დასავლეთის მხრიდან სანქციების გამკაცრების მუქარა რუსეთზე არ მოქმედებს და კვლავ აგრძეკლებს უკრაინაში ტერორისტების მხარდაჭერას. 5 ივნისს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე საბრძოლო მოქმედება დაიწყო - უკრაინელ სამხედროებს უკრაინის ტერიტორიიდან ტერორისტების ჯგუფმაც შეუტია. არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთი მსგავს პროვოკაციულ ქმედებებს კვლავ გააგრძელებს.
არსებობს თუ არა რეგიონში ომის დაწყების საფრთხე და სადამდე შეიძლება მივიდეს პუტინის რუსეთი, ამ თემაზე for.ge-ს ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ესაუბრა.
ბატონო კახა, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ეს შეიძლება იყოს ლოკალური შეტაკება თუ არსებობს საფრთხე, რომ საბრძოლო მოქმედებები რუსეთ-უკრაინას შორის ომში გადაიზარდოს?
- შეტაკების დაწყებამდე კოლონები იყვნენ დაჯგუფებული უკრაინის საზღვართან და არსებობდა მოლოდინი, რომ ისინი საზღვრის გარღვევას შეეცდებოდნენ. საზღვრის გარღვევა მართლაც მოხდა და ეს შეტაკებაც ამან გამოიწვია. უკრაინის საზღვარი ძალიან რთულად კონტროლდება, რადგან არ არის სასაზღვრო ინფრასტრუქტურა. რუსეთიდან მიმავალი, სავარაუდოდ, ჯანყებულებთან შეერთებას გეგმავდა, რათა შეეტანა იარაღი და ა.შ...
მომავალ დღეებში და კვირებში, შესაძლოა, კიდევ უფრო გახშირდეს ასეთი ტიპის შეტაკებები, რადგან პრაქტიკულად ტერორისტებს შიდა რესურსები აღარ აქვთ და რუსეთიდან დახმარებას ელოდებიან.
რუსეთი სწორედ ასეთი ტიპის ომის წარმოებას აპირებს უკრაინასთან, რომ სხვადასხვა ტიპის დაქირავებული ბოევიკები, არაოფიციალური მებრძოლები გამოიყენოს, რომელზეც ამბობს, რომ ეს არ არის მისი არმია. ისინი კვლავ ეცდებიან უკრაინის ამ რეგიონებნში შეჭრას.
არ ვიცი, ეს რამდენად შეიძლება, გადაიზარდოს ომში, მაგრამ გამორიცხული არაფერია. შესაძლოა, ერთი-ორი ნაღმი მოხვდეს რუსულ შეიარაღებულ ძალებს და მერე მოიგონონ, რომ ვითომ უკრაინელებმა დაუწყეს ომი რუსეთს; რომ რუსეთის ტეროტორიაზე ისროლეს, შესაძლოა ვინმე დაიღუპოს კიდეც და ამაზე ააგორონ - ყველაფერია მოსალოდნელი.
მაგრამ არ მგონია, ასე მოხდეს - ნორმანდიაში აპირებს პუტინი ჩასვლას, სადაც სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები უნდა გაიმართოს. ნუთუ ნორმანდიაში ჩასვლის წინ ასე გაიფუჭებს საქმეს, რომ საერთოდ შეწყვიტონ ურთიერთობა რუსეთთან? - მეეჭვება, რადგან ამით ძალიან ცუდ დღეში ჩაიყენებს თავს პუტინი.
პუტინი უკრაინის ასოცირების ხელშკრულებაზე ხელმოწერის თემაზე კომენტირებისას, უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ არ მოსწონს პერსპექტივა, რომ რუსეთის მეზობლად ნატოს ჯარები შეიძლება, განლაგდეს; ხოლო ასოცირების ხელშეკრულებაზე იმ ფორმით ხელმოწერა უკრაინას არ აწყობდა, რადგან დიდ ეკონომიკურ ზარალს გამოიწვევდა. თქვენი შეფასებით, ნიშნავს თუ არა ეს, რომ პუტინი საკუთარი პოზიციის გადახედვას არ აპირებს უკრაინასთან მიმართებაში?
- რუსეთი ყოველთვის აკეთებდა ასეთ განცხადებებს, მათ შორის მაშინაც, როდესაც ბალტიის ქვეყნები წევრიანდებოდნენ ევროკავშირში. პუტინის ხელისუფლება მსგავს განცხადებებს ყოველთვის გააკეთებს, მაგრამ საინტერესოა, რას ნიშნავს ეს.
