„დაიმსხვრა მითი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური ძალაა“

„დაიმსხვრა მითი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური ძალაა“

თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელმაც პარტიების რეიტინგებთან ერთად, საზოგადოებისათვის აქტუალური სხვა საკითხებიც მოიცვა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო ეტაპი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში არ არსებობს საარჩევნო დემოკრატია და სასწრაფოდაა განსახორციელებელი საარჩევნო რეფორმა.

„ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი საარჩევნო სივრცე. ე.წ. არაკვალიფიცურ და კვალიფიციურ პარტიებს შორის უთანასწორობა იმდენად თვალშისაცემი და ღრმაა, რომ ცალკეული პარტიები აშკარად მოექცნენ პოლიტიკური დისკრიმინაციის ქვეშ. ჩვენ არ გვქონდა და არც გვაქვს უფასო სარეკლამო დრო. არ გყავს წევრები საარჩევნო კომისიებში, საარჩევნო ნომრის მინიჭებას თვეები დასჭირდა, რამაც დააყოვნა სააგიტაციო მასალის დაბეჭდვა და გავრცელება.

პოლიტიკურ დებატებში სტუმრების შერჩევისას ტელეარხები ხელმძღვანელობენ კვალიფიციურობის კრიტერიუმით, რაც წარმატებულ კანდიდატებს დებატებში სრულფასოვანი მონაწილობის საშუალებას ართმევს. სახელისუფლებო კანდიდატის მხარდამჭერები საზოგადოებას არწმუნებენ, რომ მათი კანდიდატი უალტერნატივოა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ის მეორე პოლიტიკური ძალაა, რაც მტკნარი სიცრუეა“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.

მისი თქმით, მარტის თვის დასაწყისში, „ობიექტივმა“ შექმნა გამოკითხვის სპეციალური ჯგუფი, რომელმაც ქვეყანაში ფართომასშტაბური გამოკითხვა დაიწყო. დღევანდელი მდგომარეობით, გამოკითხულია 100 000-ზე მეტი ადამიანი, თუმცა, ამ დროისთვის მოესწრო 40 000-ზე მეტი მონაცემის დამუშავება.

გამოკითხვის ყველა ფურცელზე მოქალაქეს დაფიქსირებული აქვს მისი სახელი და გვარი, მისამართი, პირადობის ნომერი, ხელმოწერა, ანუ ყველა ფურცელი არა ანონიმური, არამედ საჯარო და სრულფასოვანია. ინაშვილმა ამის საილუსტრაციოდ წარმოდგინა გამოკითხვის 20 000-ზე მეტი ფურცელი. ეს დოკუმენტაცია გამჭვირვალე ყუთებშია განთავსებული. 450-ზე მეტი ფურცელი კედლებზე იყო გამოფენილი და მედიის წარმომადგენლებს მონაცემების გაცნობის საშუალება ჰქონდათ.

გამოკითხვა 6 ძირითადი შეკითხვისგან შედგებოდა. თუმცა, მხოლოდ , „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მონაცემების გასაჯაროება მოხდა. როგორც ინაშვილი ამბობს, ამით დაამსხვრეს მითი, რომ „ნაციონალაური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური ძალაა.

„საქართველოს მასშტაბით, გამოკითხულთა მხოლოდ 5,7% უჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ 28, 8%-ი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ამგვარად, ჩვენ, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 5-ჯერ მაინც ვუსწრებთ „ნაციონალურ მოძრაობას“. ხაზს ვუსვამ - ეს გამოკითხვა მიმდინარეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანიის დაწყებამდე. მაშინ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ჯერ კიდევ არ იყო დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტად, ხოლო მე, ირმა ინაშვილი, არ ვიყავი დასახელებული თბილისის მერობის კანდიდატად. დღეს ჩვენი რეალური რეიტინგი კიდევ უფრო მაღალია. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ სწორედ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ იქნება პირველი თუ არა, მეორე პოლიტიკური ძალა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ინაშვილი.

რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ პარტიულ რეიტინგს, ინაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი დიდი ქალაქი და რაიონული ცენტრი, სადაც „ქართულ ოცნებას“ 50%-იანი რეიტინგი აქვს.

„მეტს გეტყვით, ეს რეიტინგი ვერსად ვერ აღწევს 50%-ს. დავით ნარმანიას და „ქართულ ოცნებას“ განსხვავებული რეიტინგი აქვთ. „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკური პარტიას, მეტი ადამიანი უჭერს მხარს და ენდობა, ვიდრე თბილისის მერობის კანდიდატს, დავით ნარმანიას“, - აცხადებს ინაშვილი.

მისი თქმით, გამოკითხვაში ყურადღება დაეთმო საზოგადოებისათვის აქტუალურ სხვა საკითხებსაც. გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის 70% პრიორიტეტად მიიჩნევს რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებზე დაფუძნებული ცხოვრების წესის შენარჩუნებას. მოსახლეობის 60%-ზე მეტისთვის უპირველესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის გამთლიანებას.

„გამთლიანების გამო, ის თანახმაა, გნებავთ, ნატოში გაწევრიანდეს და გნებავთ, არარსებულ ევრაზიულ კავშირში, ან რომელიმე სხვა გაერთიანებაში. ეს ინფორმაცია მკვეთრად განსხვავდება იმ მუდმივი ტყუილისაგან, რომლითაც სააკაშვილის რეჟიმი წამლავდა მსოფლიოს. ასევე, ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, 80%-ზე მეტი მოითხოვს სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას, დამნაშავეთა დასჯას და რომ კოაბიტაცია არ არის ქართველი ხალხის დაკვეთა და სურვილი“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.