ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საზოგადოების ერთი ნაწილი პოლიტიკურ ველზე გარკვეული ცვლილებების მოლოდინშია. ხელისუფლების ორ ჯგუფად გაყოფის და ერთმანეთის ოპონირების სცენარი ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე არსებობდა. ბოლო დროს მოლოდინი პრემიერსა და პრეზიდენტს შორის გამწვავებულმა ურთიერთობამ, ასევე საზოგადოებრივ ასპარეზზე პოლიტიკური განცხადებებით მოლაპარაკე ბიზნესმენ ლევან ვასაძის გააქტიურებამ გაამძაფრა. არის თუ არა მოსალოდნელი პოლიტიკური კატაკლიზმები ადგილობრივიდან საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში და როგორ შეიძლება, შეიცვალოს ძალთა არსებული განლაგება, ამ თემაზე ექსპერტი ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.
ბატონო ვაჟა, კვლავ აქტიურად საუბრობენ ხელისუფლებაში მოსალოდნელ ძალთა გადაადგილებებზე, როგორ ფიქრობთ, რა იქნება არჩევნების შემდეგ?
- არ ვფიქრობ, რომ ამ არჩევნების შედეგი იქნება მმართველი კოალიციის დაშლა, რამდენადაც ჯერ კიდევ აქვს მას ერთიანობის რესურსი. თუმცა გარკვეული უთანხმოება ლიდერებს, სხვადასხვა პარტიებს შორის ახლავე სახეზეა. მაგრამ რამდენადაც კოალიციის სუბიექტებს სრულფასოვანი ფუნქციონირება დამოუკიდებლად არ შეუძლიათ, ისინი მაინც ივანიშვილის ქოლგის ქვეშ, ერთად მოღვაწეობის გაგრძელებას ამჯობინებენ.
სხვადასხვა წრეებში აქტიურად მსჯელობენ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ, რომელშიც გაერთიანდება „ქართული ოცნების“ რაღაც ნაწილი, მათ შორის მარგველაშვილი, ასევე ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ა.შ. როგორ ფიქრობთ, ეს შეთქმულების თეორიაა, თუ არის რაღაც სიმართლის მარცვალი?
- არ მიყვარს ფანტაზიორობა - არსებული სურათის მიხედვით, პოლიტიკურ არენაზე ახალი ძალების შემოსვლის მოლოდინი არესებობს, აუცილებლობაც, მაგრამ რამდენადაც ადამიანური და ფინანსური რესურსი ქვეყანაში ჯერჯერობით არ ჩანს, არ ველოდები პოლიტიკურ მიწისძვრებს და ძალთა ახალ განლაგებას.
ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალები იქნებიან „ქართული ოცნება“, ბურჯანაძის კოალიცია და „ნაციონალური მოძრაობა“. ასევე არ ველოდები უახლოეს მომავალში ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლას. თუმცა მისი პოლიტიკაში გამოჩენა სერიოზულად შეცვლიდა ძალთა განლაგებას.
როდესაც ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენაზე საუბრობენ, არგუმენტად მოჰყავთ პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირება. თქვენი შეფასებით არის ეს ჯანსაღი ოპონირება თუ მოსალოდნელია დაპირისპირებულ ბანაკებში მათი ხილვა?
- ეს დაპირისპირება არ არის. მათ პრობლემების გადაწყვეტის სხვადასხვა ხედვა აქვთ. აქედან გამომდინარე, არ მიმაჩნია, რომ მომავალში სერიოზულ დაპირისპირებას უნდა ველოდეთ.
თუმცა ჰიპოთეთური ალიანსი სამომავლოდ დასაშვებია - მარგველაშვილი, „რესპუბლიკელები“, „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული ფრთა, ასეთი გაერთიანების შესაძლებლობას ვხედავ, მაგრამ ვერ ვხედავ მის პოლიტიკურ პერსპექტივას, რადგან საქართველოში დამთავრდა არჩევნების ფალსიფიკაციის ეპოქა და ამიერიდან ყველა არეჩევნები ელექტორატის ნების შესაბამისი შედეგით დამთავრდება.
ეს რთული გზაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრი რამ ვიწვნიეთ იმის გამო, რომ არჩევნები სისტემატურად ყალბდებოდა სხვადასხვა მოტივით, ეს იყო რუსული საფრთხე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა და ა.შ.
ამიტომ, მაინც ვფიქრობ, რომ ელექტორატის განწყობა ზუსტად გაიზომება არჩევნების დროს და აქედან გამომდინარე არ მგონია, ახალ პოლიტიკურ სუბიექტს უახლოეს ორ-სამ წელიწადში რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს.
სჯობს იმაზე ვიფიქროთ არსებული პოლიტიკური სპექტრი როგორ გახდეს უფრო ქმედითუნარიანი, როგორ დავძლიოთ ეკონომიკური პრობლემები და ა.შ. ამ ამოცანას ვფიქრობ, ყველაზე უკეთ „ქართული ოცნების“ ჯანსაღი ნაწილი შეძლებს, რადიკალი ნაციონალური ძალებისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოპონირების პირობებში.
ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე შენარჩუნდება ძალთა არსებული პოლიტიკური სურათი? არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ამ პერიოდში პრორუსული ძალების გაძლიერებაც მოხდეს...
