საქართველო – დაბკოლება აშშ-რუსეთის ურთიერთობებში

საქართველო – დაბკოლება აშშ-რუსეთის ურთიერთობებში

მოსკოვი - როდესაც ამ კვირაში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი უმცროსი ჯოზეფ ბაიდენი რუსეთის ლიდერებს შეხვდება, განხილვის ერთ-ერთ მთავარი თემა იქნება აშშ-რუსეთის ურთიერთობების „გადატვირთვის“ შედეგები, კერძოდ რუსეთის დიდი ხნის მისწრაფება გაწევრიანდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რასაც აქტიურად უჭერენ მხარს ამერიკის ოფიციალური პირები.

მაგრამ ამ პროექტის წარმატებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. კერძოდ, დაბრკოლებას ქმნის ის, რომ საქართველოს, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში 2000 წელს გაწევრიანდა, ორგანიზაციაში ნებისმიერი წევრის მიღების დაბლოკვა შეუძლია.

საქართველოს და რუსეთს შორის უთანხმოება ბოლო ათი წლის განმავლობაში სულ უფრო მწვავდებოდა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობა რუსეთისგან პოლიტიკის შეცვლას მოითხოვდა. მოლაპარაკებები 2008 წელს დაიწყო, თუმცა რამდენიმე თვეში ამ ორ ქვეყანას შორის სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო ომი გაჩაღდა და საკითხის შემდგომმა განხილვამ აზრი დაკარგა.

ახლა, ჩვიდმეტი წლის განმავლობაში გაჭიანურებული რუსეთის მიღების საკითხი სავაჭრო ორგანიზაციაში დასასრულს უახლოვდება. ორშაბათს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს ის, რომ აპირებენ რუს კოლეგებთან შეხვედრას შვეიცარიაში, ქვეყანაში, რომელსაც „მხარეებს შორის შუამავლის ვალდებულება აქვს“.

ეს რთული და ნაწილობრივ მტკივნეული საკითხიცაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის: რუსეთისთვის, რომელიც იძულებულია მოელაპარაკოს მთავრობას, რომლის დემონიზაციაც მოახდინა; შეერთებული შტატებისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია რუსეთის მსო-ში გაწევრიანება, და საქართველოსთვის, რომელიც იძულებულია მოლაპარაკებები ძალიან შეზღუდულ ვადებში აწარმოოს, ვიდრე მის მოკავშირეებს მოთმინება არ დაუკარგავთ.

„საქართველოსთვის მსო-ს საკითხი ჯოხის ორი ბოლოს საკითხია“, – მიაჩნია სვანტე კორნელს, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფუნდამენტური საერთაშორისო კვლევების სკოლასთან არსებული ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევების დირექტორს.

„ერთი მხრივ ეს ერთგვარი ბერკეტია“, – ამტკიცებს კორნელი, „მეორე მხრივ, საქართველო შეიძლება გამოჩნდეს, როგორც პრობლემების წყარო, რაც მას იზოლაციით ემუქრება“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებების ინიციატორი რუსეთია და რომ ეს მოლაპარაკებები სავარაუდოდ ოთხშაბათს ან ხუთშაბათს დაიწყება. მას არ დაუკონკრეტებია ის, თუ რა პირობებს წამოაყენებს საქართველო. თუმცა, მანამდე ქართული მხარე მოითხოვდა საბაჟო კონტროლში მონაწილეობას რუსეთს და სეპარატისტულ ტერიტორიებს შორის საზღვარზე.

საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ ის ისურვებდა რუსული საზღვრის მხარეს საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსებას – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ანალოგი მოლდავეთის სეპარატისტული რეგიონის დნესტრისპირეთის საზღვრებთან. კანდელაკის თქმით, დამკვირვებლები ხელს შეუშლიან საქონლისა და ნარკოტიკის კონტრაბანდას, ასევე საზღვრებზე რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას.

„თუკი რუსეთი ამას არ დათანხმდება, ის არ გაწევრიანდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“, – დასძინა მან - საქართველოს არ სურს დაბრკოლებად იქცეს, მაგრამ პრობლემების მიზეზი საქართველო არ არის“.

მისი თქმით, მოლაპარაკებები საქართველოს აძლევს იმის „კარგ შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას შეახსენოს“ სეპარატისტული ტერიტორიები, რომელთა დამოუკიდებლობასაც მხოლოდ რუსეთი და კიდევ სამი სახელმწიფო აღიარებს. ორ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ სამხრეთ ოსეთში საქართველოს ჯარი დაამარცხა და რეგიონში მცხოვრები ათობით ათასი ეთნიკური ქართველი დღემდე დევნილად რჩება. ამასობაში კი რუსეთმა სეპარატისტულ ტერიტორიებზე მძიმე შეიარაღება, მათ შორის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები და გამშვები სისტემები განათავსა.

„ეს საკითხი კვლავ აქტუალურია და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე უშუალოდ აისახება“, – ამტკიცებს კანდელაკი, „პრობლემა დღემდე გადაუჭრელია“.

რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედედკოვმა კომენტარზე უარი გვითხრა.

ამერიკელი ჩინოვნიკები პროცესში ჩარევას არ აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხში დაინტერესებულია. პრეზიდენტ ობამას მრჩეველმა მაიკლ მაკფოლმა მოლაპარაკებებს უწოდა „ორმხრივი და არა სამმხრივი საკითხი“.

მოსკოველ დიპლომატებს „ესმით, რომ ამ საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგნენ, და რომ უბრალოდ ვერ დაიცდიან მანამ, სანამ ჩვენ ქართველებს დათმობას არ ვაიძულებთ – რადგან ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ“, – ხაზგასმით აღნიშნა მაკფოლმა ოთხშაბათის სატელეფონო პრესკონფერენციის დროს. მისი თქმით, საქართველოს ლიდერები მზად არიან „განიხილონ კონკრეტული ეკონომიკური და სავაჭრო საკითხები და დავა სხვა დონეზე არ გადაიტანონ“.

ვაშინგტონში პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის რუსეთის საკითხების ექსპერტ ანდერს ასლუნდს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ მოსკოვს უნდა მოსთხოვოს ყველა სავაჭრო სანქციის გაუქმება, რომელიც ამ უკანასკნელმა 2006 წელს შემოიღო, როდესაც რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა საქართველოდან ღვინის და მინერალური წყლის იმპორტი აკრძალა, რითაც ქართულ ეკონომიკას ძლიერი დარტყმა მიაყენა. ”საბაჟო და სასაზღვრო საკითხებზე მოლაპარაკებები გაცილებით რთული იქნება, რადგან ის საზღვრების ოფიციალურ აღიარებასთანაა დაკავშირებული“, – ამბობს ასლუნდი.

მან აღნიშნა ასევე, რომ ვეტოს უფლება, რომელიც საქართველოს აქვს, არის ერთ-ერთი იმ უკანასკნელ გარემოებათაგან (ინტელექტუალური საკურების დაცვის და სასოფლო სამეურნეო სუბსიდიებთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად), რომელიც რუსეთს და სავაჭრო ორგანიზაციაში მის გაწევრიანებას შორის არსებობს. ასლუნდის თქმით, ”მსო-ს წევრები აღიარებენ საქართველოს რუსეთთან ვაჭრობის უფლებას, თუმცა რუსეთი გაწევრიანებასთან სულ უფრო ახლოს არის“.

„დღეს საქართველოს სერიოზული ბერკეტები აქვს, მაგრამ მალე ეს ბერკტები გაქრება, – ამტკიცებს იგი - მან ეს ბერკეტები ეფექტურად უნდა გამოიყენოს“.
{foreignpress.ge]