„ქართული ოცნება“ ცესკოს მიმართავს, გამოვიდეს იმ მოქმედი ნორმის შეცვლის ინიციატივით, რომელიც პარტიული სიის ნაწილის მიერ, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესიდან მთელი სიის მოხსნას ითვალისწინებს. როგორც კოალიციაში ამბობენ, ბოლო პერიოდში ტელევიზიით ვრცელდება ხმები ასარჩევი პირების მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და ამ ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის შესახებ.
კოალიციაში ამბობენ, რომ მედიაში ეს თემა ინიცირებული იყო პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფების მიერ და ეს განცხადებები არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამყარებული არათუ ფაქტებით, არამედ თავად იმ ასარჩევი კანდიდატების კომენტარებითაც კი, ვისზეც მედიაში გასული ინფორმაციით ზეწოლას ჰქონდა ადგილი.
„აღვნიშნავთ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის რაოდენობა ბევრად აღემატება ოპონენტთა საერთო ელექტორატს. ამასთან, ის წარმოადგენს მმართველ ძალას და გააზრებული აქვს, რომ მისი მხრიდან ოპონენტებზე ზეწოლის ნებისმიერი ფაქტი ისევ მას დააზარალებს. კოალიციის ამოცანა და პასუხისმგებლობა არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება და საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი სათანადო აღიარებაა.
სწორედ ამის გამო, „ქართული ოცნება“ მიმართავს ცესკოს, გამოვიდნენ იმ მოქმედი ნორმის შეცვლის ინიციატივით, რომელიც პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესიდან მთელი სიის მოხსნას ითვალისწინებს. ეს ჩვენ მიერ გამოჩენილი კეთილი ნებაა, რათა ხელი შევუწყოთ სხვა პარტიებს, თვითმმართველობის არჩევნებზე თავი შეძლებისდაგვარად სრულფასოვნად წარმოაჩინონ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ სათანადო უწყებები მედიაში გასულ ყველა ინფორმაციას შეისწავლიან და შეაფასებენ, ხოლო ამ ინიციატივასთან ერთად, საბოლოოდ დასრულდება საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ უსაფუძვლო მითქმა-მოთქმა.
საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ არჩევნები მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარდება და იგი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
ეს ინიციატივა ვიცე-პრემიერს კახი კალაძეს ეკუთვნის, რომელსაც უკვე გამოეხმაურა ცესკოს თავმჯდომარე. თამარ ჟვანია ამბობს, რომ ინიციატივა კონკრეტულად საკანონმდებლო ორგანოს ეხება, ნორმის ამოღება ან შეცვლა საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციაა და არა ცესკოსი. ჟვანიას თქმით, ინიციატივის დამტკიცება თვითმმართველობის არჩევნებამდე ვერ მოესწრება.
„კახი კალაძის ინიციატივა არის მნიშვნელოვანი, თუმცა ეს უფრო სამომავლო პერსპექტივის მქონეა, ვინაიდან ინიციატივა ეხება კონკრეტულად საკანონმდებლო ორგანოს, ნორმის ამოღება ან შეცვლა საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციაა და არა ცესკო-სი.
ჩვენ ვსწავლობთ დმანისის ფაქტს, ინიციატივა მომზადებული გვაქვს და დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას. არსებობს გარკვეული ვადების თვალსაზრისით შეუსაბამობა კანდიდატის მოხსნასა და სიის მოხსნას შორის. ამდენად, ჩვენ დადგენილებით აღვწერთ ზუსტად პროცედურას რა შემთხვევაში შეიძლება პარტიული სია იქნას მოხსნილი“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ვიცე-პრემიერის ინიციატივას მხარს უჭერს უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი, რომლის განცხადებით, თუ შესაძლებელია კანონის ეს ნორმა როგორმე უნდა გაუქმდეს.
„ისე განვითარდა მოვლენები, რომ ქვის სროლა, ჯოხის ჩარტყამა, ზეწოლა და მუქარა ჩვეულებრივ ამბავად ითვლებოდა. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანს არ უნდა არჩევნებში მონაწილეობა, არ უნდა დაიჩაგაროს ამის გამო პარტია. სავსებით ვეთანხმები კახი კალაძის განცხადებას. თუ შესაძლებელია ეს ნორმა როგორმე უნდა გაუქმდეს კანონიერი გზით“, - აცხადებს გია ვოლსკი.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ კანდიდატებზე ზეწოლა ხორციელდება, რის გამოც ისინი კანდიდატურას ხსნიან და შესაბამისად იქმნება საფრთხე, რომ პარტიული სია საერთოდ მოიხსნას არჩევნებიდან. საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი თევდორაძე განმარტავს, რომ კალაძის განცხადება ემსაუხრება ამომრჩევლის და საერთაშორისო დამკვირვებლის თვალში შელახული იმიჯის რეაბილიტაციის მცდელობას.
„მან ძალიან კარგად იცის, თუმცა შეიძლება არც იცის, იმიტომ, რომ ფეხბურთელი იყო და პოლიტიკური კუთხით ის არ განვითარებულა, მისი საქმიანობიდან ასე ჩანს, მაგრამ მისმა მრჩევლებმა ძალიან კარგად იციან, რომ კალაძის ამ შეთავაზებას ვერანაირი შედეგი ვერ მოჰყვებოდა. იმიტომ, რომ ცესკოს პრეროგატივა არაა აღნიშნული საკითხი, ეს არის საარჩვენო კოდექსში გაწერილი თემა. ყველაფერ ამის ადეკვატურ პასუხს „ქართული ოცნება“ მიიღებს 15 ივინსს, მაგრამ მთავარი პასუხი, ალბათ, 15 ივნისის შემდეგ განხორციელებული პოლიტიკური პერიპეტიების შედეგი იქნება, რისი ბოლო დასკვნა 2016 წლის საპარალამენტო არჩევნები იქნება“, - აცხადებს for.ge-სთაან საუბრისას გიორგი თევდორაძე.
„ბლოკი ნინო ბურჯანაძე - ერთიანაი ოპოზიციის წევრი“ გიორგი ახვლედიანი კოალიციის შტაბის უფროსს ურჩევს, რომ კონკრეტული დავალება რეგიონებში ძალოვანებისათვის მიეცა.
„ნაცვლად იმისა, რომ პარალამენტს მიმართოს, კახი კალაძე ცესკოს ავალებს ერთიანი სიის შეცვლას, ამას ძალიან სერიოზული არაპროფესიონალიზმი ჰქვია. უმჯობესია კონკრეტული დავალება რეგიონებში ძალოვანებისათვის მიეცა, რომ მათ არ გააკეთონ ის, რაც სააკაშვილს არ გაუაკეთებია. ალბათ, ეს არის ერთადრთი საშუალება როგორმე „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუშვას სხვა პარიების გამარჯვება. თუ გონს ვერ მოეგებიან, მიიღებენ ორჯერ უარესს, რაც მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - ამბობს გიორგი ახვლედიანი.
„ახალი მემარჯვენეების“ წევრი მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ ეს არის კალაძის მხრიდან საარჩევნო კოდექსის უცოდინარობის დემონსტრირება.
