ჯიუტ აფხაზს მორჩილი აფხაზი ჩაანაცვლებს

ჯიუტ აფხაზს მორჩილი აფხაზი ჩაანაცვლებს

ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილებით რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეს ჩატარდება. რესპუბლიკის პარლამენტმა მოსახლეობას, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, წინასაარჩევნო პერიოდში გაწონასწორებულობა და ოპონენტებისადმი პატივისცემა გამოიჩინონ და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.

ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას ანქვაბი, რომელსაც მიუხედავად გადადგომისა, მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს. ამ დროისთვის გამოკვეთილი ლიდერია ე.წ. „სახალხო მოძრაობის“ ლიდერი რაულ  ხაჯიმბა, რომელსაც კრემლის მხარდაჭერა მუდმივად ჰქონდა. თუმცა, მიუხედავად კრემლის მხარდაჭერისა, ის ყველა არჩევნებში დამარცხდა. დადებს თუ არა ორ „საპრეზიდენტო“ არჩევნებში დამარცხებულ რაულ  ხაჯიმბაზე ფსონს კრემლი, უცნობია.

თავადაფხაზეთის „ექს-პრეზიდენტმა“ თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები, შესაძლოა, დამღუპველი იყოს აფხაზეთისთვის. ანქვაბის თქმით, მისი, როგორც სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი მეთაურისთვის, მთავარია სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნება და სისხლისღვრის აცილება. სისხლისღვრის საფრთხე მაღალია, ვინაიდან ანქვაბის თქმით, ხელისუფლებისთვის იბრძვიან ძალები, რომლებიც არაფერზე უკან არ დაიხევენ საკუთარ ამბიციებს თანამოქალაქეების სიცოცხლეს და აფხაზეთის თავისუფლებასაც შესწირავენ.

„ალექსანდრე ანქვაბისთვისთვის თანამდებობა, მათ შორის პრეზიდენტის, არ წარმოადგენს უმაღლეს ღირებულებას. მე არ შემეძლო მოვქეულიყავი ისე, როგორც ოპონენტები. პირველივე დღეებიდან თქვენ ხედავთ, რა აინტერესებს ოპოზიციას – კაბინეტების დაკავება, მაგრამ ეს აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია. არანაირ რეფორმებზე საუბარი არ არის. მათი ინტერესების მადა ყოველდღიურად გაიზრდება. და ამ მადის უკან იმალება გაცილებით მეტი - საფრთხე აფხაზეთის სახელმწიფოებრიობისთვის. ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ადვილია დაკარგო ჩვენთვის ყველაზე წმინდა, სასიცოცხლო სივრცე - აფხაზეთი შესაძლოა აღარ იყოს“, - აცხადებს ანქვაბი.

ამასთან იგი დარწმუნებულია, რომ მასზე თავდასხმის უკან დგანან ის ძალები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ოპოზიციას, მათ შორის, მატერიალურად. მისივე თქმით, სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ამ საქმეზე დაკავებული ტერორისტების გათავისუფლება. ანქვაბი ასევე აცხადებს, რომ მისის ფიზიკური მოშორება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის დაკავების დროსაც იგეგმებოდა.

აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილის განცხადებით ის, რაც აფხაზეთში ხდება, არის უკიდურესად საყურადღებო, მაგრამ საგანგაშოს ჯერჯერობით ვერ დავარქმევ. დავით უსუფაშვილის შეფასებით, აფხაზეთში შექმნილი ვითარება სხვა ქვეყნის უპრეცედენტო და უკონტროლო გავლენის შედეგია. 
„საგანგაშო მდგომარეობა იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. ოკუპაცია ზუსტად იმის ოკუპაციაა, რომ ოკუპანტი და ადგილობრივი პოლიტიკური რეჟიმი მოქმედებს სრულიად სხვა პრიორიტეტების და სხვა მიზნების შესაბამისად, ვიდრე ეს არის ქვეყნის სტრატეგია და ქვეყნის ინტერესი. ამიტომ ბოლო ხანებში განვითარებული მოვლენები საყურადღებოა.

ჯერჯერობით, საგანგაშოს მას ვერ დავარქმევ, მაგრამ უკიდურესად საყურადღებოა რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა რეგიონში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ექსპერტებიც საუბრობენ იმის შესახებ, რომ ასოცირების ხელშეკრულების პროცესში შესაძლოა იყოს გარკვეული გართულებები. 
დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საზოგადოების მცდელობით, ჩვენი სწორი პოლიტიკით, შევძლებთ იმას, რომ რაიმე სერიოზული პრობლემები ქვეყანას აღარ დაემატოს. ის რაც ამ დღეებში აფხაზეთში ხდება, არის ოკუპაციის გამო, ოკუპაციის მიზეზებით, საქართველოს ამ ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის, პრაქტიკულად უპრეცედენტო და უკონტროლო გავლენით. ასე რომ, უნდა ვიყოთ მშვიდად, მაგრამ ფხიზლად“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ანქვაბმა რამდენიმე საკითხზე პრინციპული პოზიცია დაიკავა, რაც რუსეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც მას თანამდებობს დატოვება მოუწია.

For.ge. მამაუკა არეშიძეს ესაუბრა.

როგორ განვითარდება მოვლენები აფხაზეთში? ანქვაბის გადაწყვეტილება არის კავშირში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის დე-ფაქტო აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის საკითხებში ვლადისლავ სურკოვის დამსახურება?

- რასაკვირველია. ანქვაბი ხელმძღვანელად რუსეთს არ აწყობდა, რადგან ის რამდენიმე პრინციპულ საკითხზე რუსეთს არ თანხმდებოდა, ისევე როგორც ბაღაფში. მაგალითად, ანქვაბი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ რუსეთს აემოქმედებინა ე.წ. სოხუმის სამხედრო გზა. თავის დროზე იმპერიის პერიოდში, მოგეხსენებათ არსებობდა საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც დარიალზე გადმოდიოდა, არსებობდა ოსური სამხედრო გზა, რომელიც მამისონზე გადმოდიოდა და არსებობდა სოხუმის სამხედრო გზა, რომელიც დალის ხეობაში გამოდიოდა. რუსებს უნდოდათ ამ გზის აღდგენა, რისი წინააღმდეგი იყო ანქვაბი.

რა მოტივით ამბობდა ანქვაბი ამ გზის აღდგენაზე უარს?

- მოტივაცია იყო ის, რომ გულირიფშის რაიონში დაუსახლებელ ადგილებს დაიკავებდნენ ჩრდილოეთ კავკასიელები. რაც პრინციპში იყო კიდევაც რუსეთის ჩანაფიქრში. დემოგრაფიული სურათის შეცვლის შეეშინდათ. მნიშვნელოვანი საკითხი იყო ასევე ის, რომ სტრატეგიული სიმდიდრის გაყიდვაზე რუსებმა ვერ დაითანხმეს როგორც ბაღაფში, ისე ანქვაბი. სტრატეგიული სიმდიდრე არის სანაპირო ზოლი. ბევრი შეძლებული რუსი დაინტერესებულია შეიძინოს ეს სანაპირო ზოლი და ააშენონ იქ აგარაკები, გასართობი ცენტრები და ა.შ. სათავისოდ უნდათ. ანქვაბი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ის თვლიდა, რომ აფხაზეთი დაკარგავდა თავის სახეს და აფხაზებს ასეთ პირობებში არსებობის უფლებაც არ ექნებოდათ. ასევე იყო სანატორიუმების გაყიდვაზე ლაპარაკი, რომელსაც არ ყიდდა ანქვაბი და არც ბაღაფში ყიდდა. აქედან გამომდინარე ეს ჯიუტი აფხაზი რუსებს უკვე არ აწყობდა.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ანქვაბი არ იყო პრორუსი...

- რასაკვირველია, მაგრამ პრობლემებს უქმნიდა რუსეთს. ის რაც დღეს აფხაზეთში ხდება, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთმა შექმნა დღევანდელი სიტუაცია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს რუსეთის ხელით არის გაკეთებული, მაგრამ მაინც მგონია, რომ  ხაჯიმბამ დააჩქარა მოვლენები. ხაჯიმბამ ჩათვალა, რომ თუ თვითონ არ იქნებოდა ამ „სახალხო მოძრაობის“ ლიდერი, მაშინ შეიძლებოდა სხვა გამოჩენილიყო და ვერ მოხვდებოდა ის პრეზიდენტის სავარძელში. მან რამდენიმეჯერ მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ვერც ერთხელ ვერ მოიგო. ამიტომ, მან დააჩქარა ეს მოვლენები.

არის ვერსია, რომ რუსეთმა აფხაზეთის თემა გააქტიურა ასოცირების ხელმოწერის კონტექსტში. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- მე მაინც მოგონია, რომ ეს აზრი გზადაგზა ჩამოყალიბდა. ანუ იმ არეულობით, რომელიც სოხუმში მოხდა, ამ თემის მიბმა შესაძლებელი იყო. ფაქტია, რომ ამ სახალხო მღელვარების წინაპირობა იყო  ხაჯიმბას პოლიტიკური აქტიურობა, ხელისუფლებისთვის ბრძოლა.

და ამ ფონზე გამოიყენა შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარება?

- რასაკვირეველია. მაგრამ რომ არა მოსკოვის პოზიცია, ანქვაბი არ გადადგებოდა. ვიცი, როგორი პიროვნებაც არის და ვიცი, რომ ბოლომდე იბრძოლებდა. მითუმეტეს, რომ ის არის გუდაუთელი და გუდაუთა მის მხარეზე იქნებოდა,  ხაჯიმბასგან განსხვავებით, რომელიც არის ტყვარჩელელი და თავისთავად ისეთი დასაყრდენი აფხაზურ საზოგადოებაში, როგორც ჰყავს ანქვაბს,  ხაჯიმბას არ აქვს.

დღეს რა შანსი აქვს  ხაჯიმბას? მოსკოვი, რომელიც ქმნის პოლიტიკურ კლიმატს აფხაზეთში, არ გაითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ  ხაჯიმბა რამდენიმეჯერ დამარცხებულიასაპრეზიდენტოარჩევნებში?

- ხაჯიმბა იქნება ხელმძღვანელი იმ „სახალხო მოძრაობის“ რომელიც ახლახან ჩამოყალიბდა და რასაკვირველია, რომ მისი შანსები პრიორიტეტულია. მითუმეტეს, რომ ოფიციალური მოსკოვი მას ყოველთვის მხარს უჭერდა. ჯერ კიდევ 2003 წელს პუტინმა პირადად გადასცა მას ფეესბეს გენერალ-მაიორის სამხრეები და დაასახელა აფხაზეთის „პრეზიდენტის“ პოსტზე. თუმცა, მას მერე რამდენიმეჯერ დამარცხდა  ხაჯიმბა. მოსკოვში ალბათ ითვალისწინებენ ამას. თუ ანქვაბი იყო პროაფხაზი და რუსეთს თავის მეკავშირედ მიიჩნევდა, მაინც ცდილობდა, რომ დასავლეთთან შეექმნა ურთიერთობის ფორმატი. ხაჯიმბასთვის კი, სხვა საინტერესო არაფერია, გარდა მოსკოვისა.

შესაძლოა კრემლმა ფსონი სერგეი შამბაზე დადოს?

- არა. იმიტომ, რომ სერგეი შაბმას საკმაოდ შელახული აქვს ავტორიტეტი აფხაზეთში და გარდა ამისა, ამ მოვლენებში ის წინა პლანზე არ იყო. იქ სხვებიც არიან ისეთები, ვინც მოინდომებს პრეზიდენტობას, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ  ხაჯიმბას დღევანდელი გადასახედიდან უპირატესობა აქვს.

რაც შეეხება ტარას შამბას განცხადებას რუსეთთან ასოცირებული ურთიერთობების აუცილებლობასთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, რამდენად ექნება აფხაზ საზოგადოებაში ამ ვერსიას მხარდაჭერა?

