„კონკრეტულად რა გზები იქნება, ამის შეთანხმებისთვის წინ არის სამი თვე. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არ გვინდა მოლოდინის გადაჭარბება და დღესაც შემიძლია თამამად გავიმეორო, რომ პროგრესი დაფიქსირდება“, - აცხადებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რომლის განცხადებით, ხელშესახები პროგრესი იქნება, ხოლო რა ერქმევა ამ პროგრესს, ეს აუცილებლად გამოჩნდება და განისაზღვრება ნატოს უელსის სამიტამდე და გაჟღერდება უელსის სამიტზე.
For.ge. ალექსი პეტრიაშვილს ესაუბრა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს ევროპაში ნატოს მოკავშირეების დასაცავად 1 მილიარდი დოლარის გამოყოფის მოთხოვნით მიმართა. ბარაკ ობამას ეს გზავნილი რამდენად მნიშველოვანია საქართველოსთვის?
ალექსი პეტრიაშვილი: შშ-ს პრეზიდენტის ვარშავაში გაკეთებული განცხადება კონგრესისადმი ერთი მილიარდი დოლარდის მოთხოვნით მიმართვა, გულისხმობს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, მოლდოვის და რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია, საქართველოსთვის ერთობლივი წვრთნების, თავდაცვითი საშუალებების გაძლიერებისა და გაუმჯობესებისათვის კონკრეტული თანხების გამოყოფას.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის, ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით მოხდება სერიოზული ინტენსიფიკაცია კონსულტაციების, როგორც ორმხრივად აშშ-თან, ისე ნატოს სხვა დანარჩენ პარტნიორებთან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შეხვედრების ფორმატში.
რაც შეეხება გერმანიის კანცლერის განცხადებს, უკვე ითქვა, რომ უელსის სამიტზე საქართველო მაპს ვერ მიიღებს. თუმცა თქვენ აღნიშნეთ, რომ წიწილებს შემოდგომაზე და უელსში ითვლიან. რას დაითვლის საქართველო უელსის სამიტზე?
- ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული მნიშვნელობის მქონე ვიზიტი. თვისობრივად განსხვავებული ურთიერთობის ეტაპზე ავიდა საქართველო-გერმანიის ურთიერთობები. გარწმუნებთ, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება ძალიან სერიოზული ძვრები ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. გერმანიის კანცლერის მხრიდან ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის, პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, სრული მხარდაჭერა იყო.
ქალბატონი მერკელისგან იყო შემოთავაზება რაში შეუძლია გერმანიას დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს. სერიოზულად იყო განხილული ეკონომიკური მიმართულებები. გერმანაიის კანცლერის ინიციატივით, საქართველოში ჩამოდის გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელი წარმომადგენლობით ბიზნეს დელეგაციასთან ერთად. რაც შეეხება რეგიონალურ უსაფრთხოებას და ჩვენს ურთიერთობებს მეზობლებთან, მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ძალიან მაღალი შეფასება აქვს საქართველოს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობას.
ამის პარალელურად განიხილებოდა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხები?
- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და პერიოდულად ხორციელდება პროვოკაციები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მისამართით, ხელისუფლების გამოსაწვევად, ამავე დროს ძალიან სერიოზულად განიხილებოდა მომავალში საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხები.
როგორც ქალბატონმა მერკელმა განაცხადა, განვიხილავთ სხვა გზებს, ანუ იმ პროგრესის დასაფასებლად, რომელიც რეალურად განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ. მართლაც, ძალიან სერიოზული მნიშვნელობის პროგრესზე იყო საუბარი, ისევე როგორც დაფასებულია კონტრიბუცია საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობის თვალსაზრისით.
კონკრეტულად რა გზები იქნება მონახული, ამის შეთანხმებისთვის წინ არის სამი თვე. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არ გვინდა მოლოდინის გადაჭარბება და დღესაც შემიძლია თამამად გავიმეორო, რომ პროგრესი დაფიქსირდება. რელევანტურად იქნება ასახული ნატოს გადაწყვეტილებებში. ეს იქნება ხელშესახები პროგრესი, რა ერქმევა ამ პროგრესს, ეს აუცილებლად გამოჩნდება და განისაზღვრება ნატოს უელსის სამიტამდე და გაჟღერდება უელსის სამიტზე.
გერმანიის კანცლერის განცხადება, ნატოს მომდევნო სამიტზე არ იქნება განხილული საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხი, ამას უკვე მოჰყვა შეფასება, რომ ეს არის ხელისუფლების უმოქმედობის დამსახურება. მაგალითად, მამუკა კუდავა ამბობს, რომ არც კი გაკვირვებია გერმანიის კანცლერის ეს განცხადება, თორნიკე შარაშენიძის თქმით, დადასტურდა, რომ ხელისუფლებამ ვერ იმუშავა გერმანიასთან....
