„როგორ უნდა განხორციელდეს თვითმართველობა - გაჩვენებთ“.

„როგორ უნდა განხორციელდეს თვითმართველობა - გაჩვენებთ“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მარათონში ბევრისთვის მოულოდნელი იყო ეროსი კიწმარიშვილის გამოჩენა, რომელიც რუსთავში მერობაზე იყრის კენჭს. კიწმარიშვილი დიდი ხნის განმავლობაში ჩრდილში იმყოფებოდა და როგორც ჩანს სერიოზულად აპირებს ქართულ პოლიტიკაში შესვლას. For.ge ეროსი კიწმარიშვილს ესაუბრა

 

- რუსთავის თემა ყოველთვის იყო ჩემთვის მტკივნეული და მუდმივი ინტერესის საგანი. რუსთავში დავამთავრე სკოლა, აქედან დავდიოდი ინსტიტუტში, აქ გავიარე ინტერნატურა. მე და ჩემმა მეგობრებმა რუსთავში დავაარსეთ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია - რუსთაველი საზოგადოების ახალგაზრდული ფრთა. რუსთავიდან ვმონაწილეობდი1988 წლის ნოემბრის შიმშილობაში. რუსთავიდან ვიყავი 9 აპრილის აქციების ორგანიზატორი და ჩართული ვიყავი ყველაფერში, რაც რუსთავს ეხებოდა.

ინტერნატურის დამთავრების შემდეგ, ორი წლით ვიყავი წასული რაჭაში სოფლის ექიმად. ამის შემდეგ ისევ რუსთავში დავბრუნდი და გავხდი რუსთავის ჯანდაცვის განყოფილების სამსახურის ხელმძღვანელი - დაახლოებით ხუთი ათასი თანამშრომელის ხელმძღვანელი, უამრავი საავადმყოფოს, დისპანსერის, პოლიკლინიკისა თუ ამბულატორიის კოორდინატორი.

პირველი წარმატებული პროექტი იყო სადაზღვევო კომპანია, რომელსაც მოყვა პოპულარული და მაღალტირაჟიანი ყოველკვირეული გაზეთი - „რუსთავის ახალი გაზეთი“. ამ თემის განვითარებით გაჩნდა ტელევიზიის გაკეთების იდეა და დავიწყე რუსთავის ტელევიზიის კეთება. 1994-95 წლების შემდეგ, ტელევიზიის განვითარებამ ლოგიკურად მოითხოვა თბილისში გადმოსვლა, რადგან ის ვეღარ დარჩებოდა ერთი პატარა ქალაქის მაუწყებლად.

როდესაც თბილისში გადმოვდიოდი, ყველა მეუბნებოდა, რომ ტელევიზიისთვის სახელი შემეცვალა - პროვინციულ სახელს დედაქალაქის ნატიფგემოვნებიანი აუდიტორია ვერ მიიღებსო - ასეთი იყო არგუმენტი, მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელი გახლდათ და დარჩა „რუსთავი 2“.

შემდგომ იყო „ვარდების რევოლუცია“ და როგორც კი მომეცა საშუალება რუსთავისკენ მოვტრიალებულიყავი, რევოლუციიდან რამდენიმე თვეში ჩემი ინიციატივით საქართველოს მთავრობამ მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება რუსთავის აღორძინების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ, რომლის თავმჯდომარედ, ჩემი თხოვნით, ზურაბ ჟვანია გახდა. რუსთავში ჩამოვიყვანე ჟვანია, მინისტრები, დავათვალიერეთ დანგრეული და გაპარტახებული საწარმოები, უპერსპექტივო ტერიტორიები, გვქონდა აქტივთან შეხვედრა. ეს ისტორიული ფაქტებია, რუსთავში ძალიან ბევრს ახსოვს ეს ამბავი.

ჩემი ინიციატივით მეტალურგიულ ქარხანას დაუბრუნდა სახელი ადამიანისა, რომელსაც უკავშირდებოდა მეტალურგიის წარმატებული წლები, ეს იყო ბენო ქაშაკაშვილი. მისი ბაბუა, ნიკოლოზ ქაშაკაშვილი, ორმოციან წლებში იყო ახალაშენებული ქარხნის პირველი მთავარი ინჟინერი. მისი მამა, გურამ ქაშაკაშვილი კი 1979 წლიდან იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი. იმ წლებში მეტალურგიული ქარხანა არათუ საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის ფლაგმანი გახლდათ, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე სოციალური ყოფით. თუმცა გურამ ქაშაკაშვილი1997 წელს შევარდნაძის მთავრობის შიდა ინტრიგების მსხვერპლი გახდა და ჩამოიშორეს. წამატებული უკვე მომავალზე ორიენტირებული ქარხანა დააცარიელეს და უკვე, 2004 წელს, ორასმილიონიანი ვალით დამხვდა. ჩემი მიზანი იყო ეს ქარხანა გამესუფთავებინა ვალებისგან, გამხდარიყო წარმატებული და კარგი პრივატიზაცია განხორციელებულიყო.

თუმცა, ზუსტად რუსთავის თემა გახდა მთავარი გამაღიზიანებელი ახალ ხელისუფლებასთან. რა მოხდა რეალურად?

- ამ პერიოდში დაიწყო ჩემი კონფლიქტი მაშინდელ ხელისუფლებასთან. დაიწყო დიდი ცილისმწამებლური კამპანია. დამაბრალეს ამ ქარხნისა და რუსთავის ეკონომიკის ხელში ჩაგდების სურვილი. ეს იყო შეკვეთილი სტატიების კასკადი და საბოლოოდ ეს კონფლიქტი ჩემსა და იმ დაჯგუფებას შორის, რომელიც მეორე მხარეს იდგა, დამთავრდა იმით, რომ საქართველოდან წავედი. ზუსტად ერთ წელიწადში კი ეს ქარხანა გროშებად გაიყიდა.

ყველამ დაივიწყა მეტალურგიული ქარხანა, რუსთავის აღორძინების პროექტები და ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ამ ჯგუფებს უნდოდათ - რუსთავის მეტალურგიული ქარხანის 90% არის გაძარცული, ჯართად დაჭრილი და გატანილი. დღეს იმ 500 ჰექტრიდან, რომელზეც ქარხანა დგას, 2 ჰექტარზე მიდის სამუშაოები.

რუსთავს დღეს პრაქტიკულად დაკარგული აქვს სამრეწველო ქალაქის ფუნქცია. რა რესურსი შერჩა ამ დროისთვის ქალაქს?

- გაჩნდა შანსი, გავხდე ქალაქის ისეთი ხელმძღვანელი, რომელსაც შეუძლია რაღაც გააკეთოს და არ ვიყოს დაქვემდებარებული ცენტრალურ ხელისუფლებაზე, ან ცენტრალური აპარატის ამბიციებზე.

ცხოვრების დონით, სამოქალაქო საზოგადოებით, ინტელიგენციით, განათლებით, ჯანდაცვის სერვისებით და ა. შ. რუსთავი ყოველთვის იყო ისეთი დონის, როგორც თბილისი. ჩვენ, რუსთაველები ისეთივე დონეზე ვცხოვრობდით, როგორც ცხოვრობდნენ დედაქალაქის ცენტრალური რაიონები. თუ დღევანდელ რუსთავს თბილისს შევადარებთ, რუსთავი შვიდჯერ ღარიბია თბილისზე. ანუ საშუალო სტატისტიკური რუსთაველი მოქალაქე შვიდჯერ ნაკლებ სერვისს, შესაძლებლობებს, ინფრასტრუქტურას მოიხმარს ვიდრე თბილისის მოქალაქე. რუსთავი გაღარიბდა ხელოვნურად, სუბიექტური მიზეზების გამო, რადგან ცენტრალურ ხელისუფლებას, არც ძველს და არც ახალს, თავისი ცხვირის იქით გახედვა არ უნდოდა. მტვერსასრუტივით ისრუტავენ მთელ ბიუჯეტს და მერე იქიდან გროშებს უგდებენ ადგილობრივ ბიუჯეტებს ისე, რომ არ ინტერესდებიან, რა რესურსი ამოიღეს და როგორ უნდა განვითარდეს ადგილობრივი წარმოება.

დღეს რუსთავში ადამიანური პოტენციალი უდიდესია, საწარმოო სივრცეები, ინფრასტრუქტურა - შენარჩუნებული, უბრალოდ, მწარმოებლები აღარ არიან და ამ წარმოების განვითარების ხედვა არ არსებობს.

წინა ხელისუფლების პერიოდში საუბარი იყო  რუსთავში კაზინოების გადმოტანაზე, თუმცა ეს და სხვა იდეებიც მხოლოდ იდეის დონეზე დაჩა. ერთადეთი, რაც გაკეთდა, ეს არის ავტობაზრობა. ძველი გეგმებიდან რის გაკეთება შეიძლება ამჟამად რუსთავში?

- რუსთავის ეკონომიკური აქტივობების იდეა შემუშავდა ჩემი და ზურა ჟვანიას საუბრის შედეგად. იდეა იყო შემდეგი: ყველაფერი, რაც დაკავშირებულია და გუდავს თბილისს, დაწყებული ბაზრობებიდან, რომელიც არის უგვანო, სიბინძურისა და ანტისანიტარიის კერა, ქალაქის ცენტრიდან გადმოგვეტანა. ჩემი იდეა იყო, რუსთავ-თბილისს შორის შექმნილიყო ე.წ. ბუფერული სავაჭრო ზონა, რაც ორივე ქალაქს ამოასუნთქებდა - თბილისი ამოისუნთქებდა და გასუფთავდებოდა საცხოვრებელი ზონებისთვის, პარკებისთვის და ა.შ. ხოლო რუსთავს გაუჩენდა დამატებით სამუშო ადგილებს. ამ ბუფერულ ზონაში, დაჩქარებული ტრასის პირობებში, აშენებულიყო დიდი სავაჭრო მოლები, აშენებულიყო ავტოსალონები. ამას დაემატა ზურას იდეა, რომ თბილისიდან გაეტანა სათამაშო ბიზნესი. მაშინ განიხილებოდა რუსთავის და იაღლუჯის მისადგომების და წყალტუბოს იდეა. ეს სწორი იდეა იყო - შეიქმნებოდა ახალი ზონა, რომელიც ეკონომიკას დაეხმარებოდა.

ეს იდეა დავტოვე, როდესაც ქვეყნიდან წავედი და საბოლოო ჯამში, ამ იდეიდან რუსთავში რეალიზდა ყველაზე სწრაფად ფულის მომტანი სფერო - ე.წ. ავტობაზრობა, რომელსაც არ ჭირდება ნაგებობების აშენება, თუმცა რუსთავისთვის გახდა შემოსავლის ერთ-ერთი საინტერესო წყარო. რა თქმა უნდა, ამანაც რაღაც პოზიტივი მოიტანა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არა იმ მასშტაბით, რაც უნდა მოეტანა.

ძველი იდეიდან, რისი რეაბილიტაციის შესაძლებლობაც არსებობს, ყველაფერი უნდა ავიღოთ, მაგრამ ათი წელი ძალიან დიდი დროა, მათ შორის - ეკონომიკისთვის. რაღაც სფეროებში დრო  ხელიდან გავუშვით, რაღაც - გადათამაშდა. მაგალითად, ძალიან მძიმე სათქმელია, მაგრამ მეტალურგიის პერსპექტივას 2004 წელს ვერავინ ხედავდა, გარდა ძალიან პროფესიონალი ადამიანებისა. ამ პერსპექტივას ვერ ხედავდა ზურაბ ჟვანია, ვერ ხედავდა მაშინდელი ეკონომიკური გუნდი, მაგრამ ხედავდა ბენო ქაშაკაშვილი. მაშინ ფოლადზე და მეტალურგიაზე კონიუნქტურა იცვლებოდა დრამატულად სასიკეთოდ - მეტალის ძალიან დიდი დეფიციტი იყო, თუნდაც, იგივე ჩინეთისთვის. იმ პერიოდში, პოსტსაბჭოთა სივრცეში მეტალურგიული წარმოება გახდა სუპერმომგებიანი და ამ დროს ჩვენ გვქონდა საწარმო, რომელსაც ძალიან დიდი ფულის გენერირების პოტენციალი გააჩნდა. დღეს ეს კონიუნქტურა შეიცვალა, 2004 წლიდან დღემდე მარტო აზერბაიჯანში სამი მეტალურგიული საწარმო აშენდა. ანუ, ამ კონიუნქტურით აზერბაიჯანმა თავისი საწარმო შექმნა, ხოლო ჩვენ ბევრი დრო დავკარგეთ.

გარდა ამისა, ის, რაც უნდა მომხდარიყო აქეთ - სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით, განვითარდა მცხეთის მიმართულებით, რაც, ჩემი აზრით, არის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომაა - ვგულისხმობ ავტოსალონების ხაზს, რომელმაც გაგუდა  ზედაზენის და ამ ტერიტორიების ულამაზესი ხედი და ფაქტობრივად, მოკლა იმ ტერიტორიის მთელი ვიზუალური მხარე. არადა, ჩვენ შეგვეძლო ხრიოკ სტეპებში გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი და ვიქნებოდით ძალიან მომგებიან სიტუაციაში. რაღაცა ფორმით ეს თემაც გაგვექცა.

რისი მოტრიალებაც ახლა არის შესაძლებელი, შეიძლება მოტრიალდეს, მაგრამ ამაზე დიდ იმედებს არ ვამყარებ, რადგან თუ მაშინ მე წარმოვადგენდი ცენტრალური ხელისუფლების გავლენიან მოთამაშეს, დღეს ვსაუბრობ ერთი ქალაქის ხელმძღვანელზე, რომლის სტატუსი განსხვავებულია მაშინდელ სტატუსთან შედარებით. ამიტომ, მე მოვდივარ შემდეგი თემებით: პირველი, და ყველაზე მთავარი - იალღუჯის მთაზე, უკანა ნაწილში, სადაც არის დიდი ტერიტორიები, უნდა აშენდეს დიდი საუნივერსიტეტო ქალაქი. რა არის ამის პერსპექტივის არსი? ჩემი მეგობრის, პროფესორ დიმიტრი ტვილდიანის უნივერსიტეტი „აიეტი“ ყოველთვის მაგალითადმომყავს.

