ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გრაფიკი არ განხილულა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იმ მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრა, რომელიც თავდაცვის სფეროში და ქართულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ რეფორმებს უკავშირდება. შეხვედრაზე ეს პროგრესი აღიარებული იყო, მაგრამ ასევე გაკეთდა განცხადება, რომ ჯერაც ბევრია გასაკეთებელი. რასმუსენი ამბობს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი უელსის სამიტზე სათანადოდ იქნება აღიარებული.
თუმცა, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები, ამის შესახებ გადაწყვეტილება განხილული იქნება ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 24-25 ივნისს გაიმართება. ამ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები კანდიდატი ქვეყნების მოხსენებებს განიხილავენ, მათ შორის საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით. ამ შეხვედრაზე მინისტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ მიუდგნენ ღია კარის პოლიტიკას სამიტზე.
ანდერს ფოგ რასმუსენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი და არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უდიდესი კონტრიბუტორია ავღანეთის მისიაში. მისივე თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„ქართველმა ხალხმა ევროკავშირსა და ნატო-ს წევრობისკენ მიმავალი გზა აირჩია. ეს მათი სუვერენული არჩევანია. ჩვენ პატივს ვცემთ ამას. ამ არჩევანს პატივი უნდა სცეს რუსეთმაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი მას შემდეგ, რაც ის გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ აისახება მომავალ სამიტზე“, - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
როგორც ცნობილია ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან 28+1-ის ფორმატის შეხვედრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა. შეხვედრაზე ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების ფონზე, გრძელდება მაღალი დონის დიალოგი საქართველოსთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნატო არ ცნობს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას.
ბრიუსელში მიმდინარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას საქართელოს თვადაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ესწრებოდა. კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ალასანიამ უცხოელ კოლეგებს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ალასანიას განცხადებით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ბოლო წლების განმავლობაში, სადაც პრაქტიკულად, ალიანსი მთლიანად შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოს პროგრესი, არა მხოლოდ დეკლარაციულად იქნება ასახული მომავალი სამიტის შეხვედრისას ბრიტანეთში, არამედ უკვე დაიწყება კონკრეტული, ქმედითი და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
„ეს შეთანხმება, კონსენსუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ უკვე მომავალი სამიტის შემდეგ დავინახოთ რეგიონში ნატო-ს წარმომადგენლობის უფრო გაზრდა. ასევე, რაც მთავარია და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, თავად საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნაადრევად მიიჩნევს იმაზე საუბარს, თუ რა მოხდება უელსის სამიტზე და ფიქრობს, რომ აღნიშნულ თემებზე შეჯერება ზაფხულის განმავლობაში მოხდება. მისი თქმით, ეს პერიოდი იქნება ნატო-ში იმაზე მსჯელობის პერიოდი, თუ როგორი განცხადებები უნდა გაკეთდეს, როგორი შეპირებები, გზავნილები, საქართველოს და სხვა ასპირანტი ქვეყნების მისამართით.
„ჩვენ ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მთავრობის მეთაურმა დაგვიდასტურა, რომ შეიძლება გადაწყვეტილება მიღებულ იქნას სამიტამდე ერთი კვირით, 10 დღით ადრე, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება სიტუაცია მსოფლიოში, რადგანაც ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები. ერთი წლის წინ არავინ ელოდა უკრაინაში ასეთ კრიზისს და ახლაც არავინ იცის, თუ რა იქნება მომდევნო 3 თვის განმავლობაში ნატო-ს სამიტამდე. ასე რომ, ნატო-ს მხრიდან ნებისმიერი კონკრეტული განცხადებები დღეს იმაზე, თუ რა მოხდება უელსში, გამორიცხულად მიმაჩნია“, - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
უელსის სამიტამდე MAP-ის თაობაზე წინასწარი პროგნოზების გაკეთება მიზანშეწონილად არ მიაჩნია პრემიერ-მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არა მხოლოდ გერმანიის კანცლერთან, არამედ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნატოს წევრ ყველა ქვეყანასთან.
