დავით დარჩიაშვილი: „მეტი საქმე არ გვაქვს, იმისთვის, რას იტყვის ეს ადამიანი - ირაკლი ღარიბაშვილი“

დავით დარჩიაშვილი: „მეტი საქმე არ გვაქვს, იმისთვის, რას იტყვის ეს ადამიანი - ირაკლი ღარიბაშვილი“

„ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მთლიანობაში 5%-ს შეადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კლებად რეიტინგს ბევრი ორგანიზაციის კვლევა ადასტურებს. აქედან გამომდინარე, პრემიერის თქმით, ყოველდღიურად ნაციონალების რეიტინგი ეცემა. საერთო ჯამში, ისინი საკუთარ სიმბოლურ რიცხვზე, ანუ 5%-ზე ჩამოვიდნენ. ამდენად, პრემიერს უკვირს, რომელ სამომავლო პერსპექტივაზე საუბრობს ყოფილი მმართველი გუნდი?!

უფრო ადრე, აპრილის თვეში, ირაკლი ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის რეიტინგად ოდნავ მაღალი ციფრი - 7% გამოაცხადა. მაშინ იგი განმარტავდა, რომ სწორედ 7%-მდე დაეცა ნაციონალთა მიმართ ინტერესი. მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნაციონალებისთვის განკუთვნილ მონაცემებში ოდნავი კორექტირება ლუის ნავარომ შეიტანა. 8 მაისს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის („ენ-დი-აი“-ს) დირექტორმა თვითმმართველობის არჩევნებში ნაციონალთა რეიტინგად 1 % განსაზღვრა, მაშინ, როცა გამოკითხულთა 48%-ს „ქართული ოცნების“ სასარგებლო პოზიცია დაუფიქსირა. გარდა ამისა, ლუის ნავარომ ნიკა მელიას თვითმმართველობის არჩევნებში 10% განუსაზღვრა, ხოლო დავით ნარმანიას - 39%.

რეალურად რამდენი პროცენტი აქვთ ნაციონალებს, ამის გარკვევა თავად ნაციონალებთან შეუძლებელია. ისინი ყველანაირად ერიდებიან საკუთარი რეიტინგის ციფრებში დაფიქსირებას და ჟურნალისტებსაც მოუწოდებენ, არჩევნებს დაელოდონ. არც იმას ადასტურებენ, რომ მათი რეიტინგის კატასტროფული კლება უკვე ერთნიშნა რიცხვში გამოიხატება. რაც შეეხება პრემიერის მიერ მათ „უმცირესობის უმცირესობად“ მოხსენიებასა და მათთვის 5%-იანი რეიტინგის მინიჭებას, ნაციონალები ასეთმა შეფასებამ გაანაწყენა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერი პატარა ბიჭია, რომელსაც რაღაცები ესიზმრება. ამიტომ დარჩიაშვილისთვის უფრო საინტერესოა, თავად „ოცნებას“ რა რეიტინგი აქვს.

For.ge-სთან საუბარში დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ აპრილის თვეში „ენ დი აი“-მ ნაციონალებს 12- 15% განუსაზღვრა და, როგორც ჩანს, პლუს-მინუსით, ეს იყო რეალობა იმ დროისთვის. თუმცა დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ აპრილის შემდეგ „ისეთ სულელურ“ განცხადებებს აკეთებს მთავრობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდა პრემიერი და ისე დაიქოქა საარჩევნო კამპანია, რომ ნაციონალებს რეიტინგი მხოლოდ მოემატებოდათ.

„პრემიერი ღარიბაშვილი თავისი თანამდებობისთვის აბსოლუტურად არაადეკვატურია. არსაიდან ადამიანი მოდის პოლიტიკაში, სხვისი სურვილით, სხვისი ნებით ჯდება იქ და აწყდება რა ქვეყნის მართვასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას, ნაცვლად იმისა, მასში გაერკვეს, მიხვდეს, რომ მთლად ასე არ ყოფილა საქმე, ამბობს, ყველა დაპირება ავუსრულე ხალხს, მარტო ჩვენი პარტია უნდა გავიდეს არჩევნებზე და პლანტაციებში უნდა ვამუშავოთ ადამიანებიო. ამას ნორმალური არ შეიძლება ეწოდოს“, - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა და, როცა დავინტერესდით, როგორი რეიტინგი ჰქონდა ნაცმოძრაობას, გვითხრა: „მე თერმომეტრი კი არ მიჭირავს. მე მგონი, იმაზე უკეთეს შედეგებს უნდა ველოდოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, ვიდრე ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე“.

