„პროკურატურას ისევ სძინავს“

„პროკურატურას ისევ სძინავს“

არჩევნებში მონაწილე კანდიდატების მიმართ განხორციელებულ ზეწოლებზე, ოპერატიული და გულდასმითი გამოძიების ჩატარებას ითხოვს თომას ჰამერბერგი. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საარჩევნო გარემოს სამართლიანობის შესახებ ზოგადი სურათი არ დაზარალდეს.

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორის კახი კახიშვილის მოსაზრებით, თუ ხელისუფლების მხრიდან მკაფიო რეაგირება არ იქნება ნებისმიერ ძალადობაზე, მსგავსი ძალადობის ფაქტები  გაგრძელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

for.ge კახი კახიშვილს ესაუბრა.

არჩევნების თარიღის მოახლოების პარალელურად, პოლიტიკურმა ტემპერეტურამაც აიწია. თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს თვითმმართველობის არჩევნები?

- ყველა სახვა არჩევნებთან შედარებით, თვითმმართველობის არჩევნები არის ყველაზე რთული არჩევნები. თუ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძირითადად პარტიების მხარდამჭერები იბრძვიან ერთი კანდიდატის გამარჯვებისთვის, თუ საპარლამენტო არჩევნების დროს პარტიის აქტივისტები იბრძვიან მაჟორიტარის და პარტიული ხმების მოსაზიდად, თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა იბრძვის საკუთარი თავისთვის. იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე დამოკიდებულია იმ ადამიანების შემდგომი დასაქმება, ვინც ჩართულია ამ არჩევნებში.

აქედან გამომდინარე, ბრძოლა გადადის პიროვნულ ბრძოლაში, განსაკუთრებით რეგიონში, რომლის გამო იძაბება სიტუაცია. ძირითადად ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მუდმივად სხვადასხვა ხელისუფლების დროს ჩართული იყვნენ საარჩევნო პროცესებში საკუთარი თავის დასაქმებისთვის. თუ გადავხედავთ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სიას, ჩვენ ვნახავთ, რომ ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები არიან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში იდგნენ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით.

სხვა ტიპის საარჩევნო კამპანიის ჩატარება მათ არ იციან გარდა იმისა, როგორ მოიშორონ კონკურენტი. აქედან გამომდინარე, მოლოდინი იმისა, რომ ამ არჩევნებზე ვითარება დაიძაბებოდა მქონდა და ამ მოლოდინის შესახებ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვაცხადე.

მოლოდინი იყო, მაგრამ ფიქრობთ, რომ არჩევნების კვლადაკვალ ვითარება ისე გართულდება, რომ ამან შესაძლოა უკვე უმართავი პროცესები გამოიწვიოს, რაც როგორც ექსპერტები ამბობენნაციონალური მოძრაობისმთავარი მიზანია?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, რა რეაგირებას მოახდენს ხელისუფლება თითოეულ ძალადობის ფაქტზე. თუ ხელისუფლება თვალს დახუჭავს მათი კანდიდატების მხრიდან კონკრეტულ კანონდარღვევაზე და ამავე დროს სერიოზულ რეაგირებას მოახდენს ოპოზიციური პარატიების მხრიდან კანანოდარღვევაზე, საბოლოო ჯამში, ესეც მიიყვანს ვითარებას უმართავ პროცესებამდე.

ამიტომ, ყველაზე ადეკვატური გზა იმისათვის, რომ უმართავი პროცესები არ მიიღონ, ხელისუფლებამ ერთგვაროვნად უნდა შეაფასოს კონკრეტული ძალადობის ფაქტები. ასევე, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ერთნაირი გადაწყვეტილება მიიღოს იდენტურ საკითხებთან დაკავშირებით. ყველაზე კარგი გამოსავალი არის მკაფიო რეაგირება - ადგილზევე იქნას გაშვებული მესიჯი, რომ მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ხელისუფლებას სურს შეინარჩუნოს სტაბილურობა და სიმშვიდე. სხვა შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ უფრო მეტი პრობლემები არჩევნების დღეს, არჩევნების ხმების შეჯამებისთანავე. შესაძლებელია, საარჩევნო შედეგების გამოცხადების შემდეგ რამდენიმე პოლიტიკური პარტია ქუჩაშიც კი გავიდეს არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზე დაიწერება ბევრად უფრო ნეგატიური დასკვნა, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ვითარების ესკალაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდა მარნეულის შემთხვევა. არის მოსაზრება, რომ კანდიდატების მოხსნა თავად ნაციონალების მიერ იყოს ორგანიზებული, რადგან მათ აწყობთ დღეს ვითარების არევა. თქვენ რას იტყვით?

- გასაგებია, მაგრამ ის რაც აწყობს „ნაციონალური მოძრაობას“ არ უნდა აწყობდეს ხელისუფლებას. პროცესები ისე არ უნდა წარიმართოს, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს. თუ ხელისუფლება არის ძლიერი, პროცესები ისე უნდა წარმართოს, როგორც ეს ქვეყანას აწყობს. რაც შეეხება მარნეულის ფაქტს, ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ერთი და იმავე საკითხს სხვადასხვაგვარად წყვეტს, ეს ხდება იმის საფუძველზე, ვის ინტერესში შედის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება.

თუ ოქრუაშვილის და სხვა აპოლიტიკური პარტიის კანდიდატების შემთხვევაში ორწლიანი ცხოვრების წესი სხვანაირად იყო განმარტებული და ამის გამო კანდიდატები მოიხსნენ რეგისტრაციიდან, ზუსტად იგივე შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კანდიდატების მიმართ საარჩევნო ადმინსტარციამ მიიღო სხვაგვარი გადაწყვეტილება. შესაბამისად, უკვე გაჩნდა კონკრეტული პრობლემა, რომლის განმარტება ხელისუფლებას აღარ შეუძლია თუ რატომ მოხდა, რომ ერთი და იგივე შემთხვევაში, სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო საარჩვენო ადმინისტრაციამ.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს იქცევა ისე, როგორც იქცეოდა 2000-დან 2003 წლამდე, როდესაც ხდებოდა ძალის დემონსტრირება, რომ ჩვენ კანონზე მაღლა ვდგავართ - ის რაც არ შეიძლება სხვებისთვის, შეიძლება ჩვენთვის. ამიტომაც დღეს აქტიურად აპროტესტებს ნებისმიერ თვითშემოქმედებას და ძალადობას, როდესაც ეს ეხება მათ ლიდერებს, მაგრამ აქტიურად არის ჩაბმული ძალადობაში და ძალის დემონსტრირებაში, როდესაც ეს მათ სჭირდებათ. თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნება მკაფიო რეაგირება ნებისმიერ ძალადობაზე, დამიჯერეთ, ეს ძალადობის ფაქტები გაგრძელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

იმისათვის, რომნაციონალურმა მოძრაობამარ გააგრძელოს ძალადობა, რა ზომები უნდა გაატაროს? იდენტიფიცირებული არიან ის ადამიანები რომლებიც მონაწილეობდნენ მარნეულის ინციდენტში, თუმცა არჩევნებამდე მათზე მორატორიუმი ვრცელდება.

- ზომები უნდა იყოს არც კანონზე მკაცრი და არც კანონით დადგენილზე ლმობიერი, ეს არის გამოსავალი. მორატორიუმში რას გულისხმობენ არ ვიცი. იმიტომ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო წარმოება სიტყვა მორატორიუმს არ იცნობს და ჩემთვის ცოტა გაუგებარია მორატორიუმი საარჩევნო პროცესებზე, როდესაც ადგილი აქვს კონკრეტულ ძალადობის ფაქტებს.

დავუშვათ და კონკრეტული შეთანხმება შედგა, რომ პოლიტიკურად აქტიური პირების დაპატიმრება არ იქნება არჩევნების დროს, მაგრამ როდესაც მე ვსაუბრობ ხელისუფლების ადეკვატურობაზე, ვსაუბრობ არა მხოლოდ გუშინდელ ფაქტზე, არამედ იმ ფაქტებზე, რომელიც დაგროვდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

ძალიან ბევრი საქმე დევს თაროზე. კონკრეტულ საქმეზე, სადაც ფიგურირებენ ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირები, „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი პოლიტიკური სახეები, პროკურატურის მხრიდან მათზე რეაგირება არ ხდება. პროკურატურას ისევ სძინავს და შესაბამისად, დაძინებულია ისეთი საქმეები, რომელიც ზოგ შემთხვევაში დღევანდელი ხელისუფლების სახეებს ეხება.

არსებობს შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნები. იმისათვის, რომ ხელისუფლება არ აღმოჩნდეს თავისმართლების რეჟიმში, ყველაზე იოლი არის ნებისმიერი მოქმედების ადეკვატური, სწორი და დროული შეფასება, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა.