„ჩემთვის მისაბაძია ის თბილისი, რომელიც მახსოვს“

„ჩემთვის მისაბაძია ის თბილისი, რომელიც მახსოვს“

თბილისის მერობის კანდიდატი თეიმურაზ, იგივე მურაზ მურვანიძეა. იგი თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახალხო მხატვარი, ღირსების ორდენის კავალერი, პიკასოს, ლინკოლნის ცენტრის, ჩიკაგოს და სხვა საერთაშორისო პრემიების ლაურეატია.

„მე ძალიან საპატიო ადამიანის კანდიდატურა შემოვიტანე, რომელიც თბილისელებისთვის იმ შეურაცხყოფის აცილება იქნება, რაც იქნებოდა იმ კანდიდატებს შორის არჩევანის გაკეთება, რომლებიც არსებობენ“, -  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მურაზ მურვანიძის წარდგენისას.

For.ge მურაზ მურვანიძეს ესაუბრა.

სალომე ზურაბიშვილმა თბილისის მერის კანდიდატად დასახელება შემოგთავაზათ. როგორ ფიქრობთ, რატომ შეაჩერა თქვენზე არჩევანი?

- ეს ქალბატონმა სალომემ რომ თქვას უკეთესი იქნება, რადგან ჩემგან ცოტა უხერხულია. ალბათ, იმიტომ დამასახელა მერობის კანდიდატად, რომ თბილისელი ვარ, ხატია ჩემთვის სამშობლო და გულია ჩემთვის თბილისი. მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი ქალაქის ავკარგიანობას გრძნობს ჩემი გული და ჩემი გულისცემა ქალაქის გულისცემასთან უნისონშია. ვიცი, რა აქვს სამკურნალო ქალაქს, ვიცი, რა ძალადობას სჩადიან თბილისის მიმართ, ჭრიან დედაქალაქის სხეულს და ზედ კიდევ უმსგავსო კორპუსებს აშენებენ. გადატვირთულია ქალაქი, მოძრაობა გახშირებულია, ეკოლოგია არ ვარგა, ვიხრჩობით, ვიღუპებით. რახან იცოდა ჩემი ასეთი მიზანსწრაფვა, რომ რაღაც მინდა მაინც გავაკეთო ამ ქალაქისთვის, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკაში და არ მდომებია არავითარი სკამი. ვარ მხატვარი და საკმაოდ ცნობილი მხატვარი მთელ მსოფლიოში, ჩემი საქმე და პროექტები მაქვს, მაგრამ იმდენად შემაწუხა, რაც ხდება თბილისში, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე.

სალომე ზურაბიშვილმა ეს წინადადება რამდენჯერმე შემომთავაზა და არ ვიყავი მზად. ვუთხარი კიდეც, არ შემიძლია-თქო, მერე დავფიქრდი და ვთქვი, ალბათ, იმ მოსაზრებებს, რომელიც თბილისის სასარგებლოდ მაქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში განვახორციელებ, თუ რაღაც პოსტს დავიკავებ - დროებით მაინც.

თავის დროზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილი სურდა თბილისის მერად. სალომე ზურაბიშვილი მაშინ აცხადებდა, რომ მერის არჩევნებში მისი მონაწილეობა დიდი შეცდომა იქნებოდა, რადგან მისი მთავარი კომპეტენცია საგარეო პოლიტიკა იყო, რაც გამოუყენებელი არ უნდა ყოფილიყო.

- ამის შესახებ საქმის კურსში არ ვარ. არ ვიცი, ბატონმა ბიძინამ თუ შესთავაზა ეს პოსტი ქალბატონ სალომეს.

თქვენ თბილისის საპატიო მოქალაქე ბრძანდებით, ამჟამად მოღვაწებთ ოპერის მთავარ მხატვრად. ხელოვანის თვალით დანახული თბილისი როგორია? ნაციონალების და მის წინამორბედთა ხელში რა გზა გამოიარა თბილისმა და რა იყო ის ნაკლი, რომლის გამოსწორებასაც ცდილობთ?