„აიეტში“, ისევე, როგორც სხვა სამედიცინო უნივერსიტეტებში (რომელთაც საერთაშორისო სერთიფიცირება აქვთ გავლილი), სწავლობს ძალიან ბევრი უცხოელი. ეს უცხოელები საქართველოში ჩამოდიან იმიტომ, რომ საქართველოში, პირველი ოთხი წელი, ე.წ. კოლეჯის დონის სწავლება მათ ქვეყნებზე მინიმუმ ოთხჯერ და ექვსჯერ უფრო იაფია. საქართველოში სამედიცინო და ჰუმანიტარული სფეროების ინგლისურენოვანი სპეციალისტები ჯერჯერობით შემოგვრჩა. ერთადერთი, რაც გვაკლია სწორად ორგანიზებული მარკეტინგი და დიდი სივრცეებია. თუ ჩვენ შევქმნით საუნივერსიტეტო ბაზებს, მივიღებთ რამდენიმე ათას ნაკადს ახლო აღმოსავლეთიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ცენტრალური აზიიდან. სტუდენტები, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში, რუსთავში გადაიხდიან იმ თანხას, რომელიც ოთხჯერ, ექვსჯერ ნაკლებია, ვიდრე მათ ქვეყანაში. ციფრებით თუ ვილაპარაკებთ, თითოეული სტუდენტი, პირობითად, ხუთი ათას დოლარს გადაიხდის, რაც მოხმარდება ამ უნივერსიტეტის პროფესურას, ცხოვრებას და ა. შ. გარდა ამისა, ხუთ ათასს ცალკე დახარჯავენ ცხოვრებაში - ბინის არენდა, კვება, ინფრასტრუქტურის გამოყენება და ა. შ. ახლა, გადაიყვანეთ ხუთი ათასი დოლარი ათი ათასი ადამიანის აბსოლუტურ ციფრებში და მიიღებთ ორმოცდაათ მილიონ დოლარს წელიწადში.

ანუ, ეს თანხა შესაძლებელია შემოვიდეს მარტო უნივერსიტეტში და ორმოცდაათი მილიონი შევიდეს მარტო რუსთავის ეკონომიკაში. ეს ციფრი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ რუსთავში ახალი ცხოვრება დაიწყოს.

გარდა ამისა, არის მეორე თემა. ეს არის რუსთავის სპეციალური განათლების ნაციონალურ ცენტრად ჩამოყალიბება. საუბარია ე. წ. სპეციალური მომზადების ცენტრებზე. რუსთავი ისტორიულად იყო ადგილი, სადაც უამრავი პროფსასწავლებელი. დღეს ყველა ვხედავთ, პროფესიონალების როგორი დეფიციტია ყველა სფეროში. ჩვენ უნდა ავაშენოთ სპეციალური მომზადების ცენტრები. ეს იქნება სამუშაო და სასწავლო მოედნები. ადამიანი, რომელიც ჩამოვა რუსთავში, მან უნდა იცოდეს, რომ დახვდება საცხოვრებელი ადგილი, მას ექნება საშუალება მიიღოს სპეცტანსაცმელი და მას ეყოლება მასწავლებლები. ანუ, ჩვენ უნდა თემიდა, - „მომიწყე ბაღანა სადმე სამსახურში“ თანამედროვე მიდგომაზე - ეს იქნება შრომითი მოწყობისთვის ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ გვექნება საშუალება რუსთავში, ერთ საერთო სივრცეში ყველაფერი გავაკეთოთ. ამის გაკეთება თბილისში რთულია, რადგან თბილისში მიწა, არენდა, ბინები ღირს ძვირი და არც არის ამის შექმნის ცალკე კლასტერული სივრცე. რუსთავში ამის შექმნის პერსპექტივა არის, რუსთავი სამრეწველო ქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე იაფია თავისი მიწით, არენდით, ქირაობით, ცხოვრების დონით და ა.შ. აქ ყველაფერია თავმოყრილი: ტრანსპორტის არტერია, საცხოვრებელი, ინფრასტრუქტურული, პროფესიონალური ცოდნა, ინჟინრები დღესაც ცოცხლები არიან და პერსონალიც - მასწავლებლებიც კი არიან, ვისაც შეუძლია ეს ცოდნა გადასცენ. ეს ხალხი არის ჩვენი ოქროს ფონდი, რომელმაც ცოდნა უნდა გადასცეს ახალ თაობას. ეს არის შანსი. მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ მოვნახავთ რაციონალური, ყაირათიანი ხარჯვის მექანიზმებით სწორად განაწილების შესაძლებლობებს. ძალიან დიდი რაოდენობის ფული მიედინება თითებს შორის. რუსთავში არის ძალიან დიდი მსხვილი საწარმოები და მე არ მჯერა, რომ რუსთავის ბიუჯეტი უნდა იყოს ასეთი დაწრეტილი. მე შევთავაზებ დიდსა და პატარა ბიზნესს ძალიან შეღავათიან საშუალებებს იმისა, რომ რუსთავში ფული დააბანდონ თანაც ახლავე.

საუნივერსიტეტო ქალაქის იდეას უკვე პროექტის სახე აქვს თუ ჯერ ჩანასახის მდგომარეობაშია?

- ეს იდეა უკვე იმ წერტილამდეა მიყვანილი, რასაც ქვია მიკრო და საშუალო პრაქტიკებში რეალიზებული პროექტები. „აიეტი“ არის ამის მოდელი და თუ იქნება შესაბამისი ხელშეწყობა, დიმიტრი ტვილდიანი და ეს ჯგუფი მზად არის, ჩვენს მუნიციპალიტეტთან ერთად, ეს გააკეთოს. „აიეტს“ გადაწყვეტილება უკვე აქვს მიღებული, რომ ის გადადის რუსთავში, ოღონდ რუსთავში გადმოვლენ თავიანთი ფართის გასაზრდელად. ეს ტერიტორია მარტო „აიეტის“ არ იქნება, შეიძლება ეს იყოს „აიეტი“, შეიძლება იყოს სხვა უნივერსიტეტი, შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის მონაწილეობით „აიეტთან“ ერთად შექმნილი დიდი პროექტი, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს და შექმნის ამ სივრცეს.

ამ მიმართულებით ჩვენ ვიმუშავებთ ეროვნული განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფთან, რომელსაც ქვია ლიბერიკის უნივერსიტეტი და რომელიც მუნიციპალურ სტრატეგიაში დაგვეხმარება - როგორ უნდა გავყიდოთ ეს პროექტი, რა უნდა გახდეს ამ პროექტის დასაბუთება ციფრების, ადამიანური რესურსის, მარკეტინგის დონეზე. ჩვენ ერთობლივად შევიმუშავებთ რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე ბიზნეს პროექტს, რომელსაც დავდებთ დონორებთან, ბანკებთან, საინვესტიციო ფონდთან. ეს არის მზა პროექტი, იმისთვის, რომ გავყიდოთ და დაახლოებით, ასი მილიონი თანხის ბრუნვა გაჩნდეს რუსთავში და რუსთავის ირგვლივ.

მეორე - ასევე გამზადებული პროექტი დევს, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა და ტრიალებდა. ეს არის ორი ჰიდროელექტროსადგურის აშენება რუსთავის ზონაში. ერთი ძველ რუსთავში, ხიდთან არსებული ეს ჰესი, რომელიც დაინგრა და მეორე ქალაქის ადრინელ შემოსასვლელში. ამ ორ ზონაში შესაძლებელია აშენდეს რამდენიმე ათეულ მეგავატიანი, ორი ჰიდროელექტროსადგური. ამის პროექტირება, რაღაც ეტაპამდე გავლილია, პოტენციური ინვესტორები არსებობენ და სურვილები ამის განხორციელების არის. ეს ჰესი რუსთავისთვის იყო ბუნებრივი ადგილი, საიდანაც წარმოიქმნებოდა გარკვეული ტექნიკური წყლის პერსპექტივა. პლუს ამას, ეს ჰესი და ადგილი ხელს უწყობდა რუსთავის ცენტრალური პარკის ტბის გარემოს შენარჩუნებას, ჭალის გადარჩენას და ა.შ. ეს ისტორიული ადგილი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის ნგრევის დასაწყისის წინ დაინგრა. ეს არის მეორე პროექტი, რომელიც დაახლოებით, ორმოც-ორმოცდაათი მილიონიან პერსპექტივას ქმნის.

ასეთი ტიპის პროექტების კასკადი არსებობს რომელიც მიტოვებული და დავიწყებულია. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რაზეც ძალიან ხშირად ვსაუბრობდი და ვხედავ, ეს არის ნაგვის გადამამუშავებელი წარმოება, რომელიც ერთი უზარმაზარი მეგაპოლისის ნარჩენების უტილიზაციაზე იმუშავებს.

ამ ყველა პროექტზე ნანახი გვყავს პოტენციური ინვესტორები, რომლებიც ამბობენ, რომ მზად არიან ეს პროექტები განიხილონ. თუმცა, მუნიციპალიტეტმა შეიძლება სხვა ინვესტორებს შესთავაზოს თანამშრომლობა. აქაც ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლებასთან ვიყოთ კოორდინირებული.

შემდეგი პროექტი - ასეულობით ჰექტარი მიწა, რომელიც უფუნქციოდ, უსარგებლოდ ყრია, პრივატიზირებულია და მომავალი არ აქვს. ეს არის ყოფილი საწარმოები, არსებული საწარმოების გამოუყენებელი ტერიტორიები, დანგრეული საამქროები და ა. შ. აქ ჩვენ გვაქვს ძალიან მკვეთრი მიდგომა. ჩვენ შევთავაზებთ ყველა ამ საწარმოს დღევანდელ მეპატრონეს, ერთობლივად მოვძებნოთ ბიზნეს გეგმები, როგორ დავასაქმოთ რუსთავში რუსთაველები, როგორ მოვიზიდოთ ინვესტორები და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. იმ შემთხევაში, თუ ეს მეგობრული გარემო შენარჩუნდება, ჩვენ არ დავსვამთ ბევრ შემთხვევაში უსამართლო პრივატიზაციის ასპექტებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

რუსთავში დღეს აქტუალურია ტრანსპორტის თემა. თბილისი-რუსთავის ხაზმა ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი შეიწირა. ამ პრობლემის გადაჭრას როგორ ფიქრობთ?

- რაც შეეხება ტრანსპორტს, სიტუაცია არის ძალიან მარტივი. მე შევხვდი ამ ისტორიის წარმომადგენლებს და მაშინვე ვუთხარი, რომ ჩემი მერად არჩევის შემდეგ, ეს ლიცენზიები იქნება უვადო. ეს იქნება მათი საკუთრება. ერთადერთი რასაც მათთან კონსულტაციების გზით, პერიოდულად ტრანსფორმაციას გავუკეთებთ, იქნება ის, რომ ყველა მეხუთე მიკროავტობუსს უნდა ქონდეს, ვთქვათ, ინვალიდებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის ლიფტი. ეს არ იქნება ყველასთვის სავალდებულო, კომპანიის შიგნით გადაწყვიტონ რომელი ტრანსპორტი აღიჭურვება ასეთი სისტემით.

გარდა ამისა, გაუმჯობესებები, დაძველებული მანქანის შეცვლა განხორციელდება ევოლუციურად და არა ასეთი საშინლი ფორმით. დღეს გვყავს ძალიან დაძაბული, ძალიან განერვიულებული და ძალიან გაბრაზებული ჯგუფი ადამიანებისა, იმიტომ, რომ ეს მანქანები და ხაზები მათი საკუთრებაა. მხედრიონის დროს, სროლების დროს, გადატრიალების დროს შექმნეს, შეინარჩუნეს და დღეს ახალი ხელისუფლების ვიღაც ფავორიტი მიდის და ერთი თითის აქნევით ამბობს, რომ ეს ყველაფერი ამათი არ არის და უნდა იყო სხვა ვიღაცის. ეს აღარ მოხდება!

თქვენ შეძლებთ დაუპირისპირდეთ გავლენიან ჯგუფებს?

- ეს არის უმარტივესი თემა. მე ვიქნები რუსთაველების მიერ არჩული და მათთან ვალდებულებით დაკავშირებული ადამიანი. მე არ წარმოვადგენ არც-ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც რაიმე ტიპის დიდი გავლენები აქვს რუსთავში. მე ვერავინ მაიძულებს, გარდა ამ ხალხის ნებისა, რომ შევცვალო გადაწყვეტილება და შესაბამისად, მე ვერავინ ვერ მეტყვის ცენტრიდან - მე მოგიყვანე აქ, შენს მოსვლაში ფული ჩავდე და ეს ასე უნდა გააკეთო.

თუმცა, თქვენ დაგჭირდებათ ცენტრალური ხელისუფლების ხელშეწყობა და შეუძლიათ მათ სრულ იზოლაციაშიც მოგაქციონ.

- მე არა თუ დამჭირდება, არამედ ვთვლი, რომ აუცილებელიც არის თანამშრომლობა და ადგილობრივი თვითმმართველობის განსხვავება ზუსტად იმასაა, რომ თვითმმართველობა არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა. ჩვენ არ ვლაპარაკობთ არც ავტონომიაზე, არც იზოლაციაზე, არც კონფრონტაციაზე. კოალიცია „ქართული ოცნების“ დეკლარაციები ჩემთვის მისაღებია, როგორც საგარეო, ისე საშინაო. ერთადერთი, რაც ჩემთვის მიუღებელია, ეს არის ამ კოალიციის პრობლემა - კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის ნაკლებობა და შესაბამისად, ის ქაოსი, რამაც დაიბუდა საზოგადოების სხვადასხვა სფეროებში და რომელიც რუსთავში ძალიან მძაფრად იგრძნობა.

ამიტომ, მე ვამბობ, რომ იდეაში თანამოაზრე ვარ და პირიქით, მე დაგეხმარები იმაში, რომ რუსთავში დაბადებული და პროფესიულად შეფუთული იდეები, თქვენი მხრიდან იყოს მხარდაჭერილი. კონფრონტაციის მექანიზმს მე აქ ვერ ვხედავ. ერთადერთი რაც არ მოხდება, ნეპოტიზმით, ან სხვა რაიმე ნიშნით რუსთავში იყოს მიღებული გადაწყვეტილება. კიდევ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი - ჩინოვნიკობა, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რუტინული და არაპოპულარული სფეროა, მათ შორის ანაზღაურების თვალსაზრისით, დღეს საქართველოში გადაიქცა ყველაზე პრესტიჟულ, ანუ საზოგადოებრივი საქმიანობის ყველაზე პრესტიჟულ ფენად. ჩემს შემთხვევაში, ჩვენ ვიომებთ ამ პრივილეგიების წინააღმდეგ და რუსთავში ამ პრივილეგიების ადგილი არ ექნება არავის.

წინა საარჩევნოთ ყოველთვის უხვი დაპირებები რიგდება. თქვენ რატომ უნდა დაგიჯეროთ რუსთაველებმა?

- უკაცრავად, მაგრამ მე არ მომისმენია რა დაპირებები აქვს ე. წ. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელს. მოვისმინე, რომ რაღაცის მოწესრიგებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ რის მოწესრიგებაზე არ ვიცი. მე არც ერთ თემაზე კონკრეტიკა არ მომისმენია. ჟოლობს შეგიკეთებ და ლიფტს მოგიხვეტავ ეს არ არის დაპირება. მთავარი, რაც დღეს რუსთაველებს ჭირდება, არის სამუშო ადგილები, სიღარიბის დაძლევა და უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ამის განსახორციელებლად, ამ ჯგუფის მხრიდან, არც ერთი კონკრეტული იდეა მე არ მომისმენია. მე ვდებ კონკრეტულ იდეას.

მეორე, როცა ორი ადამიანის დაპირებებს ადარებ, უნდა გადაიხედო მათ ზურგს უკან, რა არის მათი ბეგრაუნდი, რა გაუკეთებიათ და რა შეუქმნიათ ამ ადამიანებს. დავდოთ ჩემი 25 წლიანი საქმიანი ბიოგრაფია და შევადაროთ ნებისმიერი დღევანდელი ჩემი კონკურენტის ბიოგრაფიას, ეს უკვე საკმარისია. მე ვყოფილვარ ადგილობრივი დონის მენეჯერიც, ანუ საქალაქო დონის მენეჯერიც, ნაციონალური დონის ლიდერიც, მე ვყოფილვარ სახელმწიფო სტრუქტურებშიც თან ძალიან მაღალ პოზიციებზე, მე მაქვს მენეჯმენტული გამოცდილება, როგორც სახელმწიფო მართვის სისტემებში, ასევე ყველაზე წარმატებულ რამდენიმე ბიზნესში. საქართველოში სულ რამდენიმე ბიზნეს სახელია, რომელმაც 30 წლიან პერიოდს გაუძლო და იქ „რუსთავი 2“, „ჯორჯიან ონლაინი“ ნამდვილად არის ნახსენები. მე შევქმენი რამდენიმე ისეთი ბრენდი, რომელიც საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში, როგორც ბრენდი გაჩნდა ისე, რომ თეთრის პრივატიზაცია არ გამიკეთებია. ამიტომ, მე გეუბნებით, რომ მე ვარ ძალიან გამოცდილი ადამიანი მართვაში, მე მაქვს უზარმაზარი ცოდნა, ძალიან მაღალი საერთაშორისო კავშირები და ყველაფრის ერთათ რუსთავისთვის გამოყენება, ვფიქრობ ბევრად სასარგებლოა, ვიდრე ნებისმიერი იმ კანდიდატის შეთავაზება, რომელზეც დღეს როგორც კონკურენტი ვსაუბრობთ.

