ჟამი მიწების შეგროვებისა

ჟამი მიწების შეგროვებისა

ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ლიდერი ლეონიდ თიბილოვი რუსეთთან მიერთების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციის პროცესი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მოსკოვმა 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღიარა. ამჟამად რუსეთის ფედერაციასთან მიერთებისთვის „მოსამზადებელი ეტაპი“ მიმდინარეობს და ეს საკითხი აქტიურად მაშინ დადგება, როდესაც „შესაფერისი დრო“ მოვა.

თიბილოვის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაყოფილი ხალხი მომავალში უნდა გაერთიანდეს ჩრდილოეთ ოსეთთან. „ხელსაყრელი მომენტი უნდა დადგეს და ჩვენ მას არ გავუშვებთ ხელიდან. ეს ისტორიული მომენტი დადგება. ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ და რუსეთში შესვლის იდეას კარგი პერსპექტივები აქვს“, – განაცხადა მან.

ამასთან, თიბილოვმა არ გამორიცხა, რომ სეპარატისტული რეგიონის ახალმა პარლამენტმა, რომელიც 8 ივნისის არჩევნების შედეგად უნდა აირჩეს, რუსეთის ფედერაციას მიერთების თხოვნით მიმართოს.

მართალია, ქართული მხარე თავს ინუგეშებს, რომ თიბილოვის სტატუსი და ამ სტატუსის ქვეშ გაკეთებული ყველა განცხადება არალეგიტიმურია, მაგრამ ცალკეულ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ ჯერ ცხინვალის რეგიონში, შემდეგ კი აფხაზეთში დე ფაქტო პარლამენტებმა მიიღონ გადაწყვეტილება რუსეთთან მიერთების თაობაზე.

ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხინვალიდან ხშირად ისმოდა მოწოდებები რუსეთში შესვლის თაობაზე. მას შემდეგ ეს საკითხი დროდადრო წამოიწევს ხოლმე. კონკრეტულად, ეს საკითხი კვლავ წამოსწია ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ოსეთი“, როდესაც 2014 წლის იანვარში თიბილოვს რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე შორეულ პერსპექტივაში არაფერს გამორიცხავს, თუმცა ამ ეტაპზე ეჭვობს, ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის მიერთების სურვილი ჰქონდეს რუსეთს. მისი თქმით, სანამ პუტინი ყირიმს არ მოინელებს, ასეთი რამ გამორიცხულია. თანაც, ევროპამ გადადო სანქციების ახალი პაკეტი, უკრაინაშიც თითქოს ლაგდება სიტუაცია, პუტინმაც ცოტა შეცვალა რიტორიკა, დაიწყო მოლაპარაკება უკრაინის „ნეფტგაზსა“ და რუსულ „გაზპრომს“ შორის ფასთან დაკავშირებით. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ახლა კიდევ ახალი სკანდალის აგორება პუტინის მხრიდან გამორიცხულია. მით უმეტეს, აფხაზეთის მოვლენების ფონზე. ასე რომ, ეს თიბილოვის ფანტაზიის ნაყოფია და ამაზე პუტინი არავითარ შემთხვევაში არ წამოვა.

„ცხინვალის რეგიონი - ეს არის წისქვილის ქვები რუსეთის კისერზე, რუსეთმა მარტო ყირიმის ბიუჯეტი მთლიანად უნდა შეავსოს, ახლა კიდევ ცხინვალს უნდა შეუვსოს ბიუჯეტი და კვაზი ელიტამ მოიპაროს ეგ ფული ბიუჯეტიდან?! პუტინი არ არის საამისოდ განწყობილი. ისე, რასაკვირველია, როდესაც რუსეთთან გვაქვს საქმე, წინასწარ გადაჭრით ვერაფერს იტყვი. რაც შეეხება საქართველოს, სანამ ასეთი კურსი გვაქვს აღებული, რომ ყველა კვერცხს ერთი კალათით ვატარებთ, ვერაფერს გავაკეთებთ. ჩვენი ზოგიერთ მინისტრი თავისი დაუფიქრებელი განცხადებებით ხელს უწყობს ასეთ პროცესებს. დღეს საქართველოში არავის არ ჰყოფნის ისეთი პოლიტიკური გამბედაობა, რეალობას თვალი გაუსწოროს და იფიქროს ბალანსზე. ჩვენთან მხოლოდ ორი ფერია, ერთი - დასავლური და მეორე - რუსული. მათ შორის არის ვაკუუმი. საქართველოში უკვე ქრონიკულად იქცა, რომ არსებობს ვიწრო ფენა, რომელსაც აწყობს ეს სიტუაცია, ანუ -პროდასავლური კურსი შედეგის გარეშე. ასე იყო შევარდნაძის, სააკაშვილის დროს, ასეა ახლაც. ეს ადამიანები შედეგად წარმოგვიჩენენ ხან ასოცირების ხელშეკრულებას, ხან -სექტემბერში მაპის თუ არა, რაღაცის დაპირებას. ეს მათთვის კომფორტულია. დაითვალეთ, 365 დღიდან რამდენ დღეს იყვნენ ჩვენი პარლამენტარები ან მინისტრები, სამინისტროს ჩინოვნიკები თბილისში?! რა აკეთეს მივლინებების დროს ევროპაში? ეს არის საუკუნის უდიდესი საიდუმლოება, რასაც ეგენი აკეთებენ მივლინებებში. მათთვის ეს კომფორტია, თავისი სამივლინებო ხარჯებით, პრემიებით“, - აცხადებს სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ, რასაკვირველია, ბრიუსელსა და პარიზში სეირნობა სჯობს მოსკოვსა და პეტერბურგში ჩასვლას. ცხადია, ყველაფერი მხოლოდ კარასინ-აბაშიძის ფორმატში არ გადაწყდება, ამ ფორმატმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები, რესურსები. ამიტომ მთავრობამ უნდა გაზარდოს აბაშიძის ფუნქციები ან რაღაც ახალი ფორმატი მოიფიქროს. მისი თქმით, მხოლოდ ლაპარაკით არცერთი წევრი არ მიუღია ნატოს. ნატოს სულ სხვა მოტივაცია სჭირდება და არა ის, რომ ხან ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე ჩავა, ტირილს დაიწყებს რიგაში, ხან თედო ჯაფარიძე ჩავა ევროპაში და ისეთ სიტყვას იტყვის, გეგონება, ცამ ქუხილი დაიწყო. თუმცა ყველაფრის შედეგი ნულია. ეს ყველაფერი რუსეთისთვის გამაღიზიანებელი ბავშვური ლაპარაკია. ამიტომ აუცილებელია მეტი საქმე და არა-ლაპარაკი.