- მოგეხსენებათ, შევარდნაძის დროს ორმოებში ვვარდებოდით, ქალაქი გაუნათებელი იყო. მოვიდნენ ნაციონალები, ქალაქი ჩაბნელებული აღარაა, დაიწყო რაღაცეების მშენებლობა. ამას არ უარვყოფ, არ შემიძლია, ვიყო ცალმხრივი შემფასებელი, მინდა, ობიექტურად განვაცხადო და ქალაქის სულიდან და გულიდან ვილაპარაკო და არა ჩემი პირადი სიყვარულიდან თუ მტრობიდან გამომდინარე. საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა, ამას ნაციონალებს არ ვუკარგავ, მაგრამ ნაციონალებთან ის პრეტენზია მაქვს, რომ მათ თბილისის გულისცემა შეაჩერეს, თბილისმა ფორმა მიიღო, მაგრამ შინაარსი დაკარგა. ეტყობა, ვერცერთმა ვერ იგრძნო, რა არის თბილისის მნიშვნელობა მსოფლიოსთვის, ამ უნიკალური ქალაქის, რომელსაც აქვს ტოლერანტობის, ერთმანეთის სიყვარულის, ღიმილის თვისებები. ეს ყველაფერი შექმნა 82 ნაციონალობის წარმომადგენელმა, რომელიც თბილისში სახლობდა. ამ კრებულმა ეს გააკეთა რუდუნებით, მეცადინეობით და ერთმანეთის კონკურენციით. ამან მოიტანა უდიდესი შინაგანი სიყვარული. ქართული, თბილისური ეზოებიც ამის დასტურია.

თბილისურ ეზოებს რატომღაც იტალიურ ეზოებს ვეძახით. თქვენ რომის და გენუის საოპერო თეატრების მთავარი მხატვარი ბრძანდებოდით. ცხადია, იტალიაში გინახავთ იტალიური ეზოები, რომლებიც თბილისურისგან განსხვავდება. რატომ ვარქმევდით თბილისურ ეზობს ამ უცხო ტერმინს? უფრო პრესტიჟულია მათი იტალიურ ეზოებად მონათვლა?

- იტალიურ ეზოებს მართლაც წავაწყდი იტალიაში, მაგრამ თბილისურ ეზოს ვერ წავაწყდი. ძალიან ცუდი თვისება შევიძინეთ. გვაქვს უამრავი საამაყო ფაქტორი- უნიკალური ლიტერატურა, ხელოვნება, საოცარი ისტორია, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. საქართველოდან, ამ მიწიდან დაიწყო ყველაფერი - მეტალურგია, ოქროს წარმოება. აქ იმიტომაც მოდიოდნენ, რომ ოქროს საწმისი წაეღოთ, რომ ესწავლათ მეტალურგია. თორემ, მართლა ოქროს ცხვარი კი არ უნდა წაეყვანათ აქედან?! საამაყო ძალიან ბევრი გვაქვს. რატომღაც ისე მოხდა, რომ ჩვენ დავიწყეთ უცნაურობა. თუ ადამიანი საიდანღაც არის ჩამოსული და გახმაურდა ამის შესახებ, რატომღაც მას ენიჭება პრიორიტეტი. უამრავი უცხო ხალხი მიდის და მოდის საქართველოში, მაგრამ ვინ აკეთებს ჩვენი ქალაქისთვის კარგს? რა სიახლე მოაქვს?! ეს არის მთავარი. რატომღაც უარი ვთქვით ჩვენს პროდუქციაზე, უცხოურმა პროპაგანდამ გაჭრა და გადავიქეცით უცხოურის მონებად. ამ დროს ქართველებს იმდენი პოტენციალი გვაქვს და იმდენი რამ არის ჩვენგან გატანილი მთელს მსოფლიოში, რომ ამას არ აღვნიშნავთ.

თქვენ აცხადებთ, რომ თბილისური კანონები დარღვეულია და თითქოს თბილისის იდეაც იშლება. რა იყო ძველი თბილისური იდეა? ხომ არ ფიქრობთ, რომ თბილისურ იდეას, რომელიც ოდესღაც იყო, თავისი ეპოქა ჰქონდა, გრიშაშვილისთვის თავისი თბილისი არსებობდა... ახლა თბილისი სხვადასხვა ხალხის ნაკადს განიცდის, კონგლომერატია და აქედან გამომდინარე, რამდენად რთულია, თბილისმა თავისი სული შეინარჩუნოს?

- ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. ბევრი შეცდომაა დაშვებული ქალაქის განვითარებაში, მის არქიტექტურაში და, მაპატიეთ, „ღორობაში“. ქალაქი იმისთვისაა, რომ მის ნაწილად იგრძნო თავი, უნდა შესძინო რაღაც ქალაქს და არა სადღაც წაიღო, სადღაც გაიტანო და დამარხო ეს ნაწილი. ეს ყველაფერი შეიცვლება, თუ ტელევიზია თავს დაანებებს ყოველდღიურ პოლიტიკაზე და ჭორებზე ლაპარაკს და ქართული სიყვარულის კანონებზე ისაუბრებს. მარტო სუფრაზე კი არ უნდა იყოს ქებათა-ქება. ადამიანი როცა რეალურად გააკეთებს რაღაცას, იმას არასდროს ვაქებთ. ეს მომაკვდინებელია ჩვენი ქალაქისა და ერისთვის. იცით, რა ოჯახები დაიკარგა, რევოლუციამ და კატაკლიზმებმა ჩვენი საუკეთესო ინტელიგენცია და მისაბაძი ადამიანები ამოწყვიტა, მათ შორის, თბილისში. გენოფონდის აღდგენა ძალზე რთულია, მაგრამ მაინც არიან ისეთები, რომლებსაც სამაგალითო რამის გაკეთება შეუძლიათ. აუცილებელია ამ ადამიანების წარმოჩენა, რაღაც კომისია უნდა შეიქმნას, უნდა მოიძიონ ეს ადამიანები, რომლებიც მოკრძალებით სახლში სხედან. ამის გარეშე დავიღუპებით. არ ვიცი, რა ფორმით უნდა მოხდეს ეს ამბავი, კულტურის სამინისტროში, ამ უმოქმედო სამინისტროში, ალბათ, უნდა იყოს ეს განყოფილება შექმნილი. ასევე, მეცნიერებათა აკადემიაში უნდა იყოს ასეთი მაძიებელი ორგანო - ახალგაზრდების, საშუალო თაობის, პენსიონერების მოსაძებნად, რომლებიც უყურადღებოდ არიან. მათ უამრავი გამოგონება აქვთ. ვიცი, რომ არსებობს ასეთი ხალხი.

ძველ თბილისელებს განსაკუთრებით ძველი თბილისის ბედი აღელვებთ. ნაციონალების დროს სიტყვიერ დონეზე იყო აქცენტი ძველ თბილისზე გადატანილი, მოხდა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია, მაგრამ უამრავი ძეგლ-სახლი ისევ რეაბილიტაციის მოლოდინშია. კულტურის სამინისტროს არაფრად უღირს ძველი თბილისის ისტორიული ძეგლები. სასამართლო პროცესებზეც აშკარაა, რომ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, თბილისის მერია იცავს კონკრეტულ ისტორიულ ძეგლს, მაშინ, როცა ძეგლთა დაცვის სააგენტო ამის მოწინააღმდეგეა და ამბობს, ჩვენთვის სულერთია, ძეგლი ინგრევა თუ არა, ან უკანონო დაშენებები ხდება თუ არა ძეგლებზე. რით ახსნით ამას?

- ყოველგვარი შიშისა და მორიდების გარეშე ვამბობ, კულტურის სამინისტროს ასეთი მიდგომა ქალაქისა და სამშობლოს ღალატია. შავით თეთრზე უნდა დაიწეროს ამის შესახებ. სამშობლოს მოღალატეები და თბილისის მოღალატეები არ გვჭირდება. მით უმეტეს, არ გვჭირდება ასეთი კულტურის სამინისტრო, მთელი მისი შემადგენლობით. რასაც ისინი სჩადიან, ეს არის ბოროტმოქმედება ან უმოქმედობა.

იქნებ, ეს პირადი დაინტერესებაა, რის გამოც ძეგლის ხელყოფაზე თვალის დახუჭვა შეიძლება?

- ხანდახან ამ ადამიანებს პირში ვეუბნევი სათქმელს, როცა მხვდებიან. ისე კი უნდა ვთქვა, რომ ისინი მერიდებიან და არ უნდათ ჩემთან ურთიერთობა, რადგან პირდაპირ ვეტყვი სათქმელს. ეს უწყება უნდა დაკომპლექტდეს ისეთი ადამიანებით, ვისაც ტკივა თბილისი. ხანდახან, ჩამოსული ხალხი ამბობს, აი, თქვენ, თბილისელები და ხოხობი და რაღაც მსგავსი... მორჩნენ ამაზე ლაპარაკს. თბილისელი ხდება ის კაცი, რომელიც ქუჩაში დაგდებულ პლასტმასის ბოთლს აიღებს და ჩააგდებს ურნაში. ასეთ შემთხვევაში, გამიჩერებია კიდეც მანქანა და მიკითხავს, თბილისელი ხარ? უპასუხია, არა, ჩამოსული ვარ ჭრებალოდან, რაჭიდან ან სხვა ადგილიდან. ვეუბნები ხოლმე, შენ უკვე თბილისელი ხარ, რადგან უვლი ამ ქალაქს, ეს ქალაქი უკვე შენია.