ჩემი მთავარი მესიჯია - რუსთავი გადავაქციო სამაგალითო ქალაქად მთელი საქართველოსთვის. როგორ უნდა განხორციელდეს თვითმართველობა - გაჩვენებთ. საკრებულოს ყველა სხდომა იქნება გამჭვირვალე, მერიაში ყველა თათბირი იქნება გამჭვირვალე ყველა თემაზე, იქნება სპეციალური საკაბელო არხი, რასაც პირობითად დავარქვათ „სითი ჰოლი“ ან „რუსთავის მმართველობა“ და ეს არხი იქნება უწყვეტ რეჟიმში და ხალხი დაინახავს როგორი პრინციპით იქნება გადაწყვეტილება მიღებული და არაფერი მათ ზურგს უკან არ განხორციელდება. მეორე - ეს იქნება ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალების მიერ შექმნილი მომავლის ქალაქის კონცეფცია. ჩემი მხარდამჭერი ამ სფეროში იქნება ის ხალხი, რომელიც რუსთავში დაიბადა. მარტივად გეტყვით, გიორგი ხმალაძე, 30 წლის ქართველი არქიტექტორი, ჰარვარდის მაგისტრი, რომლის ბოლო პროექტმა - „ბათუმის მაკდონალდ -სოკარის“ შენობამ აიღო წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაგებობის მსოფლიო პრიზი. დღეს ის ნიუ-იორკშია. ეს ადამიანი არის რუსთაველი, რუსთავში დაიბადა, განათლება მიიღო საქართველოში. მისი პირველი სამუშაო იყო ჩემი გაზეთი „24 საათი“ და ჩემს მეუღლესთანაც მუშაობდა - სხვათაშორის, მოდელიც იყო. ეს ბიჭი დღეს არის მსოფლიო არქიტექტურის ელიტაში. ამ ადამიანს მე ვთხოვე დაიწყოს მომზადება ხვალინდელი რუსთავის სასიცოცხლო სივრცის შესაქმნელად. საარჩევნო კამპანიის დროს ის გააკეთებს მომავლის ქალაქის პრეზენტაციას და როგორ უნდა იყოს სწორად აწყობილი ქალაქი. ჩვენ მომავლის ქალაქად გადავაქცევთ ამ ქალაქს.

ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ თქვენ დაგჭირდებათ საკრებულოს მხარდაჭერა. რამდენად შეძლებთ თქვენი გუნდით მოხვიდეთ ქალაქში, რათა თქვენ შეძლოთ ყველა თქვენი დაპირების და პროექტის განხორციელება?

- ქალაქი თუ მარტო მე დამიჭერს მხარს და არ მეყოლება საკრებულოში ძლიერი გუნდი, ჩათვალეთ, რომ რაც მე ვილაპარაკე, ის თითქმის უტოპიაა. უაზრო, ე. წ. მანიპულაციაზე ორიენტირებული კანონმდებლობა, რომელიც თვითმართველობასთან არის დაკავშირებული, იმის შანსს არ იძლევა, რომ მერი, საკრებულოს გარეშე, იყოს ძლიერი. ამიტომ, მე პირველ რიგში მივმართავ თხოვნით ქალაქს, რომ თუ ისინი მე მიჭერენ მხარს და შემოხაზავენ კიწმარიშვილს, მათ უნდა შემოხაზონ N12, პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო“ და მაჟორეტარებად აირჩიონ მე-12 ნომერი რუსთავის ათივე ზონაში. ჩემს სიაში ნომერი პირველი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს იერარქიაში ყველაზე წარმატებული ადამიანი გია ხევიაშვილი. ერთადერთი რუსთაველი, რომელიც მინისტრი იყო. იმ გუნდში, რომელსაც მე მივიყვან მერიაში, არიან ადამიანები, რომლებსაც მე ვენდობი, როგორც პროფესიონალებს.

მე რუსთაველებს ვეუბნები, რომ მინიმუმ, ასი მილიონი დოლარი (შეიძლება მეტიც) გარანტირებულად შემოვა რუსთავში ინვესტიციების სახით, რაც ავტომატურად გამოიწვევს ათი ათასი სამუშაო ადგილის შექმნას, რომელშიც პრიორიტეტულად დასაქმდებიან რუსთაველები. მეორე ნაწილი ეს არის საგანმანათლებლო სფერო, რაზეც უკვე ვილაპარაკე და სადაც რუსთაველებს ექნებათ პრიორიტეტი, პროფესიულ სასწავლებლებში მოხვედრისას ისინი ისარგებლებენ 50% -იანი ფასდაკლებით. ასევე, ჩვენთვის აქტუალური იქნება ეკოლოგიური საკითხები და სხვა სოციალური პროექტები - იმედი მაქვს, რომ რუსთაველები მხარს დაგვიჭერენ. რუსთავს ერთად გადავაქცევთ ყველაზე წარმატებულ ქალაქად - დიდი ცვლილების დროა.