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთთან მიერთების გადაწყვეტილებას, ალბათ, მიიღებენ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. თუმცა, აფხაზეთში განწყობების მხრივ ჩვენთვის ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა, რადგან აფხაზებს მაინცდამაინც რუსები არ ეხატებათ გულზე და გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ.

„რამდენად ჯდება ეს ყველაფერი რუსეთის პოლიტიკურ სტრატეგიაში, აქაც სამწუხაროდ, მაღალი რისკები არსებობს. ყირიმის და უკრაინის გამო რუსეთი ისედაც მაქსიმალური წნეხის ქვეშაა დასავლეთის მხრიდან. შესაბამისად, ერთს დააშავებს თუ ორს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ცალკე პროცესის დაწყების ნაცვლად, ალბათ, რუსეთს ურჩევნია, ეს ორივე პრობლემა ბარემ ამ ფონზე გადააგოროს და დაიწყოს ე.წ. „საბირანიე ზემელ“. გასაგებია, ყირიმს ისინი არ დათმობენ და ბარემ, ხურდაში ამ ყველაფერსაც მიაყოლებენ. ეს საკმაოდ რეალური საფრთხეა. ამის არგუმენტაციაც არსებობს. რუსული სტრატეგია ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. „ნატო-ნატოს“ გავიძახით, თუმცა ნატო არ გვიღებს. ამიტომ ძალზე მაღალი რისკებია, რომ რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო არ მიიერთოს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი და ქართულ მხარეს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ჩვენ დასავლელი პარტნიორების რიტორიკას უნდა ვუსმინოთ, გავაანალიზოთ მერკელის განცხადებები, რადგან საქართველო რუსულ სტრატეგიას ვერ შეეწინააღმდეგება. ამის რესურსი არ გაგვაჩნია.

უფრო მეტიც, გია ხუხაშვილის თქმით, საამისო რესურსი გრანდიოზულ უკრაინასაც არ გააჩნია და ამხელა უცნაურ ომში ის ვერაფერს აკეთებს. ამიტომ ჩვენი რიტორიკა ფრთხილი უნდა იყოს. ჩვენმა სახელმწიფო მოღვაწეებმა კი რეალობას თვალი გაუსწორონ, სანამ ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით რამეს იტყვიან. ბოლოს და ბოლოს, ყირიმის ამბავი რუსებმა სულ რაღაც ერთ თვეში გადაწყვიტეს. ამიტომ რუსეთმა თუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ინტეგრაციის გადაწყვეტილება მიიღო, ამას ორი წელი არ დასჭირდება.

„ვფიქრობ, დროის გაწელვა მანამდე მოხდება, სანამ ჩვენი საკითხი ევროატლანტიკურ სივრცესთან დაკავშირებით ჰაერში იქნება გამოკიდებული. როგორც კი ამ საკითხის გააქტიურება მოხდება, რუსეთი ამ მექანიზმის გამოყენებასაც შეეცდება. ჩვენ ხელშეშლის არანაირი მექანიზმი არ გვაქვს. მიამიტი და მოსაბეზრებელია ის რიტორიკაც, თითქოს, რუსეთს დასავლეთი შეაჩერებს. დასავლეთმა როგორც „შეაჩერა“ რუსეთი იმავე უკრაინაში, ჩვენ უკვე ვნახეთ“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დე ფაქტო რეგიონების რუსეთთან მიერთების შესახებ მოთხოვნა რუსეთის სცენარია და რუსეთის მიერაა გათამაშებული.

„თუ შევხედავთ, რა ხდება უკრაინაში და როგორ გადამწყვეტ ზომებზეა რუსეთი გადასული, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთთან ინტეგრაციის საფრთხე მართლაც არსებობს. ეს არის ბერკეტი რუსეთის ხელში, რათა მოახდინოს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და დაგვათმობინოს სუვერენიტეტი. ამ სერიოზულ საფრთხეს განეიტრალება სჭირდება, რასაც ჩვენი ხელისუფლება არ აკეთებს, არ ახდენს ამ პრობლემის გააქტიურებას საერთაშორისო ასპარეზზე. არადა, ერთადერთი გზა უკრაინაშიც და საქართველოშიც დასავლური კონსოლიდაცია და დასავლეთის ჩართვაა ამ პრობლემაში. რუსეთს თავისი გეგმა, დღის წესრიგი აქვს, მას სურს, საბჭოთა კავშირის აღდგენა რაღაც ფორმით. ამიტომ, იმის შიშით, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს, ჩვენ არ უნდა დავთმოთ ჩვენი სუვერენიტეტი. დასავლეთის ჩართულობას სჭირდება ხმამაღალი, თანმიმდევრული მუშაობა დასავლეთის დედაქალაქებში. ამ მხრივ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დედაქალაქია ბერლინი“,-გვითხრა ელენე ხოშტარიამ.