ჩვენს შეკითხვაზე, იქნებ სჯობდა, ნაცმოძრაობას თავისი შიდა რეიტინგები წარმოეჩინა და მაშინ კითხვები საზოგადოებაში აღარ გაჩნდებოდა, დავით დარჩიაშვილმა აღნიშნა: „მეტი საქმე არ გვაქვს, იმისთვის, რას იტყვის ეს ადამიანი - ირაკლი ღარიბაშვილი, ჩვენ კვლევები ვაკეთოთ. როგორი კვლევებიც არ უნდა დავდოთ, ეგ მაინც გააკეთებს ასეთ განცხადებებს. რა, დანაპირები შეუსრულა ხალხს? მისი დანაპირები თურმე ის ყოფილა, რომ 70 საწარმოში 700 კაცი დაასაქმა. ამ დროს 12 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა და ამას ეძახის დანაპირების შესრულებას?! იმასაც იძახის, ტყუოდნენ, არც შუქი ჰქონდათ, არც გაზიო. ძალიან მომბეზრდა ამ ადამიანზე რაიმის თქმა“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

ამასთან, ფიქრობს, რომ „ქართული ოცნებისა“ და ნაცმოძრაობის მიმართ „ენ დი აი“-ს მონაცემები რეალურია. სხვა სანდო, ობიექტური კვლევის შედეგები კი ჯერჯერობით არ გვაქვს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნაცმოძრაობას აქვს თუ არა 5%-იანი რეიტინგი, ამას არჩევნებში ხალხი განსაზღვრავს, თუკი ნაცმოძრაობას ნორმალური კამპანიის ჩატარების საშუალება მიეცემა და, თუკი ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაწყებული ზეწოლის ტენდენცია არ გაგრძელდება, ხოლო                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            

კანდიდატების საარჩევნო კამპანიიდან მოხსნა შეწყდება.

„თუ ვინმე ასე ხელოვნური ჩარევით ცდილობს ნაცმოძრაობის პარტიის რეიტინგის დაგდებას ან შედეგების გაუარესებას, ეს ცუდ რეზულტატს გამოიღებს. ასეთი არჩევნების ნდობა არ იქნება არც ქვეყნის შიგნით, არც გარეთ. ამიტომ ნორმალური საარჩევნო გარემო უნდა შეიქმნას და შემდეგ ვნახოთ ეს რეიტინგები. პრემიერის ადგილას, ამდენად თავდაჯერებული არ ვიქნებოდი და ასე ნათელ ფერებში არ დავინახავდი მომავალს, რაღაც თვითკრიტიკულობა უნდა არსებობდეს. თუკი ვინმეს როდესმე აკლდა კრიტიკულობა საკუთარი ნამოქმედარის ან გამონათქვამის მიმართ და ეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ყველა ეპოქაში ამას მოსდევდა სერიოზული შეცდომები. ჩვენ გავდივართ ხალხში, ვხვდებით მათ, ბევრი რამ გვესმის ადამიანებისგან, არსად არ მოგვისმენია კმაყოფილება გაკეთებულის გამო. ძალიან ბევრი უკმაყოფილოა დაპირებების შეუსრულებლობით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გასცა ხელისუფლებაში მოსვლისას. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ნაცმოძრაობას ექნება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. სწორედ ამ საფრთხეს ხედავს დღევანდელი ხელისუფლება. ეს იმითაც მტკიცდება, რომ ამდენი აქცენტია გადატანილი ჩვენს რეიტინგთან დაკავშირებით, რატომღაც გვეძახიან უმცირესობის უმცირესობას. მათ რომ იცოდნენ, რომ მართლაც არ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა, ჩვენს შესახებ ამდენს ნამდვილად არ ილაპარაკებდნენ“, -გვითხრა გიგი წერეთელმა.