- საპარლამენტო არჩევნებამდე ბევრი წყალი ჩაივლის, თუმცა ვფიქრობ არსებული სპექტრი შენარჩუნდება. ერთადერთი, რამაც ეს მოზაიკა შეიძლება, შეცვალოს, არის ვასაძის შემოსვლა პოლიტიკაში. მაგრამ ამ ნაბიჯს მისგან საპარლამენტო არჩევნებამდე არ ველოდები.
რაც შეეხება რუსეთს, შესაძლოა, ის ფიქრობს, რომ ორი წელი საკმაოდ დიდი დროა კავკასიაში სტატუს-კვოს შექმნისთვის და ამ პერიოდში პრორუსული ძალები მომრავლდებიან როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში, ხოლო სომხეთში კიდევ უფრო გაძლიერდებიან - თუმცა ასეთი ვარაუდი უსაფუძვლო მგონია. საქართველოში არის რუსეთთან ურთიერთობის დალაგების შესაძლო პესპექტივა, მაგრამ პოლიტიკაში პრორუსული ვექტორის გაძლიერებას არ ველოდები.
საპარლამენტო არჩევნებამდე საკმაოდ რთული გზა აქვს გასავლელი ხელისუფლებას, რომელსაც ადგილობრივ არჩევნებამდე საზოგადოება ანგარიშს უწევდა. ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ მის მიმართ სამართალი არ აღდგა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ორ კვირაში საპროტესტო აქციებს გეგმავს, არის სოციალური და ეკონომიკური პრობლემებიც. შესაძლებელია პროგნოზირება როგორ დაძლევს ხელისუფლება ამ ამოცანას?
- ვფიქრობ, სწორედ ამ ხელისუფლების დამსახურებაა ამ პრობლემების წინა პლანზე წამოწევა და საუბარი იმაზე, რომ სამართლიანობის აღდგენა ბოლომდე მისაყვანია, საკუთრების უფლება დასაცავია, უსამართლობა გასასწორებელია და ა.შ. ვფიქრობ, არჩევნები ბევრ სიურპრიზს შემოგვთავაზებს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში დამარცხდება.
ძალიან რთული პროცესია ტერიტორიებდაკარგული, ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, რომლის პოლიტიკური სისტემა გამართულად და ჰარმონიულად არ ფუნქციონირებს, მაგრამ მგონია, რომ ძალთა განლაგება არ შეიცვლება, იქამდე ვიდრე ვასაძე არ გადაწყვეტს პოლიტიკაში შემოსვლას. ასეთ შემთხვევაში გვექნება ახალი მოცემულობა, რომელიც დემოკრატიული პროცესის შემდგომი განვითარების ფონზე მხოლოდ სასიკეთო იქნება ქვეყნისთვის.
ლევან ვასძე იმდენად მძიმეწონოსანი ფიგურაა, რომ სხვა მოცემულობის წინაშე დაგვაყენებს მისი პოლიტიკაში შემოსვლა?
- ვასაძე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა თავისი შეხედულებებით, წონით, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მისდამი განწყობით, ამდენად, მან შესაძლოა ითამაშოს სერიოზული როლი ქართულ პოლიტიკაში.
მის ელექტორატში რომელი სოციალური ჯგუფები შეიძლება მოიაზრებოდეს?
- ცალკე სოციუმების მიხედვით ვერ გეტყვით, რომელი ფენა დაუჭერს მხარს, მაგრამ ვფიქრობ, ქართული საზოგადოების ყველა ფენაში მას მხარდამჭერები ჰყავს.
თქვენ ახსენეთ სიურპრიზები - რას ელოდებით ადგილობრივ არჩევნებზე?
- შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ სტატუს-კვოს შეინარჩუნებს. სიურპრიზები მოსალოდნელია ყველა ოპოზიციური ძალის მხრიდან ცალკეულ რეგიონებში. ამაზე მიანიშნებს დაძაბულობები გარკვეულ რაიონებში. ეს მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ შესაძლოა ძალთა არსებულ განლაგებაში ბევრი რამ შეიცვალოს.
რაც შეეხება თბილისს?
- თბილისშიც იგივე სიტუაცია იქნება, რაც მთელ ქვეყანაში. თუ საუბარია მერის არჩევნებზე, რომელიც ერთგვარი ინდიკატორია მოსახლეობის განწყობის, ერთმანეთზე უკეთესი პიროვნებები დგანან ერთმანეთის პირისპირ - ნარმანია, კუკავა, ლორთქიფანიძე, ინაშვილი, მელია და ა.შ. - თბილისი სპეციფიკური ქალაქია და შესაძლოა, პარტიულ კუთვნილებაზე მეტად პიროვნულ ღირსებებს მიექცეს ყურადღება, მაგრამ მგონია, სახელისუფლებო კანდიდატს მეტი შანსი აქვს.
როგორ ფიქრობთ, ნაციონალებს მოუწევთ თავისი მეორე ადგილის დათმობა?
- ვფიქრობ, არჩევნების შედეგები იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ამომრჩევლის აქტივობა. თუ ცოტა ამომრჩეველი იქნება, ეს გაზრდის სახელისუფლებო და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების შანსებს. თუ ბევრი ამომრჩეველი მივა, შესაძლოა, სულ სხვა სურათი მივიღოთ და სიურპრიზების საფუძველსაც სწორედ ამაში ვხედავ.