გაეროში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს

გაეროში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ „რეზოლუცია 69 ხმით 13-ის წინააღმდეგ მიიღეს, რითაც კვლავ დადასტურა დევნილთა ფუნდამენტური უფლებები. რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ხაზს უსვამს დევნილთა საკუთარ სახლებში ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას, ყურადღებას ამახვილებს მათი საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვაზე.

რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მოხარულია, რომ 2013 წელთან შედარებით, რეზოლუციის მომხრეთა რიცხვი შვიდი სახელმწიფოთი გაიზარდა.

გაეროში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას წინ უსწრებდა 41 არასამთავრობო ორგანიზაციის თხოვნა გაეროს წევრი ქვეყნების მისიებისადმი, რათა მათ ჩვენი დევნილების მიმართ მხარდამჭერი რეზოლუცია მიეღოთ.

აღსანიშნავია, რომ გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს სომხეთმა, ბელორუსმა, ვიეტნამმა, კუბამ, ლაოსმა, ნაურუმ, მაინმარიმ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სირიამ, სუდანმა, შრი-ლანკამ და ჩრდილოეთ კორეამ.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) დამფუძნებლის - სერგი კაპანაძის თქმით, არასამთავრობოების გაერთიანება და გაეროსადმი მათი ერთობლივი მიმართვა იმის დასტურია, რომ ამ რეზოლუციის მიღება მხოლოდ მთავრობის ინიციატივა არ არის და ეს საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა. თავად რეზოლუციას სერგი კაპანაძე მნიშვნელოვანს უწოდებს, რადგან ამ რეზოლუციით ყოველ წელიწადს გენერალური ასამბლეა მხარს უჭერს დევნილთა დაბრუნების უფლებას, აღიარებს მათ საკუთრებას. თუმცა ეს არ ნიშნავს დევნილების ხვალვე დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალში. დაბრუნება უნდა მოხდეს ღირსეულად და უსაფრთხოდ. თორემ ასე დღესაც იძახის მოსკოვი და სოხუმი, რომ გალში მოსახლეობა დაბრუნებულია და მათთვის ყველა პირობაა შექმნილი. სინამდვილეში, ხალხი იქ რისკის ფასად დაბრუნდა და, საერთაშორისო სამართლით, ისინი არ ითვლებიან დაბრუნებულად.

„ბოლო რეზოლუციით, ოკეანეთი მთლიანად დაკარგული აქვს რუსეთს, რადგან ოკეანეთის თითქმის ყველა ქვეყანამ მხარი დაგვიჭირა. ვანუატუმ, ტუალუმ, მარშალის კუნძულებმა, მიკრონეზიამ, სოლომონის კუნძულებმა, ტალაუმ, კირიბაკიმ. საუდის არაბეთმა და მექსიკამაც პირველად დაუჭირეს მხარი ამ რეზოლუციას და ორი დიდი ქვეყანა დაგვემატა. ეს იმედს იძლევა, რომ მომდევნო წლებში ამ რეგიონებიდან სხვა ქვეყნებიც შეგვემატებიან. ზოგადად, ამ რეზოლუციის წინააღმდეგნი არიან ე.წ. გარიყული ქვეყნები (Rogue States), რომლებიც ცალსახად არადემოკრატიულები არიან და რუსეთი ამჯობინებს მათთან ერთ კამპანიაში ყოფნას. ასეთია სუდანი, ჩრდილოეთ კორეა. თუმცა აქ არის სხვა ჯგუფის ქვეყნებიც, რომლებიც პრაგმატული მოსაზრებით არ გვიჭერენ მხარს. ბელორუსიაც მოხვდა ამ სიაში, არადა, წლების განმავალობაში ბელორუსია ამ რეზოლუციის წინააღმდეგი არ იყო. ეს შემობრუნებადია და საგარეო საქმეთა სამინისტროს მეტი მუშაობა მართებს. რაც შეეხება სომხეთს, ის ასე ხსნის თავის პოზიციას, რომ არ შეუძლია, მხარი დაუჭიროს რეზოლუციას, რადგან გაეროს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგის ერთ-ერთი პუნქტი მოიცავს მთიან ყარაბახს და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა მათ შეეძლოთ რეზოლუციაზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეეკავებინათ“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ For.ge-სთან საუბრისას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ამ რეზოლუციის მიხედვით, ერთ-ერთი უმთავრესია იძულებით ადგილნაცვალ პირთა უპირობო დაბრუნება, მათი საკუთრების უფლების დაცვით. აქედან გამომდინარე, საქართველომ მოახერხა ამ რეზოლუციაში შვიდი ქვეყნით მეტი მხარდამჭერი მოეპოვებინა. თითოეული ამ ქვეყნის პოზიცია კი ადასტურებს, რომ ისინი აღიარებენ დევილთა ჰუმანიტარული პრობლემის პოლიტიზირების გარეშე მოგვარებას.

„რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების წრე გაფართოვდა. დარწმუნებული ვარ, კიდევ გაფართოვდება. ჩვენმა მეგობარმა და მეზობელმა ქვეყანამ, სომხეთმა და სხვა დანარჩენებმაც რომ მხარი დაგვიჭირონ, სასიხარულო იქნება, მაგრამ ვიყოთ რეალისტები. ამ დელიკატურ ვითარებას აბსოლუტურად ადეკვატურად ვუყურებ. მესმის სომხების პოზიციის, მათი სირთულეების. ვისურვებდი, მომავალში შეცვლილიყო მათ გარშემო არსებული ვითარება. ვგულისხმობ რუსეთის ფაქტორს“, - გვითხრა ვიქტორ დოლიძემ.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ყოველწლიური რეზოლუციაა და, პრაქტიკულად, ამაში ახალი არაფერი არ არის. ეს კეთდება იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ საკითხთან დაკავშირებით აქტუალიზირებული იყოს და მხარდაჭერა დაგვიდასტუროს. ცხადია, სხვა სახის ფორუმებზე, მოლაპარაკებებზე ამ რეზოლუციის გამოყენება და ჩვენება ყოველთვის შეიძლება.

აქვს თუ არა ამ რეზოლუციას ქმედითი ძალა, ამასთან დაკავშირებით ექსპერტი აცხადებს, რომ, სანამ არ მომწიფდება საერთაშორისო სიტუაცია, ისე ძნელია მის ქმედითობაზე საუბარი. უბრალოდ, ეს არის დამატებითი საფუძველი, რომელიც აიძულებს რუსეთს ან სეპარატისტულ რეჟიმებს, რეზოლუციაში მოცემული დებულებები განახორციელონ. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ზეწოლა, ბრძოლა, რომელიც ასე მარტივი არ არის.

„90 %-ზე მეტი სახელმწიფო როცა მხარს უჭერს დევნილთა დაბრუნებას, ეს ნიშნავს, რომ დანარჩენები პოლიტიკურ იზოლაციაში არიან. ამ პროცესში პოლიტიკურ იზოლაციაშია რუსეთი, თავის სატელიტებთან ერთად. სომხეთის პოზიცია გასაგებია, მას ზუსტად იგივე პრობლემა აქვს ყარაბახთან მიმართებით და ამიტომაც მხარს უჭერს ასეთ მიდგომას, თითქოს ეთნიკური წმენდა ნორმალური მოვლენაა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, აქ არიან რუსეთის სატელიტები, რომლებსაც რუსეთი აიძულებს, მხარდაჭერა აღმოუჩინონ ასეთი რეზოლუციების დროს, მაგრამ ეს არის ძალიან პატარა რიცხვი, უკვე 10-ზე ნაკლებია. ნებისმიერმა სახელმწიფომ შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ შეიცვალოს პოზიცია, ყველაფერი დამოუკიდებულია პოლიტიკურ ვითარებასა და პოლიტიკურ ვალდებულებებზე ერთმანეთის მიმართ“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.