პოლიტიკურ ძალებს შორის მარნეულში მომხდარი დაპირისპირება ალბათ დიდხანს გახდება მსჯელობის საგანი - საზოგადოებაში უკვე გაჩნდა ეჭვი - საქმე ხომ არ გვაქვს ეთნიკური დაპირისპირების და დაძაბულობის კერის შექმნის მცდელობასთან ვიღაცის ინტერესების სასარგებლოდ?
„პრობლემა არ არის თუ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირებაა, მაგრამ სხვა მიმართულებით მიდის საქმე და ეს უნდა იცოდეს „ქართულმა ოცნებამაც“, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ და საზოგადოებამაც როგორც ქართულმა - ისე აზერბაიჯანულმა“,- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე.
ვახტანგ ძაბირაძე: სამწუხაროდ, მარნეული არ არის პირველი შემთხვევა, ასეთივე პრობლემები შეიქმნა გარდაბანშიც. ძალიან საინტერესოა, რომ ორივე ეთნიკურად არაქართული რეგიონია. თუ სამართლებრივ შეფასებას გავაკეთებთ, უნდა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წავიდა პროვოკაციაზე, ზეწოლით იძულება გადაწყვიტა და არა სამართლებრივი გზით მოქმედება. შეეძლოთ ცესკო-ში, შემდეგ სასამართლოში საჩივარი შეეტანათ და ამ გზით აღედგინათ თავიანთი კანდიდატების უფლებები, თუ იქ რამე იყო დარღვეული.
ძალიან მაშფოთებს ეს ამბავი, რადგან დღევანდელი არჩევნები განსხვავებულ გარემოში მიმდინარეობს - გვინდა თუ არა, უნდა გვახსოვდეს, რომ 27 ივნისს არის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, უნდა გვახსოვდეს რა პროცესიც მიმდინარეობს რუსეთსა და უკრაინას შორის და რომ ზოგადად, იცვლება გლობალური პოლიტიკური ვითარება.
ამ ფონზე, როდესაც ხიფათზე ლაპარაკობს დიდი და პატარა, არაქართულ რაიონებში დაძაბულობის გაღვივება საფრთხის შემცველია. ასეთ შემთხვევაში უკვე არ აქვს მნიშვნელობა, სამართლებრივ მხარეს - ძალზე ფრთხილად უნდა იყოს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თუ მას შეგნებულად არ სურს სიტუაციის დაძაბვა.
საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ამ თემაზე საუბრისას ნაციონალები მიზანმიმართულად უსვამდნენ ხაზს, რომ ზეწოლა მოხდა ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეზე - ანუ ის სცენარი მოქმედებს, რაც ეთნიკური შუღლის გაღვივებას გულისხმობს?
- რთულია ლაპარაკი, ასეთი გეგმის არსებობა არარსებობაზე, მაგრამ როდესაც ასეთ რთულ რეგიონებზეა საუბარი, შეიძლება საკითხი ცოტა სხვაგვარადაც დავსვათ - ნუთუ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად იმდენად გამოუცდელია, რომ ვერ ხედავს ამ კუთხით სიტუაციის გამწვავებას სწორედ ეს მიმართულება მიეცემა?! თუ ხედავს და სპეციალურად აკეთებს, მაშინ საინტერესოა, რა მიზნით აკეთებს ამას - გამოდის, რომ მიზანმიმართულად ცდილობენ ქვეყანაში სიტუაციის არევას, ამას უკვე სხვა მნიშვნელობა აქვს და სხვაგვარი შეფასებები სჭირდება.
ამ თემის აჟიტირებით რომ რაღაც ხმებს მიიღებს, ალბათ არ არის სწორი. თანაც, არაქართული რაიონებით მანიპულირება ახლა არ დაწყებულა, გაიხსენეთ, სააკაშვილის განცხადებები საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც ამბობდა, ვიღაცეები ალიევს აფრთხილებენ, ქვემო ქართლში მოსკოვი ახალი ცენტრის შექმნას აპირებსო და ა.შ. ამიტომ ჩნდება კითხვა - რატომ ხდება ასეთ მომენტებში ამ თემით პროვოცირება, როდესაც არსებობს სამართლებრივი გზა? - თუ უგულავას აღუდგინეს მერის უფლებები, ერთი კანდიდატის აღდგენა რა პრობლემაა. თანაც თუ საპროტესტო იყო ეს საკითხი, ხომ შეიძლებოდა პროტესტის გამოხატვა თბილისში და არა მარნეულში?!
დავუშვათ, გაამწვავეს სიტუაცია ამ რაიონებში, ნაციონალები ამით რას მოიგებენ?
- ნაციონალები ვერაფერს - სხვებმა შეიძლება მოიგონ - სხვა ქვეყანამ და სხვა ძალებმა. საზოგადოებაში ნაციონალების ნდობა ნაკლებია და 2008 წელიც კარგად გვახსოვს - ფაქტია რომ პროვოკაციას „ნაციონალური მოძრაობა“ წამოეგო. ეს შემთხვევით იყო თუ მიზანმიმართულად, აღარ არის მნიშვნელოვანი, რადგან შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
ანუ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს პროცესი სხვა ქვეყნიდან არის მართული?
- ამის მტკიცება გამიჭირდება. თუ ასეთი რამ არსებობს, ხელისუფლების ხელშია ყველა ბერკეტი, რომ სიტუაცია გააკონტროლოს. უნდა მოძებნონ ვინ არის ეს ხალხი, რა კავშირები აქვთ.