„კახა კალაძის მიმართვა ცესკოსადმი, ერთი მხრივ არის საარჩევნო კოდექსის უცოდინარობა, რაც აბსოლუტურად არ მიკვირს მისი მხრიდან და მეორე, ეს არის კუდრაჭობა, ვითომ ეშმაკური, რომ არაფერი არ ვიცი და კარგი ბიჭი ვარო. ორივე შემთხვევა სასაცილოა. თუ მიიღებს კალაძე ჩემგან რეკომენდაციას, მე შემიძლია მას მივმართო, ცესკოს კი ნუ მიმართავს, ჭიკაიძეს და ბადაშვილს მიმართოს, რომ შსს და პროკურატურა ნუ აწვება მაჟორიტარ კანდიდატებს და პროპორციულის წევრებს, რომ მოიხსენით კანდიდატები სიებიდანო. ეს უფრო ეფექტური იქნება, რადგან ზეწოლა ხდება სწორედ ძალოვნებიდან. ცუდ მდგომაროებაში აყენებს ხელისუფლებას ამაგვარი დილეტანტური და ვითომ მარტივად ეშმაკური ინიციატივები“, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.
კაციტაძეს ზეწოლის კონკრეტული ფაქტები მოჰყავს და აცხადებს, რომ 15-16 მაისს კონკრეტულმა კანდიდატმა ხელი მოაწერა განაცხადს მიიღოს არჩევნებში მონაწილება, ორი კვირის შემდეგ იგივე კანდიდატი უარს ამბობს არჩევნებში მონაწილებაზე, მისი თქმით, ეს არის პირდაპირი ზეწოლა.
„ამას ეძლევა მასური ხასიათი. როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ ისე გამოშტერდა ორ კვირაში ხალხი, რომ არ უნდათ არჩევნებში მონაწიელობა. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, ზუსტად ასე ამბობდა „ნაციონალური მოძრაობა“ როცა წნეხს ახორციელებდა, მომიყვანეთ კონკრეტული ფაქტიო. როდესაც პოლიცია და პროკურატურა იქამდე მიგვიყვანს, რომ განცხადებას დაგაწერინებს კანდიდატობა არ მინდაო, მერე იმის მთქმელი ხარ შენ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი ახორციელებდა ჩემზე ზეწოლასო?.
ნუ მოსთხოვთ ვაჟკაცობას ნურავის, მაგრამ ლოგიკა მეტყველებს, რომ ყველაფერი ხორციელდება ზეწოლის თანახმად. ფაქტია, რომ ამ ზეწოლას ოპოზიცია ვერ განახორციელებს. თუ ხელისუფლება იტყვის, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართო, მაშინ ორი მომენტია, ან გამოშტერდა ეს ხალხი და უცებ გადაიფიქრეს არჩევნებში მონაწილება, ან რაღაცა მაგიური ძალები მოქმედებს საქართველოში, რომელიც ამ ხალხს ასეთ გადაწყვეტილებებს აღებინებს. არგუმენტი იმისა, რომ ერთი ფაქტი დაასახელეთო, ეს არის მეორე სერია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მოქმედებისა, რომლის პირველი სერია 9 წლიანი იყო, მეორე სერია ცოტა უფრო მოკლე იქნება, დაახლოებით 2-3 წლიანი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა კაციტაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობა ამ მხრივ დმანისშია, სადაც პროპორციულ სიაში კანდიდატთა მინიმუმი 10 ადამიანია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 15 კანდიდატიან სიაში თავდაპირველად ხუთმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა. ერთი დამატებითი კანდიდატის მიერ სიაში ყოფნაზე უარის თქმა სიის გაუქმებას გამოიწვევდა. ხუთმა კანდიდატმა მოიხსნა რეგისტრაცია პოლიტიკურ გაერთიანება „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან“ (ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიცია) რის შედეგადაც პარტიას გაუუქმდა პარტიული სია და ვერ შეძლებს პროპორციული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
თუ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75 000-ს, პროპორციულ სიაში მინიმუმ 15 კანდიდატი უნდა იყოს, ხოლო თუ 75 000-ზე ნაკლებია, მაშინ – მინიმუმ 10 კანდიდატი. საარჩევნო კოდექსის მიხედვით კი, თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს ორი დღისა, რეგისტრირებულ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ზემოაღნიშნულ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუქმდება პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია ანუ პარტია და ამ საარჩევნო ოლქში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.