„ივანიშვილის პროექტი დაკავშირებულია პუტინის ინტერესებთან“

„ივანიშვილის პროექტი დაკავშირებულია პუტინის ინტერესებთან“

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პროექტი პუტინის ინტერესებთან არის დაკავშირებული.

ჟურნალისტებთან საუბარში გაბაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილის საქმიანობას ქველმოქმედების სფეროში იცნობდა და დადებითად აფასებდა, რასაც ნამდვილად ვერ იტყვის მის პოზიციებზე პოლიტიკაში.

- ადამიანი, როდესაც ფიქრობს, რომ საქართველომ თანხმობა უნდა მისცეს რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, ან როდესაც პუტინისგან ელოდება, რომ ის გაატარებს დემოკრატიულ რეფორმებს, შეებრძოლება კორუფციასა და დაუახლოვდება დასავლეთს, ან ივანიშვილს საერთოდ წარმოდგენა არა აქვს რაზე ლაპარაკობს და ჯერჯერობით, პოლიტიკაზე შეიძლება წარმოდგენა საერთოდ არა აქვს, ან მეორეა, მართლა ფიქრობს, რომ საქართველო შეიძლება იცვლებოდეს ბანკზე - „რაასისკი კრედიტზე“. ეს ასე ნამდვილად არ არის.

ამის შესახებ ნათელ სიგნალს არაერთხელ მიიღებს, როგორც ბატონი ივანიშვილი, ისე პუტინი. საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეების ხმები და საქართველოს პოლიტიკური პროცესი არ იყიდება, როგორც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს ამის სურველი", - განაცხადა გაბაშვილმა.

უმრავლესობის ლიდერს ნაკლებად სჯერა გულუბრყვილობის, რომ ივანიშვილი არ იცნობს პუტინს და არ იცის, რომ პუტინი ვერ იქნება ვერც დემოკრატი, ვერც დასავლეთთან დაახლოებული და ვერც კორუფციასთან მებრძოლი.

„მე უფრო მჯერა სხვა რამის, რომ მისი პროექტი ნამდვილად დაკავშირებული არის ბატონ პუტინის ინტერესებთან", - განაცხადა გაბაშვილმა.