როდესაც მარნეულზე იყო ლაპარაკი, წამოიწია კიდევ ერთმა თემამ - თითქოს უსუფაშვილმა სთხოვა გოგორიშვილს გამგებლის კანდიდატურის მოხსნა - არ ვიცი რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდა, მაშინ უსუფაშვილს ჰქონდა ამის საფუძველი და ეს სულაც არ უკავშირდება იმას, მარნეულში ვინ გაიმარჯვებს.
ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ისეთი ინფორმაცია იმ კანდიდატზე, რა ინფორმაციის გასაჯაროებაც არ სურდა რაღაც მიზეზის გამო - თუ ეს მართლაც ასეა, სერიოზულად არის მოსაკვლევი, ის ყველაფერი, რაც ნაციონალებმა გააკეთეს - ეს უკვე კარგად გააზრებული, შეგნებული პროვოკაციაა არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს მიმართ.
როგორც ჩანს, გეგმაშია ნებისმიერ ფასად ხელისუფლების დისკრედიტირება, რადგან „ქართული ოცნებისთვის“ ერთი რეგიონის მოგება-არმოგება პრობლემას არ წარმოადგენს.
ყველაფრიდან ჩანს, რომ ქვემო ქართლში რაღაც მცდელობები შეინიშნება. თუ რუსულ კვალზეა საუბარი, მეხუთე კოლონა თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს „ქართული ოცნების“ რიგებშიც და ამიტომ ხელისუფლება ძალზე ფრთხილად უნდა იყოს.
ასეთ შემთხვევაში ეთნიკური ფაქტორიც უნდა მოიხსნას, პოლიტიკურიც და ყურადღებით შეისწავლონ ყველა შემთხვევა, რაც კი არაქართულ რაიონებში დაფიქსირდება.
ხელისუფლება თვლის, რომ შესაძლოა, ამ ტიპის პროვოიკაციები დასავლეთთან სასაუბროდ გამოიყენონ ნაციონალებმა. ფიქრობთ, რომ მიზნები უფრო სერიოზულია?
- ყველაფერი შეიძლება, მაგრამ თუ ნაციონალებს სურთ, დასავლეთს აჩვენონ, რა არასამართლიანი საარჩევნო გარემოა, პროვოცირება შეუძლიათ ნებისმიერ სხვა რაიონში - ეს რთული არ არის. ასეთ შემთხვევაში მეც უფრო მომთხოვნი ვიქნები ხელისუფლების მიმართ და ვიტყვი, რომ ის არ იცავს ოპოზიციას ხულიგნობებისგან. როდესაც ასეთ რთულ რაიონებზეა საუბარი, ვერ ვიფიქრებ, რომ ეს თემა დასავლეთთან სალაპარაკოდ სჭირდებათ.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, იქ დაძაბულობის კერა არ შეიქმნას. თუ შეიქმნა, ეს ერთჯერადი არ იქნება. თუ იქ საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება დაიწყო, დღეს თუ არა, ხვალ გაღრმავდება და აუცილებლად გამოიყენებს ვიღაც. ქვეყანაში სადაც ჯერ არ არის სრულყოფილი სტრუქტურები, ჯერ კიდევ გარდამავალი პერიოდია, დეტონატორის ჩადება რომელსაც მერე სხვა ქვეყანა გამოიყენებს, ძალზე სერიოზული საკითხია.
ზუდგიდშიც მოხდა შეხლა-შემოხლა „ოცნებასა“ და ნაციონალებს შორის...
- რა შეფასებებიც გაკეთდა, ყველამ თქვა, რომ ცუდია - დაუდონ დასავლეთს ეს მასალები, სულ არ მაღელვებს. ზუგდიდის ინციდენტს იმხელა აურზაური არ მოჰყოლია.
არაქართული რეგიონები საქართველოსთვის ძალზე სენსიტიური თემა რომ არის, ეს ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩანს და არ შეიძლება, პოლიტიკურმა ძალებმა სათავისოდ გამოიყენონ.
არასტაბილური საარჩევნო გარემო ასოცირების ხელშეკრულებისთვის რამდენად ხელშემშლელი აღმოჩნდება? - წინასწარ ცნობილია, რომ ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია.
- ხელმოწერა, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილია, მაგრამ ხელმოწერით არ მთავრდება ყველაფერი. ეს ხელშეკრულება რუსეთთან უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებით გარანტიებს ვერ გვაძლევს და ამის შემდეგაც რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეები არ შემცირდება. ჩნდება ეჭვი, ეს რაიონები სერიოზული დესტაბილიზაციისთვის მზადდება, იმ დროისთვის, როდესაც ამის საჭიროებას დაინახავს მესამე მხარე. თუ დესტაბილიზაციის კერა შეიქმნა, შემდეგ მისი გაძლირება ბევრად ადვილია, ამიტომ არ შეიძლება ასეთი კერები შევქმნათ, თუნდაც თეორიული თვალსაზრისით.
ფრთხილად რომ უნდა იყოს ხელისუფლება ეს გასაგებია, სხვა რა შეიძლება გააკეთოს, საფრთხის თავიდან ასაცილებლად?
- როგორც ნაციონალები ამბობენ, დღეს ხელისუფლება ყველას და ყველაფერს უსმენს. ხელისუფლებაც დიდად არ უარყოფს რომ ეს ასეა, უნდა იცოდნენ ვინ მონაწილეობს ამაში, რა ჯგუფები - ზოგი შეიძლება გულწრფელი იყოს, ზოგი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილო, ზოგიც - ვიღაცის დავალებებს ასრულებდეს. ყველა მხრიდან უნდა იყოს შესწავლილი ეს თემები და შემდეგ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას.