ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართ ერთიანი და ინოვაციური მიდგომებიდან გამომდინარე, წელს მსოფლიო კონგრესი საქართველოში პირველად იმართება და მას შსს მასპინძლობს. საერთაშორისო კონგრესი უკვე მეორე ათწლეულია ხორვატიასა და შვეიცარიაში ტარდება და მას ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 250-მდე მონაწილე ესწრება.
ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გახსნა. კონგრესს ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ-ს სამხედრო ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქბრბ სფეროს ექსპერტები მსოფლიოს 38 ქვეყნიდან. კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი ვარჯიშის ჩატარება რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტისა და აშშ-ს ევროპული სარდლობის პირადი შემადგენლობის მიერ.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უსაფრთხოების საკითხებში ენდრიუ ვებერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო მრავალი წლის განმავლობაში არის რეგიონის ლიდერი და შესაბამისად, ბუნებრივია, რომ კონგრესი საქართველოში ტარდება. მისივე თქმით, პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს.
„საქართველოს, ამერიკას, ამერიკელ და ქართველ ხალხს ურყევი კავშირი აკავშირებს. ამ კვირას ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის წარმატებას, რომელიც არის რეგიონული ცენტრი, რეგიონისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა დაავადებების, პრევენციისა და დადგენის საქმეში. საქართველო ნამდვილად არის ბუნებრივი ადგილი ასეთი კონგრესის ჩასატარებლად.
საქართველო მრავალი წლის განმავლობაში არის ლიდერი რეგიონში, იქნება ეს მასობრივი განადგურების იარაღის აღკვეთის, თუ ქიმიური საფრთხეების შემცირების სფეროში. საქართველოს შესაძლებობებს ვაძლიერებთ იმისთვის, რომ საქართველომ უკეთ შეძლოს ბირთვული კონტრაბადის აღკვეთა, ასევე უკეთესად გაუწიოს მონიტორინგი ინფექციურ დაავადებებს და შეამციროს ბიოლოგიური საფრთხეები. საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში“, - განაცხადა ენდრიუ ვებერმა.
როგორც შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა.
„2014 წლის 14 თებერვალს დამტკიცდა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია და აღნიშნულ სფეროში საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებთან, ასევე ეროკავშირთან და გაეროსთან“, - განაცხადა ალექსანდე ჭიკაიძემ.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარად ნორლანდმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიღწვებზე. ელჩის განცხადებით,საქართველო სულ უფრო მზარდად ხდება ცენტრი სხვადასხვა საერთაშორისო საქმიანობისთვის.
„არსებობს სამი მიზეზი, რის გამოც ვულოცავ კონგრესს გადაწყვეტილებას, ამ სესიის საქართველოში ჩატარების შესახებ. პირველი, თუ აქამდე არ გამოგიცდიათ, ნამდვილად გექნებათ ამ კვირაში შესაძლებლობა, გამოსცადოთ ცნობილი ქართული მასპინძლობა. მეორე, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო სულ უფრო მზარდად ხდება ცენტრი სხვადასხვა საერთაშორისო საქმიანობისთვის და აბსოლუტურად გასაგებია, რომ ეს კონგრესი აქ ტარდება.
მოდი ვაღიაროთ, რომ საქართველო გახდა ნიმუში ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც განიხილება ამ შეკრებაზე. ეს არის ქვეყანა, სადაც პოლიტიკური, ეკონომიკური რეფორმები მყარ ფესვებს იდგამს, კორუფცია აღმოიფხვრა უმრავლეს დონეზე, ეს არის ქვეყანა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს ნიმუშს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული გაუვრცელებლობის“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, შორენა ლორთქიფანიძე, რომელიც პარალელურად ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებით კვლებეზე მუშაობს ამბობს, რომ საქართველო ასრულებს ვალდებულებას, რომლიც მან გაეროს წინაშე აიღო.
„საქართველომ თავიდანვე დამოუკიდებლობის შემდეგ ღიად განაცხადა, რომ ამ ვალდებულებას აიღებს. ამის შემდეგ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნორეიების დახმარებით ხდება ჩვენი გაძლიერება. კონკრეტულად, როგორ ვაკონტროლებთ საზღვრებს, როგორია ჩვენი ტექნიკა რომელიც საზღვრებზეა განლაგებული, კოორდინაცია რეგიონალურ ქვეყნებს შორის, ეს არის მთავარი ინდიკატორი.
ამ მიმართულებით ჯერჯერობით კარგად მიდის საქმე და მაქსიმალურად ცდილობს საქართველო, რომ ყველა აღებული ვალდებულება შეასრულოს. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს საერთაშორისო რეჟიმში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებით“, - ამბობს შორენა ლორთქიფანიძე.