- დიდი ხანია ამ თემაზე აფხაზეთში ლაპარაკი მიმდინარეობს, სხვა და სხვა ფორმით რუსეთთან ურთიერთობის უფრო მჭიდრო სიბრტყეში გადაყვანაზე. ქულების დაწერის მიზნით არაერთ პოლიტიკურ პარტიას მიუმართია რუსეთისთვის, რომ მოდით, ასეთი ფორმით ვითანამშრომლოთო. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის წევრი გამხდარიყო როგორც ფედერაციის ასოცირებული წევრი. ტარას შამბას ეს განცხადება ახალი არაა. მანამდე სხვები აკეთებდნენ ამ განცხადებას და არანაკლებ გავლენიანი ფიგურები. ოპოზიცია, რომელშიც ფიგურირებს სერგეი შამბა და რომლის ლიდერიც არის ხაჯიმბა, წლების განმავლობაში უკიჟინებდნენ ანქვაბს იმას, რომ მას უნდა რუსეთს მისცეს აფხაზეთი. აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, მაგრამ ამას ამბობდნენ. ახლა თვითონ მოითხოვეს რუსეთთან განსაკუთრებული ინტეგრაცია.

რუსეთის მიზანი, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოხვდნენ ევრაზიულ კავშირში, ეს ახალი არაა, ალბათ, მითუმეტეს, რომ აქტიურად დაიწყო საუბარი რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით...

- კრემლში მზადდება გეგმა იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რაღაცნაირი ფორმით მოხვდნენ ევრაზიულ კავშირში. რეფერენდუმს რაც შეეხება, როგორც ვხედავ,  ხაჯიმბასაც ეს ჩანაფიქრი აქვს, რომ ამ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, მას არ სჭირდება ქართველების ხმები. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში რეფერენდუმის შედეგი იქნება არასასიამოვნო. ზუსტად ამიტომ ახდენს პედალირებას ქართველებისთვის პასპორტების ჩამორთმევის საკითხზე. კანონი, რომელიც პარლამეტმა მიიღო ქართველებისთვის პასპორტების ჩამორთმევაზე, ეს ეხება 26 ათას ქართველს, უკავშირდება რეფერენდუმის საკითხს. ხაჯიმბას სჭირდება, რომ ძალიან კარგი შედეგი მიიღოს რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ამიტომ მას ქართველების ხმები არ სჭირდება.

ქართველებისთვის პასპორტების ჩამორთმევის შემთხვევაში, ახალი გენოციდის მომსწრენი გავხდებით?

- ეთნოწმენდისთვის იქნება მომზადება, მაგრამ მოდით, შევხედოთ საკითხს ასეთი სახით, აფხაზური კანონის მიხედვით, მხოლოდ აფხაზი ეროვნების ადამიანს აქვს უფლება, რომ იყოს ორი ქვეყნის მოქალაქე. აფხაზეთში მაცხოვრებელ სხვა ეროვნების მოქალაქეს არა აქვს უფლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე გარდა აფხაზეთისა და რუსეთისა. ქართველების გადამწყვეტი უმრავლესობა არ არის რუსეთის მოქალაქე. თუ აფხაზეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ უმოქალაქო ადამიანები რჩებიან. რუსეთის მოქალაქეობის მიღება უჭირთ, ამიტომ, ქართველების უმრავლესობა შეეცდება, რომ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მათ უკვე იქ არ დაედგომებათ. ეს არის ეთნოწმენდის შეფარული ფორმა. სახლებში შეიძლება არ მიუვარდნენ და მასიურად არ გამოყარონ, მაგრამ ასეთი ფორმით აიძულებენ, რომ წამოვიდნენ.

ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც აფხაზებსა და რუსებს შორის დაიდო, ფეესბეს ოფიცრებს, რომლებიც თადარიგში გავლენ, ეკუთვნით მიწები ან ბინები აფხაზეთის ტერიტორიაზე. ისინი არიან სპეცსამსახურის თანამშრომლები და მესაზღვრეები, რომლებიც მრავლად არიან დღეს აფხაზეთში. ძალიან ბევრი რუსი მესაზღვრე, რომელიც სხვადასხვა ადგილას მსახურობდა, სპეციალურად ჩამოვიდა აფხაზეთში საცხოვრებლად, რომ საბოლოო ჯამში, იქ მიეღო ბინა, რასაკვირველია - ქართველის ბინა. ნელ-ნელა მიმდინარეობს დემოგრაფიული სურათის შეცვლა. მართალია დიდი რაოდენობით არა, მაგრამ უკვე არის გალის რაიონში რუსი მესაზღვრეების დასახლება, არის რუსული სკოლა, რომელშიც რუსი მესაზღვრეების შვილები სწავლობენ.

თქვენი ინფორმაციით, დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ვინ დომინირებს?

- გალში მარტო ქართველები იყვნენ, მაგრამ ახლა აფხაზები და რუსები არიან. რაც შეეხება მთლიანად აფხაზეთს, ჩემი გათვლებით, უმრავლესობა არის სომხები, მეორე ადგილზე არიან ქართველები და შემდეგ აფხაზები. გალის რაიონი მომავალში გათავისუფლდება რუსი მესაზღვრეების ოჯახებისთვის.

ამ ფონზე ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა ანქვაბმა, ის ამბობს, რომ შესაძლებელია აფხაზეთი არ იყოს...

- მან კარგად იცის, რომ კრემლი, რომელიც ამდენ ფულს ხარჯავს აფხაზეთში, აფხაზებს თავის ნებაზე არ მიუშვებს. პირდაპირი შეჯახება აფხაზებთან არ აწყობს, იმიტომ კი არა, რომ ვერ მოუვლის, უბრალოდ შეფარაულად უნდა მოხდეს. რუსეთს უნდა, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელი მათი ნების აღმსრულებელი უნდა იყოს. ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი რუსეთს შეუერთდეს დღეს კონტრპროდუქტიულია, იმიტომ, რომ აფხაზების უმრავლესობა ამას მხარს არ დაუჭერს. ამიტომ უნდათ შეიცვალოს დემოგრაფიული სურათი, როცა აფხაზების ხმა არაფრის მანიშნებელი არა იქნება. დღესაც აფხაზების კონსოლიდირებული ხმა ვერ აჭარბებს სომხების ხმას, რომელთა 95 პროცენტი მომხრეა, რომ აფხაზეთი რუსეთს შეუერთდეს.

აფხაზებში მყარად არის გამჯდარი, რომ უნდა იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფო. სამხრეთ ოსებისგან განსხვავებით, აფხაზები ასე ფიქრობენ. მე ვფიქრობ, რომ აფხაზები ბოლომდე ივლიან ამ გზით, მაგრამ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, აფხაზეთის და რუსეთის ურთიერთობამ ის ფორმა მიიღოს, რომელიც რუსეთში აწყობთ, საჭიროა დემოგრაფიული სურათის შეცვლა. ეს შეიძლება დღეს და ხვალ არ მოხდეს, მაგრამ ზეგ აუცილებლად მოხდება და მოხდება იმ გზით, რომ გალი განთავისუფლდეს ქართველებისგან და იქ ჩასახლებული იქნან სხვები.

ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ?

- სულ იმაზე იყო ლაპარაკი, რომ ისეთი სისტემა შეიქმნას, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით გალის რაიონს მომხიბლავს გახდიდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მდგომარეობა იმდენად რადიკალურად შეიცვალა, რომ დღეს ეს უკვე სიცოცხლისუნარიანი არაა. ახალი გეგმა, რომელიც ამ ექსტემალურ სიტუაციაში უნდა შეიქმნას, ალბათ, ჯერ-ჯერობით, გააზრების პროცესშია. მე ვერ ვხედავ საქართველოს ხელისუფლების კონსოლიდირებულ მოქმედებას, რომ აფხაზეთის მიმართ რაიმე კონკრტეული ნაბიჯები გადაიდგას. საერთაშორისო თანამეგობრობაზე აპელაცია კარგია, მაგრამ პროდუქტიული არაა.