მანვე გაიხსენა საპრეზიდენტო არჩევნები, როცა ნაცმოძრაობას მხოლოდ 7%-ს უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა მაშინ მათ 22% მიიღეს. ამიტომ გიგი წერეთელი ფიქრობს, რომ პრემიერის მიერ 5%-ად მათი მოხსენიება ფსიქოლოგიური ინსტრუმენტია, რათა ზედმეტი თავდაჯერებულობით თავიანთი მომხრეები კიდევ უფრო შეაგულიანონ. გიგი წერეთლის თქმით, ეს პოლიტიკური ხერხები მისთვის ცნობილია და ზოგიერთი დაბადებულიც არ იყო, როცა პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდს გადიოდა ნაცმოძრაობა. ამიტომ, მისი აზრით, სხვის რეიტინგებზე ლაპარაკს აჯობებს, „ქართულმა ოცნებამ“ საქმეს მიხედოს და რეიტინგი მაშინ ექნებათ, როცა თავიანთ დანაპირებს შეასრულებენ.

For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ადასტურებს, რომ, ბუნებრივია, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი რეიტინგი. თუმცა სოციოლოგიური კვლევების ჩატარება ძალზე ძვირი ფუფუნება და ყველა პარტიას, ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციას არ აქვს მისი ჩატარების საშუალება. მხოლოდ ერთეული და გამონაკლისი ორგანიზაციები ატარებენ ასეთ კვლევებს. ამდენად, სავარაუდოა, რომ „ქართულ ოცნებას“, რომელიც კარგად დაფინანსებულ პოლიტიკურ გაერთიანებათა რიგს მიეკუთვნება, ასეთი კვლევები აქვს და სწორედ მათზე დაყრდნობით საუბრობს პრემიერ-მინისტრი, რომ ნაცმოძრაობის რეიტინგი 5%-ია.

რამდენად რეალურია ეს მონაცემები, ექსპერტის აზრით, შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია, დავინახოთ. ერთადერთი შეიძლება, ემპირიული ანალიზისა და საზოგადოებრივი აზრის სხვა მეთოდებით გასინჯვის შედეგად ამ პროცესს დავაკვირდეთ და დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ ამა თუ იმ მაჩვენებელს.

„როდესაც ამ თემაზე საუბრობს პრემიერი და ამბობს გარკვეულ ციფრებს, ჩვენ არ ვიცით, რა სახის, რა მასშტაბის საფუძველზე ჩატარებული კვლევა უდევს ამას საფუძვლად. ამიტომ პრემიერს სიტყვაზე უნდა ვენდოთ. ხოლო, როცა ამის თაობაზე საუბრობს „ენ დი აი“ და ასახელებს გარკვეულ პროცენტულ მაჩვენებელს, ჩვენ გვაქვს გარკვეული სკეფსისი მის მიმართ, რადგან წლების განმავლობაში ეს ორგანიზაცია ატარებდა გამოკითხვებს, ხშირად ცდებოდა და არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა. იმ პერიოდში სამუშაო ველი კვლევისთვის დაბინძურებული იყო. ახლა, როდესაც ეს ველი გაჯანსაღდა, უფრო მეტია ლუის ნავაროს კვლევების მიმართ სანდოობა, თუმცა ისევ არ ვიცით, გარკვეული ქვეტექსტი ამ ორგანიზაციის კვლევას ახლავს თუ არა. ამიტომ მე ვერცერთი კვლევის შედეგს ურყევ ჭეშმარიტებად ვერ მივიღებ. დროა, საქართველოში 2-3 წესიერი, ავტორიტეტული და კარგად დაფინანსებული სოციოლოგიური კვლევების კომპანია არსებობდეს, რომლებიც დადებენ ასეთ შედეგებს, როგორც ეს დასავლეთში ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია მიღებული. კერძოდ, ყველა მომავალი არჩევნების შედეგი 1-2 %-ის ცდომილების ფარგლებში წინასწარაა ცნობილი“, -აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.