ნაციონალები საკუთარ კანდიდატებს თვითონვე ხსნიან?

ნაციონალები საკუთარ კანდიდატებს თვითონვე ხსნიან?

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას ბოდიშს უხდის. როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, თავისი გუშინდელი ქმედებები თავად არ მოეწონა. უგულავა აცხადებს, რომ მარნეულში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გამოძიებაა ჩასატარებელი.

„საღამოს ვნახე ჩემი თავი, თვითონ არ მომეწონა, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ყვირილი და ხმამაღალი საუბარი ლამაზი არ არის, მაგრამ რას ვიზამთ, ხანდახან ასეთ ხდება“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ნაციონალების ფანატაზიას თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არ იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ ახსნევინებდეს თავიანთ კანდიდატებს კანდიდატურას, თვითონ ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ სხვადასხვა დეპუტატებს, რომ შემდეგ ეს ფაქტები მმართველი კოალიციის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.

ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა უმცირესობის ლიდერმა გიორგი ბარამიძემ. მისი კოლეგა პარლამენტის წევრი გიორგი თევდორაძეს თქმით, ვინც ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ ახსნევინებს კანდიდატებს, კეკლუცობენ ივანიშვილის წინაშე.

„ეს არის იმ სერიიდან, როდესაც ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრააობაა“ ხელისუფლებაში და ჯერ კიდევ უსმენს დამოუკიდებელ მედია საშუალებებს და ხელისუფლებას. მე უბრალოდ ძალიან საშიშ სინდრომს ვხედავ ქართულ საზოგადოებაში, ეს არის სურვილი არდანახვის იმ ნაკლოვანებისა და დამღუპველი შეცდომებისა, რომელიც მოსდის „ქართულ ოცნებას“ და დღევანდელ ხელისუფლებას.

თუ ასეთი სირაქლემის პოზიციაში გააგრძელებს დგომას ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ამის შედეგი იქნება ის, რომ აუცილებლად დავბრუნდებით უკან, საიდანაც ქვეყნის ამოყვანას გაცილებით დიდი ძალისხმევა დასჭირდება, ვიდრე 2003-2004 წელს დასჭირდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი თევდორაძე.

უმრავალესობის წევრს გიგლა აგულაშვილს არადამაჯერებლად სულაც არ ეჩვენება ვერსია, რომ „ნაციონალაური მოძრაობა“ თავად ხსნიდეს არჩევნებიდან კანდიდატებს.

„მათთვის ქვეყნის იმიჯს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ისინი ცდილობენ თვითგადარჩენას. აჟიოტაჟების ატეხვის გამოცდილება აქვთ. ადამიანებს ვისაც ვხვდები აბსოლუტური უნდობლობა აქვთ მათი ხედვების და ნათქვამის მიმართ. უფრო მეტად ღიზიანდებიან ასეთი ურცხვი და უტიფარი ქცევების გამო. ასე რომ, ამ ვერსიას მეც გავიზიარებ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიგლა აგულაშვილი.

გიგი უგულავას ბოდიშის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს მოუწოდა, რომ მარნეულში მომხდარი ფაქტის გამოძიება პირადად გააკონტროლონ და ყველა პირი კანონის შესაბამისად იქნას დასჯილი. ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად ცდილობს საარჩევნო კამპანიაში არეულობის შეტანას. 

„მსგავსი ფაქტი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუშვებელია. ასეთი რამ ხდებოდა ყოფილი ხელისუფლების დროს, ყოფილი ხელისფულების მიერ და მსგავს ფაქტებს ჩვენ არ დავუშვებთ. ის ფაქტი, რომ ეს ხდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რამდენიმე კვირით ადრე, მეტყველებს იმაზე, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალა და ვგულისხმობ უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, ცდილობს გარკვეულ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი და საარჩევნო კამპანიაში დაძაბულობა და არეულობა შემოიტანოს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მარნეულში საოლქო კომისიის თავმჯდომარეს. გიგი უგულავა, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები საოლქო კომისიის თავმჯდომარის სამუშაო ოთახში შევიდნენ და თავმჯდომარისგან განმარტებები მოითხოვეს, თუ რატომ აპირებენ აკმამედ იმამყულიევის კანდიდატურის მოხსნას. უგულავამ ცესკო-ს წარმომადგენელი ხელისუფლების სასარგებლო მიდგომაში დაადანაშაულა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტომ გამოძიება დაიწყო. შს მინისტრის განცხადებით, მარნეულში გუშინ მომხდარ ფაქტში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული მორატორიუმი გავრცელდება. მისივე განმარტებით, ამის პარალელურად საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება, თუმცა დამნაშავე პირების შესახებ საზოგადოება სწორედ არჩევნების შემდეგ შეიტყობს. 

„გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება გუშინვე დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მორატორიუმია გამოცხადებული, წინასწარ არაფერს ვიტყვით. არჩევნების შემდეგ, ყველა, ვინც კრიმინალურ ქმედებაში მიიღო მონაწილეობა პასუხისგებაში მიეცემა“, - განაცხადა ჭიკაიძემ. 

შს მინისტრის ინფორმაციით, გამოკვეთილია კონკრეტულ ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრის, ასევე ხულიგნობის ფაქტები. გარდა ამისა, ჭიკაიძის თქმით, უწყებას ცსკ-მაც მიმართა, რომელიც მასზე ზეწოლის განხორცილებაზე საუბრობს. ცსკ-ში კი აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევა ნებისმიერი პოლიტიკური მხარისა თუ საარჩევნო სუბიექტის მხრიდან დაუშვებელია. 

„საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმომადგენლების მიერ მარნეულის საარჩევნო ოლქში განხორციელებული ქმედებები სცილდება კანონმდებლობით საარჩევნო სუბიექტებზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს და აღიქმება გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედებად“, - ნათქვამია ცსკ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, საბოლოო სახეს ნუ დაკარგავენ და ხულიგნების პარტიად ნუ იქცევიან. 
ხიდაშელი ამბობს, რომ სახელმწიფო დაწესებულების საქმიანობისთვის ხელშეშლა იწვევს პასუხისმგებლობას. თუმცა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ახლა წინასაარჩევნო კამპანიაა, გასაგებია, რა ვითარებაც არის და ამიტომ განსაკუთრებულ რეაგირებას ესა თუ ის სახელისუფლო ორგანოები ვერ მოახდენენ. 
„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ეგუება იმას, რომ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც დედამიწის ზურგზე შენიშვნა არავის გამოუთქვამს. წინ არის მეორე არჩევნები, რომელიც კიდევ უფრო მაღალ შეფასებას დაიმსახურებს. ამას ვერ ეგუებიან და, როგორც ჩანს, ცდილობენ ამ პროცესის დისკრედიტაციას. ეს არ გამოუვათ. 15 ივნისს ჩატარდება ყველაზე სანიმუშო და სამაგალითო არჩევნები საქართველოში, იმის მიუხედავად, როგორ გაგიჟდება „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თინა ხიდაშელმა. 

რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ „ნაციონალაური მოძრაოაბას“ კურსი აღებული აქვს არა მოგებაზე, არამედ იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ წააგებინოს უცხოეთის თვალში იმიჯის წაგებით. ეს არის მათი ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, უჭირს იმის თქმა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზეწოლა განახორციელა კონკრეტულ კანდიდატებზე, არა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ანგელოზების ბუდეა, არამედ ინტერესი არაა.

„პარტია, რომელსაც მოგება ისედაც გარანტირებული აქვს, ის გაყალბებაზე არ იფიქრებს. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოგება მმართველო კოალიციისთვის პრობლემა არაა. ამიტომ „ნაციონალური მოძრააობის“ კანდიდატებს „ოცნების“ მხარდამჭერები რატომ უნდა აიძულებდნენ უკან წაიღონ თავიანთი კანდიდატურა, გაუგებარია.

არის კიდევ მეორე მომეტი, ვის აწყობს გაყალბება. ვხედავთ, რომ ეს გაყალბები აწყობს ნაციონალებს. სულ ვხედავთ ამის დიდ ინტერესებს, რომ „ქართული ოცნება“ გამოჩნდეს გამყალბებლად. ყოველთვის იყო ეს ინტერესი, მაგრამ მთავარია ვინ რაზე არის წამსვლელი ამ ინტერესის ფონზე.

„ნაციონალების“ ფანატაზია რომ ვიცით, არ გამიკვირდებოდა, რომ თვითონ ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ და თვითონ ახსნევინებდნენ თავიანთ კანდიდატებს კანდიდატურას. ანუ ქმნიდნენ ისეთ კლიმატს, რომელიც მერე „ქართულ ოცნებას“ დაბრალდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.