„ყველა ქალაქში გავიმარჯვებთ“

„ყველა ქალაქში გავიმარჯვებთ“

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, შესრულებული და შეუსრულებელი დაპირებები, ფარული მოსმენები, კრიმინოგენური ვითარება, ნეპოტიზმი და ე.წ. პრემიები, სწორედ ამ თემებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. და კიდევ, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია არ მოხდება.

ირაკლი ღარიბაშვილის პერსკონფერენციას ყოფილი მმართველი გუნდის კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არც ერთ ქალაქში სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას არ დაუშვებდა. ამასთან, პრემიერი ფიქრობს, რომ ცუდი არაფერი ჩაუდენია, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს პლანტაციაში სამუშაო შესთავაზა.

„არავითარი არასწორი განცხადება არ გამიკეთებია. ის განცხადება გავაკეთე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის - კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა და არა პრემიერ-მინისტრმა. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური ძალის ლიდერი დაინტერესებულია, რომ მისმა პოლიტიკურმა ძალამ მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგებს.

დარწმუნებული, რომ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში გავიმარჯვებთ ჩვენ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ძალის ლიდერის მოწოდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპონენტად არ აღიქვამს და ამბობს, რომ „მათი რეიტინგი დღითიდღე ეშვება და სად არიან თვითონაც არ იციან“. მისივე თქმით, ეს არის შედეგი იმისა, რაც დათესეს წლების განმავლობაში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან იცის განწყობები და შეფასებები თითოეული რაიონის, სოფლის მიხედვით და „ქართული ოცნება“ ხუთი თავით მაღლა დგას ყველაზე. ამასთან, ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთ ტყუილში დაადანაშაულა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილს ავრცელებს, თითქოს, კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშლება. არათუ ვიშლებით, არამედ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს არის კიდევ ერთი გზავნილი ჩვენი მოსახლოებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა დეტალურად ისაუბრა მასსა და ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის არსებულ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ არავითარი დაძაბულობა არ არსებობს.

საუბრები და სპეკულაციები მიმდინარეობს მიზანმიმართულად ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომელსაც ხელს უწყობენ სხვადასხვა მედიასაშუალებები და ახდენენ ამის ტირაჟირებას.

პრემიერმა დეტალაურად ისაუბრა შესრულებულ და შეუსრულებელ დაპირებებზე და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, სტაბილურად გრძელდება ქვეყნის განვითარება, რაც მანამდე არ არსებობდა.

„ვერც ერთ დანაპირებს ვერ მეტყვით, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ. შესრულდება ყველა დანაპირები, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე მივეცით მოსახლეობას ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში, ხოლო რაც 18 თვეში მოვახერხეთ, ეს იყო უპრეცედენტო. ეს ყველაფერი შევძელით ბიუჯეტის სწორად გადანაწილებით.

საწარმოები ის თემაა, რომელიც მუსირებს - სად არის დაპირებული 100 საწარმო? 100 საწარმო ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ შეიქმნებოდა 2016 წლის ბოლომდე. ჩვენ წელს უკვე მოვახერხეთ 70-ზე მეტი საწარმოს გახსნა. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ ამ საწარმოებში დაახლოებით 700-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და 400-ზე მეტი საწარმოს გაფართოება-გადაიარაღება განხორციელდა“, - აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება თვითმმართველოს არჩევნებს და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, პრემიერი ამბობს, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესებულია. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩვენო გარემო იყო აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე, რომელმაც დაიმსახურა ძალიან მაღალი შეფასებები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

„ხელისუფლებას აქვს ამბიცია, რომ იგივე პირობებში და კიდევ უფრო უკეთეს პირობებში ჩაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მთლიანობაში 5 პროცენტს შეადგენს და ამ კლებად რეიტინგს ბევრი ორგანიზაციის კვლევა ადასტურებს. ყოველდღე ეცემა მათი რეიტინგი და საინტერესოა, რა პერსპექტივაზე აქვთ საუბარი“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

აქტუალური იყო კითხვა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. პრემიერის აზრით, ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღები მობილური ოპერატორების ხელში არ უნდა იყოს. მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს რეალური სურვილი და მოტივაცია, რომ ააშენონ ძლიერი სახელმწიფო და ასეთ ძლიერ სახელმწიფოში უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება.

პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საგარეო პრიორიტეტებზე და ამა თუ იმ საკითხზე, მთავრობის და გუნდის წევრების განსხვავებული მოსაზრებები „უყურადღებობით“ ახსნა.

„რაც შეეხება განსხვავებულ მოსაზრებებს, ეს შეიძლება უყურადღებობით მოსდით, მაგრამ ამასაც გაასწორებენ. ტრაგედია არ ხდება, რომ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირონ. შიგნითაც ხდება განსხვავებული აზრის დაფიქსირება, ჩვენ ვკამათობთ, ხდება აზრთა გაცვლა- გამოცვლა, დისკუსია და გარეთ გამოდის საბოლოო პოზიცია.

ამ პროცესში, სანამ არ მოხდა პოზიციის შეჯერება, შეიძლება ვიღაცამ რაღაცა თქვა, მაგრამ არ უნდა გეგონოთ, რომ აქ რაღაც უთანხმოებაა. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ერთი აზრი, მაგრამ დისკუსიის შემდეგ ეს აზრი შეიცვალო, ამაში რას ხედავთ უჩვეულოს? ვისურვებდი, რომ ასე არ იყოს და იმედი მაქვს, რომ ამას გამოასწორებენ მინისტრებიც და კოალიციაში შემავალი დეპუტატატებიც“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო შეიძლება იყოს მოდელი, რომელიც ახერხებს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას და ასოცირების ხელმოწერას.

„რაც შეეხება ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას, ამას სჭირდება კარგი მომზადება. ჩვენ ზოგადად დავაფიქსირეთ, რომ გვაქვს მზაობა, შედგეს პირდაპირი დიალოგი, მაგრამ როდის, რა ფორმით, როგორ ან რა ფორმატით, ამას დრო გვიჩვენებს. წინა ხელისუფლების ჰქონდა რადიკალური დამოკიდებულება, რაც იყო დამღუპველი და არავითარი შედეგის მომტანი. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ შედეგზე ვიფიქროთ. ჩვენ ხალხმა იმიტომ აგვირჩია, რომ კონკრეტული შედეგი მოვიტანოთ ნებისმიერ სფეროში.

ჩვენ ვართ დაინტერესებული, მოვახდინოთ ამ ურთიერთობის ნორმალიზება, ჩვენ გარკვეული მიმართულებით უკვე მივაღწიეთ შედეგებს. ჩვენი კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგია, რომ მოხდა დეესკალაცია იმ დაძაბულობის, რაც წლების განმავლობაში მიმდინარეობა. დაიწყო ხალხთა შორის ნდობის აღდგენა, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესება, ამას მოყვა შედეგები“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, მისმა მთავრობამ აფხაზეთთან და ოსებთან დაიწყო შერიგების პოლიტიკა და შეცვალა ის რიტორიკა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. „ამ ეტაპზე არ გვსურს დამატებითი აჟიოტაჟის შექმნა. მე არ მსურს ნაჩქარევად გავაკეთო კომენტარი რუსეთის მხრიდან აფხაზეთში ღია ჩარევაზე. ამას სჭირდება დადასტურება, დაკვირვება და სწორი ანალიზი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი რაზეც პრემიერმა ისაუბრა, სასამართლო გადაწყვეტილებებს შეეხებოდა. მისი თქმით, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო თუ რომელიმე მოსამართლე არის რაიმე გავლენის ქვეშ, მან უნდა მიბაძოს სხვა მოსამართლეს, რომელიც რელურად არის თავისუფალი.