„არჩევნები არათანაბარ ვითარებაში მიმდინარეობს“

„არჩევნები არათანაბარ ვითარებაში მიმდინარეობს“

1 მაისის შემდეგ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 43 024-ით შემცირებულია. 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 429 748 შეადგინა. ეს არის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიის საბოლოო მონაცემი. საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ბარათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო.

ბარათებში, რომლებსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დღეიდან დაარიგებენ, მითითებულია, რომელ საარჩევნო უბანს უნდა მიაკითხონ ამომრჩევლებმა ხმის მისაცემად. თუ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ან სხვა მიზეზით არ შეუძლიათ საარჩევნო უბანზე მისვლა, შესაბამის საარჩევნო უბანს უნდა დაუკავშირდნენ 12 ივნისის 18:00 საათის ჩათვლით. დაწყებულია საარჩევნო ბიულეტენებისა და საარჩევნო სიების ბეჭდვის პროცესიც.

ამის მიუხედავად თვითმმართველობის არჩევნები დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის და საარჩევნო კომისიების თანამშრომლებზე აგრესიის ფაქტების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას აშშ-ის საელჩო.

„ადგილობრივი თვითმმართველობების მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ცნობებს 15 ივნისის მუნიციპალური არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ინციდენტების, არჩევნებიდან ჩამოშორების მიზნით მთავრობის მიერ კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლისა და კონკრეტულ ადგილებში, საარჩევნო კომისიების თანამშრომლებზე მიტანილი აგრესიის შესახებ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული ბრალდებები და გადადგას ნაბიჯები, როგორც ტექნიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, რათა უზრუნველყოს ამ არჩევნებში საერთაშორისოდ აღიარებული იმ მაღალი სტანდარტების დაცვა, რომლითაც ბოლო ორი არჩევნები გამოირჩა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„ქართული ოცნების“ წევრები თვლიან, ლოგიკურია, რომ ეს საარჩებნო კამპანია უფრო დაძაბულად მიმდინარეობს, ვიდრე საპრეზიდენტო. აშშ-ის საელჩოს დღესვე უპასუხა კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახი კალაძემ და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები აუცილებლად იქნება გამოძიებული. 

„ხელისუფლება ყველა საარჩევნო სუბიექტს მოუწოდებს მსგავსი შემთხვევებისგან თავი შეიკავონ. ხელისუფლება მსგავსი ძალადობის ფაქტების წინააღმდეგია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები გამოძიებულ იქნას. აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე და მნიშვნელობა არ აქვს ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იქნებიან, თუ არა“, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე შესაბამის რეაგირებას უწყებათაშორისი კომისია მოახდენს, რადგან მისივე თქმით, ეს მათი პრეროგატივაა.

„ყველა დეტალი უნდა იქნას შესწავლილი და მოხდეს შესაბამისი რეაგირება. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჩართულია ამ კომისიის საქმიანობაში. ვფქრობ, რომ კომისია ძალიან წარმატებულად მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, აქამდე გავლილი პერიოდი ამაზე მეტყველებს, რომ მათი საქმიანობა ძალიან გამჭვირვალეა. ისინი ჩადიან რეგიონებში და ყველა შესაძლო შემთხვევაზე ხდება მყისიერი რეაგირება“, - აცხადებს დავით ზალკალიანი.

კანადიდატებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს „პოლიტიკური გაერთიანება ალიანსი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი.

„სერიოზული ზეწოლაა კანდიდატებზე, მათ შორის ჩვენს კანდიდატეზეც მოხდა დმანისში ზეწოლა, რომელმაც მოხსნა კანდიდატურა. ამ ზეწოლებზე, ხელის შეშლაზე პრაქტიკულად პასუხი არავინ აგო, არანაირი გამოძიება არ წარმოებს და მეტსაც გეტყვით, გარანტირებულად ვიცი, რომ არც არაფერი არ იქნება. იმიტომ, რომ ამ პროცესებს ხელმძღვანელობს შსს-ს სუსის დეპარტამენტი.

სწორედ მათ აქვთ არჩევნები ჩაბარებული. ვინ იყო, რომ თავისივე დანაშაულს იკვლევდა. იმიტომაც მიუთითა ჰამერბერგმა, რომ სხვამ უნდა გამოიკვლიოს ზეწოლის ფაქტებიო. როცა შსს იკვლევს თავისივე ნამოქმედარს, ობიექტურობაზე არც უნდა ვისაუბროთ. ყველა შემთხვევაში ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ხარატიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ვაშაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები შორს დგას დემოკრატიული არჩევნებისგან.

„ის რაც ხდება წინასაარჩევნოდ საქართველოში, ძალიან შორს არის დემოკრატიული არჩევნებისგან. არა მხოლოდ ამერიკის საელჩომ, არამედ ცესკოს გადაწყვეტილებამდე ძალიან მკაცრი განცხადება გააკეთეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ასე რომ, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

აშშ-ის განცხადებას არასაპარლამეტო ოპოზიცია დროულს და მნიშვნელოვანს უწოდებს.

„ის, რომ ქვებს არ ისვრის ხელისუფლება, იარაღს და ნარკოტიკის არ უდებს ჯიბეში ადამაინებს, ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნო გარემო არის თავისუფალი. კანდიდატები, რომლებმაც კანდიდატურა ზეწოლის გამო მოხსნეს, არის კონკრეტული მაგალითი იმისა, რომ არჩევნები არათანაბარ ვითარებაში მიმდინარეობს“, - აცხადებს „ახალი მემარჯვენეების“ წევრი მამუკა კაციტაძე.

აშშ-ის საელჩოს კვალდაკვალ განცხადება გაავრცელა შს სამინისტრომ. ალექსანადრე ჭიკაიძის უწყებაში აცხადებენ, რომ ყველა შემოსულ შეტყობინებაზე პოლიციამ მიიღო შესაბამისი ზომები და არც ერთი ფაქტი არ დარჩა რეაგირების გარეშე. სამინისტრო მოუწოდებს ყველას, მათ შორის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტროში აცხადებენ, რომ სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირი კანონის შესაბამისად დაისჯება.