- ექსპერტებს აქვთ თავისი აზრი. სიმართლე გითხრათ, მიკვირს დიპლომატიაში არაერთი წლის გამოცდილების მქონე მამუკა კუდავასგან, რომელმაც ძალიან კარგად იცის თუ რა რეალური ვითარება არის ნატოს შიგნით და როგორ მიიღება გადაწყვეტილებები ალიანსის მიერ, ისევე როგორც თორნიკემ, რომლის აზრსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან კარაგად იცის, თუ რაოდენ რთულია გადაწყვეტილების მიღება იმ ფონზე, რა ფონიც იყო შექმნილი ყოფილი ხელისუფლების პირობებში გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. ძალიან კარგად იციან მათ გერმანიის პოზიცია და არა მხოლოდ გერმანიის, არამედ რამდენიმე სხვა ნატოს წევრი წამყვანი ქვეყნების პოზიციები. შესაბამისად, მეისრის პოვნა ყოველთვის ადვილია, მაგრამ სამართლიანობა არ უნდა დაკარგოს ექსპერტმა.
როგორ ფიქრობთ, გერმანიის ეს პოზიცია რუსეთის მხრიდან აღქმული იქნება როგორც მწვანე შუქი შემდგომი აგრესიისთვის? მითუმეტეს, პროგნოზირებენ, რომ ასოცირების ხელშეკრულებამდე ქვეყანა ყოველგავრი პროვოცირების გარეშე მივა, მაგრამ უელსის სამიტის წინ პროვოცირებები მოსალოდნელია რუსეთიდან...
- ვარაუდების დონეზე ვერ ვისაუბრებ, ჩვენ ყველანაირი სცენარის ანალიზი გვაქვს გაკეთებული, ვცდილობთ, მზად ვიყოთ ყველაზე ცუდი და ყველაზე ოპტიმისტური მოვლენების განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ მოხდეს ურთიერთობების დაძაბვა, ვითარების ესკალაცია და შესაძლებლობა სამხედრო კონფრონტაციის წარმოქმნისა. პროვოკაციებს არ უნდა წამოვეგოთ, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან აქტიური თანამონაწილეობით გავაგრძელოთ სვლა ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით, განვაგრძნოთ რეფორმების განხორციელება და ზრუნვა იმაზე, რომ დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, რომ ჩვენი კეთილდღეობა დევს ერთიანობაში, ერთიანად ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაში.
თუ არა მაპი, მაშინ რა მექანიზმი შეიძლება შემოგვთავაზონ?
- განიხილება გზები, ეს გზები განიხილებოდა ორმხრივი შეხვედრის დროსაც, ამ წუთებში და მთელი სამი თვის განმავლობაში ძალიან ინტენსიური დისკუსია იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა დაერქვას იმ პროგრესის ასახვას, იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ადეკვატურად ასახავს საქართველოს პროგრესს. ძალიან აქტიურად მუშაობს ჩვენი დიპლომატიური კორპუსი ბრიუსელში, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და ჩვენი სამინისტრო, ყველა აქტიურად არის ჩართული.
თავდაცვის მინისტრს ექნება საქართველოს კომისიის სხდომა და 28 ნატოელ კოლეგასთან ერთად იმსჯელებს ყველა ამ მიმართულებით. ამიტომ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს და ნუ ავყვებით ექსპეტების ნაჩქარევ შეფასებებს.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების რეალური პრესპექტივა დევს ერთიანად ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაში. ის რაც დღეს ხდება აფხაზეთში, ეს არის რუსეთის მხრიდან ძალის ღია დემონსტრიება და რამდენად უკავშირდება ეს პროცესები ასოცირების ხელშეკრულებას?
- ყველათვის კარგად ცნობილია, რომ ეს არის კრემლის ადმინისტრაციის პატრონაჟის ქვეშ. უფრო მეტი შემიძლია ვთქვა, მიუხედავად ამ რეჟიმის ცვლილებისა. აფხაზი ხალხი ძალიან ამაყი და ძალიან ღირსეულია, შესაბამისად მათი აზრის გაუთვალისწინებლად რაიმე ქმედებების განხორციელება ძალიან გაუჭირდება გარე ძალებს, რეალურად კრემლის ადმინსტარციას და კონკრეტულ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც აქვთ ამის მცდელობა და შესაბამისი დავალებაც, მაგრამ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს.
შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა არც თუ ისე მარტივია, ვინაიდან ისმოდა განცხადებები გალში მცხოვრები ქართველების მიმართ დამატებითი ქმედებების განხორციელების კუთხით, რაც ჩვენთვის განსაკუთრებულად შემაშფოთებელია. თუმცა, იმაზე მეტი შემაშფოთებელი რა აუნდა იყოს, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. ჩვენ ძალიან ყურადღებით და მაქსიმალური მობილიზებით ვადევნებთ თვალყურს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მაქსიმალურად არიან ჩართულები, რათა არ მოხდეს სიტუაციის შემდგომი ესკლაცია.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ადგილზე ტემპერატურის დაწევა. ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა იყოს ერთი დიდი სურათის ნაწილი და წარმოადგენდეს საერთო გემის ნაწილს, რომელიც მიმართულია ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისათვის დაბრკოლების შესაქმნელად. მე აქვე მინდა განვაცხადო, რომ ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერას, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.