სხვათა შორის, ხოხბის თემა ძალიან არაკორექტული და უტაქტოა, რადგან ვახტანგ გორგასლამდეც არსებობდა თბილისი და მხოლოდ ქალაქის დაარსების იდეა უკავშირდება ვახტანგს, რომელიც მისმა ვაჟმა - დაჩი უჯარმელმა დაასრულა.

- საშინელებაა ხოხბის თემა. ისე, ქალაქი ღმერთის ნებით დაარსდა და ეს მიწა ღმერთმა გვაჩუქა. საერთოდ არ ვუფრთხილდებით ამ მიწას. გვავიწყდება, რომ ღმერთმა ყველაზე მეტად დაგვასაჩუქრა. მადლიერების გრძნობა გვაკლია ქართველებს.

რას შემატებთ თბილისს და რით განსხვავდება თქვენი პროგრამა სხვებისგან? ვიცი, რომ .. პესკების (ანუ რიყის) განვითარებასაც გეგმავთ, რომელიც, თქვენი აზრით, მსოფლიოს მექა უნდა გახდეს.

- ჩემი პროგრამა იქნება ძველ ქალაქში ყველანაირი მშენებლობის მკაცრი აკრძალვა, ძველი უბნების რეაბილიტაცია. მტკვრის მარჯვენა მხარეს ყოველგვარი მშენებლობა უნდა აიკრძალოს, რადგან არსებობს თავისუფალი და ულამაზო მარცხენა მხარე, პლეხანოვის ზემოთ გაყოლებაზე. ამხელა ფართია, ამ დროს რატომღაც გვაქვს სნობური რწმენა, რომ თუ ვაკეში არ ვცხოვრობთ, ე.ი. თბილისელები არ ვართ. მე სპორტსმენი კაცი ვარ, ვვარჯიშობ თბილისის ზღვაზე ახლაც, ჩემს წლებშიც, და ჩამოვდივარ ხოლმე იქიდან. ამიტომ მოსავლელს უნდა მოვუაროთ. სახლები უნდა აშენდეს ნახალოვკაში, ელიაზე, კუკიაზე, ასეთ უბნებში. იქიდან გადასარევი ხედი და უკეთესი ჰაერია.

ჰოლანდიის მსგავსად, თბილისელები ველოსიპედით ვერ ივლიან, მაგრამ ავტომანქანების გამონაბოლქვისგან დედაქალაქის დაცვა როგორ წარმოგიდგენიათ?

- საველოსიპედო გზა შეიძლება გაკეთდეს სანაპიროებზე, მაგრამ იქაც ისეთი გამონაბოლქვია, რომ ველოსიპედისტებს არ ვურჩევ, იქ იარონ. თანაც, თბილისი რელიეფური ქალაქია. როცა ამბობენ, ჩვენ ველოსიპედების ქალაქად ვაქცევთ თბილისს, ეს არ გამოვა. მე თვითონ ველოსიპედისტი ვარ და ვიცი, რომ ამ ქალაქში ველოსიპედით გადაადგილება არ შეიძლება. ვინც იარა, გული გაუსკდა, რადგან დაღმართი აღმართს მოსდევს და ასეა განუწყვეტლივ. შემოვლითი გზა უნდა იყოს ისეთი ფართო, რომ ტრანზიტულმა ტვირთებმა გაიაროს არა ქალაქში, არამეც შემოვლით გზაზე. ქალაქი ავტომანქანებით გადატვირთულია. ჩვენ გვაქვს გრძივი გზები- სანაპიროები, რუსთაველი, პლეხანოვი და სხვა ქუჩები მარტო სიგრძივი გზებია. აქა-იქ კანტი-კუნტად პატარა ვიწრო ქუჩებიცაა. ამიტომ გადამკვეთი მაგისტრალები თუ არ გაკეთდა, ისე არ შეიძლება. უნდა გვქონდეს დაკიდული ტრანსპორტი - მონორელსი. თუ გაკეთდა მონორელსი, ეს იქნება საოცარი სანახაობა. თავისთავად, ატრაქციონივითაა, ეს ლამაზი ვაგონები რომ გადადის მტკვარზე, სახურავებზე, უბნებზე. ეს იქნება ულამაზესი ხედი ზევიდან გადმოსახედად.

