მტკვარი მძიმე მდგომარეობაშია

მტკვარი მძიმე მდგომარეობაშია

„მდინარე რაინი იყო შავი და დღეს რაინი არის ცისფერი“, - ეს გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრის სიტყვებია. „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა -დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე მიიჩნევს, რომ თბილისის მთავარი არტერია -მტკვარი უნდა გადავარჩინოთ და მენდელეევის მთელი სპექტრი არ უნდა გადმოდიოდეს სანიაღვრე სისტემებიდან. ეს ისევე უნდა გავაკეთოთ, როგორც დასავლეთ ევროპის ხუთმა ქვეყანამ მოახერხა 20 წლის წინ მდინარე რაინთან მიმართებით. იგივე მოხდა დუნაისთან მიმართებითაც. მტკვარი კი, რომელიც თბილისისთვის ყველაზე კარგი ფილტრია და, წესით, ქალაქს უნდა ასუფთავებდეს, დღეს დაბინძურებულია.

მდინარე მტკვარში ყოველდღიურად საყოფაცხოვრებო ნივთები, ფეკალური მასები და სამშენებლო მასალები იყრება, არ ფუნქციონირებს სანიაღვრე კოლექტორები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია მდინარის ფსკერი.

ეს მაშინ, როცა თურქეთიდან წამოსული მტკვარი ასპინძაში ჯერ კიდევ აბსოლუტურად სუფთაა, მას სასმელადაც იყენებენ. დედაქალაქში კი ის ბინძურდება. მტკვარში ჩამდინარე 10 ნაკადი გასაწმენდია. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება მტკვარს სანაოსნო ფუნქციაც მიენიჭოს და ქალაქის ცხოვრებაში რომანტიკოსთა საყვარელი მდინარე ჩაერთოს მთელი თავისი ინფრასტრუქტურით.

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ზაფხულის პერიოდში, როდესაც მდინარის წყლიანობა მცირდება, მტკვრიდან საშინელი სუნი მოდის და მტკვრის ეკოლოგიური მდგომარეობა სასწრაფოდ მისახედია. გამწმენდი მოწყობილობები არ გააჩნია არც ქალაქის კანალიზაციას, არც საწარმოებს და ყველაფერი მტკვარში ჩაედინება. აღმოსავლეთ საქართველოს მთელი ანტისანიტარია სხვადასხვა მდინარეებში ჩაედინება, რომლებიც შენაკადებით მტკვარს უერთდებიან.

„2011 წელს ჩვენ სააშკარაოზე გამოვიტანეთ, რომ სააკაშვილი ჩუმად მოელაპარაკა თურქებს და თურქეთიდან მტკვრის შემოსვლის ადგილას თურქებს წყალსაცავის მშენებლობის უფლება მისცა. კიდევ კარგი, ჩვენ ეს შემთხვევით აღმოვაჩინეთ, თორემ ის წყალიც რომ მოაკლდებოდა თბილისს, მაშინ, საერთოდ, კატასტროფული სიტუაცია შეიქმნებოდა. არც ერთი ობიექტი აღარ უნდა აშენდეს გამწმენდი ნაგებობების გარეშე. ასევე, შავ ზღვაში არ უნდა ჩაედინებოდეს ბათუმის მთელი კანალიზაცია.

გაგიკვირდებათ, ამას წინათ საოცარი რამ ვნახე, ადამიანი მტკვარში კი არ თევზაობდა, არამედ მტკვრის ნაპირას, კანალიზაციას თავი ჰქონდა მოხდილი და პირდაპირ კანალიზაციაში თევზაობდა. მერე იმ დაჭერილ თევზს სადღაც გაყიდიან. თუ მტკვრის დაბინძურება გაგრძელდება, მტკვრის თევზი საერთოდ გაქრება, განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში. ზაფხულში თევზებს განსაკუთრებით უჭირთ, რადგან მაღალი დაბინძურების პირობებში ჟანგბადის რაოდენობა მდინარეში ძალზე მცირდება“, - გვითხრა გია გაჩეჩილაძემ.

ამასთან, განმარტა, რომ ქვაბულშია თბილისი განთავსებული, ხეობაში ვართ და ძნელად ნიავდება დედაქალაქი. ამიტომ ჰაერის გაწმენდა-განიავების თვალსაზრისით, მტკვრის მდგომარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარე რუსუდან სიდამონიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ თბილისის მიდამოებში მტკვარი ჩამდინარე წყლებით ბინძურდება, თითქმის არ მუშაობს თბილისის გამწმენდი ნაგებობა და მისი მუშაობის ეფექტურობა დაახლოებით ნულს უახლოვდება.

„თბილისში ჩამდინარე წყლები გაწმენდის გარეშე უერთდება მტკვარს. პრობლემურ ჩამდინარე წყლებზე პასუხისმგებელი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია“. თუმცა ჯერჯერობით მისი ქმედების შედეგი არ ჩანს. ტარდება უამრავი შეხვედრა, არსებობს მრავალი პროგრამა და შედეგი მაინც არ არის. კიდევ კარგი, მტკვარს თვითგაწმენდის დიდი უნარი გააჩნია და ეს მეტ-ნაკლებად შედეგს გვაძლევს. თორემ თვალნათლივ ჩანს, სამრცეხაოები მიერთებულია არა საკანალიზაციო, არამედ სანიაღვრე სისტემასთან.

ერთი მხრივ, კარგია, რომ ცოტა საწარმოებია ქვეყანაში და ეს ამცირებს მტკვრის დაბინძურებას. საქართველოში ყველა მდინარე დაბინძურებულია, მაგრამ მტკვარი ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისელები სასმელ წყლად იყენებდნენ მტკვარს, ახლა წარმოიდგინეთ, დღეს როგორი სავავალო სიტუაციაა“, - აღნიშნა რუსუდან სიდამონიძემ.