გენერალი ჯეიმს ბათერვორთი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (ვიდეო)

გენერალი ჯეიმს ბათერვორთი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (ვიდეო)

საქართველოში სამუშაო ვიზიტით  აშშ-ის ჯორჯიის შტატის  ეროვნული გვარდიის დელეგაცია იმყოფება. დღეს,  ამერიკელ სტუმრებს,  გენერალ  ჯეიმს ბათერვორთის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დარჩიაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ეროვნული გვარდიის სარდალი, პოლკოვნიკი ლევან გამყრელიძე დაესწრნენ. 

შეხვედრაზე მხარეებმა  აშშ-საქართველოს ორმხრივი  თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტუმრებს  თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ასევე, ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის პროგრამას, რომელიც უკვე ოცი წელია მოქმედებს. მიხეილ დარჩიაშვილმა გენერალ ბათერვორთს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ერთობლივ სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

მიხეილ დარჩიაშვილი სტუმრებს   საქართველოს  საგარეო პრიორიტეტებსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესზე ესაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე, რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და  გლობალური უსაფრთხოების საქმეში  საქართველოს  მონაწილეობაზე.

გენერალმა ბათერვორთმა  საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული  მნიშვნელოვანი რეფორმები დადებითად შეაფასა.  მან, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის  კუთხით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ამერიკელმა გენერალმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში  შეტანილი წვლილისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა.

ხვალ, თავდაცვის სამინისტროში გენერალი ჯეიმს ბათერვორთი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან მიხეილ დარჩიაშვილთან და  აშშ-ის ელჩთან საქართველოში რიჩარდ ნორლანდთან ერთად,  საქართველოსა და ჯორჯიის შტატს შორის თანამშრომლობის 20 წლისთავთან დაკავშირებით, პარტნიორობის სიმბოლურ  დოკუმენტს მოაწერს ხელს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გენერალი ჯეიმს ბათერვორთი თელავში ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადასაც  ესტუმრება.