„ჩვენ აბსულუტურად შევცვალეთ პოლიტიკა და ვთქვით, რომ წინასწარ არ ვსაუბრობთ შედეგებზე. ჩვენ გვირჩევნია, რომ დაველოდოთ, მანამდე აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოოთ და ყველაფერი გახდება ცნობილი მოგვიანებით. უელსის სამიტი გამართება სექტემბრის თვეში. სამიტამდე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ მთავრობის მეთაურმა უნდა გააკეთოს წინასწარი პროგნოზები და მოლოდინები გაუჩინოს მოსახლეობას. ეს არასწორი პოლიტიკაა. არ შეიძლება, როდესაც წინასწარ ახდენენ მოსახლეობის დაძაბვას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რისიც არ სჯერა გერმანიის კანცლერს, სჯერა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ლუბომირ ზაორალეკმა ღიად განაცხადა, რომ საქართველო მზად არის MAP-სთვის. მინისტრის განცხადებით, ჩეხეთის რესპუბლიკა რჩება საქართველოს ურყევ მხარდამჭერად ნატო-ს წევრობის საკითხში.
„ვიმედოვნებ, რომ უელსის სამიტი მოახდენს საქართველოს პროგრესის აღიარებას. გვჯერა, რომ თქვენი ქვეყანა მზად არის მაპისთვის. მეორე მხრივ, მიმდინარეობს დისკუსიები მოკავშირე ქვეყნებს შორის, თუ რა უნდა იყოს გაცხადებული სამიტზე. საბოლოო დასკვნამდე ჯერ შორს არიან. ამიტომ, ძალიან ძნელია პროგნოზირება შემდგომი პროცესების, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა ლუბომირ ზაორალეკმა.
უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლება მოქმედებს გეგმაზომიერად და ეტაპობრივად.
„მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდება უელსის სამიტზე, ეს არის ეთმნიშვნელოვანი. მექანიზმებზე ნუ ვილაპარაკებთ დღეს. რასმუსენმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ამ კომპონენტიდან თუ ანალიზს გავაკეთებთ, უფრო ოპტიმისტურია სცენარი, ვიდრე პესიმისტური. დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესი აუცილებლად იქნება“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მაღალი შეფასებები აქვს ნატოს მხრიდან.
„მთავარია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა არის. მართალია მაპ-ს მიმართულებით ჯერ არაა პოლიტიკური კონსენსუსი მიღწეული, მაგრამ ყველა მათ შორის სკეპტიკური ქვეყნები გერმანიის ჩათვლით, აღიარებენ, რომ მთავარი პროგრესი მიღწეულია და დინამიკა არის კარგი. გარდა ჩვენი მიღწევების შეფასებისა, უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება და კონსენსუსი, ანუ ყველა წევრის თანახმობა, რომ მოხდეს წინსვლა ნატოს კუთხით.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საჭიროა ქართული მხარის უფრო მეტი აქტიურობა, როგორც სკეპტიკურ ქვეყნებთან, ასევე ჩვენს მხარდამჭერ ქვეყნებთან, რათა მოხდეს ნატოში არსებული მხარდამჭერის და მისი ცხოვრებაში რეალიზაცია. სამწუხაროდ, საკმარისი მუშაობა ამ კუთხით არ არის“, - აცხადებს მუჩაიძე.
თავისთავად ჩნდება კითხვა, თუ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაშინ რატომ არ უჭერას მხარას გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა საქართველოსთვის მაპის მინიჭებას? გიორგი მუჩაიძე არ გამორიცხავს, რომ გერმანიის სკეპტიკურობის მიზეზი რუსეთის არგაღიზიანება იყოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნება. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, ეს პროცესები გარკვეულ გავლენას ახდენს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე ზოგიერთ ქვეყნებზე და მათ შორის გერმანიაზე. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცეს თუ გავითვალისწიებთ, აქ პირიქით, 2 თვით დააჩქარა პროცესი. შეიძლება გერმანიის სკეპტიკურობის მიზეზი იყოს რუსეთის არგაღიზიანება, მაგრამ იმის მტკიცება, რომ მესამე ქვეყანას აქვს ვეტოს უფლება ნატოს გადაწყვეტილებაზე, ამას ვერ ვიტყვი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.