ბევრს მოგზაურობთ, მისაბაძი ქალაქი თქვენთვის რომელია და თუ ისურვებთ, თბილისი ასეთი იყოს?

- ჩემთვის მისაბაძია ის თბილისი, რომელიც მახსოვს. ესაა გაიდეალება იმის, რაც მახსოვს. თბილისი ყველაზე მისაბაძი ქალაქია და ასეთი მეორე არსად გვხვდება. არის იერუსალიმი და არის თბილისი. იერუსალიმში ომები და დაძაბულობაა, აქ კი სიყვარულის მეტი წარსულში არაფერი იყო.

თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, იყო მხატვარი, თქვენი პროფესიის წარმომადგენელი თენგიზ კიტოვანიც, რომელმაც თბილისში დისონანსი შემოიტანა და თბილისს დაატყო თავისი კვალი. თბილისელებს დღემდე ბნელად ახსოვთ ეს პერიოდი.

- როგორც პიროვნება, მასთან ვმეგობრობდი და ვერ ვიმსჯელებ მის შესახებ. საკმაოდ განათლებული ვაჟკაცი პიროვნება იყო, თავის დროზე ჩვენ გვქონდა კარგი დამოკიდებულება. მე არ მინდა ვინმეს გამართლება, ან დასჯა.

დიდი კამათი გამოიწვია მერობის კანდიდატთა თბილისელობისა და არათბილისელობის თემამ. თქვენ, როგორც მერობის თბილისელი კანდიდატი, როგორ უყურებთ ამ საკითხს?

- მიმაჩნია, რომ ქალაქის მერი თბილისელი უნდა იყოს იმიტომ, რომ ვერცერთი სხვა ადამიანი ვერ გააიგივებს თავის თავში თბილისელობას. ამას დრო სჭირდება, ამას განცდა უნდა, შენში უნდა გაიაროს თბილისის ფლუიდებმა, ელექტროდებმა. დავუშვათ, ჩამოვედი თბილისში, არ მაქვს არავითარი აქცენტი, შევისწავლე ლიტერატურული ქართული, თბილისური და დავიწყე რუდუნებით სწავლება ყველაფრის, რაც თბილისს უკავშირდება. ამ ყველაფერში გასარკვევად ისევ თბილისელს უნდა შევხვდე, ისევ თბილისელმა უნდა მიკარნახოს, რომ თბილისში წარსულში აქ ეს იყო. თუ ადამიანს არ აქვს შინაგანი კომპლექსი, რომ ის ახალი ქალაქელია, თუ შესძენს ქალაქს რამეს და ეყვარება, მტრობას არ გაუწევს ქალაქელს, ის თბილისელია. ზოგჯერ ქალაქელების ჯინაზე კეთდება რაღაცები. ავტომანქანით რომ ვმოძრაობ, მაინცდამაინც ჩამოსულმა უნდა გაგასწროს, ამით უპირატესობა უნდა დაგიმტკიცოს. არ უნდა მასწავლოს ჩამოსულმა თბილისური ქცევა. გურიაში ან კახეთში რომ მივდივარ, მათ აქცენტზე ვლაპარაკობ, ვცდილობ, იქაური ცხოვრებით ვიცხოვრო. საერთოდ, საზღვარგარეთ როცა მივდივარ, მათი ცხოვრებით ვცხოვრობ. ამიტომაც მეძახიან იქ სამუშაოდ, რადგან ინგლისში ინგლისურ თემას ვაკეთებ, საფრანგეთში- ფრანგულს. მე ქართული თემა არ გამაქვს აქედან. ამიტომ ხან პეტერბურგელი ვარ, ხან პარიზელი, ხან- ნიუ-იორკელი. ჩამოსული უნდა იყოს თბილისელი და თვითონვე დაუსვას თავის თავს შეკითხვა - თბილისელი ვარ თუ არა?! თუ შინაგანმა ხმამ უთხრა, რომ ვარ თბილისელი, მიყვარს ქალაქი და ქალაქელები, მიყვარს, ვინც დარბაისლური კანონებით ცხოვრობს, მას შეუძლია თბილისელობა. მე არ ვარ კატეგორიული. ბოლოს და ბოლოს, რამდენი ნიჭიერი ადამიანი ჩამოსულა და საუკეთესო ქალაქელი გამხდარა.