ერთი, რომ ნატოს გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არარეალურია. შეიძლება, ვიღაც რაღაცას ფიქრობს, მაგრამ რელევანტური არ არის დღევანდელ სიტუაციასთან.
დღეს რაზეც ედავებიან პუტინს, ეს არის უკრაინის ტეროტორიული მთლიანობა და სტაბილურობა და არა, ნატოში გაწევრიანდება თუ არა უკრაინა - ეს არის აქცენტების გადატანა სულ სხვა თემაზე. ნატოში გაწევრიანება არის სულ სხვა - ყირიმის ოკუპაცია და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორისტების მხარდაჭერა - სხვა.
პუტინი, რა თქმა უნდა, ცდილობს აქცენტები გადაიტანოს - თითქოს ის წუხს იმაზე, რომ თითქოს დასავლეთი ცდილობს უკრაინის გამოყენებას მის საწინააღმდეგოდ და ა.შ. თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
ფაქტია, რომ მხოლოდ ნატოს საკითხი კი არა, უკრაინაზე გავლენის საკითხია მნიშვნელოვანი. რუსეთი ცდილობს, ევაჭროს დასავლეთს, რომ მოიპოვოს დაპირება უკრაინის ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით - მიაღწიოს დასავლეთის დაპირებას, რომ არასდროს არ გააწევრიანებს უკრაინას ნატოში; ხოლო უკრაინის მთავრობამ გამოაცხადოს, რომ ის არის თავისუფალი ევრეოატლანტიკური მისწრაფებებისაგან.
რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას, ეს, უბრალოდ, თავის მართლებას ჰგავს, იმის გამო, რომ უკრაინის ხელისუფლება თავის დროზე, ფაქტობრივად, კრახამდე მიიყვანა რუსეთმა, რომ ის მხოლოდ „ურჩევდა“ხელი არ მოეწერა ისეთი შეთანხმებისთვის, რომელიც დააზარალებდა, ვითომ უკრაინის ეკონომიკას.
ამ დროს, აქ იყო წმინდა რუსული ინტერესები, მას უნდოდა, უკრაინის საბაჟო კავშირში შეყვანით დაეწყო ევრაზიის კავშირის შექმნა. რუსეთი ხვდება, რომ ვერ აღწევს ამ მიზანს და სურს, როგორც მინიმუმ, უკრაინის ხელისუფლებას დაადებინოს პირობა დასავლეთის დახმარებით, რომ ის არ შევა ნატოში.
რაც შეეხება რეალურ სურათს, ამ დღეებში კვლავ გავრცელდა რომპეის, ასევე დიდი შვიდეულის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მიმართ სანქციებს კვლავ გაამკაცრებენ. ეს ნიშნავს, ევროპის საბოლოო გადაწყვიტილებას, რომ რუსეთის შესაჩერებლად სხვა გზა არ არსებობს?
- როგორც ჩანს, რუსეთთან დაწყებული დამოკიდებულება დასავლეთის მხრიდან უკვე საკმაოდ გრძელვადიან ხასიათს იღებს. ევროპა და შეერთებული შტატები შეეცდებიან, მაქსიმალურად შეზღუდონ რუსეთი თავის აგრესიულ გეგმებში მეზობლების წინააღმდეგ.
ისინი ხელს არ შეუშლიან ევრაზიული კავშირის შექმნას მათთან ერთად, ვინც თანხმობა განაცხადა, ამ მომენტისთვის, მაგრამ არ დაუშვებენ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ამოგდებას ევროპული დღის წესრიგიდან - იმ დღის წესრიგიდან, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყნების ევროკავშირთან მჭიდრო ასოცირებას და შემდგომში შესაძლო ინტეგრაციას ევროკავშირის სტრუქტურებში.
ამასთან, ჯერჯერობით, ნატოზე საუბარი არ არის, მაგრამ ცხადია, როგორც მინიმუმ, საქართველო თავის ევროატლანტიკურ კურსზე უარს არ იტყვის და ამაში დასავლეთი დაუჭერს მხარს. არ მგონია, რომ ამ დასავლეთი რუსეთთან მიმართულებით რაიმე დათმობაზე წავიდეს.
