხვედრებზე და დაძაბოს სიტუაცია. უკაცრავად, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს ღირსება, რაღაცა დონეზე შეიკავებს თავს და რაღაცა დონეზე ვერ შეიკავებს თავს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საკითხი არის ძალიან ცალსახა და ძალიან კონკრეტული. ხელისუფლება ძალადობის პროვოცირებას აკეთებს. ეს ადამიანები არიან „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები.
ობიექტურობისთვის შეგახსენებთ, რომ გაცილებით მკაცრი მეთოდით უსწორდებოდა თქვენი ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს...
- სამი თუ ოთხი ინციდენტი იყო მაშინ და მიმაჩნია, რომ ეს იყო არასწორი, მაგრამ დღეს ხელისუფლება პირდაპირ მიზანმიმართულად ძაბავს ვითარებას, ეს მათი სტრატეგიაა.
მეორე ტურს ელოდებით?
- ბევრ რაიონში იქნება მეორე ტური. ბევრ რაიონში ჩვენ გავიმარჯვებთ და თქვენ ამას ნახავთ.
თუმცა, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დარჩენილი აქვს სულ რამდენიმე დღე, რომ სიმბოლურად გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან...
- ეს პრემიერ-მინისტრის ოცნებაა, მაგრამ ჯობია მან საკუთარი საქმე აკეთოს, ვიდრე ამ ოცნებით იყოს დაკავებული. ყველამ ძალიან კარგად იცის რა შესაძლებლობა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას. ბევრ რაიონში იქნება მეორე ტური, ბევრ რაიონში პირველივე ტურში გავიმარჯვებთ. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში მეორე ტური იქნება.
დაპირისპირება ანგრევს, ხოლო თანამშრომლობა აშენებს ქვეყანას. ამიტომ, სხვადასხვა რაინოში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალა რომ გაიმარჯვებს, მეტი კონკურენცია იქნება საქმის კეთების. ჩვენ ვთავაზობთ, შევეჯიბროთ ერთმანეთს საქმის კეთებაში.