14 დღეში თბილისს ახალი მერი ეყოლება. კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ წარმატებას პირველივე ტურში მიაღწევს. მერობის კანდიდატი ამბობს, რომ სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს და თითოეული კანდიდატი ცდილობს, მის პოლიტიკურ ძალას, რაც შეიძლება, მეტი ხმა წაართვას.
For.ge. დავით ნარმანიას ესაუბრა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე 14 დღე რჩება, რას ეტყვით თქვენს ამომრჩევლებს, რატომ უნდა მოგცეთ ამომრჩეველმა ხმა და რა შეიცვლება მათთვის, თუ თბილისის მერი გახდება დავით ნარმანია?
- პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველს, არაა გაჯერებული შეუსრულებელი დაპირებებით და რასაც ვპირდებით ამომრჩეველს აუცილებლად იქნება შესრულებული. ამომრჩეველი ჩვენში ხედავს იმას, რა ვართ, როგორი ვართ და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ 15 ივნისს ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ძალიან ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე და მინდა მივუწოდო ამომრჩევლებს, რომ კიდევ ერთხელ სწორად შეაფასონ არსებული მდგომარეობა, გადახედონ ვის რა გამოცდილება აქვს, ვის რა წარსული, ვის რა შესაძლებლობა და პროგრამა აქვს.
აქედან გამომდინარე გააკეთონ რაციონალური არჩევანი. როგორც წესი, ამომრჩეველს არასდროს ეშლება და რაციონალურ არჩევანს აკეთებს. ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ეს რაციონალური არჩევანი იქნება ჩვენი გუნდის და ჩემს სასარგებლოდ გაკეთებული. რაც ყველაზე მთავარია და რასაც ჩვენ ამომრჩეველს ვეუბნებით - პრობლემა უამრავია დედაქალაქში და ამას თვითონაც კარგად ხედავენ, ამიტომ, ჩვენ მათ პრობლემების საფეხურეობრივ მოგვარებას ვთავაზობთ.
ალბათ ყველა პრობლემის ერთად მოგვარებას ვერ გასწვდება საბიუჯეტო რესურსი...
- რა თქმა უნდა, საბიუჯეტო რესურსი ვერ გაწვდება ყველა პრობლემის ერთად მოგვარებას. ამიტომ, ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარებას დღესვე დავიწყებთ, დანარჩენ ნაწილს მომდევნო წელს და ა.შ. როდესაც დასრულდება ჩვენი საარჩევნო ვადა, გაცილებით მოწესრიგებულ დედაქალაქს ჩავაბარებთ მომდევნო ხელისუფლებას, სადაც ადამიანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა იქნება უკეთესი.
ჩავაბარებთ ქალაქს, სადაც ინფრასტუქტურა გაცილებით მოწესრიგებული იქნება, სადაც მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული, სადაც ყოფითი პრობლემები რაც დღეს აწუხებს ადამიანებს, იქნება მინიმალური, უფრო მეტად იქნება მოწესრიგებული საბინაო კომუნალური ფონდი, ვიდრე ეს დღეს არის. გამჭვირვალე მმართველობის პირობებში მოქალაქეები კმაყოფილნი იქნებიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით.
შეგიძლიათ გვითხრათ, რა არის ის ყველაზე დიდი პრობლემა რომელიც დღეს დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს?
- ძალიან ბევრი განცხადება შემოდის ოპერაციებისა და სოციალური დახმარებების თხოვნით. მათ შორის საბინაო კომუნალურ ფონდში არსებული მძიმე პრობლემების მოწესრიგების მიზნით, ასევე დასაქმების თხოვნით. 8 ათასზე მეტი განცხადება გვაქვს მიღებული, ეს განცხადებები შეყვანილია ბაზაში, დამუშავებულია და გვაქვს სტატისტიკა რას ითხოვს მოსახლეობა. შეხვედრების დროს ხელზე ვიღებთ განცხადებებს. ვიდრე პროგრამას მოვამზადებდით, ჩვენი რაიონული შტაბების მეშვეობით ვიარეთ უბნებში, ამოვიღეთ ინფორმაციები, გავაანალიზეთ და სწორედ ეს დაედო ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამას საფუძვლად. პროგრამაში ეს ყველაფერი ძალიან კარგად გვაქვს გაწერილი და ზუსტად ეხმიანება იმ საჭიროებებს, რაც გააჩნიათ დედაქალაქის მაცხოვრებლებს.
რა დრო დასჭირდება დავით ნარმანიას იმისათვის, რომ ის ძირითადი პრობლემები, რომელის წინაშე დგას მოსახლეობა, მოაგვაროს?
- აღდგენილი იქნება კომუნიკაცია ამომრჩეველსა და ხელისუფლებას შორის. ოპერაციების თანადაფინანსებაზე, უმწეო ადამიანების მხარდაჭერაზე მიღებულ განცხადებებზე იქნება მყისიერი რეაგირება. მოკლევადიან პერიოდში საზოგადოება იგრძნობს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები სწარაფად დაიძვრება. ძალიან ბევრი პროექტის დაწყება დაგვიანდა და ბევრგან საბოტაჟის ნიშნებს აქვს ადგილი დედაქალაქის მოქმედი მერიის მხრიდან. ამიტომ, მოკლევადიან პერიოდში რამდენიმე ხელშესახები შედეგი იქნება.
ამ შემოდგომაზე, როდესაც დედაქალაქის ბიუჯეტის მომზადებას დავიწყებთ, მოსახლეობა, უბნების მხედვით, აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესში. სწორედ ისინი დაასახელებენ თავის საჭიროებებს, პრიორიტეტებს და ეს დაედება საფუძვლად ჩვენს მომდევნო წლის ბიუჯეტს. ბიუჯეტი შედგება პროგრამული ფორმით, გაიზრდება მისი გამჭვირვალეობა და თითოეული მოქალაქეს ეცოდნიება თავისი გადახდილი გადასახადის ბედი.
ალბათ გეგმავთ სტრუქტურულ ოპტიმაზაციას?
- აუცილებლად იქნება სტრუქურული ოპტიმიზაცია. დედაქალაქის მერიის და დედაქალაქის წინაშე არსებული ფუნქციებიდან და დავალებებიდან გამომდინარე აეწყობა მერიის ახალი სტუქტურა. საშუალო ვადიანი პერიოდისთვის ჩვენ საბინაო კომუნალური მეურნეობის აღდგენასთან, გამწვანებასთან, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ სერიოზულ პროექტებს დავიწყებთ, მოვამზადებთ დედააქალაქის განაშენიანების და განვითრების გენერალურ გეგმას, რომელიც იქნება ჩარჩო დოკუმენტი როგორ უნდა განვითარდეს დედაქალაქი.
გამწვანების საკითხი ახსენეთ და უნდა გკითხოთ, მილიონი ხის დარგვას თქვენს პროგრამაში მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. თუმცა, ეს საკითხი თქვენი ოპონენტების მხრიდან ქილიკის საგანი გახდა უკვე...
- გვაკრიტიკებენ ის ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში ხეების ჩეხვის გარდა არაფერი გაუკეთებით. ასეთი ადამიანებისგან მსგავსი რამ არ უნდა გაგიკვირდეს. ჩვენ ეს ციფრი ზეპირად არ გვითქვია, ეს კონკრეტულ გაანგარიშებას ეყრდნობა, კონკრეტული ტერიტორიების მონიშვნას ეყრდნობა, რომელიც მეცნიერულად არის დასაბუთებული. დაახლოებით 300 ჰექტარზე ოდნავ მეტი ტერიტორია დაგვჭირდება თბილისსა და მის გარშემო, რომ ეს წინასაარჩევნო დაპირება რეალობად ვაქციოთ, ეს ტერიტორიაც არის. ეს სავსებით რეალურია და საზოგადოება დაინახავს, რომ გაცილებით უფრო გამწვანებული დედაქალაქი გვექნება.
რაც შეეხება თქვენს შანსებს, ალბათ, გექნებათ შიდა კვლევებიც, გამარჯვებას პირველ ტურში დააგვირგვინებთ, თუ მეორე ტურის მოლოდინში ხართ?
- არანაირი მეორე ტური არ იქნება. გამარჯვება პირველ ტურშივე დაგვირგვინდება. ჩვენ ვგძნობთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ძალიან აქტიურ მხარდაჭერას. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ როგორც საკრებულოს შემადგენლობის არჩევნები, ასევე როგორც პარტიული და მაჟორიტარი დეპუტატების, ასევე მერის არჩევნებში იქნება ისეთი შედეგი, რომელიც ჩვენთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. რაიმე სახის გართულებას არ ველოდებით.
ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია და შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს არჩევნების დემოკრატიული ფორმით ჩატარებისათვის. როგორც ეს წინა ორ არჩევნებზე დავამტკიცეთ, ახლაც გვინდა, რომ ახალი თვითმმართველობის კანონმდებლობის პირობებში დემოკრატიულად ჩავატაროთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ევროპასთან ინტეგრაცაიის თვალსაზრისით, ვინაიდან 27 ივნისს ხელი ეწერება საქართველოსთვის მნიშვნელოვან დოკუმეტს.
თქვენს მთავარ კონკურენტად ვის მიიჩნევთ?
- ნებისმიერი შეფასებით გაკეთებული რეიტინგი მინიმუმ ოთხჯერ მეტია, ჩვენს შემდგომ არსებული ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, სერიოზული კონკურენტი არ გვყავს. თითოეული მათგანი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა წაგვართვას ჩვენ, ჩვენს პოლიტიკურ ძალას და ერთმანეთზე ნაკლებად მუშაობენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ისინი ყველანი ერთ ქვაბში მოვხარშოთ.
ჩვენ გვყავს ძალიან სტაბილური ელექტორატი, ელექტორატი, რომელიც ძალიან კარგად აცნობიერებს რა ხდებოდა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, ისინი დაგვიდგნენ გვერდზე და მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. ეს ელექტორატი ძალიან კარგად ხედავდა როგორ ჩავატარეთ 2013 წლის არჩევნები და ხედავს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ქვეყნის განვითარებისათვის, როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური და საგარეო უსაფრთხოების კუთხით.
კარგად ხედავენ, რომ თბილისში ძალიან ბევრი პრობლემა იყო და დღემდე არის იმის გამო, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ ხელისუფლების ოპოზიციაში იყო, ნაცავლად თანამშრომლობისა, ხელს უშლიდა განვითრებას. ამიტომ კარგად იციან ვის უნდა დაუჭირონ მხარი. „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც შეავსებს იმ ვაკუუმს, რომელიც არსებობს დედაქალაქში და რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით ძალიან ბვერ კარგ საქმეს გააკეთებს.
საზოგადაოების გარაკვეულ ნაწილში იმედგაცრუება ნამდვილად იგრძნობა, აქედან გამომდინარე განჩნდა მოსაზრება, რომ ამომრჩევლის აქტიურობა იქნება დაბალი, რაც იმოქმედებს არჩევნების შედეგებზე. მეტიც, თქვენს საარჩევნო პლაკატებს ამშვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამზადებული პლაკატები „იდევნება 100 ქარხანა“, რას სთავაზობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ მიდიან არჩევნებზე?
- ვერ ვიტყვი, რომ დაბალი აქტივობა იქნება. ალბათ, ისეთი აქტივობა, როგორც 2012 წლის არჩევნები იყო ვერ იქნება. 2012 წელს სამკვდრო-სასიცოხლო ომი გამოგვიცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, აქედან გამომდინარე, ერი დადგა იქ, სადაც უნდა დამდგარიყო. გავიმარჯვეთ იმ ძალასთან, რომელიც გვაშანტაჟებდა, გვითვალვალებდა, არღვევდა ადამიანის უფლებებს. იმ მოცულობის აქტივობა არ იქნება, მაგრამ არც დაბალი აქტივობა იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შედეგი კარგი იქნება.
რაც შეეხება დაპირებებს და პლაკატებს, ძალიან ურცხვად იტყუება ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ და ვიცი, რომ იცით ეს საკითხი, უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს სოფლის მეურნეობის სექტორს, 100 ათასზე მეტ ადამიანს დაუმუშავდა მიწა. ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის პერიოდში 54 საწარმოზე იყო კრედიტი გაცემული სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდიდან. ეს პროცესი გაგრძელდა და 100-ზე მეტი საწარმოსთვის არის უკვე გაცემული კრედიტი. ეს არაა შეუსრულებელი დაპირება. უბრალოდ, ამას ფუთავენ ასე და ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. მაგრამ ისინი ამას ვერ მოახერხებენ.
„პანორამა თბილისი“, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც თქვენ გაკრიტიკებენ. ბატონო დავით, როგორი იქნება თქვენი, როგორც მერის პოზიცია ამ პროექტთან დაკავშირებით, თქვენ იმოქმედებთ როგორც ეს თბილისისთვის იქნება მნიშვნელოვანი, თუ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მთავრობიდან იქნება ნაკარნახევი?
- „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით საბოლოო პროექტი ჯერ მომზადებული არ არის და აჟიოტაჟი იქნა ატეხილი. მე თვითონ ვესწრებოდი პირველივე პრეზენტაციას და შემდგომ თვალყურს ვადევნებდი ამ საკითხს. მერიამ ინვესტორს მისცა განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის მიხედვითაც ძალიან მკაცრი პირობები დაუყენა. ინვესტორი ამზადებს ამ პირობების შესაბამის დოკუმენტს, რომ შეიტანოს მერიაში და დაიწყოს მისი განხილვები. ვიდრე, ჯერ, საბოლოოდ არ არის მომზადებული დოკუმენტაცია, მათ შორის არ მომზადებულა ისეთი საკითხი, როგორც არის არქიტექტურული მხარე ამ პროექტის, მსჯელობა იმაზე, რომ ეს პროექტი კარგია თუ ცუდია, ვფიქრობ, რომ საფუძველს მოკლებულია.
ჩემთვის, როგორც მომავალი მერისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ნახევარმილიარდდოლარიან ინვესტიციას ძალიან დიდი ეკონომიკური და სოციალური ეფექტი მოჰყვება დედაქალაქში - გაზრდის ეკონმიკური ზრდის მაჩვენებელს, გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს, დასაქმდებიან ადამიანები როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე მისი განხორციელების პროცესში. ამ ადამიანების ოჯახებში გაჩნდება დამატებითი შემოსავლები და სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
ამიტომ, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისთ არის მნიშვნელოვანი პროექტი. რაც შეეხება მის არქიტექტურულ მხარეს და ძველ ქალაქთან მის ჰარმონიზაციას, მას შემდეგ, რაც საბოლოო საპროექტო დოკუმეტაცაია შეტანილი იქნება მერიაში, უნდა დასხდნენ სპეციალისტები და დაიწყოს მისი საჯარო განხილვა, სწორედ ამის შემდეგ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ამ პროექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.
რაც შეეხება მაჟორიტარებს რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, არიან ისინი პროფესიონალები, შეძლებენ ისინი ბალანსის დარღვევას?
- ყველას ვიცნობ, ყველა მათგანთან მაქვს აქტიური კომუნიკაცია. მართლაც წესიერი ადამიანები არიან, რომელთათვის მთავარი ამოსავალი იქნებ ზრუნვა დედაქალაქზე და იზრუნონ იმ მაჟორიტარულ ოლქებზე, რომელსაც ისინი წარმოადგნენ.
თქვენს საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართულია პრემიერ-მინისტრი, მათ შორის ვიცე-პრემიერი და უმრავლესობის დეპუტატები. ოპონენტები თვლიან, რომ ეს არის პირდაპირი ზეწოლა ამომრჩეველზე. რა არაგუმენტები გაქვთ?
- პრემიერ-მინისტრი არის ჩვენი კოალიციის ლიდერი, ვიცე-პრემიერი არის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, არც ერთი და არც მეორე კანონმდებლობას არ არღვევს. შესაბამისად, ისინი უნდა იყვნენ საარჩევნო კამპანიაში ჩართულნი იმიტომ, რომ ჩვენ ერთი საარჩევნო მიზანი გვამოძრავებს, ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებელია ერთმანეთის გვერდში დგომა და ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ.
საარჩევნო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული თქვენი მეუღლეც. ბატონო დავით, მეუღლის როლი რამდენად დიდია თქვენს წინასაარჩევნო კამპანიაში?
- თვითონ მისი სიურვილია, რომ აქტიურად დამიდგეს გვერდში და ყოველთვის იყოს იქ, სადაც მე ვარ. აქედან გამომდინარე ძალიან აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო პროცესში. მეტსაც გეტყვით, ბავშვიც არ ჩერდება სახლში, მასაც უნდა, რომ ჩემს გვერდით იყოს. მეუღლის როლი მნიშვნელოვანია ყოველთვის, ის ხაზს უსვამს ოჯახის სიმტკიცეს, ხაზს უსვამს იმას, რომ მასაც ისე აწუხებს და სტკივა დედაქალაქის ბედი, როგორც მე. ძალიან აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პრობლემების ამოწევაში და გვერდში უდგას იმ ადამიანებს.