რაც შეეხება სანქციებს, სანქციები რა თქმა უნდა, იქნება მანამ, ვიდრე რუსეთი არ დაანებებს თავს აღმოსავლეთ უკრაინას და არ დაიწყებს მოლაპარაკებებს ყირიმის საკითხთან დაკავშირებით.
ყირიმის საკითხში ვხედავთ, რომ დასავლეთი არ აღიარებს ყირიმს და იკავებს აბსოლუტურად უკრაინის მხარეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყირიმის საკითხთან დაკავშირებით უკრაინაც და დასავლეთიც არ არიან მზად რაღაც მოლაპარაკებებზე.
ეს მოლაპარაკებები კი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყოს, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში დასტაბილურდება მდგომარეობა, უკრაინა აღიდგენს კონტროლს აჯანყებულ რეგიონებზე. რუსეთმა ამაში ხელი კი არ უნდა შეუშალოს, პირიქით, უნდა დაეხმაროს.
შემდეგ, ალბათ, შეჩერდება ეს სანქციები და დაიწყება მოლაპარაკებები რუსეთთან ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით. მე ასე ვხედავ სცენარის განვითარებას. სხვა შემთხვევაში, თუ რუსეთი გააგრძელებს ამ თავის, ძალზე ხისტ თამაშს, გარდაუვალია სანქციების ენაზე ლაპარაკი.
ევროკავშირი და აშშ მყისიერად ვერ დაუწესებენ რუსეთს ისეთ სანქციებს, რომელიც მას მომენტალურად ჩააგდებდა ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში - მათი ეკონომიკური ურთიერთობები საკმაოდ ღრმაა - განსაკუთრებით, ევროპისა და რუსეთის. მათ არ უნდათ დააზარალონ საკუთარი ეკონომიკა და საკუთარი ინტერესები. მაგრამ ისეთი ტიპის, წერტილოვანი სანქციები, რომელიც რუსეთს ნელ-ნელა დაუმძიმებს მდგომარეობას, გაგრძელდება.
თქვენ ახსენეთ სავაჭრო თემები დასავლეთთან - სირიაში არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია - გაიმარჯვა ასადმა. ეს ნიშნავს თუ არა, რომ სირიის საკითხში დასავლეთი დათმობაზე წავიდა რუსეთთან?
- ჯერ არ ვიცით, ის არჩევნები, რომელიც ჩაატარა ასადმა, აღიარებული იქნება თუ არა. კომენტარები ვრცელდება, რომ ქვეყნის ჩრდილოეთს მთლიანად ოპოზიცია აკონტროლებს, ძალიან ბევრ ქალაქში ისევ ბრძოლები მიმდინარეობს - ასეთ პირობებშია ჩატარებული არჩევნები სირიაში, განსხვავებით უკრაინისგან, სადაც მხოლოდ ორი რეგიონია აჯანყებული, ხოლო სხვა რეგიონებში ძალიან მაღალი იყო არჩევნებზე დასწრება.
სირიაში სულ სხვა სიტუაციაა. იქ პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ფაქტია, რომ ეს არჩევნები იქნება გაყალბებული. ჩვენ ჯერ არ ვიცით, დასავლეთი როგორ მოიქცევა. მნიშვნელოვანია ცნობს თუ არა სირიის ოპოზიცია ამ არჩევნებს; ასე არჩევნების ჩატარება ყველას შეუძლია, მაგრამ მეორეა, შეძლებს თუ არა კონტროლის დამყარებას ტერიტორიაზე.
ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ამ საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, მაგრამ არ მგონია, ასე მალე მიაღწიონ თანხმობას და დასავლეთმა დათმოს სირიის საკითხი.
კიდევ ერთი თემა, რაც დავის საგანია რუსეთსა და დასავლეთს შორის, ეს არის ამერიკული სამხედრო კონტიგენტის გაძლიერების თემა ევროპაში - ამ მხრივ საინტერესო იყო სლოვაკეთის პრემიერის განცხადება, რომელიც არ ეთანხმება ობამას ინიციატივას, ნატოს ჯარების სლოვაკეთის ტერიტორიაზე განთავსების თაობაზე, თუმცა როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, უარს არ აცხადებს გეგმიურ წვრთნებზე. ის ამბობს, რომ ეს ამბავი აგონებს 1968 წელს, როდესაც ვარშავის ხელშკრულების ფარგლებში ჩეხოსლოვაკიაში ჯარები შეიყვანეს...რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ამგვარ განცხადებას?
- პრინციპში, ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ დამთავრდება დიალოგი ამ საკითხთან დაკავშირებით. აშშ-ს პოზიცია საკმაოდ სწორია, რადგან ევროპას ძალიან სუსტი შეიარაღება აქვს და ამ პერიოდში მისაღები უნდა იყოს აშშ-ს კონტიგენტის გაზრდა.
თუ ამბიციები აწუხებთ, ეს ეხება განსაკუთრებით გერმანიას და საფრანგეთს, მათ საკუთარი თავის დაცვაც უნდა შეეძლოთ. და არა მხოლოდ მათზე, საუბარია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, სადაც ნატოს ჯარები არ დგას;
თვითონ არ გააჩნიათ ისეთი შეიარაღება და სამხედრო ძალა, რომ აგრესიის შემთხვევაში გაუმკლავდნენ რუსეთს.ბუფერადაც კი ვერ გამოდგებიან, თუ რუსეთი ევროპის სიღრმეში მოინდომებს აგრესიის განხორციელებას.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაძლერება შეუძლია მხოლოდ შეერთებული შტატებინ კონტიგენტს. ვერც საფრანგეთის, ვერც გერმანიის სამხედრო ძალები ვერ შეძლებს იმ ამოცანების შესრულებას, რომელიც აუცილებელია რუსეთის საზღვრებთან შეკავების თვალსაზრისით.
ამიტომ, რა თქმა უნდა, შესაძლოა, ის ძველი ინერცია, რომელიც გულისხმობდა ევროპაში სამხედრო სისტემის გაძლიერებას და ვერ მოხდა, შენარჩუნებულია - სამხედრო ხარჯები ევროპაში პრაქტიკულად, მშპ-ს 2%-ზე დაბალია. ასეთ პირობებში ერთადერთი ალტერნატივა რა თქმა უნდა, არის აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის გაძლიერება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებთან.
ვნახოთ, დიალოგი როგორ წარიმართება და როგორ დათანხმდებიან აშშ-ს ამ წინადადებას ევროპული სახელმწიფოები.
ეს რამენაირად ხომ არ უკავშირდება ევროპარლამენტის არჩევნებს, რომლის შედეგადაც ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ძალები არიად დომიმანტები, რომლებიც, როგორც ცნობილია, რუსეთის მიმართ სიმპათიით გამოირჩევიან?
- საქმე იმაშია, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ თვითონ ქვეყნები. ევროკავშირის ინსტიტუტები კოლექტიურად ნაკლებად იღებენ ისეთი სახის გადაწყვეტილებებს, რაც ეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ აქვთ კოორდინაცია და შესაბამისი შეთანხმებები, თანამშრომლობის მიმართულებები, როგორც საგარეო პოლიტიკის, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.მაგრამ საბოლოო ჯამში, ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ თვითონ ქვეყნები.
როდესაც ნატოს ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებებზეა საუბარი, აქ ევროსტრუქტურები არაფერ შუაში არ არიან. სხვა საქმეა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც რეზოლუციებს იღებს, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები არის ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო.
ამ თვალსაზრისით ,არ მგონია, ევროპარლამენტის არჩევნებმა გავლენა მოახდინონ ამ პროცესზე. თუმცა მეორე მხრივ, ისიც შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ რაკი ევროპარლამენტში საკმაოდ დიდი დოზით მოხვდნენ ნაციონალისტური ძალები, გაიზარდა მემარცხენეების რიცხვიც, ამ ფონზე შეიძლება ითქვას, რომ თვითონ ქვეყნებში ძლიერდებიან ულტრამემარჯვენე ძალები და მათ შეიძლება, ხელი შეუშალონ ამ პროცესებს, თვითონ თავიანთ მთავრობებზე ზეწოლის თვალსაზრისით.
მაგალითად, საფრანგეთში 24% აიღო მარი ლეპენის ნაციონალურმა პარტიამ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ მეტი შესაძლებლობა, ზეწოლა მოახდინონ საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე. ეს ჩანს დიდ ბრიტანეთშიც, სადაც გამარჯვება მოიპოვეს ულტრამემარჯვენეებმა, მათ აიღეს უფრო მეტი ხმები, ვიდრე ცალ-ცალკე კონსეტვატორებმა და ლეიბორისტებმა, ტრადიციულად უძლიერესმა პარტიებმა ბრიტანეთში.
ამიტომ, შესაძლოა, ზეწოლა იყოს მეტი, მიუხედავად ამისა, მაინც მგონია, რომ ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი მყარდება და ძლიერდება იმის გამო, რომ თვითონ რუსეთის მოქმედებები ხდება ბევრად უფრო უმართავი, არაპროგნოზირებადი და სახიფათო. ამ ხიფათის ზრდის პირობებში, გადაწყვეტყილებები, რომელიც მიმართულია, უპასუხოს რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს, მაინც პოვებენ მხარდაჭერას წევრი ქვეყნების მოსახლეობაში.
რაც შეეხება საქართველოს, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს ჩვენთვის არ სცალია თუ თავისი განცხადებების მიუხედავად, რომ ხელს არ შეგვიშლის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაში, საფრთხეები მაინც მოსალოდნელია?
- ასოცირების ხელშეკრულების თემა გადაწყვეტილია და შეუძლებელია, ამას ხელი შეუშალოს რამემ. ჯერ ისიც არ ვიცით, რა ტაქტიკას გამოიყენებს რუსეთი - ორი სცენარია გასათვალისწინებელი - ერთი რომ გაამკაცროს სავაჭრო პოლიტიკა- გაზარდოს ტარიფები საქართველოსთან და იმოქმედოს იმ ტარიფებით რომელიც მოქმედებს მესამე სამყაროსთან.
რუსეთთან გვაქვს ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ნულოვანი ტარიფები ძალიან ბევრ საქონელზე - შეუძლია, რაღაც მიზეზი მოიფიქროს და ტარიფები გაზარდოს.
მეორე სცენარით შესაძლოა, პირიქით, გამოიყენოს რბილი ძალის პოლიტიკა, გახსნას საზღვრები, მეტად დააინტერესოს ბიზნესი რუსეთთან ურთიერთობით და ამ პროცესში შეეცდება, დააფინანსოს პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პრორუსული ორიენრტაციის ძალები და შემდგომ გააგრძელოს საქართველოსთვის ბრძოლა იგივე, რბილი მეთოდებით. მაგალითად სამუშაო ადგილები შესთავაზოს ქართველებს რუსეთში, საქართველოს მოსახლეობის ნაწილს რუსული პასპორტები დაურიგოს რათა გადაადგილება გაუადვილდეთ რუსეთის ტერიტორიაზე - არის ასეთი გზაც.
ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი მხარდაჭერა მოვთხოვოთ დასავლეთს, რათა რუსეთმა საბოლოოდ ხელიდან არ გამოაცალოს საქართველო.
თვითონ რუსეთში არსებობდა მოსაზრება, რომ შესაძლოა უკრაინის მოვლენებმა წერტილი დაუსვას ევრაზიის კავშირის იდეას - იგრძნობა რომ ეს იდეა ხორცს ვერ შესხამს? - ცოტა ხნის რუსეთმა ოფიციალურად დააფუძნა ეს კავშირი...
- ვხედავთ, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი უკვე დააარსეს ოფიციალურად, მასში შეიყვანეს სამი ქვეყანა, ყირგიზეთი და სომხეთი კი რიფში დგანან და ითხოვენ, ამ კავშირში გაწევრიანებას; მაგრამ სომხეთს აქვს ძალიან დიდი დათქმები ვაჭრობაში ტარიფებთან დაკავშირებით. ამდენად,ჯერ ძნელია პროგნოზირება, მოხდება თუ არა სომხეთის გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში.
რაც შეეხება ამ მოსაზრებას, ეს ეხება იმ ამბიციურ გეგმას, რაც ჰქონდა პუტინს - შეექმნა შემდგომში ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაცია, ეს ვერ მოხერხდება უკრაინის გარეშე.
უკრაინა ევროპის ცენტრში მყოფი უზარმაზარი სახელმწიფოა და მისი ხელიდან გაშვებით რუსეთი კარგავს შესაძლებლობას, მართლაც ამბიციური კავშირი შექმნას. უკრაინის გარეშე ასეთი კავშირი ვერ იქნება ეფექტური. შესაძლოა, მხოლოდ ქაღალდზე იარსებოს და დაშლისკენ იყოს განწირული. სწორედ ამიტომ ცდილობს პუტინი, უკრაინა როგორმე შეინარჩუნოს.